ახალი წლის დადგომა ყოველთვის განსაკუთრებულ ემოციებს უკავშირდება. ეს არის დღესასწაული, რომელიც ერთ მუშტად კრავს და აერთიანებს მთელ მსოფლიოს საერთო მიზნებითა და სურვილებით – იყოს მშვიდობა დედამიწაზე და მეტი სიყვარული ადამიანების გულებში, – ამის შესახებ თბილისის მერის, კახა კალაძის საახალწლო მილოცვაშია ნათქვამი.
როგორც კალაძე აღნიშნავს, ახალი წელი ყველაზე კეთილი დღესასწაულია, თანადგომის, მხარდაჭერის, უმწეოთა დახმარების, ერთმანეთის მიმართ სითბოსა და სიყვარული გამოხატვის დღე.
„ამ დღეს სამყარო გაცილებით კეთილი ხდება. ვისურვოთ, რომ ეს განწყობა არა მხოლოდ საახალწლო დღეებში, მთელი წელი იგრძნობოდეს ჩვენს ქალაქში და მთელ ქვეყანაში. დაე, იყოს 2026 წელი სავსე სიკეთით!!! მეგობრებო, 2025 წელს თან ახლდა უამრავი გამოწვევა და სირთულე, მაგრამ იყო მნიშვნელოვანი გამარჯვებები, რამაც მოგვცა წინსვლისა და განვითარების შესაძლებლობა და დღეს შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ საქართველომ ისეთი ნაბიჯები გადადგა წინ, უკან ვერასოდეს დაგვხევენ.
ამდენად, მინდა, მადლიერება გამოვხატო გასული წლის მიმართ; განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა ადამიანებს, ვინც გვენდო, გვერდით დაგვიდგა, გაგვაძლიერა და ყველას დაანახა, რამხელა ძალა აქვს ქვეყნის სიყვარულით გაერთიანებული ხალხის ნებას. არ არსებობს სამშობლოს წარმატებასა და გამარჯვებაზე დიდი დღესასწაული, რადგან სამშობლო ერთია და ერთადერთი. ამ საზეიმო წუთებსაც კი თან ახლავს უდიდესი პასუხისმგებლობა ქვეყნის მომავლის და მისი ხვალინდელი დღის წინაშე. ახალი წლის მიჯნაზე ვისურვოთ მშვიდობა და სტაბილურობა, მეტი სიკეთე და ურთიერთპატივისცემა, ზრუნვაზე დაფუძნებული საზოგადოება, განვითარება და კეთილდღეობა, ეკონომიკურად ძლიერი ოჯახები… მჯერა, თბილისი მუდამ იქნება „სიკეთით სავსე ქალაქი“. იქ, სადაც სიკეთე გვაერთიანებს, შენდება მომავალი. გილოცავთ ახალი წლის დადგომას. ბედნიერი იყოს 2026 წელი ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ოჯახებისთვის“, – აცხადებს კახა კალაძე.
მეტეხის გვირაბში დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 30 დეკემბრიდან ერთი თვის განმავლობაში, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
„შეზღუდვა ღამით, 00:00-დან 06:00 საათამდე პერიოდში იმოქმედებს.
ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება მხოლოდ გვირაბის ერთ მხარეს, ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდიდან ორთაჭალის მიმართულებით.
შესაბამისად, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ბარათაშვილის ხიდიდან ევროპის მოედნისკენ. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!“, - აცხადებენ მერიაში.
სამგორის რაიონის გამგეობამ მასწავლებლებისთვის ქალაქ თელავში გასვლითი ღონისძიება „სკოლა და თვითმმართველობა“ გამართა.
პროექტის მიზანია, მასწავლებლებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება, ასევე, თემისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ჩართულობით, სასკოლო პროექტების განხორციელება.
ღონისძიების ფარგლებში, პედაგოგებმა ერთმანეთს პრფესიული გამოცდილება გაუზიარეს. ასევე, გაიმართა სამუშაო შეხვედრა რაიონის გამგებელ კახა სამხარაძესა და საკრებულოში ვარკეთილის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ ვაჟა კოკაიასთან, სადაც 2026 წლისთვის დასაგეგმი სასკოლო და საგანმანათლებლო პროექტები განიხილეს.
მონაწილეთა ტრანსპორტირების, სასტუმროში განთავსებისა და კვების ხარჯები სამგორის რაიონის გამგეობამ უზრუნველყო.