სომხეთში 7 ივნისს უმნიშვნელოვანესი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. ეს არ არის მორიგი შიდაპოლიტიკური მოვლენა — პოლიტიკური პროცესი ფაქტობრივად განსაზღვრავს სახელმწიფოს სამომავლო საგარეო ვექტორს. რამდენიმე დღეში გადაწყდება სომხეთი გააგრძელებს  ამჟამინდელ პროევროპულ გზას, თუ კვლავ რუსეთის ორბიტაზე დაბრუნდება.

ამ უმნიშვნელოვანესი არჩევნების მთავარ თემად იქცა ორი სრულიად განსხვავებული პოლიტიკური არჩევანი და კურსი. მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ძირითად ოპონენტად და კონკურენტად ყოფილი პრეზიდენტი, რობერტ კოჩარიანი გვევლინება. კოჩარიანის საარჩევნო პლატფორმა და რიტორიკა ორიენტირებულია იმაზე, რომ სრულად აღდგეს და კიდევ უფრო გაძლიერდეს მოსკოვთან არსებული მჭიდრო კავშირები.

2026 წლის არჩევნებში დასავლური მხარდაჭერის ფაქტორიც სულ უფრო თვალსაჩინო ხდება. ამის ნათელი მაგალითია საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის და აშშ-ს ვიცე პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის, ბოლოდროინდელი  ვიზიტები სომხეთში. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ პარტნიორები მხარს უჭერენ ქვეყანას და მის მოქმედ ხელისუფლებას. 

ამ გეოპოლიტიკური დაპირისპირების ფონზე, მთელი ყურადღება კვლავინდებურად მიპყრობილია ნიკოლ ფაშინიანის პერსონაზე, რომელიც სომხური პოლიტიკური ცხოვრების მთავარ ეპიცენტრში რჩება. იმის გასაგებად, თუ როგორ გახდა ყოფილი ჟურნალისტი ქვეყნის პირველ პირი, როგორ უმკლავდება ის პოლიტიკურ თუ პირად კრიზისებს და რა გზა გაიარა ამ ისტორიულ არჩევნებამდე, საჭიროა თვალი გადავავლოთ მისი ცხოვრებისა და კარიერის უცნობ, სკანდალურ დეტალებს.

სოციალურ მედიაში თავისი განსხვავებული და არაორდინარული ვიდეოკონტენტით ცნობილი მთავრობის მეთაური 1975 წლის 1 ივნისს დაიბადა პატარა  ქალაქ იჯევანიში. მამა სპორტის მასწავლებლად მუშაობდა. ნიკოლს საკმაოდ მძიმე ბავშვობა ჰქონდა — დედა სულ რაღაც 12 წლის ასაკში დაეკარგა, რის შემდეგაც მისი აღზრდა, მამასთან ერთად, დედინაცვალმა ითავა. ფაშინიანი ოჯახში მარტო არ იზრდებოდა, მას ორი უფროსი ძმა ჰყავს.

 მის ბიოგრაფიაში საინტერესო ფაქტია, რომ მას ჯარში არ უმსახურია. საინფორმაციო პლატფორმებზე არსებული მონაცემებით, აღნიშნული გამოწვეული იყო იმით, რომ მისი ორივე ძმა უკვე იხდიდა სამხედრო სავალდებულო სამსახურს სამშობლოს წინაშე. მაშინდელი საკანონმდებლო რეგულაციებით კი, მას ამ მიზეზით სამხედრო სამსახურისგან გათავისუფლების სამართლებრივი უფლება ჰქონდა.

ამბოხისკენ მიდრეკილება ფაშინიანს ჯერ კიდევ სკოლის სკამიდან ახასიათებდა. როდესაც 1988 წელს ყარაბაღის მოვლენები დაიწყო, ის პროცესებს ჩამოშორებული არ დარჩენილა და სასკოლო დონეზე აქტიურად აორგანიზებდა საპროტესტო მსვლელობებსა და მიტინგებს. საშუალო განათლების მიღების შემდგომ, მან სწავლა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში განაგრძო, სადაც ჟურნალისტიკის მიმართულება აირჩია. მედიაში მისი კარიერა რიგითი კორესპონდენტობით დაიწყო, თუმცა მოგვიანებით მან გაზეთის მთავარი რედაქტორის პოზიციაც კი დაიკავა.

