შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული სამმართველოსა და ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ერთობლივად გატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, 2003 წელს დაბადებული ო.მ., 2006 წელს დაბადებული რ.ა. და 2006 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, გ.ხ. ჯგუფურად, დიდი ოდენობით, არაერთგზის ჩადენილი ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, იმერეთის რეგიონში, სხვადასხვა ტერიტორიაზე განთავსებული ჩასარიცხი აპარატის მეშვეობით, მათ სარგებლობაში არსებულ ანგარიშებზე გარკვეული რაოდენობის თანხას რიცხავდნენ, შემდგომ კი აპარატის დაზიანებით მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდნენ აპარატში არსებულ სრულ თანხას. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, პოლიციამ ო.მ., რ.ა. და გ.ხ. ბრალდებულის სახით დააკავა. სამართალდამცველებმა მოპარული თანხის ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე, მესამე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს“, - წერია ინფორმაციაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა მიმდინარე წლის ნოემბერ-დეკემბრის თვეებში სხვადასხვა ქვეყნის 91 მოქალაქე ქვეყნიდან გააძევა.
სამინისტროს ცნობით, გაძევების პროცედურის ფარგლებში ნაწილმა საქართველო ნებაყოფლობით დატოვა, ნაწილი კი მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად იძულების წესით იქნა გაძევებული საქართველოდან.
„შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე, ნოემბერ-დეკემბრის თვეებში ქვეყნიდან გაძევებულ იქნენ ირანის, ალჟირის, ინდოეთის, მაროკოს, შრი ლანკის, ეგვიპტის, პაკისტანის, ნიგერიის, ერაყის, თურქეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის, თურქმენეთისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები.
გაძევებულ პირთა შორის, რომელთა მიმართაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში დაიწყო გაძევების პროცედურა, არიან უცხო ქვეყნის ის მოქალაქეები, რომლებიც მიმდინარე წლის ნოემბერ-დეკემბერში თბილისში მიმდინარე აქციებში მონაწილეობდნენ და სასამართლოს მიერ შეეფარდათ სხვადასხვა ადმინისტრაციული სახდელი – ჯამში, 25 პირი. მათგან 10-მა მოქალაქემ უკვე დატოვა საქართველოს ტერიტორია.
მიგრაციის დეპარტამენტმა, 2024 წლის მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყნიდან უცხო ქვეყნის 430 მოქალაქე გააძევა, რაც 126% -ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოა. მის მთავარ კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და საქართველოდან გაძევების განხორციელება“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.