24 მარტს ცნობილი გახდა, რომ The Atlantic-ის მთავარმა რედაქტორმა ჯეფრი გოლდბერგმა მაიკ უოლცისგან მიიღო მიწვევა Signal-ის დახურულ ჩატში, სადაც ამერიკელი მაღალჩინოსნები, მათ შორის თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეთი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და სხვები განიხილავდნენ იემენში მეამბოხე „ჰუსითების“ პოზიციებზე შეტევას. თავიდან ჟურნალისტს ეს ყველაფერი ხუმრობა ეგონა და ინფორმაცია სანდოდ არ მიიჩნია, თუმცა როდესაც „ჰუსიტებზე“ თავდასხმა ჩატში მითითებულ დროს დაემთხვა და ამ ყველაფრის გამოქვეყნება გადაწყვიტა. თავად გოლდბერგმა განმარტა, რომ მან ჩატი მაშინვე დატოვა მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ მიმოწერაში მართლაც განიხილავდნენ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებს.
ბევრმა ჟურნალისტმა თუ ექსპერტმა ამ ამბავს Signalgate-ც კი უწოდა და ცნობილი Watergate-ის სკანდალს შეადარა. აღშფოთება სწორედ იმან გამოიწვია, რომ მიმოწერები კონფიდენციალურ სამხედრო ინფორმაციას შეიცავდა, რომელიც დაუცველ სოციალურ ქსელში განიხილებოდა. ასეთი საკითხები კი მხოლოდ დახურულ ოთახში უნდა განიხილებოდეს მობილური ტელეფონების გარეშე, რადგან ინფორმაცია გარეთ არ გავიდეს და მოწინააღმდეგის ხელში არ ჩავარდეს. რამდენიმე დღეა ამერიკელი მაღალჩინოსნები კონგრესში გამოკითხვისას უარყოფენ, რომ მიმოწერა კონფიდენციალურ სამხედრო ინფორმაციას შეიცავდა.
„აშკარაა, რომ ვიღაცამ დიდი შეცდომა დაუშვა და ჟურნალისტი დაამატა. არაფერი მაქვს პირადად ჟურნალისტების საწინააღმდეგო, მაგრამ თქვენ იქ არ უნდა იყოთ. იქ არ იყო სადაზვერვო ინფორმაცია. და მესმის, როდესაც ეს ამბავი პირველად გავრცელდა, გარკვეულწილად მიანიშნებდნენ, რომ იქ საომარი რუკები იყო, მაგრამ საომარი გეგმები საერთოდ არ იყო. როგორ მოხვდა ჟურნალისტი იქ? რატომ იყო ეს შესაფერისი? მიმაჩნია, რომ იქნება რეფორმები და ცვლილებები, რათა ეს აღარასოდეს გამეორდეს. ეს შეუძლებელია“, – განაცხადა სახელმწიფო მდივანმა რუბიომ.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ უოლცმა სრული პასუხისმგებლობა აიღო Signal-ის დახურულ „ჩატში“ The Atlantic-ის მთავარი რედაქტორის მოხვედრის გამო.
ასევე დაამატა, რომ არ იცის, როგორ აღმოჩნდა ჯეფრი გოლდბერგი „ჩატში“ და გასცა დაპირება, რომ ილონ მასკი ამ ყველაფერს ტრამპის ადმინისტრაციასთან ერთად გამოიძიებს. სწორედ ამიტომ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ატლანტიკის“ რედაქტორის მოხვედრის საქმის დეტალების დადგენაში მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი ჩაერთვება. ილონ მასკის გუნდი შეეცდება, დაადგინოს, როგორ აღმოჩნდა მესენჯერ „სიგნალის“ დახურულ ჩატში ამერიკული ჟურნალისტი და იყო თუ არა ჰაკერები ჩართული ამ საქმეში.
ოთხშაბათს ჟურნალმა The Atlantic-მა გამოაქვეყნა მიმოწერის სრული ტექსტი აშშ-ი პენტაგონის ხელმძღვანელსა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს შორის. მიმოწერა შეიცავს, ისეთ მონაცემებს, როგორიცაა ამერიკის შეტევების დრო იემენელ „ჰუსითებზე“ და ამ დარტყმებისთვის გამოყენებული თვითმფრინავების ტიპები, ასევე წინასწარი ინფორმაცია დარტყმების შედეგების შესახებ. გამოქვეყნებულ მასალაში ასევე მკაფიოდ ჩანს, რომ Atlantic-ის მთავარი რედაქტორი ჯეფრი გოლდბერგი Signal-ის ჩატში ნამდვილად უოლცმა დაამატა.
Atlantic-ის პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ გამოცემამ კორესპონდენციის გამოქვეყნება გადაწყვიტა, რადგან პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ არაერთხელ განაცხადა, რომ ის არ შეიცავს რაიმე საიდუმლო ინფორმაციას. მისი თქმით, ის ასევე არ აპირებს გაავრცელოს ინფორმაცია ამ ჩატში ნახსენები სამომავლო სამხედრო ოპერაციების შესახებ.
მანამდე მან გამოაქვეყნა მხოლოდ ნაწყვეტები მიმოწერიდან, რომელიც წარმოდგენას იძლევა მისი ხასიათის შესახებ, მაგრამ აშკარად არ შეიცავდა რაიმე საიდუმლო ინფორმაციას.