Menu
RSS

ქართველების საფეხბურთო შტურმი რუსებზე

რონალდუს ახალი რეკორდი და ზედიზედ გატანილი 19 გოლი

სასწაული მოხდა _ თბილისის „ლოკომოტივმა“, ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, მოსკოვის „დინამო“ დაამარცხა და გათამაშებიდან გააგდო. არადა, რუსული კლუბი საქართველოში, როგორც იტყვიან, დიდ გულზე ჩამოვიდა და ამის საფუძველიც ჰქონდა _ სეზონის წინ დახარჯული 60 მილიონი დოლარი ცოტა ნამდვილად არაა, მით უმეტეს, იმის ფონზე, როცა მთელი „ლოკომოტივი“ 3 მილიონადაა შეფასებული. ამ მარცხის გამო, რუსული კლუბი თავის მწვრთნელ-ფეხბურთელებიანად სასტიკად გააკრიტიკეს, გაფლანგული მილიონების გამო, ხელმძღვანელობა ქარ-ცეცლხში გაატარეს, ჩვენ კი... ბოლოს როდის მოგვანიჭეს ქართველმა ფეხბურთელებმა ასეთი სიხარული, აღარც კი გვახსოვს. არც ის გვახსოვს, ასეთი ჯიგრით რომ ეთამაშათ და ნამატჩევს, დაღლილობისგან მოედანზე დაცემულიყვნენ... მოკლედ, ბრძოლას რომ ყოველთვის აქვს აზრი, კიდევ ერთხელ დამტკიცდა. ახლა „ლოკომოტივს“ ესპანური პრიმერადივიზიონის „გრანადა“ ელოდება, ურთულესი მეტოქე, მაგრამ რეალობას თვალებში ჩავხედოთ _ არც „დინამო“ ჩანდა იოლი და ეს ბარიერი გავიარეთ.

ევროპის ლიგაზე წარმატებით ითამაშა მეორე თბილისურმა კლუბმაც. „დინამომ“ უელსში, „ქონაჰს“, ბოლო წუთზე გატანილი პენალტით მოუგო და მორიგ ეტაპზე ფარერულ „კლაკსვიკს“ ხვდება. ამ ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, „დინამოს“ მეტოქე შვედურ „მალმიოსა“ და ხორვატიულ ზაგრების „ლოკომოტივს“ შორის გამარჯვებული იქნება, ამის შემდეგ კი, ნანატრი ჯგუფური ეტაპია, რაც დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთადერთხელ, 2004 წელს გვეღირსა. 

არ შეიძლება, ისიც არ აღვნიშნოთ, რომ „ლოკომოტივში“ მთავარ მწვრთნელად ახალი დანიშნულია გიორგი ჭიაბრიშვილი. მას თავისი ხელწერა აქვს, რაც გუნდს აშკარად დაეტყო _ უპირატესობას შემტევ ფეხბურთს ანიჭებს, თუმცა ნამატჩევს, ჭიაბრიშვილმა თქვა ის, რასაც ბევრი არ ელოდა და რაც რეალობაა: 

„მადლობა ლევან კორღალიძეს, ჩემს წინამორბედს, რომელსაც ძალიან ბევრი ნამუშევარი ჰქონდა გუნდში და ეს შედეგი რომ დავდეთ, მისი დიდი დამსახურებაა!“ 

ცნობისთვის: ორიოდე დღის წინ, კორღალიძე იმ „საბურთალოს“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, რომელთან ერთადაც, იმავე ჭიაბრიშვილმა საქართველოს ჩემოიონატი მოიგო. 

* * * 

8 ოქტომბერს, ერთა ლიგის ნახევარფინალური მატჩია. საქართველოს ნაკრები ბელორუსს მასპინძლობს და საქმემ ისე მოიტანა, რომ ამ შეხვედრაზე მნიშვნელოვანი, საქართველოს ნაკრებს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ არ ჰქონია. ამიტომ, გულშემატკივარი კატეგორიულად მოითხოვს, რომ შეხვედრაზე დასწრების უფლება მიეცეს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უეფა-ს უკვე მისწერა, რომ ჩვენთან დიდი აჟიოტაჟია და შესაბამისად, მატჩზე დასწრების საკითხზე, ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ცალკე უნდა იმსჯელოს. 

