Menu
RSS

„ეს მკვლელობაა!“ _ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ახალი დეტალები

„ნიკა გვარამიას დაუდგება ეტაპი, როცა მიხვდება, რომ ღმერთი და ზნეობა არსებობს!“ _ რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ადვოკატი და „მთავარის“ დირექტორი

19 წლის ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმე ისევ ბუნდოვანია. მცხეთაში, ახალგაზრდების წვეულებაზე მომხდარი კონფლიქტის ტრაგიკულმა დასასრულმა მთელი საქართველო შეძრა. მდინარე არაგვში ნაპოვნმა ფეხბურთელის ცხედარმა ზოგს ხორავას ქუჩის ტრაგედია გაახსენა და არაერთი ვერსიაც გავრცელდა... ფაქტი კი ერთია: დღემდე უცნობია, რა ვითარებაში დაიღუპა ფეხბურთელი, რომელიც კარიერის გაგრძელებას ევროპაში აპირებდა და რომელსაც სიცოცხლე, მისი თანატოლების დარად, ძალიან უყვარდა.

სხვათა შორის, საქმეში დაზარალებულის სტატუსის მქონე, ვახო ახვლედიანის ადვოკატმა, მზია ქასრაშვილმა სკანდალური განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, დამოუკიდებელი ექსპერტის განცხადებამ ეჭვი გაუჩინა, რომ გიორგი შაქარაშვილი მოკლულია. ადვოკატის განმარტებით, აქამდე დარწმუნებული იყო, რომ შაქარაშვილს ფეხი დაუცდა. 

„დამოუკიდებელმა ექსპერტმა, ალექსანდრე გეჯაძემ განაცხადა, რომ გარდაცვლილს მიყენებული აქვს ბლაგვი საგნის მსგავსი დარტყმა, რომელიც მუშტს არ ჰგავს და უფრო ძლიერია. ამან გამიჩინა ეჭვი, რომ ეს მკვლელობაა. ამდენ ხანს დარწმუნებული ვიყავი, რომ მას ფეხი დაუცდა. რაც შეეხება გიორგისა და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ურთიერთობას, როცა ისინი გამორბიან, მორბიან სამნი. პირველი მორბის შაქარაშვილი, მეორე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი და მესამე უკან მოსდევს ამირხანაშვილი. გიორგი სწრაფი ნაბიჯით მიდის. სანამ ხიდის ქვეშ მოხვდებოდნენ, ვახო ამბობს, სადაც კი ბეტონის ფილა იპოვა, მაშინვე ჩაჭრა გზა, ციცაბო იყო, მაგრამ მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, რადგან ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყვნენ. უკან არაერთი პირი მისდევდა გინებით. საკუთარი თავის გადასარჩენად, მათ ყველაფერი უნდა გაეკეთებინათ. გადავიდა მეორეხარისხოვან გზაზე, სადაც ხიდია. იქვე ბუჩქებში ჩაჯდა. ორი ნაბიჯიც რომ გადაედგა, ისიც არაგვში იქნებოდა. არ ვიცი, რას ჩავეჭიდეო. ჩავსრიალდი და ბუჩქებს ვკიდებდი ხელს, რომ არ გადავვარდნილიყავიო. მას შორტები ეცვა და მთლიანად დაჩხაპნილია. იქ, დაახლოებით, 30 წუთი იყო. მესმოდა ხმები, _ „სად წახვედით, გამოდითო“. გიორგის რამდენიმე ადამიანი მისდევდა“, _ აცხადებს ქასრაშვილი. 

