ჩვენ გულწრფელად ვართ დაინტერესებული, განვახორციელოთ კონკრეტული პრაქტიკული ნაბიჯები და ხელი შევუწყოთ თანამშრომლობას რეგიონში, საქართველო მხარეებს სთავაზობს სამმხრივი თანამშრომლობის ინიციატივას, რომელიც ითვალისწინებს სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნის ჩართულობას სხვადასხვა სფეროების მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-10 სხდომის გახსნისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ კომისიის სხდომა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის დინამიურ თანამშრომლობას.
„ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს ვიმყოფები ბაქოში, ქალაქში, რომელიც ყოველ ვიზიტზე გვაოცებს თავისი სილამაზით და განვითარების ტემპით. მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა, პირველად გავუწიო თანათავმჯდომარეობა საქართველო-აზერბაიჯანის რიგით მე-10 მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიას. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ დღევანდელი სხდომა გამოკვეთს ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაფართოების ახალ შესაძლებლობებს, რათა კიდევ უფრო დინამიური და ნაყოფიერი გავხადოთ ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა. აქვე, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და აზერბაიჯანს მივულოცო გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 29-ე კონფერენციის (COP-29) წარმატებით ჩატარება. მოხარული ვარ, რომ მქონდა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიმეღო COP-29-ის მუშაობაში. მსურს, კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ საქართველო და აზერბაიჯანი მტკიცედ უჭერენ მხარს ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მინდა ამისთვის მადლობა გადაგიხადოთ“, - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძის შეფასებით, რეგიონსა და მსოფლიოში სწრაფად ცვალებადი და რთული გეოპოლიტიკური ვითარების პირობებში, კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება მშვიდობასა და სტაბილურობას, როგორც საკვანძო მოცემულობას რეგიონული განვითარებისა და მდგრადი კეთილდღეობისათვის.
„დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით არა თუ გადავლახავთ ყველა გამოწვევას, არამედ, გამოვიყენებთ არსებულ შესაძლებლობებს კიდევ უფრო ეფექტიანი თანამშრომლობისათვის. ჩვენ გულწრფელად ვართ დაინტერესებული განვახორციელოთ კონკრეტული პრაქტიკული ნაბიჯები და ხელი შევუწყოთ თანამშრომლობას რეგიონში. საქართველო მხარეებს სთავაზობს სამმხრივი თანამშრომლობის ინიციატივას, რომელიც ითვალისწინებს სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნის ჩართულობას სხვადასხვა სფეროების მიმართულებით“, - აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამ მხრივაც აზერბაიჯანი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია.
„რეგიონული თანამშრომლობის კონტექსტში, მნიშვნელოვანია ენერგეტიკული და სატრანსპორტო მარშრუტების წარმატებული ფუნქციონირების უზრუნველყოფა, არსებული კონფლიქტების დარეგულირება და რეგიონში უსაფრთხოების ხელშეწყობა. დღეს ჩვენ ბუნებრივია ყურადღებას გავამახვილებთ არსებულ ეკონომიკურ, ენერგეტიკულ, სავაჭრო და სატრანსპორტო პროექტებზე და მათ მნიშვნელობაზე. ეს ეკონომიკური პროექტები საგრძნობლად ზრდიან ჩვენი ქვეყნის მიმზიდველობას და ფუნქციას. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აზერბაიჯანი ბოლო წლების მანძილზე შედის ჩვენი ქვეყნისათვის მთავარი სავაჭრო პარტნიორების ხუთეულში. ამ მხრივაც, აზერბაიჯანი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენ ერთობლივად ვახორციელებთ ისეთ უმნიშვნელოვანეს რეგიონულ პროექტებს, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბუნებრივი აირის სამხრეთ დერეფნის პროექტები, შუა დერეფნის პროექტი, ასევე შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი. აუცილებელია ძალისხმევის მიმართვა ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველყოფის და ხელშეწყობის მიმართულებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერის შეფასებით, საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს არსებულ სამმხრივ ფორმატს, რომელიც ჩამოყალიბებულია საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის.
„უდავოა, აღნიშნული მექანიზმის წარმატებით ფუნქციონირება სხვადასხვა მიმართულებით, კიდევ უფრო მეტ სარგებელს მოუტანს ჩვენს საერთო ინტერესებს. ჩვენი ქვეყნები მჭიდროდ თანამშრომლობენ თავდაცვის, კულტურის, განათლების, გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, ტურიზმის, საბაჟო სფეროებში. ჩვენ გამოვხატავთ მზადყოფნას, კიდევ უფრო განვავითაროთ და გავაღრმაოთ თანამშრომლობა ამ მიმართულებებით. დღეს გვექნება საშუალება, სექტორების მიხედვით განვიხილოთ ჩვენი თანამშრომლობის პერსპექტივები და ინიციატივები“, - განაცხადა პრემიერმა და იმედი გამოთქვა, რომ კომისიის სხდომის ფარგლებში მიღწეული შედეგები დამატებით იმპულსს შესძენს საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სტრატეგიულ პარტნიორობას და თანამშრომლობის გაღრმავებას.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრთან სეხვედრისას განიხილეს საქართველო-აზერბაიჯანის ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები.
„საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-10 სხდომის ფარგლებში მქონდა ნაყოფიერი შეხვედრა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრთან, ალი ასადოვთან. განვიხილეთ საქართველო-აზერბაიჯანის ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები საერთო ინტერესების რიგ სფეროებში. ხაზი გავუსვით ვაჭრობისა და ეკონომიკის სექტორებში, ასევე ენერგეტიკის სფეროში, თანამშრომლობის გაფართოების მნიშვნელობას. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს რეგიონში ჩვენი პარტნიორებისთვის სტაბილურობის და უსაფრთხო დაკავშირებადობის უზრუნველყოფაში“, - აღნიშნავს პრემიერი.