მისი ჟურნალისტური საქმიანობა არაერთ სახიფათო ისტორიას უკავშირდება. მაგალითად, 2004 წლის 22 ნოემბერს, დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში ფაშინიანის კუთვნილი ავტომობილი ააფეთქეს. ამ ფაქტზე მან საჯაროდ დაადანაშაულა ცნობილი სომეხი მილიარდერი და ოლიგარქი გაგიკ ცარუკიანი. ჟურნალისტის მტკიცებით, გავლენიანი ბიზნესმენის გაღიზიანება გამოიწვია მის მიერ გამოქვეყნებულმა კრიტიკულმა სტატიამ. მასალაში საუბარი იყო იმაზე, რომ ცარუკიანმა საკუთარი მდიდრული ვილის ასაშენებლად ტყის მასივი უკანონოდ გაჩეხა.

აქტიურ პოლიტიკურ ასპარეზზე ნიკოლ ფაშინიანი 2007 წელს გამოჩნდა, როდესაც მონაწილეობა მიიღო საპარლამენტო არჩევნებში. იმ პერიოდში მისი მთავარი მოთხოვნა ქვეყნის უმაღლესი პირების — პრეზიდენტ რობერტ კოჩარიანისა და პრემიერ-მინისტრ სერჟ სარქისიანის მიერ დაკავებული პოსტების დატოვება იყო.

უკვე 2008 წლის საპრეზიდენტო მარათონის დროს, ის აქტიურად და მთელი მონდომებით უჭერდა მხარს ლევონ ტერ-პეტროსიანის კანდიდატურას. თუმცა, აღნიშნულ არჩევნებში გამარჯვება სერჟ სარქისიანმა მოიპოვა. შედეგების გამოცხადებას ქვეყანაში მასშტაბური სახალხო მღელვარება და დაპირისპირება მოჰყვა, რომლის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი ფაშინიანიც გახლდათ. სამწუხაროდ, ამ მასობრივ არეულობებს ათი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო ასობით მოქალაქემ სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო.

ამ ტრაგიკული მოვლენების შემდგომ, სამართალდამცავებმა ნიკოლ ფაშინიანზე ოფიციალური ძებნა გამოაცხადეს, რის გამოც მას მომდევნო ნახევარი წლის განმავლობაში მალვაში ყოფნა მოუწია. როგორც მოგვიანებით მისი მეუღლე იხსენებდა, ეს პერიოდი ოჯახისთვის უმძიმესი იყო, რადგან სპეცსამსახურების წარმომადგენელი ფაქტობრივად მათსავე საცხოვრებელ კორპუსში დაბინავდა და ოჯახის წევრებზე 24-საათიანი, უწყვეტი მეთვალყურეობა ხორციელდებოდა.

მალვაში ყოფნა ნიკოლ ფაშინიანისთვის 2009 წელს დასრულდა, როდესაც მან მიიღო გადაწყვეტილება, საკუთარი ნებით ჩაბარებოდა მართლმსაჯულებას და სამართალდამცავ ორგანოებს. უკვე 2010 წელს სასამართლომ მას მასობრივი საპროტესტო აქციების ორგანიზების მუხლით გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოგვიანებით, საქმის გადახედვის შედეგად, საპატიმრო ვადა ოთხნახევარ წლამდე შეუმცირდა, ხოლო 2011 წლის საგაზაფხულო პერიოდში ფაშინიანმა საპატიმრო დაწესებულება ფართომასშტაბიანი ამნისტიის შედეგად, ვადაზე ადრე დატოვა.

საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ მან აქტიური პოლიტიკური მშენებლობა დაიწყო. 2013 წელს მის მიერ დაფუძნდა პოლიტიკური გაერთიანება „სამოქალაქო შეთანხმება“. მოკლე დროში, სხვა პოლიტიკურ ძალებთან გაერთიანების საფუძველზე, შეიქმნა ახალი ბლოკი სახელწოდებით „გამოსვლა“. აღნიშნული ალიანსის მთავარ პოლიტიკურ ხაზს ქვეყნის პროევროპული განვითარება წარმოადგენდა, რის გამოც ისინი ღიად და მკვეთრად უპირისპირდებოდნენ სომხეთის ევრაზიულ კავშირში ინტეგრაციას.

ხავერდოვანი რევოლუციის ტრიუმფი

ოპოზიციურ ფლანგზე მყოფი პოლიტიკოსი სათავეში ჩაუდგა მძლავრ საპროტესტო ტალღას, რომელიც მიმართული იყო სომხეთის მესამე პრეზიდენტის, სერჟ სარქისიანის მმართველობის წინააღმდეგ. ამ მასობრივმა სახალხო მობილიზაციამ საბოლოო ჯამში შედეგი გამოიღო და ქვეყანაში მშვიდობიანი, ეპოქალური ცვლილება — „ხავერდოვანი რევოლუცია“ განაპირობა.

