2012 წელს ჩვენი მოსახლეობა საშემოსავლო გადასახადის სახით იხდიდა 1 მლრდ 764 მლნ ლარს. 2020 წელს ეს მაჩვენებელი გახდა 3 მლრდ 326 მლნ ლარი და შარშან ეს მაჩვენებელი იყო 8 მლრდ 261 მლნ ლარი, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც სამთავრობო პროგრამის შესრულების ყოველწლიური ანგარიში წარადგინა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ნიშნავს, რომ ის ეკონომიკური ზრდა, რაც აქვს ქვეყანას, პირდაპირ აისახება მოსახლეობაზე.
„ასევე გვაქვს საერთაშორისო სავალუტო ფონდის საშუალოვადიანი პროგნოზი, რომლის თანახმადაც, 2026-2031 წლებში საქართველოს ექნება ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, როგორც რეგიონში, ასევე მთლიანად, ევროპის მასშტაბით. ეს პროგნოზი ეფუძნება კონკრეტულ მაჩვენებლებს, იმ ტენდენციებს, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას გასული ხუთი წლის განმავლობაში.
ხშირად ისმება კითხვა, რამდენად აისახება მოსახლეობაზე სწრაფი ეკონომიკური ზრდა. ამის ერთ-ერთი საუკეთესო ინდიკატორია გადახდილი საშემოსავლო გადასახადები. საშემოსავლო გადასახადს იხდის დაახლოებით მილიონი ჩვენი თანამოქალაქე, დაქირავებით დასაქმებული თითქმის ყველა პირი. 2012 წელს ჩვენი მოსახლეობა საშემოსავლო გადასახადის სახით იხდიდა 1 მლრდ 764 მლნ ლარს. 2020 წელს ეს მაჩვენებელი გახდა 3 მლრდ 326 მლნ ლარი და შარშან ეს მაჩვენებელი იყო 8 მლრდ 261 მლნ ლარი. ეს ნიშნავს იმას, რომ დაბეგვრის შემდეგ ჩვენი მოსახლეობის შემოსავლები შეადგენს 33 მლრდ ლარზე მეტს. როდესაც იგივე მაჩვენებელი 2020 წელს იყო 13, 3 მლრდ. 13, 3 მლრდ-დან მოსახლეობის შემოსავალი გაიზარდა და გადასცდა 33 მილიარდს, 2012 წელს კი ეს მაჩვენებელი იყო 7,1 მილიარდი ლარი. ეს ნიშნავს, რომ ის ეკონომიკური ზრდა, რაც აქვს ქვეყანას, პირდაპირ აისახება მოსახლეობაზე“, - განაცხადა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პირველად ისტორიაში საქართველოს ეკონომიკა გადასცდა 100 მილიარდ ლარს და შეადგინა 104,6 მილიარდი ლარი.
„რაც შეეხება უშუალოდ სამთავრობო პროგრამის ანგარიშს, ტრადიციულად დავიწყებ საუბრით ეკონომიკის შესახებ და პირველ რიგში, მინდა, წარმოგიდგინოთ ციფრები, ციფრები არის ის, რაც არ უყვართ ჩვენს ოპონენტებს ყველაზე მეტად არ უყვართ, რადგან ციფრები თავისთავად მეტყველებს ყველაფერზე. არ სჭირდება ციფრებს განსაკუთრებული ანალიზი. შეიძლება გაგაკრიტიკონ ბევრი რამისთვის როდესაც ფეხბურთს თამაშობ, პასებში ჰქონდა ხარვეზები და ა.შ. თუმცა ტაბლოზე თუ არის ანგარიში 7:1 ამ კრიტიკას დიდი ფასი არ აქვს.
მე შემიძლია გითხრათ, რა ანგარიშით დასრულდა გასული წელი ჩვენი ქვეყნისთვის. არა ჩვენთვის მთავრობისთვის, ხელისუფლებისთვის სუბიექტურად, არამედ რა ანგარიშით დასრულდა ეს წელი ჩვენი ქვეყნისთვის, როგორი იყო ქვეყნის წინსვლა და პროგრესი გასული ერთი წლის, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში.
ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა გასულ 2025 წელს გაიზარდა 7,5 პროცენტით. ჩვენი ეკონომიკა გაიზარდა 3,9 მილიარდი დოლარით გასული ერთი წლის განმავლობაში, რაც არის შთამბეჭდავი მაჩვენებელი.
პირველად ისტორიაში საქართველოს ეკონომიკა გადასცდა 100 მილიარდ ლარს და შეადგინა 104,6 მილიარდი ლარი. მინდა, შეგახსენოთ, რომ 2012 წელს, როდესაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში ჩვენ დაგვხვდა ეკონომიკა 28 მილიარდ ლარზე ნაკლები და სულ რაღაც 5 წლის წინ, 2020 წელს ჩვენი ეკონომიკა იყო 50 მილიარდზე ნაკლები. ეს ნიშნავს იმას, რომ გასული 5 წლის განმავლობაში ლარში ჩვენი ეკონომიკა გაორმაგდა, დოლარში კიდევ უფრო მეტად გაიზარდა, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტად მოვახერხეთ ლარის კურსის დასტაბილურება, გამყარება. შესაბამისად, გვაქვს ზრდის შთამბეჭდავი მაჩვენებლები როგორც 5 წლის ჭრილში, ასევე გასული წლის განმავლობაში. დოლარში 2020 წელს ჩვენი ეკონომიკა იყო 16 მილიარდი, ხოლო 2025 წელს გახდა 38,1, რაც ნიშნავს იმას, რომ დოლარში უფრო შთამბეჭდავია ჩვენი ზრდის მაჩვენებელი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, საშუალო ზრდა გასული 5 წლის განმავლობაში შეადგენდა 9,3 პროცენტს.
„რომ ავიღოთ იანვარ-აპრილის მონაცემები, ზრდამ შეადგინა წელს უკვე 8,2 პროცენტი. ეს ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი არის შენარჩუნებული მიმდინარე წელსაც და ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მოლდოვას ამადლიან სესხებს, რომლებსაც აძლევენ ამ წლების განმავლობაში, ეს სესხებიც არ შველის იმაში, რომ გააუმჯობესოს საკუთარი ეკონომიკური მაჩვენებლები.
„ჩვენ ვადარებთ ხოლმე ჩვენს ეკონომიკას მოლდოვის ეკონომიკას, რომელიც არის ასევე ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა. მინდა გითხრათ, რომ ამ ხუთი წლის განმავლობაში სხვაობა საქართველოსა და მოლდოვის ეკონომიკებს შორის გაიზარდა 13,5 მილიარდი დოლარით. ეს ნიშნავს იმას, რომ სხვაობა ჩვენს ბიუჯეტებს შორის გაიზარდა 3,5 მილიარდი დოლარით. თქვენ იცით, რომ მოლდოვას ამადლიან სესხებს, რომლებსაც აძლევენ ამ წლების განმავლობაში. ეს სესხებიც არ შველის მოლდოვას იმაში, რომ გააუმჯობესოს საკუთარი ეკონომიკური მაჩვენებლები. ამ 5 წლის განმავლობაში მოლდოვა ეკონომიკებს შორის სხვაობით გავასწარით 13,5 მილიარდი დოლარით, ბიუჯეტებს შორის 3,5 მილიარდი დოლარით, რაც თავისთავად ბევრ რამეზე მეტყველებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ 1 წლის განმავლობაში საშუალო ხელფასი გაიზარდა 312 ლარით, რაც ასევე არის საკმაოდ შთამბეჭდავი მაჩვენებელი.
„მინდა შეგახსენოთ, რომ 2020 წელს საშუალო ხელფასი იყო 1191 ლარი და 5 წლის თავზე საშუალო ხელფასი გაორმაგებულია. ესეც არის კიდევ ერთი უტყუარი ნიშანი იმისა, რომ ეკონომიკური ზრდა პირდაპირ აისახება მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ერთმანეთს შევადაროთ საშუალო ხელფასის ზრდა და ინფლაციის მაჩვენებლები. რომ ავიღო ბოლო 3 წლის მაჩვენებლები, ამ პერიოდის განმავლობაში, სამომხმარებლო ფასები საქართველოში გაიზარდა 6.4%-ით. უშუალოდ ფასები სურსათზე და უალკოჰოლო სასმელებზე 3 წელიწადში გაიზარდა 9.7%-ით. იგივე პერიოდში მოსახლეობის საშუალო ხელფასი გაიზარდა 47.9%-ით. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვაქვს ინფლაციის ოპტიმალური მაჩვენებელი და ამასთან ერთად, საშუალო ხელფასის ზრდა ამ 3 წლის განმავლობაში 7.5-ჯერ ასწრებდა ინფლაციას, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანია. ბუნებრივია, ეკონომიკურ ზრდას ფასი არ აქვს, თუ არის ჭარბი ინფლაცია. ამ შემთხვევაში ეს მონაცემები პირდაპირ ადასტურებს იმას, რომ საშუალო ხელფასის ზრდა 7.5-ჯერ ასწრებდა ინფლაციას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2,65-ის ფარგლებში სტაბილურად ნარჩუნდებოდა ლარის კურსი და ახლა 2,65-ზე ქვემოთ არის ჩამოსული.
„სავალუტო რეზერვებმა ამის პარალელურად მიაღწია რეკორდულ მაჩვენებელს და გადააჭარბა 7 მილიარდ დოლარს. მხოლოდ გასულ თვეში, მაისში, ეროვნულმა ბანკმა შეისყიდა რეკორდული ოდენობის 633 მილიონი დოლარის სავალუტო რეზერვები. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და საქართველოს ეროვნულ ბანკს გადავუხადო მადლობა გაწეული საქმიანობისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ძალიან აქტიურად მუშაობდა ფინანსთა სამინისტრო ობლიგაციების გამოშვების მიმართულებით.
„28 იანვარს ფინანსთა სამინისტრომ ლონდონის საფონდო ბირჟაზე 500 მილიონი დოლარის ნომინალური ღირებულების ევროობლიგაციები განათავსა. მოთხოვნა 5,5-ჯერ აღემატებოდა გამოსაშვებ მოცულობას, რაც მეტყველებს ბუნებრივია, ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკისა და ეკონომიკური პერსპექტივის მიმართ ინვესტორების ნდობაზე. კუპონის განაკვეთმა შეადგინა 5,125 პროცენტი.
ასევე 21 მაისს ფინანსთა სამინისტრომ 400 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების სახაზინო ობლიგაციები გამოუშვა. მოთხოვნა ამ შემთხვევაში 4,5-ჯერ აჭარბებდა გამოსაშვებ მოცულობას. კუპონის განაკვეთი იყო 9 პროცენტი. ასევე კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო ინარჩუნებს მსოფლიოში პირველ ადგილს ბიუჯეტის გამჭვირვალობის თვალსაზრისით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, ფინანსთა სამინისტრო ამ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ძალიან აქტიურად თანამშრომლობდა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, განსაკუთრებით აზიის განვითარების ბანკთან, მსოფლიო ბანკთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან.
„მთლიანობაში ფინანსთა სამინისტრომ გასწია ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო გასული ერთი წლის განმავლობაში, რისთვისაც ფინანსთა მინისტრს მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, გამრიცხველიანების პროცესის დასრულების შედეგად, მთლიანად მოწესრიგდება სისტემა, რაც მნიშვნელოვანი იქნება კეთილსინდისიერი გადამხდელებისა და მომხმარებლებისთვის.
„დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, რაც უკავშირდება მესტიის მუნიციპალიტეტის გამრიცხველიანებას. ჩვენ ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას ფართოდ გავაცანით ინფორმაცია. მოხმარება წლის განმავლობაში შეადგენდა 125 მილიონ კილოვატ საათს, როდესაც მსგავსი ზომის მუნიციპალიტეტში მოხმარება შეადგენს ერთნიშნა მაჩვენებელს, ანუ დაახლოებით ათმაგი და თორმეტმაგი იყო მოხმარება მუნიციპალიტეტში, იყო მაინინგის კონკრეტული პრობლემა.
უკვე გატარდა წინასწარი ღონისძიებები, რამაც მოგვცა ხელშესახები შედეგი. ივნისის გასული პერიოდის მონაცემებით, უკვე შემცირებულია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ელექტროენერგიის მოხმარება დაახლოებით 35 პროცენტით, წინასწარი ზომების გატარების შედეგად. როდესაც დასრულდება გამრიცხველიანების პროცესი, რა თქმა უნდა, მთლიანად მოწესრიგდება სისტემა, რაც მნიშვნელოვანი იქნება კეთილსინდისიერი გადამხდელებისა და მომხმარებლებისთვის,“- აღნიშნა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სტრუქტურული ოპტიმიზაციის და ტარიფების ცვლილების შედეგად, შემოსავალი გაიზარდა 47%-ით - 9.4 მილიონი ლარიდან 13.8 მილიონ ლარამდე.
„გაციფრულდა სახელმწიფო სერვისები, რის შედეგადაც გემების მიღების პროცედურები 24 საათიდან შემცირდა 1 საათამდე. დაიწყო მსხვილტონაჟიანი ტანკერების მიღებაც. საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში გადამუშავებული ტვირთების რაოდენობა გაიზარდა 7%-ით გასული საანგარიშო წლის განმავლობაში. საზღვაო ნავსადგურებში გატარებული კონტეინერების რაოდენობა გაიზარდა 17%-ით. 30%-ით გაიზარდა საბორნე გადაზიდვები საქართველოს ნავსადგურებში და 540 000 ტონას გადააჭარბა. გუშინ ჩვენ დავაანონსეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის დაწყება - ფოთში შენდება ახალი ნავმისადგომი ამერიკული საფინანსო ინსტიტუტის მხარდაჭერით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, ამისთვის გატარდა ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმები.
„განსაკუთრებული აქცენტი მინდა გავაკეთო სახელმწიფო საწარმოებში განხორციელებულ რეფორმებზე.
დავიწყებ ენერგეტიკის სექტორით, სადაც განხორციელდა სექტორის გამოწვევების სრული ანალიზი და მომზადდა განვითარების 10-წლიანი გეგმა. ასევე დაინიცირდა ქსელის წესებში ცვლილება და მოწესრიგდა პროექტების გამჭვირვალედ მართვის პროცესი. მთელი რიგი მანკიერი პრაქტიკები იყო ჩამოყალიბებული ენერგეტიკის სექტორში. აღმოიფხვრა მთლიანად გასული წლის განმავლობაში დაჯავშნილი დაერთების ნებართვების გაცემის ვადების გახანგრძლივების და ნებართვების გადაყიდვის ასეთი მანკიერი პრაქტიკები, რაც თვისობრივად დააჩქარებს ენერგეტიკის სექტორის განვითარებას.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო მთავრობამ, როდესაც 157 კომპანიას პირობით ეპატია 1 მილიარდი ლარის ჯარიმები. ესეც დააჩქარებს ენერგეტიკის სექტორის განვითარებას. ენერგეტიკის სახელმწიფო საწარმოებში, ასეთი არსებითად 6 საწარმოა, განხორციელდა შტატების ოპტიმიზაცია, შედეგად ჩვენ ყოველწლიურად წლიურ ჭრილში გვეზოგება 24,7 მილიონი ლარი. მთლიანობაში ენერგეტიკის სახელმწიფო საწარმოებში გაუქმდა 979 საშტატო ერთეული. დანაზოგმა შეადგინა თითქმის 25 მილიონი ლარი.
ასევე განხორციელდა შესყიდვების ოპტიმიზაცია და საკონტრაქტო ღირებულებების შემცირება და ამ ყველაფრის ხარჯზე ერთჯერადად დაიზოგა 348 მილიონი ლარი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს მთავრობამ წარმატებით აწარმოა ძალიან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები აზერბაიჯანთან, რის შედეგადაც ქვეყანამ მიიღო 2 მლრდ კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის გარანტია, ოპტიმალური ღირებულებით.
„გრძელდებოდა გაზიფიკაციის პროცესი. გაზის მიწოდების ქსელში, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, ჩაერთო 60-ზე მეტი დასახლებული პუნქტი, დაახლოებით 10 000 აბონენტს მოიცავს, 10 000 ოჯახს ეს პროცესი. ძალიან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები ვაწარმოეთ ჩვენ ჩვენს მეგობარ ქვეყანასთან, აზერბაიჯანთან გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით, რასაც აქვს პრინციპული მნიშვნელობა ბუნებრივია ჩვენი ქვეყნისთვის და ეს მოლაპარაკებები ძალიან დიდი წარმატებით დაასრულა ეკონომიკის სამინისტრომ - ჩვენ მივიღეთ 2 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი გარანტია, მოცულობის გარანტია ოპტიმალური სათანადო ფასით.
მე მინდა, მადლობა გადავუხადო როგორც ეკონომიკის სამინისტროს, ისე ჩვენს აზერბაიჯანელ მეგობრებს მოლაპარაკებებისა და მიღწეული შედეგისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის,“- აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ბიუჯეტის დეფიციტმა შეადგინა მთლიანი შიდა პროდუქტის 0,3 პროცენტი, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი იყო 2,6 პროცენტი, რაც განახევრდა 2024 წლის მაჩვენებელთან შედარებით.
„საქართველო გამოირჩეოდა ფისკალური კონსოლიდაციის ძალიან მაღალი მაჩვენებლით. შარშან ინფლაცია იყო 3,9 პროცენტი, რაც არის გონივრული, ოპტიმალური მაჩვენებელი. ბიუჯეტის დეფიციტმა შეადგინა მთლიანი შიდა პროდუქტის 0,3 პროცენტი. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი იყო 2,6 პროცენტი, რაც განახევრდა 2024 წლის მაჩვენებელთან შედარებით, როცა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი იყო 5,3 პროცენტი. ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი, რომელსაც ქვეყანამ მიაღწია.
საქონლის ექსპორტი გაიზარდა 11,2 პროცენტით 2025 წელს წინა წელთან შედარებით და მიაღწია რეკორდულ 7,3 მილიარდ დოლარს. რაც შეეხება მთავრობის საგარეო ვალს, 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ანუ შარშანდელი წლის ბოლოს, მთავრობის საგარეო ვალი შეადგენდა მთლიანი შიდა პროდუქტის 34,4 პროცენტს. 2026 წლის 31 მარტის მდგომარეობით საგარეო ვალმა შეადგინა 31,5 პროცენტი. მე მინდა შეგახსენოთ, რომ 2020 წელს მთავრობის საგარეო ვალმა გადააჭარბა 60 პროცენტს და ჩვენ მოვახერხეთ ამ მაჩვენებლის ჩამოყვანა 31,5 პროცენტამდე, რაც არის რა თქმა უნდა მთავრობის ძალიან სერიოზული ძალისხმევის შედეგი“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, 2025 წელს გაორმაგდა რკინიგზის წმინდა მოგება.
„ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები გატარდა „საქართველოს რკინიგზაში“. აქაც განხორციელდა შტატების ოპტიმიზაცია, მთლიანობაში შემცირდა, 1100 შტატი ისე, რომ არაფერი არ დაეტყო რკინიგზას, პირიქით, გაუმჯობესდა რკინიგზის მუშაობის ეფექტიანობა. მხოლოდ რკინიგზაში შტატების ოპტიმიზაციის შედეგად წლიურ ჭრილში იზოგება 24 მილიონი ლარი. ეს ის თანხაა, რომელიც ისევ და ისევ რკინიგზის განვითარებას და შესაბამისად ეკონომიკის განვითარებას მოხმარდება.
ასევე იყო ძალიან მანკიერი პრაქტიკა - შუამავალ კომპანიებში იყო გატანილი კონკრეტული ბიზნესპროცესები, რაც რკინიგზის ოპერირებას უკავშირდებოდა. ეს პროცესები დავაბრუნეთ „საქართველოს რკინიგზაში“ და ამის ხარჯზე ყოველწლიურმა დანაზოგმა ან დამატებითმა შემოსავალმა შეადგინა 18.5 მილიონი ლარი. ანუ რეალურად 40 მილიონ ლარზე მეტი, რომელიც რეალურად გამოდის, რომ არასწორად იხარჯებოდა, ახლა ჩაბრუნდება რკინიგზის განვითარებაში ყოველწლიურ ჭრილში, ანუ საუბარი არ არის ერთჯერად დანაზოგზე, არამედ ყოველწლიურ დანაზოგზე.
ასევე განხორციელდა შესყიდვების ოპტიმიზაცია, საკონტრაქტო ღირებულებების შემცირება და ამის ხარჯზე ერთჯერადად დაიზოგა 190.4 მილიონი ლარი. ესეც ჩაბრუნდება რკინიგზის განვითარებაში. ამ ყველაფრის შედეგად, ამ რეფორმების შედეგად, შარშან, 2025 წელს გაორმაგდა რკინიგზის წმინდა მოგება და ეს მოხდა მხოლოდ ნახევარი წლის ხარჯზე. ბატონი ლაშა აბაშიძე რკინიგზის ხელმძღვანელად დაინიშნა შარშან მაისში, უკვე იწურებოდა წლის პირველი ნახევარი და მხოლოდ ნახევარი წლის ხარჯზე და ნახევარწლიანი, ოპტიმიზაციის ხარჯზე ვხედავთ, რომ გაორმაგებულია რკინიგზის შემოსავლები. გაიზარდა თვისებრივად საოპერაციო მოგების მარჟა 25%-დან 36%-მდე რეფორმების შედეგად. 2024 წელს თუ იყო რკინიგზის წმინდა მოგება 68 მილიონი ლარი, 2025 წელს შეადგინა 145 მილიონი ლარი. ხედავთ, რამდენად შთამბეჭდავია რეფორმის შედეგები“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, აღდგება ქუთაისის მიმართულება, წელს დასრულდება თბილისი-ბათუმისა და თბილისი-ახალციხის რკინიგზის რეაბილიტაცია.
„ასევე შეიქმნა რკინიგზის განვითარების 10-წლიანი და 3-წლიანი გეგმები. 2026-28 წლების გეგმის მიხედვით, დაგეგმილია 50 ახალი ლოკომოტივის და 1500 ახალი ვაგონის შესყიდვა, ასევე ავტომატიზებული სისტემების დანერგვა და ამ ყველაფრის შედეგად რკინიგზის გამტარუნარიანობა გაიზრდება 15-დან 30 მილიონ ტონამდე, გაორმაგდება რკინიგზის გამტარუნარიანობა. ასევე ჩვენ შევიძენთ 10 ახალ სამგზავრო მატარებელს, ამის შედეგად სამგზავრო გადაყვანები, რომელიც არის ეხლა წამგებიანი, გახდება მთლიანად მომგებიანი, დღეს სუბსიდირებულია და გახდება მომგებიანი. გაიზრდება მგზავრების გამტარუნარიანობა 2-დან 5 მილიონამდე, ორნახევარჯერ გაიზრდება მგზავრების გამტარუნარიანობა „საქართველოს რკინიგზაში“.
ასევე რკინიგზას დაემატება ქუთაისის მიმართულება, აღდგება ქუთაისის მიმართულება. წელს დასრულდება თბილისი-ბათუმისა და თბილისი-ახალციხის რკინიგზის რეაბილიტაცია. ახალციხის მონაკვეთი საერთოდ გაჩერებული იყო წლების განმავლობაში. ამ ყველაფრის შედეგად გადაადგილების დრო არსებითად შემცირდება - თბილისი-ბათუმის მონაკვეთზე გადაადგილების დრო თუ შეადგენს ახლა 5.5 საათს, შემცირდება 4 საათამდე, საათნახევრით. და რაც შეეხება ახალციხეს, თავის დროზე, როცა მოქმედებდა ეს რკინიგზა, 6 საათი სჭირდებოდა გადაადგილებას, დასჭირდება 3 საათი, შემცირდება გადაადგილების დრო ორჯერ“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, დაიწყება ანაკლიის 18-კილომეტრიანი სარკინიგზო ხაზის მშენებლობა და ასევე, განხორციელდება ბორჯომი-ბაკურიანის ისტორიული სარკინიგზო ხაზის, ეგრეთ წოდებული „კუკუშკის“ რეაბილიტაცია.
„ასევე დაიწყება ძალიან მალე ანაკლიის 18-კილომეტრიანი სარკინიგზო ხაზის მშენებლობა და ასევე, რაც მნიშვნელოვანია ტურისტული თვალსაზრისითაც, განხორციელდება ბორჯომი-ბაკურიანის ისტორიული სარკინიგზო ხაზის, ეგრეთ წოდებული „კუკუშკის“ რეაბილიტაცია. ეს რაც შეეხებოდა რკინიგზას, ხედავთ, რამდენად შთამბეჭდავია ცვლილებები, რომლებიც განხორციელდა და ეს ყველაფერი არის კიდევ ერთხელ მართვის სისტემის ზოგადად გაუმჯობესების შედეგი, რაც კონკრეტულად აისახა კონკრეტულად რკინიგზაზეც“, - განაცხადა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეტაურმა აღნიშნა, ამ კონტრაქტის ღირებულება დაახლოებით 204 მილიონი დოლარიდან შემცირდა 151.4 მილიონ დოლარამდე.
„აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე. ეს არის დაღრმავების და ტალღმჭრელის მოწყობის სამუშაოები. აქ იყო გაფორმებული კონკრეტული ხელშეკრულება კონკრეტულ კომპანიასთან, რომლის ღირებულება შეადგენდა 203.9 მილიონ დოლარს და მოლაპარაკებების შედეგად ჩვენ დავინახეთ ოპტიმიზაციის ძალიან დიდი რესურსი. ამ კონტრაქტის ღირებულება დაახლოებით 204 მილიონი დოლარიდან შემცირდა 151.4 მილიონ დოლარამდე, ანუ 52.5 მილიონი დოლარი დავუზოგეთ ქვეყანას კონტრაქტის ოპტიმიზაციის შედეგად. ესეც არის ახალი მიდგომის კიდევ ერთი გამოხატულება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ პროგრამის ფარგლებში საანგარიშო პერიოდში დაფინანსდა 1 279 მეწარმე სუბიექტი.
„ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საკრედიტო-საგარანტიო სქემის სახელმწიფო პროგრამა. აქ დაფინანსდა 303 კომპანიის 345 პროექტი. ამ ყველაფრის შედეგად შეიქმნება 1 900 ახალი სამუშაო ადგილი.
"აწარმოე საქართველოს" ინდუსტრიული ნაწილი - აქ დაფინანსდა 467 კომპანიის 543 პროექტი. ჯამური საინვესტიციო მოცულობა შეადგენდა 824 მილიონ ლარს, შეიქმნება 4 000 სამუშაო ადგილი. მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამით 31 მილიონი ლარის 686 სესხი გაიცა. აქტიურად ვმუშაობთ ინოვაციების და ტექნოლოგიების მიმართულებით და აქ ხაზს გავუსვამ ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის პროექტს, რომელიც ძალიან აქტიურად ხორციელდება და ძალიან მალე შეიქმნება ეს ჰაბი ძალიან მნიშვნელოვან ქალაქში, ქუთაისში“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, 2025 წელს საქართველომ უმასპინძლა 7.8 მილიონ საერთაშორისო მოგზაურს.
„ტურიზმი 2025 წელი იყო რეკორდული შემოსავლების თვალსაზრისით. ტურიზმიდან შემოსავალმა შეადგინა 4.7 მილიარდი დოლარი გასულ წელს. 2025 წელს ვუმასპინძლეთ 7.8 მილიონ საერთაშორისო მოგზაურს, აქედან 5 522 000 იყო ტურისტული ვიზიტი. ამ ნაწილში გვაქვს 8.4%-იანი ზრდა. მიუხედავად იმისა, რომ იყო კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში, რაც დაეტყო ბუნებრივია ტურისტულ ნაკადებს, ტურიზმიდან შემოსავლები ამის მიუხედავად 2026 წლის პირველ კვარტალშიც გაიზარდა 0.5%-ით. ამავე კვარტალში, წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით, საქართველოს აეროპორტები მოემსახურა 4.3%-ით მეტ მგზავრს, 1 600 000-ზე მეტი იყო მგზავრთა რაოდენობა, შესრულდა 7 800 რეისი.
ამ პერიოდის განმავლობაში გაიხსნა 20 ახალი სასტუმრო დაახლოებით 1 000 სასტუმრო ნომრით. დღევანდელი მდგომარეობით საქართველოში ფუნქციონირებს 2 691 სასტუმრო 53 000 ნომრით. ძალიან მნიშვნელოვანი მარკეტინგული აქტივობები ხორციელდება ეკონომიკის სამინისტროს მიერ ჩვენთვის სტრატეგიულ ბაზრებზე“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, წარმატებით ხორციელდება მთელი რიგი სასოფლო-სამეურნეო პროგრამები.
„ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა სოფლის მეურნეობა და სოფლის განვითარება არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. სერიოზული ინვესტიციები ხორციელდება იმისათვის, რომ ეკონომიკურ განვითარებას არ ჩამორჩეს კონკრეტულად სოფლის მეურნეობის განვითარება. 2025 წელს აგრობიზნესის პროდუქციის გამოშვება გაიზარდა 9%-ით, შეადგინა 19.8 მილიარდი ლარი და ეს ყველაფერი არის სწორედ ამ ინვესტიციების შედეგი. განხორციელდა 1 მილიარდ 800 მილიონი დოლარის აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი 110 ქვეყანაში, რაც არის რეკორდული მაჩვენებელი, 10%-იანი ზრდა ჰქონდა ამ კუთხითაც გასული წლის განმავლობაში. მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში ექსპორტირებულია უკვე 577 მილიონი დოლარის პროდუქცია და ამ მონაკვეთში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გვაქვს 13.6% ზრდა.
წარმატებით ხორციელდება მთელი რიგი სასოფლო-სამეურნეო პროგრამები, მათ შორის შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი. გაიცა 945 მილიონი ლარის 5581 სესხი 4792 უნიკალურ ბენეფიციარზე. აგროდაზღვევის პროგრამა - 4832 უნიკალურ ბენეფიციარზე გაიცა 8875 პოლისი, დაზღვეულ იქნა 8800 ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი და 94 მილიონი ლარის ღირებულების სხვადასხვა კულტურა. სახელმწიფო თანადაფინანსებამ შეადგინა 7 მილიონ ლარზე მეტი.
ასევე პროექტი „დანერგე მომავალი“ აქტიურად ხორციელდებოდა. 416 უნიკალური ბენეფიციარი დაფინანსდა 92 მილიონი ლარით, საიდანაც სახელმწიფო თანადაფინანსებამ შეადგინა 27 მილიონი ლარი. მხარდაჭერამ მოიცვა 2560 ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი. ასევე ხორციელდებოდა გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი. 13 უნიკალურ ბენეფიციარს გაუფორმდა ხელშეკრულება, ინვესტიციამ შეადგინა 14.4 მილიონი ლარი, საიდანაც სახელმწიფო თანადაფინანსება იყო 4 მილიონ 300 ათასი ლარი. აღარ ჩამოვთვლი ყველა პროგრამას, ეს არის მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამა, კოოპერატივების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაფინანსების პროგრამა, თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა, მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამა და მრავალი სხვა პროგრამა, რომელიც ხელს უწყობს მთლიანად ქვეყანაში სოფლის მეურნეობის განვითარებას“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, 2025 წელს ჩაბარდა 340 000 ტონა ყურძენი და 2012 წელთან შედარებით, როდესაც მთლიანი მაჩვენებელი იყო 52 000 ტონა, გაიზარდა 340 000 ტონამდე.
„გრძელდება საირიგაციო და სადრენაჟე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. სამელიორაციო მომსახურება გაუმჯობესდა 2445 ჰექტარ ფართობზე საანგარიშო პერიოდის განმავლობაში. ილტოს წყალსაცავის პროექტი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის, კონკრეტულად კახეთის რეგიონისთვის. დასრულდა ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა და გამოცხადდა ტენდერი დეტალური საინჟინრო პროექტის შესამუშავებლად.
წარმატებით ჩატარდა რთველი 2025. ჩაბარდა 340 000 ტონა ყურძენი, რაც არის რეკორდული მაჩვენებელი. მე მინდა შეგახსენოთ, რომ 2012 წლისთვის, როცა ნულოვანი მხარდაჭერა იყო მევენახეობის მიმართ, მთლიანი მაჩვენებელი იყო 52 000 ტონა, რაც გაიზარდა 340 000 ტონამდე. ღვინის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავლებმა შეადგინა 268 მილიონი დოლარი და აქაც 2012 წელს მაჩვენებელი იყო 65 მილიონი. ღვინისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტიდან მთლიანობაში ქვეყანამ შარშან მიიღო 550 მილიონი დოლარის შემოსავალი.
2026 წლის პირველ კვარტალში ღვინის ექსპორტი 5%-ით, ხოლო ღირებულება 7%-ით გაიზარდა. 3%-ით გაიზარდა სპირტიანი სასმელების ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი. დაწესდა ღვინის ეროვნული დღე. ქართული ღვინო არის ჩვენი კულტურის განუყოფელი ნაწილი, ჩვენი იდენტობის განუყოფელი ნაწილი და „ღვინის დღით“ სათანადო პატივს მივაგებთ ჩვენი ქვეყნისთვის ამ ძვირფას კულტურას. მადლობა სოფლის მეურნეობის მინისტრს ამ ინიციატივისთვის და მთლიანად, გაწეული საქმიანობისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ნახევარ მილიარდზე მეტი დაემატა ბიუჯეტს პენსიების ნაწილში.
„პირველად გადააჭარბა ამ მიმართულებით ბიუჯეტმა 5 მილიარდ ლარს, რამაც მოგვცა პენსიების გაზრდის შესაძლებლობა 70 წლამდე პენსიონერებისთვის 20 ლარით, 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის 45 ლარით. შესაბამისად, პენსია შეადგენს წლევანდელი ბიუჯეტის მიხედვით 370 და 495 ლარს, მაღალმთიან რეგიონებში შესაბამისად 444 და 594 ლარს.
მუდმივად იზრდება პენსიონერების რაოდენობა, რაც იმის გაგრძელებაა, რომ გაიზარდა საშუალო ასაკი. გასული წლის განმავლობაში პენსიონერების რაოდენობა საქართველოში გაიზარდა 24 200 პენსიონერით. ეს გვიმცირებს იმის საშუალებას, რომ კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ პენსია, თუმცა, ბუნებრივია, მთავარი არის ის, რომ იზრდება მოსახლეობის საშუალო ასაკი. ეს არის ჩვენი სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების წარმატებული განხორციელების შედეგი.
მთლიანობაში, 2012 წლის შემდეგ საქართველოში პენსიონერების რაოდენობა გაიზარდა 206 000-ით, 30%-ით და ძალიან მარტივია ამ მიზეზის ახსნა. ნულოვანი ზრუნვა წინა ხელისუფლების პირობებში ადამიანების მიმართ, ჯანდაცვის კუთხით, სოციალური კუთხით და ზრუნვის მაჩვენებელი არის რადიკალურად გაზრდილი. სწორედ ამან მოგვცა შედეგად ის, რომ პენსიონერების რაოდენობა გაიზარდა საშუალო ასაკით და გაიზარდა პენსიონერების რაოდენობა 30%-ით, 683 000 პენსიონერიდან 889 000 პენსიონერამდე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამაში პარლამენტს ჰქონდა განსაკუთრებული წვლილი, განსაკუთრებით იმ კანონმდებლობას, რომელიც მიიღო საქართველოს პარლამენტმა გასული წლების განმავლობაში
„ჩვენ ვსაუბრობდით ეკონომიკურ წინსვლაზე. ჩვენ გვქონდა 9,3 პროცენტი საშუალო ეკონომიკური ზრდა წლიურად გასული ხუთი წლის განმავლობაში და ეს ყველაფერი მოვახერხეთ რევოლუციის ხუთი მცდელობის ფონზე. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ყოფილიყო სხვანაირი მიდგომა ე.წ. ოპოზიციის მხრიდან ჩვენი ქვეყნის მიმართ, რა თქმა უნდა, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალი იქნებოდა. თუმცა ეს არის ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ყველაფრის მიუხედავად ჩვენ მოვახერხეთ გამოწვევების დაძლევა და ჩვენ მოვახერხეთ ქვეყნის დამშვიდება.
ამაში, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ პარლამენტს ჰქონდა განსაკუთრებული წვლილი, განსაკუთრებით იმ კანონმდებლობას, რომელიც მიიღო საქართველოს პარლამენტმა გასული წლების განმავლობაში და განსაკუთრებულ აქცენტს გავაკეთებდი „გამჭვირვალობის შესახებ კანონზე“, „გრანტების შესახებ კანონზე“. ეს იყო ზუსტად ის კანონები, რომლებმაც მოგვცა ჩვენ ვითარების დამშვიდების საშუალება. თქვენ იცით, რას ხმარდებოდა უცხოური გრანტები, ე.წ. NGO-ებზე გაცემული გრანტები ჩვენს ქვეყანაში. ხმარდებოდა ზუსტად რომ ქვეყნის არევას, ხმარდებოდა თავდასხმას სახელმწიფო ინსტიტუტებზე, თავდასხმას მართლმადიდებელ ეკლესიაზე, საბოტაჟის მცდელობას და ასე შემდეგ. ჩვენ საბოლოო ჯამში გამჭვირვალობის კანონმა მოგვცა ვითარების რადიკალურად შეცვლის საშუალება და მე მახსოვს, თითოეულმა თქვენგანმა როგორი პროცესები გამოიარეთ თავის დროზე, რამხელა შეურაცხყოფის და უსამართლობის ატანა მოგიწიათ, მაგრამ მაშინ გუნდის თითოეული წევრი, თითოეული პარლამენტარი დადგა მოწოდების სიმაღლეზე. სხვანაირად ასეთი ბრძოლის გარეშე, რა თქმა უნდა, შედეგები ვერ მიიღწევა. კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ პრინციპულობისთვის და სიმართლის ბოლომდე გატანისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, შარშანდელი წელი, ფოსტამ დაასრულა 7 მილიონი ლარის ზარალით.
„საქართველოს ფოსტა“ იყო წამგებიანი ორგანიზაცია მთელი ამ გასული წლების განმავლობაში. განხორციელდა აქაც შტატების ოპტიმიზაცია, წლიურ ჭრილში იზოგება 2.5 მილიონი ლარი, 102 შტატი შემცირდა „საქართველოს ფოსტაში“ და აქაც უკეთესად ფუნქციონირებს ამ შემცირების შემდეგ „საქართველოს ფოსტა“. ასევე დაგეგმილია 20 წამგებიანი სერვისცენტრის ოპტიმიზაცია, აქედან დანაზოგი იქნება 1 100 000 ლარი. აქაც იყო შუამავალ კომპანიებში გატანილი ბიზნესპროცესები, დაბრუნდება ფოსტაში და ამის შედეგად ფოსტის ყოველწლიური დანაზოგი და დამატებითი შემოსავალი შეადგენს 14.2 მილიონ ლარს, ყოველწლიურ შემოსავალზეა საუბარი.
ასევე აღდგა საჰაერო ტერმინალის ფუნქცია, რის შედეგადაც ფოსტა მიიღებს დამატებით 1.3 მილიონი ლარის ყოველწლიურ შემოსავალს. გაფორმდა ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეკრულება თურქეთის ავიახაზებთან, გაუქმდა სატერმინალო გადასახადი და განახევრდა ფოსტის გაგზავნის ტარიფი. ასევე 5 ავიაკომპანიასთან მიმდინარეობს მსგავსი ტიპის მოლაპარაკებები, რომლის დასრულების შემდეგ ფოსტის მოსალოდნელი დამატებითი ყოველწლიური შემოსავალი იქნება 4.3 მილიონი ლარი. ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით, ქვეყნის შიდა გზავნილებისთვის დაიწყება „საქართველოს რკინიგზის“ და შიდა ავიარეისების გამოყენებაც. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში „საქართველოს ფოსტა“ პირველად მთელი ამ წლების განმავლობაში წელს გავა მოგებაზე. შარშანდელი წელი, შედარებისთვის, ფოსტამ დაასრულა 7 მილიონი ლარის ზარალით. დაგროვილია დავალიანება, სავარაუდოდ წლის ბოლომდე მთლიანად გაისტუმრებს დავალიანებას „საქართველოს ფოსტა“ და მომავალი წლიდან უკვე მასშტაბურ მოგებაზე გავა, წლევანდელი წელიც იქნება მომგებიანი“, - განაცხადა პრემიერმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, უკვე დასრულებულია კონკრეტული პროექტები, რომელთა საფუძველზეც 24-საათიანი სტანდარტის შესაბამისი წყალმომარაგებით უზრუნველყოფილია დამატებით 3 ქალაქი.
„წყალმომარაგებით უზრუნველყოფილია დღევანდელი მდგომარეობით გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დაფარვის არეალში მყოფი 31 ქალაქი, რაც არის შესაბამისი ქალაქების 65%. დარჩენილ 17 ქალაქში აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები, რომლებიც დასრულდება მომავალი წლის ბოლომდე.
გაფორმდა ხელშეკრულება აზიის განვითარების ბანკთან. ეს არის სასესხო ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს ძირითადად სასოფლო დასახლებებში წყალმომარაგების უზრუნველყოფას. შედეგად, 100-ზე მეტ ლოკაციაზე განხორციელდება 400 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიცია წყალმომარაგებაში და ამ ყველაფრის შედეგად წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი 150 000-ზე მეტი ბენეფიციარი. უკვე გაფორმებულია ხელშეკრულებები აქედან 12 პროექტზე“, - განაცხადა პრემიერმა.