მას შემდეგ, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო აჩერებს ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას 2028 წლამდე, საზოგადოების ნაწილმა ხელისუფლების გადაწყვეტილება გააპროტესტა. საპროტესტო აქციები დედაქალაქსა და ქვეყნის რამდენიმე ქალაქში ერთდროულად მიმდინარეობს, მაგრამ იმავდროულად, თანამდებობებიდატოვეს სხვადასხვა ქვეყანაში დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებმა.უფრო კონკრეტულად, თანამდებობა დატოვა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნიდერლანდების სამეფოში - დავით სოლომონიამ, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლიეტუვაში - სალომე შაფაქიძემ, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბულგარეთში - ოთარ ბერძენიშვილმა, იტალიაში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა - ირაკლი ვეკუამ და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა სამხრეთ კორეაში - თარაშ პაპასკუამ, საქართველოს ელჩმა ჩეხეთში - თეა მაისურაძემ. მეტიც, თანამდებობიდან გადადგა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში - დავით ზალკალიანი.ორიოდე დღის წინ კი თანამდებობა დატოვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალიამ. 
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საგარეო საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებები ისედაც იგეგმებოდა მას შემდეგ, რაც მინისტრის პოსტზე, ილია დარჩიაშვილი ახალი კანდიდატურით - მაკა ბოჭორიშვილით ჩაანაცვლა. დიპლომატების დემარშის კვალდაკვალ, „ვერსია“ დიპლომატიური კორპუსის ბიუჯეტით დაინტერესდა. 

ელჩების ანაზღაურება
დავიწყოთ იმით, რომ საქართველოს დიპლომატიური სამსახურის წევრთა ანაზღაურებები საჯარო სამსახურში არსებული შრომითი ანაზღაურების სისტემისგანგანსხვავებული ნორმებით რეგულირდება და საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება. 
საზღვარგარეთ, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების ნორმებისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის დამატებითი ანაზღაურებასარეგულირებს საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულება. 
„საზღვარგარეთ, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებათა ხელმძღვანელებს, რომლებიც აკრედიტებული არიან და რწმუნებათა სიგელები მიღებული აქვთ სამუშაოდ ერთდროულად ორ ქვეყანაში ან საერთაშორისო ორგანიზაციაში, მიეცეთ დანამატი - ანაზღაურების ნორმის 10%, სამ და მეტ ქვეყანაში - 20%.
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური დაწესებულებების იმ მუშაკებს, რომელთაც უხდებათ მუშაობა რთულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, საყოფაცხოვრებო პირობებში, რისკის სხვა ფაქტორების გათვალისწინებით დაუდგინდეთ დანამატი თვეში გრძელვადიანი მივლინების ანაზღაურების ნორმები 15%-ის ოდენობით.
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური დაწესებულებების იმ ხელმძღვანელებს, რომლებსაც ამ ბრძანებულებით გათვალისწინებული შრომის ანაზღაურების პირობებით უმცირდებათ ანაზღაურება, შეუნარჩუნდეთ დღეისათვის არსებული გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების ნორმები.
ბრძანებულებით დამტკიცებული როტაციის წესით, გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების ნორმების დაფინანსება მოხდეს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან“.
ელჩების, კონსულების და ზოგადად, დიპლომატების ანაზღაურებები სხვა საჯარო მოხელეთა ანაზღაურებებზე რამდენჯერმე მაღალია და ცალკეულ შემთხვევებში,წლიურად 200 ათას ლარსაც კი აჭარბებს, რაც მინისტრებისადა პრემიერ-მინისტრის ანაზღაურებაზე ბევრად მაღალია.
____________________________
____________________________
მაგალითად, დავით ზალკალიანის ხელფასი - 191 202 ლარი იყო; დავით სოლომონიას ანაზღაურება - 226 787 ლარი;სალომე შაფაქიძის - 184 735 ლარი; ოთარ ბერძენიშვილის - 204 998 ლარი; თეა მაისურაძის - 182 451 ლარი... 
რაც შეეხება საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებას, 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, 2 200 000 ლარით გაიზარდა და 189 700 000 ლარით განისაზღვრა. სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, სამინისტროში მომუშავეთა რაოდენობაა - 817 ადამიანი; საგარეო პოლიტიკის განხორციელებაზე გათვალისწინებულია - 186 253 000 ლარი; საგარეო პოლიტიკის დაგეგმვა და მართვა - 176 470 000 ლარი; საერთაშორისო ორგანიზაციებში არსებული ფინანსური ვალდებულებების უზრუნველყოფა - 6 300 000 ლარი; საერთაშორისო ხელშეკრულებების და სხვა დოკუმენტების თარგმნა/დამოწმება - 172 000 ლარი; დიასპორული პოლიტიკა - 1 900 000 ლარი; ევრპოპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის თაობაზე საზოგადოების ინფორმირება - 1 411 000 ლარი. 
____________________________
____________________________

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დასაქმებულ პირთა ოდენობა კატეგორიების მითითებით, გენდერულ ჭრილში, 2024 წლის 16 აპრილის მდგომარეობით, ასე გამოიყურება: საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში დასაქმებულია 325 მოსამსახურე, აქედან 212 - ქალი და 113 - კაცი.კატეგორიების მიხედვით: სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირები - 5 კაცი და 1 ქალი; ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები - 5 ქალი; დიპლომატიური თანამდებობის პირები - 245 მოსამსახურე, აქედან 153 - ქალი და 92 - კაცი.
ადმინისტრაციული პერსონალი - 74 მოსამსახურე, მათგან 54 - ქალი და 20 - კაცი.
საზღვარგარეთ, საქართველოს დიპლომატიურწარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში დასაქმებულია 358 მოსამსახურე, აქედან 134 - ქალი და 224 - კაცი.
კატეგორიების მიხედვით:დიპლომატიური თანამდებობის პირები - 292 მოსამსახურე, მათგან 111 - ქალი და 181 - კაცი.
ადმინისტრაციული პერსონალი - 66 მოსამსახურე,მათგან 23 - ქალი და 43 - კაცი.

ეკონომიკური დიპლომატია
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტი ეკონომიკური დიპლომატიაა. თუ რა ღონისძიებებს ატარებს უწყება ამ მიმართულებით, განვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროს 2023 წლის საქმიანობის ანგარიში, რომელიც ექს-მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა, საქართველოს პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფარგლებში გააცნო საზოგადეობას. 
ზოგადად, ეკონომიკური დიპლომატია და მისი გააქტიურება დადებით ზეგავლენას ახდენს საქართველოში ეკონომიკურ ზრდაზე და პირდაპირი ინვესტიციების მოზიდვაზე, ასევე, სავაჭრო ტვირთბრუნვის, მათ შორის, ექსპორტის ზრდისა და სატრანზიტო შემოსავლების მატებაზე.
„2023 წელს, აქტიური პერიოდი იყო ექსპორტის ხელშეწყობისა და ინვესტიციების მოზიდვის მიზნით და ბიზნეს-დელეგაციების ვიზიტების კუთხით. გაიმართა პროფილური უწყებებისა და ბიზნეს-დელეგაციების 60-ზე მეტი ვიზიტი და ფორუმი, ონლაინ-შეხვედრა. ამ პერიოდის ვიზიტები: არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, გერმანიიდან, ეგვიპტიდან (4-ჯერ), თურქეთიდან, თურქმენეთიდან, იაპონიიდან (2-ჯერ), ინდოეთიდან, ირლანდიიდან, ისრაელიდან, კანადიდან (2-ჯერ), კორეიდან, მონღოლეთიდან, სლოვენიიდან, უნგრეთიდან, ფინეთიდან (3-ჯერ), შვედეთიდან, ჩინეთიდან (3-ჯერ), ჩრდილოეთ მაკედონიიდან, ხორვატიიდან (სულ 28 ვიზიტი საქართველოში); ვიზიტები: აშშ-ში, ბელგიაში, გაერთიანებულ სამეფოში, გერმანიაში, ეგვიპტეში, თურქმენეთში (4-ჯერ), იტალიაში, ისრაელში, კანადაში, მოლდოვაში, პორტუგალიაში, შვეიცარიაში, ჩეხეთში (სულ 16 ვიზიტი საქართველოდან); ონლაინ შეხვედრები: ესპანეთის, თურქმენეთის, ისრაელის, კატარის, მალაიზიის (2-ჯერ), ჩინეთის ბიზნეს-წრეებთან (სულ 7 ონლაინ-შეხვედრა)“.
