მოლდაველ ოლიგარქ ვლადიმერ პლახოტნიუკს ბუიუკანის ადგილობრივმა სასამართლომ 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენი 2014 წელს მოლდოვის საბანკო სისტემიდან მილიარდი დოლარის მითვისების საქმეს უკავშირდება. მოსამართლე სერჯიუ სტრატანმა პლახოტნიუკი დამნაშავედ ცნო იმ კრიმინალური ორგანიზაციის ჩამოყალიბებასა და მართვაში, რომელმაც ქვეყნის ფინანსურ სექტორს უდიდესი ზიანი მიაყენა. როგორც ირკვევა, მსჯავრდადებული პასუხისმგებელია თაღლითობასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრებაში. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ პროკურატურა მისთვის 25-წლიან პატიმრობას ითხოვდა.

საქმის ამ ეტაპზე გამოძიებამ ზარალი 39 მილიონი დოლარითა და 3.5 მილიონი ევროთი განსაზღვრა. როგორც მედია წერს, თანხის ამოღება პლახოტნიუკის იმ დაყადაღებული ქონებიდან მოხდება, რომლის ღირებულებაც, პროკურორ ალექსანდრუ ჩერნეის ინფორმაციით, დაახლოებით $56.5 მილიონს შეადგენს. ამასთან, მსჯავრდადებულს სახელმწიფოს სასარგებლოდ 5,400 დოლარის გადახდა დაეკისრა. აღნიშნული თანხა მიზნად ათენიდან ოლიგარქის ექსტრადიციისთვის გაღებული ხარჯების ანაზღაურებას ისახავს.

ოლიგარქის ადვოკატი ლუჩიან როგაკი სასამართლოს გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევს და მის გასაჩივრებას გეგმავს. მისი განცხადებით, პროცესი დაჩქარებულ ტემპში და მოსამართლეებზე პოლიტიკური ზეწოლის პირობებში წარიმართა. დაცვის მხარემ სარჩელი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშიც შეიტანა. თავად ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს. იგი კიშინიოვის მე-13 პენიტენციურ დაწესებულებაში რჩება, სადაც 2025 წლის სექტემბერში საბერძნეთიდან ექსტრადიციის შემდეგ მოათავსეს. თუ სააპელაციო და უზენაესი სასამართლოები პირველი ინსტანციის განჩინებას გაიზიარებენ, ოლიგარქი ციხიდან გამოსვლას მხოლოდ 2045 წელს შეძლებს.

შეგახსენებთ, რომ 2014 წელს მოლდოვის საბანკო სისტემიდან მილიარდი დოლარი გაუჩინარდა, რაც იმ დროისთვის ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის 12%-ს შეადგენდა. აღნიშნული შემთხვევა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ფინანსურ თაღლითობად მიიჩნევა.