საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2026 წელს, ქართული განათლების სისტემის ისტორიაში პირველად, სახელმწიფო ენის გამოცდა ჩატარდება. გამოცდისთვის რეგისტრაცია 24 ნოემბერს დაიწყება და პირველ დეკემბერს დასრულდება, – აღნიშნულთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
გივი მიქანაძის თქმით, მსოფლიოს სახელმწიფოთა დიდი ნაწილი ატარებს სახელმწიფო ენის გამოცდებს, რომელთა შედეგების მიხედვით გამოსაცდელს ეძლევა ენის ფლობის შესაბამისი და იმ კონკრეტული ქვეყნის მიერ აღიარებული სერტიფიკატი. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უცხოელი სტუდენტებისთვის, საჯარო სამსახურში მუშაობის უფლების მქონე უცხოეთის მოქალაქეებისთვის, უცხოეთში მცხოვრები ქართველებისთვისა და ბიზნესსექტორში დასაქმებული არაქართულენოვანი კადრებისთვის.
„სახელმწიფო ენის გამოცდა მნიშვნელოვანია ქართულის, როგორც სახელმწიფო ენისსტატუსის გაძლიერებისა და ენის ფუნქციონირების არეალის გაფართოებისათვის. სწორედ ამ მიზნით, სახელმწიფო ენის სტრატეგიის 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმის შესაბამისად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმამოამზადა გამოცდა, რომელიც სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. ამიერიდან სახელმწიფო ენის გამოცდა წელიწადში რამდენჯერმე ჩატარდება და ოთხი კომპეტენციის შემოწმების შესაძლებლობას მოგვცემს. ესენია: მოსმენა, კითხვა, წერა და ლაპარაკი. ამ ეტაპზე განსხვავებული სირთულის ორი ტესტირება ჩატარდება: პირველი განსაზღვრავს ქართული ენის ფლობის A1 და A2 დონეებს, მეორე – B1 და B2 დონეებს. დონეების დიფერენცირება იმის მიხედვით მოხდება, თუ რამდენ ქულას დააგროვებს აპლიკანტი.
2030 წლიდან, A1, A2, B1 და B2 დონეებთან ერთად, C1 და C2 დონეების განმსაზღვრელი გამოცდების ჩატარებას ვგეგმავთ და ამ მიმართულებითაც მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს,“ – აღნიშნა მინისტრმა.
გივი მიქანაძის განცხადებით, ქართული ენის გამოცდისთვის რეგისტრაციის გავლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სარეგისტრაციო გვერდზე online.naec.ge.
მხედველობადაქვეითებული და უსინათლო გამოსაცდელებისათვის გათვალისწინებულია ბრაილის სისტემა ან სპეციალური ელექტრონული პროგრამა.
სახელმწიფო ენის ფლობის დონის დამადასტურებელ დოკუმენტს სახელმწიფო ენის გამოცდის შედეგების გათვალისწინებით გასცემს სახელმწიფო ენის დეპარტამენტი.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ საგამოცდო ტესტზე მუშაობა რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა – დასაწყისში მთელი საქართველოს მასშტაბით გამოიცადა ცალკეული კომპეტენციების შესამოწმებელი დავალებები, შემდეგ, მიღებული შედეგების ფსიქომეტრიული ანალიზისა და ექსპერტული შეფასების გათვალისწინებით, შეიქმნა ტესტურ დავალებათა ბანკი და შემუშავდა საგამოცდო ტესტის ფორმატი.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, ზვიად გაბისონია, "შუადღის" ეთერში განათლების სისტემაში დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ იმ მოსწავლეებს, რომლებსაც სწავლის გაგრძელება უცხოეთში უნდათ, საქართველოში 12 კლასის დასრულების შესაძლებლობას მისცემენ:
- პირველ რიგში, უნდა ვთქვათ, რომ სწავლების 11, 12 ან 13 წელს ევროკავშირის კონკრეტული ქვეყნის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა განსაზღვრავს. ამიტომ, ეს ბოლონიის პროცესთან კავშირში არ არის. თუმცა, ევროკავშირის ყველა ქვეყანას აქვს თავისი საფუძველი იმისათვის, რომ განსხვავებული მოთხოვნა დააყენოს. ვადასტურებთ, რომ ასეთი 12 წელი ევროკავშირის უმრავლეს ქვეყანაშია. თუმცა, განსხვავებულიცაა. მაგალითად, ესპანეთს 13 წელი აქვს. იმის გამო, რომ არც ერთი პოტენციური სტუდენტის სურვილი ინტერესის მიღმა არ დარჩეს და არ ჩავთვალოთ ის, რომ შესაძლებელია, რომელიმე სტუდენტს გარკვეული ტიპის ტექნიკური ბარიერები შეექმნას, განათლების სამინისტრო ამუშავებს მოდელს, რომელიც დეკემბრის დასაწყისში ერთიან კონცეფციაში იქნება წარმოდგენილი. მას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი წარადგენს. ზოგადი განათლების მიმართულებით იქნება პრეზენტაცია, სადაც ძალიან ნათლად ვაჩვენებთ, რა ტიპის მოდელს ვთავაზობთ. იცით, რომ ასეთი ბავშვების (საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველების) რაოდენობა სტატისტიკურად ძალიან მცირეა, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ბავშვის ინტერესი დაცული იყოს და გარკვეული ბარიერები არ ჰქონდეს.
ამ მიმართულებით ვფიქრობთ, რომ 12 კლასი ოფციის სახით იქნება შენარჩუნებული როგორც კერძო სკოლებში, ასევე შესაძლებელია, საჯარო სკოლებში გარკვეული ტიპის კლასების დამატებით. ეს დამოკიდებულია რაოდენობაზე. ამაზე უფრო დეტალურად მინისტრი ისაუბრებს. ვფიქრობთ, რომ გარკვეული ტიპის წინასწარი რეგისტრაციები დავიწყოთ, რომ ვნახოთ, რა რაოდენობაზეა ლაპარაკი, რომ ამის მიხედვით იგივე საჯარო სკოლებში სპეციალიზებული მე-12 კლასები დავამატოთ.
ზვიად გაბისონიამ ამავე გადაცემაში აღნიშნა, რომ მინისტრი პრეზენტაციაზე განმარტავს, ასეთ შემთხვევაში, სასწავლო პროგრამები როგორ გადანაწილდება.
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.
მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.
„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.
იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების სისტემის რეფორმის კონცეფცია სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების რექტორებთან განიხილა.
მთავრობის მეთაურმა დეტალურად ისაუბრა კონცეფციის იმ მიმართულებებზე, რომელიც უმაღლესი განათლების ხარისხის თვისებრივად ამაღლებას ისახავს მიზნად.
საუბარი შეეხო მათ შორის, უნივერსიტეტებში ფაკულტეტების გადანაწილებას, რეგიონული უნივერსიტეტების განვითარების აუცილებლობას და განათლების სისტემის დეკონცენტრაციას.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა რექტორებისა და პროფესორ-მასწავლებლების ხედვებისა და მოსაზრებების გათვალისწინების მნიშვნელობას რეფორმის სრულყოფილად განხორციელებისთვის და აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.
განხილვების შედეგად კი, განათლების რეფორმის კონცეფცია საბოლოო სახეს მიიღებს და მას მთავრობა დაამტკიცებს.
პრემიერ-მინისტრისა და უნივერსიტეტების რექტორების შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. რექტორებმა მთავრობის მეთაურისგან მათთვის საინტერესო საკითხებზე პასუხები მიიღეს.
შეხვედრას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და განათლების რეფორმის საკითხზე მომუშავე უმაღლესი განათლების რეფორმის სამთავრობო კომისიის მდივანი ლევან იზორია ესწრებოდნენ.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.