საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ 2024 წლის განმავლობაში სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის პოსტზე 349,039 ლარის ანაზღაურება მიიღო. ეს უფრო მეტია, ვიდრე ნათია თურნავას მიერ 2023 წელს მიღებული ანაზღაურება რაც 183,424 ლარს შეადგენდა, თუმცა აღნიშნული წლის განმავლობაში ის იყო როგორც სებ-ის საბჭოს წევრი, იანვარ-ივნისში და სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი - ივლის-დეკემბერში.
ამასთან, ნათია თურნავას მიერ მიღებული წლიური ანაზღაურება უფრო მეტია, ვიდრე სებ-ის წინა პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის მიერ 2022 წელს მიღებული ანაზღაურება, რაც 214,518 ლარს შეადგენდა.
ნათია თურნავას ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ანაზღაურება არ იყო მისი შემოსავლის ყველაზე დიდი კომპონენტი, რადგანაც მან "სამკურნალო პროფილაქტიკური ცენტრში" 15%-იანი წილი 1,012,612 ლარად გაასხვისა. უძრავი ქონების გასხვისებიდან კი ნათია თურნავას მეუღლემ, დავით ვეშაპიძემ 140,000 დოლარის შემოსავალი მიიღო.
დეკლარაციის თანახმად, ვეშაპიძე კომპანია "რუსთავის აზოტის" დირექტორის მრჩეველის თანამდებობაზე მუშაობს, სადაც მისმა წლიურმა ანაზღაურებამ 59,000 ლარი შეადგინა.
დეკლარაციის თანახმად, თურნავა მის მეუღლესთან, დავით ვეშაპიძესთან ერთად ფლობს არაერთ ბინას და მიწის ნაკვეთს, მათ შორის უკანასკნელი, 2024 წელს 252 ათას დოლარად შეიძინეს, ზემო ვაკეში მდებარე 261 კვადარტული მეტრის მიწის ნაკვეთი. ამასთან, ნათია თურნავამ შეიძინა ბაკურიანში 600 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 200 კვადრატული მეტრის სახლის 50%-იან წილი. ნასყიდობის თანხად მითითებულია 123,710 ლარი. ამას გარდა, დეკლარაციის მიხედვით ნათია თურნავა ფლობს 1,615 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთს მცხეთის რაიონის სოფელ არაშენდაში, თბილისში ჭავჭავაძის ქუჩაზე 130 კვადრატული მეტრის ბინას, ზემო ვაკის შესახვევში 380 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთს და მშენებარე სახლს.
ნათია თურნავას მეუღლის საკუთრებაშია ასევე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარში 33,006 და 249,951 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთები.
დეკლარაციის თანახმად, ნათია თურნავა და მისი მეუღლე ნაღდი ფულის სახით საბანკო სეიფში ინახავს ნახევარ მილიონ დოლარს, 50 ათას ევროს და 90 ათას ლარს, ხოლო საბანკო დეპოზიტის სახით კი ნათია თურნავას დანაზოგი 100 ათას ევროს შეადგენს.
რაც შეეხება სასესხო ვალდებულებების (იპოთეკური და საინვესტიციო კრედიტების) მომსახურებას, გასულ წელს ნათია თურნავამ მათზე 28 ათასი ევრო, 14 ათასი დოლარი და 7 ათასი დოლარი დახარჯა.
სხვა ხარჯების სახით ნათია თურნავა დეკლარაციაში უთითებს 30,000 ლარის საქველმოქმედო ხარჯებს, ახლო ნათესავებზე გაწეულ 80,000 ლარის ხარჯებს, 150,000 ლარის სარემონტო ხარჯს, 150,000 ლარის გადარიცხვას შვილის მიმართ და 15 ათასი ლარის ქონების გადასახადის ხარჯს.
წყარო: BM.GE