 

ჰოდა, ამ კვირაში, ევროპის სუპერთასის მატჩია, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული „ბაიერნი“, ევროპის ლიგის გამარჯვებულ „სევილიას“ ხვდება. უეფამაც პირობა დადო, გადაწყვეტილებას აღნიშნული შეხვედრის შემდეგ მივიღებო. 

შეგახსენებთ, რომ ბელორუსთან დუელი ერთმატჩიანია. მისი დამარცხების შემთხვევაში, ჩვენი გუნდი ჩრდილოეთ მაკედონია-კოსოვოს წყვილის გამარჯვებულს შეხვდება და ვინც მოიგებს, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს, რაც საქართველოს ნაკრებისთვის ჯერაც აუხდენელი ოცნებაა. 

* * * 

ევროპის ყველა წამყვანი ლიგა განახლდა, თუმცა როგორც მოსალოდნელი იყო, ყველგან უმაყურებლოდ. რომ არა მაღალი დონის ფეხბურთი და შემსრულებლები, გერმანიის, იტალიის, ესპანეთისა თუ ინგლისის ჩემპიონატის მატჩები საქართველოს პირველობისგან არაფრით განსხვავდება _ ტრიბუნებზე კაციშვილის ჭაჭანება არაა და მხოლოდ მწვრთნელების შეძახილები ისმის. 

სხვაობა, იცით, რაშია? _ იქ, ევროპაში, მწვრთნელები მოედნის კიდიდან მხოლოდ ციფრებს იძახიან და გუნდებიც სხვადასხვა სქემაზე ეწყობიან ანუ სქემები დანომრილი აქვთ და ყველამ იცის, რა უნდა გააკეთოს, როცა გაიგონებს 2-ს, 4-ს ან 7-ს... აი, საქართველოს ჩემპიონატის მატჩებს ვინც დასწრებია, მწვრთნელთა შეძახილი, ძირითადად, ასეთია _ „აგორავე, ნუ იგონებ ახალ ველოსიპედს, თავი ასწიე, გაეხსენი...“ 

ჰო, ფეხბურთელებს გული რომ არ დაგწყდეთ, კალათბურთშიც ასეა. 

* * * 

ჯერჯერობით, მთავარი ტრანსფერი „ტოტენჰემმა“ განახორციელა და მადრიდის „რეალიდან“ ერთწლიანი იჯარით, გარეთ ბეილი დაიბრუნა. ბეილი ლონდონური კლუბის ლეგენდაა, რომელიც მადრიდულმა გრანდმა, სწორედ „მამლებში“ კარგი თამაშის შემდეგ შეიძინა, რისთვისაც იმ დროისთვის რეკორდული თანხა გადაიხადა, მაგრამ უელსელი ფორვარდის კარიერა ვერ აეწყო და მასში გადახდილ მილიონებს გულშემატკივრები წყალში გადაყრილად თვლიან. „ტოტენჰემში“ ის ოქტომბერში გამოჩნდება, მას შემდეგ, რაც ტრავმას მოირჩენს და მიმდინარე სეზონის ხელფასსაც ლონდონელები გადაუხდიან _ წლიურად, 16 მილიონ ევროს, რაც „რეალისთვის“ შეღავათი იქნება. როგორი საქმეა, თადარიგში მყოფ ფეხბურთელს, თვეში მილიონზე მეტი უხადო. 

* * * 

ესპანურ პრიმერადივიზიონში დაბრუნებულმა, „კადისის“ მეკარე ალბერტო სიფუენტესმა რეკორდი დაამყარა. ის მოედანზე გასულ უქმეებზე გამოვიდა, კარი მშრალად შეინახა და ბოლო 85 წლის განმავლობაში, პრიმერას ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი გახდა. მოედანზე ყოფნის დროს, მისი ასაკი 41 წელი და 114 დღე იყო. იმის გათვალისწინებით, რომ ალბერტოს კლუბთან კონტრაქტი 2021 წელს უმთავრდება, შესაძლებლობა ექნება, საკუთარი რეკორდი არაერთხელ გააუმჯობესოს. 