ანგარიშში ვკითხულობთ, რომ განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება ინვესტიციების მოზიდვის სფეროში საგარეო საქმეთა სამინისტროს აქტივობებს. აქვე, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ნაყოფიერი თანამშრომლობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან. ინტენსიურად გრძელდება მუშაობა ქართული სტარტაპების უცხოეთის ბაზრებზე შესვლის მხარდაჭერისა (გაიმართა ბიზნეს-ფორუმები სან-ფრანცისკოში, ლონდონსა და ნიუ-იორკში) და ტექნოლოგიური კომპანების საქართველოში შემოყვანის მიზნით. საქართველოს საელჩოების აქტიური ჩართულობით, ჩვენს ქვეყანაში თავისი ფილიალები გახსნა რამდენიმე უცხოურმა კომპანიამ.
„საგარეო უწყებამ ინტენსიურად შეუწყო ხელი საქართველოს სამთავრობო სტრუქტურებისა და ბიზნეს-ორგანიზაციების მონაწილეობას ქართული საკვები პროდუქტებისა და ღვინის ცნობადობის ხელშეწყობის გამოფენებში, ასევე, ტურიზმის პოპულარიზაციის ღონისძიებებში (მათ შორის, ტურ-ოპერატორების ვიზიტები/პრეს-ტურები). ამ მიმართულებით, ხელი შეეწყო ქართული მხარის მონაწილეობას მსოფლიოს 40-მდე სხვადასხვა ქალაქში გამართულ საერთაშორისო გამოფენებში, ფესტივალებში, დეგუსტაციებში, ფორუმებში, სემინარებში, კონფერენციებში და პრეზენტაციებში (სულ 55 საერთაშორისო ღონისძიება). გაიმართა გაცნობითი ტურები სხვადასხვა ქვეყნის ტელე-ჟურნალისტებისთვის საქართველოს ზამთრის სამთო-სათხილამურო კურორტების პოპულარიზაციის მიზნით“.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ აქტიურად მიმდინარეობდა მუშაობა ქვეყნის საგარეო-სავაჭრო და საინვესტიციო გარემოს შემდგომი ლიბერალიზაციის მიზნით.ეკონომიკურ სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიები, რომლებიც ქვეყნებს შორის არსებული საკითხების ფართო სპექტრის განხილვისა და წარმოქმნილი პრობლემატიკის დარეგულირების საშუალებას იძლევა. ამ მიმართულებით, გამოვყოფდი საანგარიშო პერიოდში გამართულ საქართველო-აზერბაიჯანის, საქართველო-სომხეთის, საქართველო-უზბეკეთის, საქართველო-თურქმენეთის და საქართველო-ლიეტუვას ერთობლივი კომისიების სხდომებს.
საანგარიშო პერიოდში, სამინისტროს აქტიური ხელშეწყობით, გაფართოვდა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანამშრომლობის ქსელი (სავაჭრო-სამრეწველო პალატამ გააფორმა ურთიერთგაგების მემორანდუმები ტორინოს ხელოსნებისა და სოფლის მეურნეობის პალატასთან და ტაილანდის ვაჭრობის საბჭოსთან).
„აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში საზღვარგარეთ ქართული დიასპორის ჩართულობის კიდევ უფრო გააქტიურების მიზნით. ამ კუთხით, პრაქტიკაში დაინერგა ბიზნეს-დიალოგის ფორმატი, რომელიც საშუალებას იძლევა, ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში არსებულ შესაძლებლობებზე დეტალური ინფორმაცია მიეწოდოს ჩვენს დიასპორას, რათა ინტენსიურად ჩაერთონ ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში“.
სამინისტრო ინტენსიურად მუშაობს ეკონომიკური პროფილის საერთაშორისო ორგანიზაციებისა (UNECE, UNESCAP, ECOSOC, UNEP, OECD, UNCTAD, IMO, ICAO, ITU, WTO, UNWTO, UNDP, UNIDO, WHO, ILO და სხვა) და მრავალმხრივი კონვენციების ფარგლებში, თანამშრომლობის შემდგომი განვითარების მიზნით.

 

 

ავტორი-მაკა რუხაძე