Menu
RSS

კორონავირუსი ხელოვნურად შექმნილი ბიოიარაღია?!

სკანდალური ფაქტები _ რა იწინასწარმეტყველა 39 წლის წინ ამერიკელმა მწერალმა, რა ინფორმაციას ავრცელებს ისრაელის სამხედრო დაზვერვის ყოფილი თანამშრომელი და გაავრცელეს თუ არა წინასწარი სცენარით "მომაკვდინებელი ვირუსი"

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მსოფლიო პანიკამ მოიცვა ანუ აქამდეც არაერთხელ მომხდარა, რომ პლანეტაზე უცნობი ვირუსი თუ დაავადება გავრცელებულა და სკეპტიკოსებს ხელი ჩაუქნევიათ _ მორჩა, მეორედ მოსვლა კარს მოგვადგა და ყველაფერი დამთავრდაო, მაგრამ დედამიწამ „ისპანკას“ აფეთქებასაც გაუძლო, „ყირიმ-კონგოს“ შემოტევასაც და ებოლაც დაამარცხა. ასე რომ, ახალი კორონავირუსის პანდემიურ-ეპიდემიური შიშიც გაქრება არცთუ შორეულ მომავალში, თითოეული ჩვენგანი მშვიდად ამოისუნთქებს და იტყვის, საფრთხემ გაიარა, ყველაფერი კარგადაა და ცხოვრება მშვენიერიაო. 

ცხოვრება, რასაკვირველია, უბრალოდ მშვენიერი კი არა, ძალიან მშვენიერია, თუმცა, როგორც ისტორია მოწმობს, ვიღაცები პერიოდულად ცდილობენ, ამ სიმშვენიერეში ერთგვარი დისონანსი შეიტანონ და დაგვზაფრონ.

ბუნებრივია, იმას არ ვამბობთ, რომ საფრთხე რეალური არაა, მაგრამ თუ შეთქმულების თეორიებს გავყვებით, სავსებით შესაძლებელია დავუშვათ, რომ ახალი კორონავირუსი, რომელმაც საქართველოს სამანებიც გადმოლახა, ხელოვნურად შექმნილი დაავადება იყოს. დაავადება, რომელსაც მავანნი ბიოლოგიური იარაღის კლასიფიკაციას აძლევენ და მიიჩნევენ, რომ „კორონას“ მიზანი ადამიანების „გამოხშირვაა“. ჩვენში დარჩეს და, ამ ვერსიას არცთუ ცოტა მიმდევარი ჰყავს. ამასთან, საზოგადოების ცალკეულ წრეებში ის აზრიც დომინირებს, რომ ახალი კორონავირუსი, ბოლო წლების სხვა ე.წ. უკურნებელი ავადობების მსგავსად, ფარმაცევტულ ბიზნესთან ილინკება ანუ უფრო ნათლად და გასაგებად რომ ვთქვათ, ზოგს ჰგონია, რომ ამა თუ იმ ავადმყოფობას მსოფლიოს გიგანტური ფარმაკომპანიები საკუთარი მოგების გაზრდის მიზნით იყენებენ. კერძოდ, ჯერ ხელოვნურად იქმნება დაავადების უცნობი შტამი, რომელიც მსოფლიოს ელვისებურად ედება, შემდეგ კი, მეცნიერები ამ შტამის სამკურნალო საშუალებას ქმნიან და დედამიწაც მეორედ მოსვლას გადაურჩება ხოლმე. 

 

მსგავსი ეჭვი ახალ კორონავირუსთან მიმართებაშიც დომინირებს. სწორედ ამიტომაც, გადავწყვიტეთ, შეთქმულების თეორიას გავყვეთ და ყველა ის კულუარული ინფორმაცია გავასაჯაროვოთ, რომელიც ახალ ეპიდემიასთან მიმართებაში ფიგურირებს. სხვათა შორის, იმის თაობაზე, რომ ახალი კორონავირუსი ხელოვნურადაა შექმნილი, მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში კი არა, დასვლეთშიც საუბრობენ და, ასე განსაჯეთ, ამ მოსაზრებამ თავდაპირველად დღის სინათლე მსოფლიოს ისეთი გავლენიანი გამოცემის ფურცლებზე იხილა, როგორიც მაგალითად, „ვაშინგტონ თაიმსია“. 

ზოგადად, ადამიანი ბუნებით ეჭვიანია ანუ ეჭვს ეროვნება არ აქვს. ჰოდა, გასაკვირი არაა, რომ ახალი კორონავირუსის უეცარი აფეთქების გამო კითხვის ნიშნები, იგივე ამერიკელებსაც უჩნდებათ. ასე მაგალითად, ამერიკულ სოციალურ მედიაში აქტიურად მუსირებს მოსაზრება, რომ კორონავირუსის გავრცელება 39 წლის წინ იწინასწარმეტყველეს. 

კერძოდ, 1981 წელს, ოკეანისგაღმელმა მწერალმა _ დინ კუნთსიმ, 312-გვერდიანი ნოველა „სიბნელის თვალები“ გამოსცა, რომელშიც ნათქვამი იყო _ მოვა დრო და ჩინეთიდან უცნობი ვირუსი გავრცელდებაო. 

„სიბნელის თვალების“ სიუჟეტი ასეთია _ დამწუხრებულ-დადარდიანებული დედა ცდილობს, გაარკვიოს, რა დაემართა მის შვილს, რომელიც გარკვეულ ჯგუფთან ერთად, კარვებით სამოგზაურად იყო წასული და გაუჩინარდა. დედა მოგვიანებით აღმოაჩენს, რომ მისი შვილი _ დენი ცოცხალია და „ცუდ ადამიანებს“ საიდუმლო სამხედრო ბაზეზე პატიმრობაში ჰყავთ. 

ნიშანდობლივია, რომ 39 წლის წინ დაწერილ „სიბნელის თვალებში“ ქალაქი უხანია ნახსენები. დიახ, ეს სწორედ ის ჩინური უხანია, სადაც გასული წლის დეკემბრის ბოლოს, ახალმა კორონავირუსმა იფეთქა და საიდანაც „მომაკვდინებელი ინფექცია“ მთელ მსოფლიოს მოედო. 

ნოველის სიუჟეტის თანახმადვე, ჩინელი მეცნიერი, ვინმე ლი ჩენი ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩადის. მას აქვს ე.წ. კომპაქტდისკი, რომელზეც ჩინეთში შექმნილ ახალ ბიოლოგიურ იარაღზე მნიშვნელოვანი ჩანაწერები ინახება. 

გასული საუკუნის 80-იანი წლების პირველ ნახევარში გამოქვეყენებულ მხატვრულ ნაწარმოებში ასევე აღნიშნულია, რომ ეს ახალი ბიოლოგიური იარაღი ჩინეთის ქალაქ უხანის ინფექციათა კვლევით ლაბორატორიაში შეიქმნა და ამიტომაც ნოველის პერსონაჟები მას „უხან 400“-ის სახელით მოიხსენიებენ. 

„უხან 400“ ჩინელებმა იმიტომ გამოიგონეს, რომ ქალაქები და ქვეყნები ძვირადღირებული სამუშაოების გარეშე გააქრონ. „უხან 400“ ბრწყინვალე იარაღია. ის მხოლოდ ადამიანებს აზიანებს და სხვა ცოცხალ არსებას არაფერი ემართება. „უხან 400“, როგორც სიფილისი, სხეულს გარეთ, ერთ წუთზე მეტ ხანს ვერ არსებობს, რაც იმას ნიშნავს, რომ მუდმივად ვერ აბინძურებს სუბიექტს ან კონკრეტულ ადგილებს,“ _ ამბობს ამერიკელი ნოველისტი „სიბნელის თვალების“ ერთ-ერთი პერსონაჟის პირით. 

ერთი სიტყვით, „სიბნელის თვალებში“ დღევანდელობაა აღწერილი. ყველაზე ნიშანდობლივი კი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ქალაქი უხანია, უხანი, რომელიც შესაძლოა, თანამედროვე მსოფლიოსთვის საკრალურ ქალაქად იქცეს. 

ცნობისთვის: კორონავირუსის გავრცელებამდე, ჩინეთის ქალაქი უხანი ფართო საზოგადოებისთვის არცთუ კარგად იყო ცნობილი. თვითმხილველთა თქმით, უხანი საკმაოდ ლამაზი, საინტერესო, მრავალფეროვანი, ინფრასტრუქტურულად განვითარებული, ღირსშესანიშნაობებით დახუნძლული და მდიდარი ისტორიის მქონე ქალაქია და სანამ „კორონავირუსის დედაქალაქის“ სტატუსს მიიღებდა, ცენტრალური ჩინეთის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ფინანსურ, კომერციულ, კულტურულ და საგანმანათლებლო ცენტრად ითვლებოდა. ქალაქში, რომელიც მდინარეების _ იანძისა და ხანშუის შესართავთან მდებარეობს და სამი ნაწილისგან შედგება, 11 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. 

უხანის მთავარი ღირშესანიშნაობა „ყვითელი წეროს კოშკი“ ანუ „ხუანხელოუა“, რომელიც ჩვ.წ.აღ-ით 223 წელსაა აშენებული. ხუთსართულიანი კოშკი, რომლის სიმაღლეც 51 მეტრზე მეტია, 1884 წელს დაინგრა, თუმცა მალევე აღადგინეს... 

უხანში, ჩინეთის სხვა ქალაქების მსგავსად, მოსახლეობის რაოდენობის გამო, ცათამბჯენებია პოპულარული. 

ხელსაყრელი მდებარეობის გამო, ჩინელები უხანს „ცხრა პროვინციის მთავარ გზატკეცილს“ უწოდებენ და მნიშვნელოვან სატრანსპორტო კვანძად მიიჩნევენ. უხანში ათობით გზატკეცილი გადის, რომელიც ჩინეთის მთავარ ქალაქებსა და ორ უმსხვილეს რკინიგზას აკავშირებს. ამ და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, უხანი მსოფლიოს ქალაქებიდან იმათთაგანია, სადაც საცხოვრებელი ფართები ყველაზე ძვირი ღირს ანუ არსებული მონაცემებით, მსოფლიო უძრავი ქონების ფასების რეიტინგში, „კორონავირუსის დედაქალაქს“ საპატიო პოზიცია უკავია.

რაც შეეხება ტურისტულ ადგილებს, ამ მხრივ, ყველაზე მოთხოვნადი მდინარე იანძის 23-კილომეტრიანი სანაპიროა, რომლის სანახავადაც აბსოლუტურად ყველა ტურისტი მიდის. 

უხანის მთავარ არქიტექტურულ ნაგებობად სატელევიზიო ანძა მიიჩნევა, რომელიც 1985 წელს ააშენეს და რომლის სიმაღლეც 311 მეტრს აღემატება. სწორედ ამიტომ, უხანის ანძა მსოფლიოს ყველაზე მაღალი სატელევიზიო ანძების ათეულშია შეტანილი. 

და კიდევ ერთი: კორონავირუსის გავრცელებამდე ფართო საზოგადოებამ არა, მაგრამ სამედიცინო წრეების წარმომადგენლებმა იცოდნენ, რომ უხანში ჩინეთის მთავარი ბიოიარაღის ბაზა მდებარეობს, რომელიც „უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის“ სახელითაა ცნობილი. 

შეთქმულების თეორიების მოყვარულები კორონავირუსის „დაბადებისთანავე“ ამტკიცებდნენ და ახლაც ამტკიცებენ, რომ ეს ახალი „მომაკვდინებელი ვირუსი“, სწორედ აღნიშნულ საიდუმოლო ლაბორატორიაში შეიქმნა და ხალხშიც მიზანმიმართულად იქნა გაშვებული. 

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ჩვენ არაფერს ვამტკიცებთ, მაგრამ ფაქტია: ცეცხლი უკვამლოდ არასოდეს ჩნდება ხოლმე, თან წეღანდელი თქმისა არ იყოს, ბევრი თუ არა, რამდენიმე ფაქტორი მიუთითებს, რომ კორონავირუსი ჩვეულებრივი ბიოიარაღია, რომელიც საიდუმლო ლაბორატორიაში დამუშავდა. 

ეს ეჭვი მხოლოდ რიგით ადამიანებს როდი სტანჯავთ. ასე, მაგალითად, მიმდინარე წლის თებერვლის მიწურულს, ისრაელის სამხედრო დაზვერვის ყოფილმა წარმომადგენელმა, დანი შოჰანმა „ვაშინგტონ თაიმსთან“ სკანდალური განცხადება გააკეთა და იეჭვა, რომ ახალ ბიოლოგიურ იარაღზე მუშაობას ადგილი, სწორედ იმ ლაბორატორიაში ჰქონდა, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ და რომელიც ამ მიმართულებით, მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვან ინსტიტუტად ითლება. 

„კორონავირუსი, ბიოლოგიური იარაღის შექმნის საიდუმლო პროგრამის მიხედვით წარმოიშვა უხანის ლაბორატორიაში. სხვათა შორის, 2015 წელს, ამ ლაბორატორიაზე რეპორტაჟი მომზადდა, რომელშიც დეტალურად იყო აღწერილი, თუ რა მიმართულებებზე აკეთებს ეს ორგანიზაცია აქცენტს“, _ ამბობს ებრაელი სპეცსამსახურელი შოჰანი, რომელიც ამერიკული მედიის ცნობით, წლების განმავლობაში, ისრაელის სამხედრო დაზვერვის უფროსი ანალიტიკოსი იყო და ბიოლოგიური იარაღის შექმნასთან დაკავშირებულ სხვადასხვა წყაროსთან უშუალო შეხება ჰქონდა. 

სხვათა შორის, ჯერ კიდევ 2019 წლის მიწურულს, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა იეჭვა, ჩინეთში შესაძლოა, საიდუმლო პროგრამების განხორციელება და ბიოლოგიური იარაღის შექმნაზე ექსპერიმენტები მიმდინარეობდესო. 

„მართალია, მაშინ ჩინეთმა აშშ-ს ეს ეჭვი კატეგორიულად უარყო, მაგრამ დღეს უკვე ექსპერტების დონეზე მიდის საუბარი, რომ ახალმა ვირუსმა ზუსტად უხანის ლაბორატორიიდან მაშინ გამოაღწია, როცა იქ მსგავსი ექსპერიმენტები მიმდინარეობდა“, _ ვკითხულობთ მსოფლიოს სხვადასხვა გავლენიანი გამოცემების სტატიებში. 

ეჭვს რომ ახალი კორონავირუსი, შესაძლოა, ხელოვნურად შექმნილი ბიოლოგიური იარაღი იყოს, ქართველი სპეციალისტებიც იზიარებენ. ასე, მაგალითად, თერაპევტი და მეცნიერი ჯაბა ტყემალაძე ერთ-ერთ ქართულ მედიასაშუალებასთან ინტერვიუში უშვებს ალბათობას, რომ კორონავირუსი საბრძოლო ვირუსია, რომელიც ხელოვნურად კანადის გასაიდუმლოებულ ლაბორატორიაში მონღოლოიდური რასის მამაკაცების გასანადგურებლად შეიქმნა, შემდეგ კი, ვირუსის ნიმუშები რამდენიმე ლაბორატორიაში იქნა გაგზავნილი, რათა ომის დროს ისე ყოფილიყო გამოყენებული, როგორც ბიოლოგიური იარაღი. 

„ზუსტად საიდან მოიპარეს ჩინელებმა, რა გზით მოხვდა ვირუსი უხანის ლაბორატორიაში, ან საიდან გაჟონა მოსახლეობაში, ჯერჯერობით დაუდგენელია. არადა, საყურადღებოა, რომ უხანის ლაბორატორიის მეცნიერებმა ღამურიდან კორონავირუსის ადამიანზე გავრცელების შესაძლებლობაზე წლების წინ დაიწყეს საუბარი ანუ შეიძლება ითქვას, რომ ამერიკელი და ჩინელი მეცნიერები დაახლოებით, 15 წელი მუშაობდნენ ბიოლოგიურ იარაღზე, რომელიც კაცთმოძულეთა ჯგუფს საშუალებას მისცემდა, გაენადგურებინა ადამიანთა მებრძოლი ნაწილი ბრძოლისუნარიანი მამაკაცების სახით. 

მეცნიერული სტატიების, გასაიდუმლოებული ლაბორატორიებიდან გამოჟონილი ინფორმაციებისა და მსოფლიო პრესაში დაწყებული კამპანიის ანალიზით შეიძლება ითქვას, რომ კორონავირუსი, რომელიც მალე მსოფლიოში პანდემიას გამოიწვევს, შექმნილია ამერიკელი, კანადელი და ჩინელი მეცნიერების მიერ, კაცთმოძულე მსოფლიო მმართველთა ინტერესების გათვალისწინებით. 

ყველაზე სანდო და კომპეტენტური მეცნიერები პერმანენტულად აქვეყნებენ კვლევებს სამეცნიერო ჟურნალებსა და გავლენიან ინტერნეტგამოცემებში, სადაც საუბარია კორონავირუსიდან მომდინარე საფრთხეზე, რაც მსოფლიოს მალე შეექმნება. ეს პროცესი ხელოვნური და მართვადია, სახეზე გვაქვს მესამე მსოფლიო ომის ერთ-ერთი ფაზა, სადაც ბიოლოგიური იარაღი იქნა გამოყენებული“, – აცხადებს ჯაბა ტყემალაძე, რომლის აზრსაც პოლიტოლოგი ჰამლეტ ჭიპაშვილიც იზიარებს. 

ჭიპაშვილი თქმით, ბიოლოგიური იარაღი ისეთივე საშიშია, როგორც მასობრივი განადგურების სხვა იარაღი: 

„მართლაც, რა მნიშვნელობა აქვს, ადამიანი ატომური ბომბით უცებ მოკვდება, თუ დროში გაწელილი ავადმყოფობით? ყველაფერ ამის უკან პოლიტიკურ-ეკონომიკური პროცესები დგას, რომლის შედეგებსაც, ალბათ, მალე ყველა დავინახავთ.“ 

ახალი კორონავირუსი რომ მსოფლიოს და, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკასაც ჩამოქცევის პირას მიიყვანს, ამის თაობაზე ვრცლად სხვა დროს ვისაუბროთ. ახლა კი, მოდით, ეკონომიკას თავი დავანებოთ და ისევ შეთქმულების თეორიებს გავყვეთ. 

შეთქმულების ერთ-ერთი თეორიის თანახმად, კორონავირუსის გავრცელება „წინასწარ დაგეგმილი სცენარით“ მოხდა ანუ ჯორდან სათერმა გაავრცელა მოსაზრება, რომ ვირუსის მასობრივი გავრცელება, სენატში დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესის დაწყებას სპეციალურად დაამთხვიეს. 

სათერსი მტკიცებულებად Aასახელებდა ფარმაკოლოგიურ კომპანიას, რომელსაც მინიჭებული აქვს კორონავირუსის კვლევის უფლება და დაკავშირებულია ბილ და მელინდა გეიტსების ფონდთან. 

სხვათა შორის, თავის დროზე, ამ კომპანიამ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ კომპანიის „სტაფი“ ინფექციური ბრონქიტის ვირუსს იკვლევს, რომლითაც დაავადება ღორებსა და ფრინველებს სჩვევიათ, თუმცა არა _ ადამიანებს. 

რაც შეეხება ისრაელის დაზვერვის ყოფილ მაღალჩინოსანს, რომლის განცხადებითაც, პრაქტიკულად, სათავე დაედო იმ ეჭვს, რომ კორონავირუსი ხელოვნურად შექმნილი ბიოლოგიური იარაღია, „ვაშინგტონ პოსტი“ ებრაელ სპეცსამსახურელთან საუბრის შემდეგ, დარგის ექსპერტებს დაუკავშირდა, რომლებმაც გამოცემას განუცხადეს, რომ კორონავირუსის გენომის გათვალისწინებით, მისი ხელოვნური წარმოშობის ალბათობა არ არსებობს. 

„მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროფესორმა ვიპინ ნარანგმა დაწერა, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, თითქოს კორონავირუსი ბიოლოგიური იარაღია და ასე რომ ყოფილიყო, ცუდი იქნებოდა, რადგანაც კარგი ბიოლოგიური იარაღი უფრო ძლიერი უნდა იყოს და ასე მარტივად არ უნდა ვრცელდებოდეს“, _ ესეც ამონარიდია ერთ-ერთი გავლენიანი დასავლური გამოცემის სტატიიდან. 

რაც შეეხება სხვა მითებსა და კონსპირაციებს, რომლებიც კორონავირუსთანაა დაკავშირებული, მაშინვე, როგორც კი უხანში ამ ვირუსმა იფეთქა, თაღლითებმა ხალხში გაჩენილი პანიკის სათავისოდ გამოყენება სცადეს ანუ ერთ-ერთ უკრაინულ საიტზე გაჩნდა ინფორმაცია, რომ კორონავირუსის სამკურნალო „ვაქცინის“ შეძენა 2500 გრივნად _ 100 ამერიკულ დოლარად იყო შესაძლებელი. 

ამასთან, ამ ვითომ ვაქცინის აღწერაში თაღლითებმა მიუთითეს, რომ ის „ისრაელში, საუკეთესო სპეციალისტებმა“ შეიმუშავეს. 

ასევე, უკრაინელებს თაღლითები სთავაზობდნენ, შეეძინათ პირბადეები, რომელიც კონკრეტულად კორონავირუსისგან დაცვის ფუნქციით იყო აღჭურვილი. 

კორონავირუსით სპეკულირება საქართველოშიც დაიწყო. კერძოდ, ქართულ ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „კორონას“ ბანანში თითქოს სპეციალურად „უშვებდნენ“ და შემდეგ, სხვადასხვა ქვეყანაში ავრცელებდნენ. 

კორნავირუსით „ინფიცირებული“ ბანანის შესახებ გავრცელებული ეს ფეიკინფორმაცია წმინდა რუსული წარმოშობის გახლდათ ანუ თავდაპირველად, რუსულ ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვირუსული ცნობა, რომლითაც ადამიანებს მოუწოდებდნენ, რომ ბანანის, განსაკუთრებით, სამხრეთიდან ჩამოტანილის, ჭამაზე უარი ეთქვათ. 

ამას გარდა, „ფეისბუქის“ ერთ-ერთმა ყალბმა გვერდმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უფანგის ბრინჯი, წინასწარმეტყველების ორცხობილები თუ „რედ ბული“, თითქოს კორონავირუსის მატარებელია. ეს ფეიკინფორმაცია მსოფლიოს იმდენად სწრაფად მოედო, რომ ახალი სამხრეთ უელსის შტატის შესაბამისი უწყება იძულებული გახდა, ოფიციალური განცხადება გაევრცელებინა და ეთქვა, ეს ცნობა ყალბიაო. 

კორონავირუსზე სხვა მითებიც გავრცელდა. ასე, მაგალითად, ითქვა, რომ კორონა მოკვდება, თუკი მთელ სხეულს სპირტით ან ქლორით დაიმუშავებთ. ითქვა ისიც, რომ ახალ კორონავირუსს თითქოს ულტრაიისფერი სადეზინფექციო ნათურა თუ თერმული სკანერები კლავს და კორონასგან პნევმონიის აცრა, ნატრიუმის ქლორიდით (ფიზიოლოგიური ხსნარი) ცხვირის რეგულარულად გამორეცხვა და ნივრის რეგულარული ჭამა დაგვიცავს, თუმცა საბოლოოდ, გაირკვა, რომ ყველაფერი ეს მითია. 

ამასთან, სპეციალისტებმა ისიც განმარტეს, რომ ახალ კორონავირუსთან საბრძოლველად მაინცდამაინც ეფექტური არც ნაკურთხი წყალია, თუმცა აქ არსებობს ერთი „მაგრამ“: მოგეხსენებათ, რწმენას და ასევე ლოცვას, როგორც დადებით ენერგიას, დიდი ძალა აქვს. შესაბამისად, ადამიანებს, რომელთაც სჯერათ, რომ ნაკურთხი წყლითა და ლოცვით „მომაკვდინებელ ვირუსს“ „საიქიოში“ გაისტუმრებენ, ცხადია, ვერ დავუშლით და ვერც ავუკრძალავთ, რომ საკუთარ რწმენაზე უარი თქვან, თუმცა ლოცვის პარალელურად, მინიმუმ, პროფილაქტიკისთვის მაინც, კარგი იქნება, რომ პირადი ჰიგიენის ელემენტარული წესები დავიცვათ ანუ ხელები (და არა მარტო) ხშირად დავიბანოთ და თუკი ვიგრძნობთ, რომ ოდნავი სურდო გვაქვს, სამსახურში სიარულით თავი არ მოვიკლათ. 

ერთი სიტყვით, გავუფრთხილდეთ საკუთარ თავს და სხვების ჯანმრთელობაზეც ვიზრუნოთ! ამასობაში კი, დაცხება და, როგორც ამბობენ, კორონას სწორედ მზე გამოუტანს განაჩენს, თუმცა ჩვენთვის რომ ვთქვათ, ახალი კორონავირუსი მაინცდამაინც მზის სხივებს არ უნდა ერიდებოდეს. თუ ასეა, მაშინ იგივე ირანში, მკაცრი ზამთარი არასოდესაა და საინტერესოა, ჩვენს მეზობელ ქვეყანას თანამედროვე „შავი ჭირი“ რატომ მოედო? 

მოკლედ, კითხვა, უფრო სწორად, უპასუხო კითხვა ბევრია. ჰოდა, სანამ „ზეპურნი“ ამ კითხვებზე ამომწურავ პასუხებს გაგვცემენ, თვითგადარჩენის ინსტიქტი ავიმუშაოთ და არც პანიკას მივეცეთ, რადგან ადამიანის ყველაზე დიდი მტერი, სწორედ პანიკაა! 

გახსოვდეთ: ადამიანს კორონავირუსი ან რომელიმე სხვა დაავადება კი არა, შიში და პანიკა კლავს! ასე რომ, ჯანმრთელობას გისურვებთ!

ნინო დოლიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში