ავღანეთში ოთხი ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს „უცხო კულტურის“ პოპულარიზაციის მცდელობის ბრალდებით. დაპატიმრებების შესახებ თალიბანის მთავრობის სათნოების ხელშეწყობისა და მანკიერების პრევენციის სამინისტრომ განაცხადა
ჯგუფი სოციალურ მედიაში აცხადებდა, რომ დაინტერესებულნი იყვნენ ინგლისური სერიალით Peaky Blinders („ალესილი კეპები“). ისინი დააკავეს ჰერატის პროვინციის ქალაქ ჯიბრაილში. ჯგუფის პირველი ვიდეო ნოემბერში გამოქვეყნდა Instagram-ზე
„ჩვენ განსაკუთრებული ინტერესი გვაქვს ამ სერიალის კლასიკური სტილისა და ტანსაცმლის მიმართ და ვგეგმავთ მომავალში ვაჩვენოთ, თუ როგორ იცვამენ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფები. გვინდა მსოფლიოს ვაჩვენოთ ავღანეთი. ჩვენ შევქმნით ფორმებს ყველა ავღანური ეთნიკური ჯგუფის ტანსაცმლისგან და გაჩვენებთ მათ“ - ამბობდა ვიდეოში ჯგუფის ერთ-ერთი წევრი
Peaky Blinders არის ბრიტანული ისტორიულ-კრიმინალური სერიალი, რომელიც მოგვითხრობს შელბების გამოგონილი კრიმინალური ოჯახის შესახებ
„ბევრმა ახლობელმაც გაგვაკრიტიკა, „რატომ შემოიტანეთ დასავლური კულტურაო?“ მაგრამ ეს არ არის მხოლოდ დასავლური კულტურა, რადგან მსგავსი სტილი 50-იან და 60-იან წლებში ავღანეთშიც გვქონდა“ - დაკავებამდე ამბობდა ჯგუფის წევრი დავუდ რასა ერთ-ერთ ინტერვიუში