ამ მძაფრი პოლიტიკური კრიზისის დროს, კერძოდ 22 აპრილს, ნიკოლ ფაშინიანი სამართალდამცავებმა დააკავეს. თუმცა, მისი პატიმრობა ხანმოკლე აღმოჩნდა — ზუსტად მეორე დღეს, 23 აპრილს, ის თავისუფლებაზე გამოუშვეს. ეს სწორედ ის მომენტი იყო, როდესაც სერჟ სარქისიანმა ოფიციალურად დატოვა დაკავებული თანამდებობა და გადადგა. პოსტიდან წასვლისას ყოფილმა პრეზიდენტმა საჯაროდ აღიარა საკუთარი მარცხი და განაცხადა, რომ ის შეცდა, ხოლო ნიკოლ ფაშინიანი მართალი აღმოჩნდა.

პრემიერობის წლები 

ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ნიკოლ ფაშინიანი პირველად 2018 წლის 8 მაისს აირჩიეს. ხალხმრავალი აქციებისა და საზოგადოებრივი მხარდაჭერის ფონზე მმართველობის სათავეში მოსულმა ლიდერმა მოსახლეობას მისცა დაპირება, რომ დაიწყებდა სრულიად „ახალი სომხეთის“ შენებას, სადაც ბოლო მოეღებოდა კორუფციულ სისტემებს და მკვეთრად შემცირდებოდა სიღარიბის დონე.

მისი მმართველობის პერიოდში უმძიმესი ეტაპი 2021 წელს დადგა. ყარაბაღის მეორე ომში განცდილი მარცხის შემდეგ, დედაქალაქ ერევანში მის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო ტალღა აგორდა, რის გამოც ფაშინიანმა თანამდებობა დატოვა. მიუხედავად ამ კრიზისისა, იმავე წლის 21 ივნისს გამართულ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში მან და მისმა გუნდმა კვლავ შეძლეს გამარჯვების მოპოვება. საბოლოოდ, 2021 წლის 2 აგვისტოს, ქვეყნის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი ოფიციალური განკარგულების საფუძველზე, ნიკოლ ფაშინიანი კიდევ ერთხელ დაინიშნა სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელად.

პირადი ცხოვრება

სულ რამდენიმე თვის წინ, სომხეთის მთავრობის მეთაურის გარშემო არსებულმა საინფორმაციო ველმა პოლიტიკური თემებიდან მის პირად ცხოვრებაზე გადაინაცვლა, რაც საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა. მედიასა და საზოგადოებრივ სივრცეში ფართო გამოხმაურება მოჰყვა ნიკოლ ფაშინიანისა და მისი მეუღლის ოფიციალური დაშორების შესახებ გავრცელებულ სკანდალურ ინფორმაციას. მიუხედავად ამ ხმაურიანი კრიზისისა, მალევე გავრცელდა ახალი ცნობა იმის თაობაზე, რომ წყვილმა უთანხმოების გადალახვა შეძლო და ისინი კვლავ შერიგდნენ.

ამ თემასთან დაკავშირებით თავად ნიკოლ ფაშინიანმაც გააკეთა საჯარო კომენტარი, სადაც აღნიშნა, რომ როდესაც ანამ განქორწინების თაობაზე მიიღო გადაწყვეტილება, მან ამ ნაბიჯს პატივი მიაგო, თუმცა ეს არ ნიშნავდა იმას, რომ სიტუაციას უბრალოდ შეეგუა. პრემიერ-მინისტრის თქმით, მთელი ამ რთული პერიოდის განმავლობაში ის მაქსიმალურად ცდილობდა და ძალისხმევას არ იშურებდა, რათა საკუთარი ოჯახური კერა დაშლისგან ეხსნა. მან კმაყოფილება გამოხატა იმის გამო, რომ ეს მცდელობა წარმატებით დასრულდა და მიეცა კიდევ ერთი შესაძლებლობა, რომ მათი ოჯახი კვლავინდებურად ერთიანად გაგრძელებულიყო.

საინტერესოა ის გარემოებაც, რომ ანა აკობიანისა და ნიკოლ ფაშინიანის საერთო ცხოვრება უკვე 26 წელს ითვლის. ამ ხანგრძლივი თანაცხოვრების განმავლობაში მათ ოთხი შვილი შეეძინათ.