შაქარაშვილის გარდაცვალებაზე, 30 ივნისს, განცხადება შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმაც გააკეთა. მისი თქმით, გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით, გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს და ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი, თუ რა მიმართულებით უნდა წარიმართოს გამოძიება: 

„ძალიან მძიმე შემთხვევაა და პირველ რიგში, მინდა მივუსამძიმრო ოჯახის წევრებს, ახლობლებს, მეგობრებს. ყველა ჩვენგანისთვის ძალიან მძიმე იყო. ამ გამოძიების ირგვლივ ბევრს ვერ ვისაუბრებ იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ ექსპერტიზის დასკვნაც კი არ არის მოსული. ჩართული ვართ, რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა, ყველა საგამოძიებო უწყება და ველოდებით დასკვნას. დასკვნის შემდეგ უკვე გამოჩნდება, თუ საით უნდა წავიდეს გამოძიება. დღეს, რის საშუალებასაც ფაქტები გვაძლევს, ამ მიმართულებით წავედით და ისევ და ისევ, ყველა, როგორც დაკავებულების ადვოკატები, ასევე, დაზარალებული ოჯახის ადვოკატი, ველოდებით სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას. მეტს ვერ ვისაუბრებ ამ თემიდან გამომდინარე. მაქსიმალურად გახსნილი ვართ ყველა მიმართულებით, აქედან გამომდინარე, თუ რამე ბრალდება აქვთ, მათ შეუძლიათ, გვითხრან პირდაპირ. მაქსიმალურად ვმუშაობთ ყველასთან“. 

დამოუკიდებელი სასამართლოს ექსპერტიზის ცენტრ „ვექტორის“ ხელმძღვანელმა, ალექსანდრე გეჯაძემ კი ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში თქვა, რომ შაქარაშვილს მოტეხილობები არ აღენიშნებოდა: 

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ცალსახად ვადასტურებ, არანაირ მოტეხილობებს, ტლანქ, ბლაგვ ტრავმას გიორგი შაქარაშვილის სხეულზე ადგილი არ ჰქონია. სახეზე იყო დაზიანებები, სხეულის სხვადასხვა მიდამოში გარეგანი დათვალიერებით, სისხლნაჟღენთების სახით. იყო გარკვეული ტრავმული ცვლილებები ბლაგვი ხასიათის, გვამის შინაგანი გამოკვლევისას ნანახი. ეს დაზიანება შეიძლება მიღებულიყო ნებისმიერ სიტუაციაში, ბლაგვი ზემოქმედების საგნის თუ ფაქტორის გარკვეული სიძლიერის ზემოქმედების პირობებში. რაც შეეხება გვამს, აღენიშნებოდა თვალბუდეებში სისხლნაჟღენთები, ცხვირზე, სახის არეში სისხლნაჟღენთები, სხეულზე მრავლობითი დაზიანებები ამ სისხლნაჟღენთებისა და სხვა სახით. 

კარდინალური პრობლემა, რამაც გააჭიანურა ლაბორატორიული კვლევის პროცესი, გახლავთ ის, რომ ოთხი დღის განმავლობაში, სხეული იმყოფებოდა წყალში, განვითარდა მოგვიანებითი გვამური მოვლენები. შესაბამისად, ეს ახანგრძლივებს ლაბორატორიულ კვლევას დროის თვალსაზრისით. ეს მიმართულია იქით, რომ დადგინდეს დაზიანებები სიცოცხლის დროინდელია, თუ სიკვდილის მიზეზი იყო ასფიქსია სითხეში დახრჩობით“. 

* * * 

ყველაფერი კი, 18 ივნისს, მცხეთაში, ერთ-ერთ აგარაკზე დაიწყო, სადაც გოგონას დაბადების დღეზე ახალგაზრდები შეიკრიბნენ. წვეულებაზე კონფლიქტი მოხდა. ერთ-ერთმა დაპირისპირებულმა მხარემ კონფლიქტის „მოსაგვარებლად“, თბილისიდან, ასაკით შედარებით უფროსები მოიხმო, რის შემდეგაც დედაქალაქიდან მცხეთისკენ ორი მანქანა გაემართა. გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილს კონფლიქტში მონაწილეობა არ მიუღია, რამდენიმე პირთან ერთად აგარაკი დატოვა და მცხეთა-თბილისის მაგისტრალს ფეხით გაუყვა. მდინარე არაგვის ხიდთან, ბიჭებთან თბილისიდან საქმის „მოსაგვარებლად“ წასული ერთ-ერთი მანქანა გაჩერდა, საიდანაც გადმოსული ახალგაზრდა მამაკაცები ბიჭებს რკინის ხელკეტებით დაუპირისპირდნენ. მოგვიანებით, ადგილზე მეორე მანქანაც მივიდა, რა დროსაც შაქარაშვილი და მისი თანმხლები ბიჭები გაიქცნენ. სწორედ ამ ეპიზოდიდან ხდება საქმე ბუნდოვანი ანუ ქრება შაქარაშვილის კვალი და ჩნდება არაერთი კითხვა: როგორ, რა ვითარებაში აღმოჩნდა გიორგი შაქარაშვილი მდინარე არაგვში? რამდენი ადამიანი მისდევდა? შემთხვევით გადავარდა მდინარეში თუ არა? სხეულზე აღმოჩენილი დაზიანებები მდინარეში ჩავარდნამდე აქვს მიყენებული თუ მას შემდეგ? _ ყველა ამ კითხვას პასუხი ექსპერტიზამ უნდა გასცეს, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე დღეში დასრულდება. აქვე ხაზგასასმელია გარემოება, რომელზეც გიორგი შაქარაშვილის ახლობლები აკეთებენ აქცენტს _ ახალგაზრდა ფეხბურთელს წყლის ფობია ჰქონდა, ცურვა არ იცოდა და წყალში შესვლას ყოველთვის ერიდებოდა. 

19 ივნისს, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ, ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. ოთხდღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შემდეგ, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. 26 ივნისს, საქმეზე 17 ახალგაზრდა დააკავეს, მათ შორის არიან მცხეთის აგარაკზე მომხდარი კონფლიქტის უშუალო მონაწილეები და ის მორაგბეები, რომლებიც „საქმის გასარჩევად“, ავტომობილით მცხეთაში ჩავიდნენ. 28 ივნისს, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17-ვე პირს, აღმკვეთი ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა. პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რადგან საქმეში ექვსი ბრალდებული არასრულწლოვანია. 

შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც წერია: 

„2020 წლის 19 ივნისს, დაახლოებით 00:45 საათზე, მცხეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე არაგვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ გიორგი შაქარაშვილს, გ.ა.-ს, გ.ქ.-ს, ვ.ა.-ს, ი.ბ.-ს და კ.ღ.-ს თავს დაესხნენ ნ.ც., გ.ტ., ნ.ქ., თ.ბ., ი.მ. და რკინის ხელკეტით შეიარაღებული ნ.ჟ., რომლებსაც ასევე შეუერთდნენ გ.მ. და ლ.შ. და ფიზიკურად გაუსწორდნენ გ.ქ.-ს, კ.ღ.-ს და ვ.ა.-ს, რა დროსაც კ.ღ. გაიქცა თბილისის მიმართულებით, ი.ბ. დაიმალა გზის პირას არსებულ შენობაში, ხოლო გიორგი შაქარაშვილი, გ.ა. და ვ.ა. გაიქცნენ დასავლეთის მიმართულებით. 

თავდამსხმელების წასვლის შემდეგ, გიორგი შაქარაშვილი, გ.ა. და ვ.ა. დაბრუნდნენ შემთხვევის ადგილზე, დაეხმარნენ ნაცემ გ.ქ.-ს და ცდილობდნენ ქალაქ თბილისში დაბრუნებას. დაახლოებით 00:50 საათზე, მათ თავს დაესხნენ ვ.ჩ., ვ.მ., ა.ქ., ზ.ხ., ა.გ. და ნ.რ., რომლებმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს გიორგი შაქარაშვილს, გ.ა.-ს, გ.ქ.-ს და ვ.ა.-ს და ცდილობდნენ მათზე ძალადობას. საფრთხის თავიდან არიდების მიზნით, გიორგი შაქარაშვილი, გ.ა., გ.ქ. და ვ.ა. გაიქცნენ საავტომობილო გზაზე და გადავიდნენ გზის საპირისპირო მიმართულებაზე, შემდგომ კი გზიდან მარჯვენა მხარეს არსებულ ბუჩქნარისკენ. გ.ა., ვ.ა. და გ.ქ. დაიმალნენ მდინარე არაგვის მიმდებარედ, ბუჩქნარში, ხოლო გიორგი შაქარაშვილი გაიქცა მდინარე არაგვის მიმართულებით. 

ვ.მ.-მ, ვ.ჩ.-მ, ა.ქ.-მ, ზ.ხ.-მ, ა.გ.-მ და ნ.რ.-მ დაიწყეს მიმალულების ძებნა და იპოვეს ბუჩქებში დამალული გ.ა., რომელსაც უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება _ მისი ნების საწინააღმდეგოდ ჩასვეს ავტომობილის უკანა სავარძელზე, დაუსხდნენ ორივე მხრიდან და მისი ნების საწინააღმდეგოდ წაიყვანეს ქალაქ თბილისში“. 

მომხდარი ცემისა და თავდასხმის ფაქტები დასტურდება შემთხვევის ადგილზე მყოფი პირების გამოკითხვებით, რომლებიც დეტალურად აღწერენ კონფლიქტის დაწყების მიზეზებს და მასში მონაწილე მხარეებს, მიუთითებენ დანაშაულის ჩამდენ პირებზე. აღნიშნული დასტურდება ასევე ვიდეო-სათვალთვალო კამერების ჩანაწერებით და მოწმეთა მონაწილეობით ჩატარებული აღნიშნული ვიდეოჩანაწერების დათვალიერების ოქმებით“. 

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ 17 პირს შორის არიან მორაგბეები, რომელთა საქმეში მონაწილეობის საკითხმაც საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. გავრცელებული ინფორმაციით, შაქარაშვილსა და მის თანხმლებ პირებს, მცხეთა-თბილისის გზაზე, თბილისიდან წასული სპორტსმენები დაუპირისპირდნენ. „ვერსია“ მორაგბეების ადვოკატ ალექსანდრე კობაიძეს ესაუბრა: 

_ რაც შეეხება ამ საქმეში ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების მონაწილეობას, ბრალეულობა გარდაცვლილთან სამართლებრივად არ გვაქვს. ასე რომ იყოს, პროკურატურას უნდა ეთქვა, რომ ბრალი ედებათ მკვლელობაში ან მკვლელობის მცდელობაში რაიმე ფორმით და ამას არ ამბობს. კაცი (გური ამირხანაშვილი) ჩაისვეს მანქანაში, რომელიც თავიდან გამოკითხვისას ამბობდა, პრეტენზია არ მქონდა, მარტო ხომ არ დავრჩებოდი ტყეში და წამოვყევი ბიჭებსო. მერე დაიბარეს და შეაცვლევინეს ჩვენება, შემეშინდა, რომ გამოვყევიო. ამის საფუძველზე არიან დაკავებული ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები, აქედან გამომდინარე, კიდევ მე უნდა ვამტკიცო თუ პროკურატურამ უნდა გაგვცეს პასუხი, რომ ყველანაიარად ცდილობს, ამ საწყალ ბიჭებზე გადატეხოს ჯოხი?! კარიერა სწორედ მაგიტომ ენგრევათ, რომ ამ ბიჭების შემხებლობა ვერ დადასტურდა და საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, როგორმე საქმე რომ „გაეხსნათ“, უფრო მეტი ბოროტება გააკეთეს და არ მისცეს იმის საშუალება, რომ ცხონებული შაქარაშვილის მკვლელი ან მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულები მოეძებნათ.

_ რას იტყვით იმ კადრებზე, რომლებიც პროკურატურამ გაავრცელა და რომლებშიც ჩანს, რომ კონფლიქტი მოხდა და შაქარაშვილი გაიქცა? 

_ შაქარაშვილი არც ერთ კონფლიქტში არ მონაწილეობდა. 

_ მასთან მყოფ პირებს ხომ დაესხნენ თავს? 

_ მყოფ პირებთან კი, შაქარაშვილთან კონფლიქტი არ ჰქონია არც ერთ მხარეს. 17 ბრალდებულიდან დაკავებულნი არიან შაქარაშვილის მეგობრებიც, რადგან ჩვენ რომელ მხარესაც წარმოვადგენთ, პირობითად, მათზე იძალადეს ანუ ჩხუბის გამო არიან დაკავებულნი. შაქარაშვილი ჩხუბის მონაწილე არ იყო, მსხვერპლია ამ ამბის. 

_ ეს თავდამსხმელთა უდანაშაულობას ხომ არ გამორიცხავს? 

_ სამართლებრივად გამოირიცხება ბრალეულობა, რადგან ცხონებულთან არ ჰქონიათ შეხება ამ პიროვნებებს. 

_ ექსპერტიზა მიმდინარეობს, რომელიც დაადგენს, მას დაზიანებები გარდაცვალებამდე მიაყენეს თუ მდინარეში ჩავარდნით გარდაიცვალა... 

_ დიახ, ეგ არის მნიშვნელოვანი საკითხი და მანდ გაეცემა პასუხი. 

_ ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია ვარაუდი, რომ შაქარაშვილს მისდევდა კონფლიქტში მონაწილე ერთ-ერთი მორაგბე. 

_ ტყუილია, საქმის მასალებში ასეთი რამ არ იკითხება. საქმის მასალებში ასე წერია _ „ტოიოტა ქამრი“ როცა გაჩერდა, შეგვეშინდა, რომ კიდევ გვცემენ და გავიქეცითო. ესენი რომ გადავიდნენ მანქანიდან, უყვიროდნენ, გაჩერდით, ნუ გარბიხართ, დავილაპარაკოთო. ერთი გაჩერდა და მისთვის არც ფიზიკური შეურაცხყოფა მიუყენებიათ, არც ძალადობრივი ქმედება ყოფილა. მარტო ხარო? _ ჰკითხეს. კიო, _ უპასუხა. მაშინ თბილისში მივდივართ და გაგიყოლებთო, რაზეც დათანხმდა (საუბარია გური ამირხანაშვილზე). ჩაისვეს მანქანაში, წყალი დაალევინეს, ჩამოსვეს, რისი კადრებიც არსებობს. თუ თავისუფლება აღუკვეთეს, 112-ში ან მის მეგობართან ხომ უნდა დაერეკა და დაეფიქსირებინა, თავისუფლება აღმიკვეთესო? ასეთი რამ არ გაუკეთებია ამ ბიჭს. სამჯერ თქვა, არ ყოფილაო და მეოთხედ დაიბარეს და თქვა, ფსიქოლოგიური ზეწოლა იყოო. 

_ და რატომ უნდა დასჭირვებოდათ, რომ მას ჩვენება შეეცვალა? 

_ იმიტომ, რომ საქმე „გაეხსნათ“. მკვლელობის ბრალდებას არ ედავებიან, მაგრამ საზოგადოებას უნდა დაანახონ, აი, ხომ დავსაჯეთ ეს ადამიანები შაქარაშვილის გამოო. 

_ ბატონო ალეკო, ფაქტია, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი ბუნდოვან ვითარებაში გარდაიცვალა და ამას წინ უსწრებდა კონფლიქტი, სწორედ აქედან ჩნდება ყველა კითხვა. 

_ მესმის და ყველანაირად ვცდილობთ, ვუპასუხოთ. 

_ თქვენი დაცვის ქვეშ მყოფები რა ვერსიას აყალიბებენ, რას ამბობენ, სინამდვილეში, იმ ადგილას რა მოხდაო? 

_ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები იქ საჩხუბრად არ მისულან და ეს დადასტურდა იმიტომ, რომ საჩხუბრად რომ მისულიყვნენ, ამირხანაშვილს ხომ გაუერთიანებდნენ თავ-ყბას, მაგრამ არ უცემიათ ეს ადამიანი. 

_ არადა, საქმეში ნახსენებია რკინის ხელკეტები... 

_ ეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებთან არაფერ შუაშია. ის სხვა მანქანაა, „მერსედესის“ მარკის. 

_ ანუ იმასაც უარყოფთ, რომ თქვენი დაცვის ქვეშ მყოფები კონფლიქტის მონაწილენი იყვნენ? 

_ უარვყოფ. ჩვენი მანქანა ბოლოს მივიდა... 

_ კი, მაგრამ საქმის გასარჩევად ხომ მიდიოდნენ? 

_ არა. მათი მიზანი იყო, რომ შედარებით ასაკიანი ხალხია და მისულიყვნენ, რათა გაენეიტრალებინათ სიტუაცია, რადგან თუ არ მიდიოდნენ გასანეიტრალებლად, მოწინააღმდეგე მხარე ხომ ნახეს, ამირხანაშვილის სახით, ხომ უნდა ეცემათ, თუ საჩხუბრად მიდიოდნენ? 

_ თუ ასეა, რატომ გაიქცნენ შაქარაშვილი და მისი თანმხლები ბიჭები? 

_ იმიტომ, რომ უკვე ნაჩხუბარი ჰქონდათ, დაახლოებით, 10-15 წუთით ადრე და შეეშინდათ, რომ კვლავ მოხდებოდა კონფლიქტი და ფიზიკური დაპირისპირება. 

_ თქვენი დაცვის ქვეშ მყოფებმა დაინახეს, გიორგი როგორ გაიქცა? 

_ გიორგის არ იცნობდნენ, თან ღამე იყო. მათთვის უცნობი იყო, რატომ გარბოდნენ. 

_ თუ ასეა, როგორია თქვენი ვერსია შაქარაშვილის გარდაცვალებაზე? 

_ არ ვიცი, არ მაქვს ვერსია. ვერსიაზე უნდა ილაპარაკოს პროკურატურამ, როცა 17 კაცს ციხეში უშვებს და მოტივად დებს, რომ შაქარაშვილის საქმე გაიხსნა, სამარცხვინოა, როდესაც ერთ ბრალდებულსაც არ აქვს შაქარაშვილის მიმართ წარდგენილი ბრალი და ჩვენ, დაცვის მხარეს გვამტკიცებინებს, რომ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფებს შემხებლობა არ ჰქონიათ ამ დანაშაულთან. 

_ შესაძლებელია, ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან შაქარაშვილის საქმეზე ბრალის წარდგენისთვის. 

_ დიახ, შესაძლებელია. 17 ადამიანის დნმ-ის ნიმუშია აღებული და თუ რომელიმესი ამოვა, ე.ი. შემხებლობა არის. 

* * * 

„ვერსია“ გიორგის შაქარაშვილის ბიძასა და იურისტ მირიან ნიკოლაძესაც ესაუბრა: 

_ რამდენად საფუძვლიანად მიგაჩნიათ ადვოკატ მზია ქასრაშვილის ეჭვი, რომ გიორგი შაქარაშვილი მოკლულია? 

_ ქალბატონი მზიას ეჭვს, ბუნებრივია, ვიზიარებთ და პირველივე დღიდან ვამბობთ, რომ ერთ-ერთი სერიოზული, რომელსაც იხილავს ოჯახი, არის ზუსტად გიორგის მკვლელობის ვერსია. 

_ ექსპერტის მონათხრობი რამდენად იძლევა ამ ეჭვის საფუძველს? 

_ მაგის შემდეგ ვესაუბრე ექსპერტს, რომ უფრო ღრმად და კვალიფიციურად ჩამეხედა, რათა კითხვის ნიშნები არ მქონოდა და ესაა იგივე, რაც ვიცოდი, რომ შიდა ჰემატომაც იყო შიდა ორგანოზე და ექსპერტს ვკითხე, რის გამო შეიძლება განვითარებულიყო. მან მითხრა, რომ ისევე, როგორც სხვა ყველა დაზიანება, ესეც თავისუფლად არის დასაშვები, რომ გარედან მიეყენებინა ვინმეს ბავშვისთვის რაღაც მძიმის ჩარტყმით. არა ხელის მოქმედებით, არამედ, უფრო მძიმე, ვთქვათ, ფეხით, ხის ძელით ან რაღაც მსგავსით. ასევე, მითხრა ექსპერტმა, რომ ასეთი დაზიანება შეიძლება მიყენებული იყოს მდინარის კალაპოტში ბავშვის გადაადგილებით, ვთქვათ, ქვებზე შეჯახებით. 

_ სწორედ ეს უნდა დაადგინოს ექსპერტიზამ, არა? 

_ დიახ, ამიტომ ვამბობ, რომ არსებითად მნიშვნელოვანია, ექსპერტიზამ დაადგინოს დაზიანებები სიცოცხლის დროინდელია თუ შემდეგ მიღებული. ამასთან, ველოდებით გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნას ჩანთაზე. მოგეხსენებათ, ბავშვს ხელჩანთა ჰქონდა. ტარდება საგამოძიებო ექსპერიმენტები, სრულად უნდა აღდგეს შემთხვევის ადგილზე მომხდარი ფაქტი და ბევრი სხვა მოქმედებაც ტარდება ყოველდღიურ რეჟიმში. ცალკე ერთ მტკიცებულებას არ დავეყრდნობით. 

_ თუ დაკავებული პირებიდან რომელიმეს დნმ აღმოჩნდება შაქარაშვილის ხელჩანთაზე, ამით რა დადგინდება? 

_ დადგინდება პირდაპირი კავშირი ბავშვის სიკვდილთან. 

_ ეს გახდება საფუძველი, რომ საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდეს? 

_ აუცილებლად, ასეთ შემთხვევაში, ჩემი კატეგორიული მოთხოვნა იქნება, რომ საქმე წავიდეს განზრახ მკვლელობის მუხლით. 

_ აღნიშნულ საქმეში არც ერთი პირის მიმართ წაყენებული ბრალი არ ეხება შაქარაშვილის გარდაცვალების ფაქტს. ამას რითი ხსნით ანუ გამოძიებამ აღნიშნულზე, რატომ ერთ პირსაც არ წაუყენა ბრალი? 

_ ეს არის სისხლის სამართლის წარმოებაში ჩაუხედავი ადამიანის პოზიცია. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს სისხლის სამართლის კვალიფიკაციას, მთავარია, კვალიფიკაცია იქნეს გამოძიების მოქნილობის კუთხით. თუ არსებული მუხლები გაძლევს გასაქანს, რომ ნებისმიერი სახის ბრძანება მოიპოვო სასამართლოდან ოპერატიული სამძებრო ღონისძიებებისთვის, მაშინ ამისთვის ხელსაყრელია ის მუხლები, რომლებიც არის. არსებობს ასეულობით მაგალითი, როცა დაიწყო უმნიშვნელო მუხლით და უმძიმესი ბრალდებებით დამთავრდა და არსებობს პირუკუ მაგალითებიც, რომ მძიმე მუხლით აღიძრა საქმე და დამთავრდა მსუბუქი ბრალდებებით. ამაზე ყურადღების გამახვილება ყურადღების გადატანაა უმნიშვნელო პასუხზე, რისი დროც ახლა არ გვაქვს. 

_ როგორც ირკვევა, შაქარაშვილთან მყოფი პირებისა და მათთან დაპირისპირებული მხარის ჩვენებები ერთმანეთს ეწინააღმდეგება. შაქარაშვილის მხარე აცხადებს, რომ მანქანიდან გადმოსულები გინებით მისდევდნენ, ისინი კი ამბობენ, სიტუაციის გასანეიტრალებლად მივდევდითო. ასეთ დროს, გამოძიება რომელი მხარის ჩვენებას ეყრდნობა? 

_ რომელიც უფრო დამაჯერებელია. 

_ თქვენ უფრო რომელი გგონიათ დამაჯერებელი? 

_ ვინმეს თუ სჯერა, რომ ეს ხალხი მისდევდა შენდობის სათქმელად და მოსაფერებლად, ალბათ, შორსაა რეალობისგან. 

_ მიგაჩნიათ, რომ გამოძიება სწორ გზას ადგას? 

_ მოცემულ ეტაპზე, გამოძიებასთან არ გვაქვს გაუგებრობა, ვმუშაობთ საერთო რეჟიმში, მივდივართ ყველა ვერსიის ბოლომდე ამოსაწურად. თუ გაიყო ჩვენი ინტერესები, დამერწმუნეთ, ვერავინ დამასწრებს და ყველამ თავის თავს მიხედოს! ამდენი პროფესორის, უცოდინრისა და პოლიტიკური ინტერესების მქონე ხალხის ხელში, ოჯახის ნერვიულობის გარდა, არაფერი ხდება. აყურებინებენ თავის უშინაარსო, არაკვალიფიციურ მოსაზრებებს. მეორედ კლავენ ოჯახს! 

_ ნიკა გვარამიას გულისხმობთ? ისე, დიდი რეზონანსი გამოიწვია თქვენმა დაპირისპირებამ. 

_ არ ვთვლი, რომ კითხვა-პასუხის რეჟიმში უნდა გადავინაცვლოთ, რადგან გაცილებით რთული საქმეები გვაქვს გასაკეთებელი გიორგის ამბავთან დაკავშირებით. ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ, ისაა, რომ არც სარკაზმით და არც ირონიით დამიწერია... ვთვლი, რომ დედამიწის ზურგზე, ყველაზე უბედური ადამიანი, ვინც შეიძლება იყოს, ნიკა გვარამიაა იმის გამო, რომ არ იცის, სიკეთე რა არის. არ იცის, როდის შეიძლება, ადამიანს გაუსწოროს ანგარიში. ეს არის მდარე საქციელი. ღირსება და ნიკა გვარამია ისე არიან ერთმანეთთან ახლოს, როგორც მე და ილონ მასკი. 

_ როგორც ჩანს, დიდი ხანია, იცნობთ ერთმანეთს. 

_ თანაკურსელები ვართ. 

_ ერთმანეთთან რაიმე დაპირისპირება გქონდათ? 

_ მთელი იმ ხნის განმავლობაში, როცა ბატონი გვარამია ხელისუფლებაში ბრძანდებოდა, ჩემს ოფისში თვითონ მოდიოდა და მოჰყავდა თავისი ახლობლები, ნათესავები, მეგობრები და ამბობდა, რომ ჩემს გარდა, არ ენდობოდა არავის და ჩემი კვალიფიკაციის გარდა, ვერ ანდობდა ვერავის. იმ ხალხთან დღესაც ვმეგობრობ და დარწმუნებული ვარ, გაკვირვებულები უყურებენ გვარამიას, ასეთი „სამოსანი ნიკოლაძის“, როგორც თავად ამბობს, „წარუმატებელი კაცის“ ხელში როგორ ჩააგდო და რას ერჩოდა იმ ხალხს. 

_ თუ ასეთი ურთიერთობა გქონდათ, რის გამო დაგიპირისპირდათ? 

_ ჩემი ბრალია, ამიტომ დავწერე პოსტშიც, ჩემგან გულნატკენი ხარ-მეთქი. როდესაც ვნახე, რომ მისი ტელევიზია სიბინძურის გარდა, არაფერს აკეთებდა და ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი იყო, რაღაც გარკვეული პოსტი მივუძღვენი. ამ პოსტმა ის გააღიზიანა, იცით, რომ არ იცის კორექტული პასუხის გაცემა, გადადის ლანძღვა-გინებაზე და ეს მოხდა. იმდენსაც ვერ არჩევს, რომ ახლა კი არ უნდა იზრუნოს სამაგიეროს გადახდაზე... ზოგადად, სამაგიეროს გადახდის სურვილი რომ კლავს კაცს, ხომ წარმოგიდგენიათ, სად არის, ამით რომ ცხოვრობს და, მით უმეტეს, რომ შეუძლია, ეს გააკეთოს ტრაგედიის ფონზე! მაინც ვიტოვებ იმედს, რომ ნიკა გვარამიას ცხოვრებაში დაუდგება ეტაპი, როცა მიხვდება, რომ არსებობს ღმერთი და ზნეობა. ვიცი, რომ ექნება სინანულის პერიოდი ამ ცხოვრებაში და როცა ეს იქნება, როგორც მეგობარს, აუცილებლად ისევ ჩავეხუტები.

თათია გოჩაძე

დაბრუნება დასაწყისში