* * * 

ლეგენდარულ ფეხბურთელს, ანდრეა პირლოს, ტურინის „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელის რანგში დებიუტი ჰქონდა. მისმა კლუბმა „სამპდორია“ დამაჯერებლად _ 3:0 დაამარცხა და მესამე გოლი კრიშტიანუ რონალდუმ შეაგდო. პორტუგალიელმა ამ გოლით მორიგი რეკორდი დაამყარა _ მან სეზონში ზედიზედ მე-19 გოლი გაიტანა, რაც მართლაც, უნიკალური მიღწევაა. 

* * * 

„ბარსელონას“ ახალმა თავკაცმა, რონალდ კუმანმა გუნდიდან არტურო ვიდალი გაუშვა. ფორვარდი, რომელმაც „ბარსას“ რიგებში 2 წელი გაატარა და 96 მატჩში 11 გოლი გაიტანა, კარიერას მილანის „ინტერში“ გააგრძელებს. გუნდში მის დატოვებას კუმანს, ლამის, „ბარსას“ მთელი შემადგენლობა სთხოვდა, მაგრამ ჰოლანდიელმა უარი განაცხადა. ლიონელ მესიმ სოციალურ ქსელში მოკლედ დაწერა: 

„გამიმართლა, რომ შეგხვდი და შენს გვერდით ვითამაშე“. 

ისე, იმასაც ამბობენ, კუმანი გუნდიდან ლუის სუარესის გაშვებასაც აპირებს და ამ ორი კაცის ნაცვლად, ჰოლანდიელების მოყვანა სურსო. არადა, „ბარსას“ მაისურით, სუარესს 150 გოლზე მეტი აქვს გატანილი და დღეისთვისაც კი, მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს ფორვარდად ითვლება. 

ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული, მიუნხენის „ბაიერნი“ ის გუნდია, ვინც „ბარსელონას“ 8:2 მოუგო და იმის მიუხედავად, რომ კატალონიურ გრანდს დამაჯერებლად სძლია, მაინც ამბობდნენ, გერმანელებს გაუმართლათო. ჰოდა, გასულ უქმეებზე, ახალი სეზონი დაიწყო და ყველას აინტერესებდა, როგორ ფორმაში იქნებოდა „რეკორდმაისტერი“. მიუნხენელებმა, ბუნდესლიგის პირველ ტურში, „შალკეს“ უმასპინძლეს და 8:0 სძლიეს. გერმანული მანქანა აშკარად მწყობრშია და ტიტულების მოსაპოვებლად წელსაც ძალუმად გაიწევს. რადგან „შალკე“ ვახსენეთ, ისიც ვთქვათ, რომ გელზენკირზენულმა კლუბმა ვეტერანი ფორვარდი, ვედად იბიშევიჩი დაიმატა. 36 წლის ფეხბურთელმა, რომელსაც ბუცები ლურსმანზე უნდა ჩამოეკიდა, კლუბს მადლიერება იმით გადაუხადა, რომ ხელფასის მიღებაზე უარი თქვა და მხოლოდ სამედიცინო დაზღვევა მოითხოვა. 

* * * 

იმით დავასრულოთ, რითაც დავიწყეთ და ერთ ძალიან კარგ ისტორიას გიამბობთ: 2019 წლის იანვარში, თბილისის „ლოკომოტივის“ ფეხბურთელს, მამია გავაშელიშვილს ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ახალგაზრდა ბიჭის ჯანმრთელობის გამო, მაშინ გულშემატკივრებიც ნერვიულობდნენ და მისი თანაგუნდელებიც. მამიამ მკურნალობის ხანგრძლივი ეტაპი დაიწყო, სხვადასხვა ქვყანაში ჩაიტარა პროცედურები, არ დანებდა, იბრძოლა და... „ლოკომოტივი“-„დინამოს“ უპრინციპულეს შეხვედრაში, გამარჯვების გოლი მამია გავაშელიშვილმა გაიტანა. ეს ბურთი მხოლოდ რუსული კლუბის კარში არ შეგორებულა, მამიამ გოლი ვერაგ დაავადებასაც გაუტანა.

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში