2025 წელს საერთაშორისო ტურისტული ვიზიტები 4%-ით გაიზარდა, მსოფლიოს მიმართულებების უმეტესობამ კი მყარი შედეგები აჩვენა - ამის შესახებ გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ბარომეტრის ანგარიშიდან ხდება ცნობილი.
ბარომეტრის მონაცემებით, გასულ წელს გლობალურად 1.52 მილიარდი საერთაშორისო ტურისტი დაფიქსირდა, რაც 2024 წლის მაჩვენებელს თითქმის 60 მილიონით აღემატება. აღსანიშნავია, რომ UN Tourism-ი ტურისტების რაოდენობას დანიშნულების წერტილში სულ მცირე ერთი ღამის გათევის საფუძველზე ითვლის.
ორგანიზაციის ცნობით, ეს რიცხვები ზრდის პანდემიამდელ ტენდენციებთან დაბრუნებაზე მიუთითებს, როდესაც, 2009-2019 წლებში, წლიური ზრდა საშუალოდ 5%-ს შეადგენდა. შედეგი განაპირობა მოგზაურობაზე მაღალმა მოთხოვნამ, მსხვილი ბაზრების აქტიურობამ და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის აღდგენის განგრძობადმა პროცესმა. 2025 წელს საერთაშორისო ტურიზმს ხელი ასევე შეუწყო საჰაერო მიმოსვლის გაზრდამ და სავიზო რეჟიმების გამარტივებამ.
"2025 წლის განმავლობაში მოგზაურობაზე მოთხოვნა მაღალი იყო, მიუხედავად ტურისტულ სერვისებზე მაღალი ინფლაციისა და გეოპოლიტიკური დაძაბულობით გამოწვეული გაურკვევლობისა. ველით, რომ პოზიტიური ტენდენცია 2026 წელსაც გაგრძელდება, რადგან გლობალური ეკონომიკა სტაბილურობას ინარჩუნებს, ხოლო ის მიმართულებები, რომლებიც პანდემიამდელ დონეს ჯერ კიდევ ჩამორჩებოდნენ, სრულად აღდგებიან", - განაცხადა გაეროს ტურიზმის გენერალურმა მდივანმა, შაიხა ალნუვაისმა.
გაეროს ტურიზმის ბარომეტრი სექტორის შესახებ მონაცემებს რეგიონების მიხედვით აჯამებს. ძირითადი მიგნებები ასეთია:
-
ევროპა: მსოფლიოს უდიდესმა ტურისტულმა რეგიონმა 793 მილიონი საერთაშორისო ტურისტი მიიღო, 4%-ით მეტი, ვიდრე 2024 წელს.
-
ამერიკა: 218 მილიონი ტურისტით, რეგიონში გასულ წელს 1%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ზრდა შეინიშნება სამხრეთ (+7%) და ცენტრალურ ამერიკაში (+5%). კარიბის ზღვის აუზის ზოგიერთ მიმართულებაზე (+0%) გავლენა იქონია წლის ბოლოს თავს დატეხილმა ქარიშხალმა "მელისამ".
-
აფრიკა: 2025 წელს ვიზიტები 8%-ით, 81 მილიონამდე გაიზარდა.
-
ახლო აღმოსავლეთი: დაფიქსირდა 3%-იანი ზრდა. პანდემიამდელ დონესთან შედარებით რეგიონი 39%-ით წინაა, რაც 2019 წელთან მიმართებით საუკეთესო მაჩვენებელია. ვიზიტორთა რაოდენობამ 100 მილიონს მიაღწია.
-
აზია-წყნარი ოკეანე: ვიზიტები 6%-ით გაიზარდა და 331 მილიონი შეადგინა, თუმცა რეგიონი 2019 წლის დონეს კვლავ 9%-ით ჩამორჩება.
ტურიზმიდან შემოსავლებმა რეკორდულ 2.2 ტრილიონ დოლარს მიაღწია
წინასწარი შეფასებით, 2025 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა გლობალურად $1.9 ტრილიონი შეადგინა, რაც 5%-ით აღემატება 2024 წლის 12 თვის შედეგებს.
ტურიზმიდან მიღებული მთლიანი საექსპორტო შემოსავალი (შემოსავლებს + მგზავრთა გადაყვანა) კი $2.2 ტრილიონად არის შეფასებული.
2026 წლის პროგნოზი: ზრდა გამოწვევების ფონზე
თუ აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის აღდგენა გაგრძელდება და გეოპოლიტიკური კონფლიქტები არ გამწვავდება, 2026 წელს საერთაშორისო ტურიზმის 3-4%-იანი ზრდაა მოსალოდნელი. თუმცა, გაურკვევლობა და მიმდინარე დაძაბულობა სექტორისთვის რისკად რჩება.
UN Tourism-ის ექსპერტთა პანელის გამოკითხვით, რესპონდენტთა 58% 2026 წლისთვის უკეთეს შედეგებს პროგნოზირებს, 31% - მსგავსს, ხოლო 11% - უარესს.
მთავარ გამოწვევებად ეკონომიკური ფაქტორები, მგზავრობის მაღალი ღირებულება და გეოპოლიტიკური რისკები სახელდება. მიუხედავად იმისა, რომ ინფლაცია შემცირდა, ტურისტულ სერვისებზე ფასები ისტორიულ სტანდარტებთან შედარებით კვლავ მაღალია.
2026 წელს ტურიზმის დრაივერი მყარი სამომხმარებლო მოთხოვნა, გაუმჯობესებული საჰაერო კავშირები და განვითარებადი ბაზრებიდან მოგზაურობის ზრდა იქნება. საერთაშორისო მიმოსვლას ხელს შეუწყობს ისეთი ღონისძიებებიც, როგორიცაა მილანი-კორტინას ზამთრის ოლიმპიადა და FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი.