Menu
RSS

„ჩვენ გვეყოლება პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე, მერვე და მეცხრე რანგის მოხელე“

200 000 ახალი სამუშაო ადგილი, ლარის გაუფასურების დასასრული და უგზო-უკვლოდ დაკარგული საბჭოთა ანაბრები _ „ოცნების“, „გირჩისა“ და „პატრიოტების“ ეკონომიკური დაპირებები

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე კვირანახევარი რჩება. მართალია, ახლადარჩეული პარლამენტის პირველ სხდომამდე, დაახლოებით, ერთი თვე გვაშორებს, მაგრამ მას შემდეგ, რაც საარჩევნო უბნებს დახურავენ, ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, გამარჯვებულთა ვინაობასაც შევიტყობთ. ნებისმიერ შემთხვევაში, პარტიების წინასაარჩევნო მარათონი ლოგიკურ ფინალს უახლოვდება, პოლიტიკური დუღილის ტემპერატურაც მატულობს და, ცხადია, ცალკეული ლიდერებისა თუ დეპუტატობის მაჟორიტარი კანდიდატების წინასაარჩევნო დაპირებებიც მედიით სულ უფრო ხშირად გვესმის. რამდენიმე პარტიის წინასაარჩევნო პროგრამების ეკონომიკური მიმოხილვა ,,ვერსიამ’‘ უკვე შემოგთავაზათ, ახლა კი ,,ქართული ოცნების’‘, ,,გირჩისა’‘ და პატრიოტთა ალიანსის დაპირებებს გავეცნოთ.

ერთად, საქართველოს წარმატებისკენ! 

 

ეს ,,ქართული ოცნების’‘ წინასაარჩევნო სლოგანია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. რაც შეეხება საარჩევნო პროგრამას, წელს, მმართველმა პარტიამ ეს მოვლენა ერთგვარი ღონისძიებით აღნიშნა. პროგრამის ძირითადი მიმართულებები მთავრობის წევრებმა წარადგინეს, რაც იმავდროულად, რვაწლიანი ანგარიში იყო, რომელსაც სამომავლო გეგმების სახით, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში განსახორციელებელი პროექტები და რეფორმები ახლდა. 

,,ვერსია’‘ ამ პროგრამის ეკონომიკური ნაწილით დაინტერესდა, რაც როგორც აღვნიშნეთ, მთავრობის ეკონომიკური ბლოკის მინისტრებმა წარადგინეს. ვნახოთ, რა ეკონომიკურ კეთილდღეობასა და სიკეთეებს გვპირდება მმართველი პარტია. 

დავიწყოთ ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის ანგარიშით. აქ მნიშვნელოვანი ისაა, რომ 2012 წლიდან, ქვეყანაში ის ეკონომიკური რეფორმები გატარდა, რომელთა შედეგადაც, ყველა საერთაშორისო ეკონომიკურ რეიტინგში, საქართველოს პოზიციები არსებითად გაუმჯობესდა. 

ივანე მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, ურთულესი საერთაშორისო ეკონომიკური კონტექსტისა და ეკონომიკური ტენდენციების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკამ მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადა. მისივე თქმით, 2012 წლიდან, ქართული ეკონომიკა გაორმაგდა და 26-დან 50 მილიარდამდე გაიზარდა. 

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ისაა, რომ 2024 წლამდე, დამატებით, 200 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება. წარმატებით შესრულდება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება. ივანე მაჭავარიანის განცხადებით, დასრულდება სახელმწიფო საწარმოების, დამატებითი ღირებულების გადასახადის _ დღგ ავტომატური დაბრუნების, კაპიტალის ბაზრის, საპენსიო, წიაღის, გადახდისუუნარობის, მეწარმეთა შესახებ კანონის, ენერგეტიკისა და საგადასახადო დავების რეფორმები. 

შედეგად, ქართული ეკონომიკა უკვე მომავალ, 2021 წელს, პანდემიამდე ნიშნულს დაუბრუნდება, 2024 წლამდე კი, სულ მცირე, 40%-ით გაიზრდება. ყველაფერი ეს, მეტ კეთილდღეობას ნიშნავს თითოეული ოჯახისთვის. მეტიც, ესაა საქართველოს ეკონომიკის ინტეგრაცია ევროპის ეკონომიკურ სივრცესთან. 

2024 წელს, უწყვეტი წყალმომარაგებით საქართველოს მოსახლეობის 77% ისარგებლებს, არადა, 2012 წლამდე, მხოლოდ 25% სარგებლობდა. 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განმარტებით, 2024 წლამდე, დამატებით, 400 დასახლების გაზიფიცირება იგეგმება. შედეგად, 1 400 000-მდე ოჯახი ბუნებრივი აირით ისარგებლებს, ქვეყნის გაზიფიკაციის დონე კი 90%-ს გადააჭარბებს. 

დამატებით, ათასამდე დასახლებაში მცხოვრებ ნახევარ მილიონ ადამიანს ექნება წვდომა სწრაფ ინტერნეტზე. 

კვლავ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მაღალმთიანი და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებს. 

მაია ცქიტიშვილის თქმითვე, რეგიონებში ახალი შესაძლებლობების გაჩენის მიზნით, გაგრძელდება დასახლებების კომპლექსური განახლების პროექტები, რაც მიზნად ისახავს ისეთი მიზიდულობის ცენტრების შექმნასა და განვითარებას, როგორებიცაა აბასთუმანი, წყალტუბო, მესტია, ველისციხე, კობი, თრუსოს ხეობა. 

მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ათასობით პროექტი განხორციელდება _ აშენდება 200 კმ. ავტობანი და დასრულდება რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალი, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის სხვა მონაკვეთების მშენებლობა, თბილისიდან ბათუმში 3.5 საათში შევძლებთ უსაფრთხო ჩასვლას. ეს ნიშნავს, რომ თავისი ჩქაროსნული მაგისტრალებით, საქართველო შეძლებს, ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სავაჭრო და ლოგისტიკური ცენტრი გახდეს. 

2024 წლამდე, დასრულდება ბაღდათი-აბასთუმნის, საჩხერე-ონის, ბათუმი-ახალციხის, თბილისი-საგარეჯოს, ბაკურციხე-წნორის, გურჯაანის შემოვლითი გზისა და სხვა ახალი გზების მშენებლობა, რითაც ბიძგი მიეცემა რეგიონების განვითარებას, შეიქმნება ახალი ტურისტული მარშრუტები და ახალი კავშირები. 

რაც მთავარია, რეაბილიტაცია ჩაუტარდება 1 500 კმ. გზას, 200-ზე მეტ ხიდსა და გვირაბს. შედეგად, 2024 წლისთვის, ქვეყანაში საერთაშორისო მნიშვნელობის გზების 95% და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების 85% სრულად მოწესრიგდება. 

ახალი გზების მშენებლობის გარდა, 2021-2024 წლებში, 6 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება რეგიონებში, რათა მუნიციპალური და სხვა საბაზისო ინფრასტრუქტურა განვითარდეს. 

აშენდება ახალი სპორტის სასახლე თბილისში, რომელიც 2022 წელს, EURO BASKET-ს უმასპინძლებს, აშენდება სპორტის სასახლეები, მასობრივი სპორტული ობიექტები, სპორტული მოედნები და დარბაზები; გაგრძელდება მუზეუმების რეაბილიტაცია და მათი აღჭურვა თანამედროვე სტანდარტებით. 

მომდევნო წლების განმავლობაში, შეიქმნება 180 000 ჰა-ზე მეტი ახალი დაცული ტერიტორია. გარდა ამისა, ბუნებრივ რესურსებზე, ასევე, ტყეზე ზეწოლის შემცირებისა და მწვანე ტყის ნარჩენის ეფექტიანი გამოყენების მიზნით, წახალისდება ალტერნატიული საწვავის, მათ შორის, ბიომასის გამოყენება. ხელი შეეწყობა ტყის რეკრეაციული მიზნით გამოყენებას, ეკოტურიზმის განვითარებას. გაგრძელდება ტყის მდგრადი მართვის პრინციპების დანერგვა. საწარმოებისთვის შეიქმნება თანამედროვე, ევროპული გარემოსდაცვითი სტანდარტები, რაც იმის საწინდარია, რომ გარემოს დაბინძურება მინიმუმამდე დავიდეს. 

ასაკობრივი პენსია ეტაპობრივად, 300 ლარამდე გაიზრდება, სხვადასხვა კატეგორიისთვის კი _ 400 ლარამდე; 130 000-ზე მეტი დევნილი ოჯახი საცხოვრებელი ფართით იქნება უზრუნველყოფილი. 

2024 წელს, საქართველო 10.5 მილიონ საერთაშორისო მოგზაურს უმასპინძლებს, ეკონომიკაში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი კი 6 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდება! 

ტურიზმის გარდა, სოფლის მეურნეობის განვითარება კვ¬ლავ ,,ქართული ოცნების’‘ პრიორიტეტად რჩება. შესაბამისად, სოფლის მეურნეობის განვითარებაში, სახელმწიფო, დაახლოებით, მილიარდ ლარზე მეტს დახარჯავს და განახორციელებს სოფლის მეურნეობის განვითარების მასშტაბურ, ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას. 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, სახელმწიფო გააგრძელებს მრავალწლიანი კულტურების შემდგომი გაშენების, გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების სათბურების შექმნას, ასევე, მოსავლის ამღები ტექნიკისა და მეცხოველეობის განვითარების მხარდაჭერას. 

აქტიურად გაგრძელდება ახალი ბაზრების ათვისება და არსებულ ბაზრებზე საქართველოს პოზიციების განმტკიცება. 

მომდევნო სამი წლის განმავლობაში, ხელისუფლება მიწის ბალანსს შეადგენს, მიწის რესურსებს აღრიცხავს და 1 200 000 ჰა-ს სისტემურ რეგისტრაციასაც განახორციელებს, რაც სოფლის მეურნეობისა და სასოფლო მიწის ბაზრის განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობა იქნება. 

გაიზრდება შრომის ანაზღაურება საბავშვო ბაღებში დასაქმებულთათვის; გაიზრდება უმაღლესი განათლების დაფინანსება და ჩამოყალიბდება დაფინანსების კონცეპტუალურად ახალი მოდელი; ხელი შეეწყობა საზღვარგარეთ მოღვაწე აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის ქართულ სამეცნიერო სივრცესთან თანამშრომლობას; დაფინანსდება ინოვაციური პროექტები, დაინერგება ციფრული უნარების პროგრამები. 

2024 წლამდე, გაფართოვდება ფოთის პორტი და PASE GROUP-ის ახალი ტერმინალი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, რეგიონალურ სატრანსპორტო დერეფანში, საქართველო საკუთარი როლის განმტკიცებას განაგრძობს. 

მისივე თქმით, შავი ზღვის საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, APM ტერმინალის პროექტის ფარგლებში, ფოთის პორტი გაფართოვდება, აშშ-ის მთავრობის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციასთან თანამშრომლობით კი, PACE GROUP-ის ახალი ტერმინალი აშენდება. 

მეტიც, სახელმწიფო ხელს შეუწყობს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ, კონსტიტუციური მნიშვნელობის ამოცანად განისაზღვრა. 

თურნავას თქმით, სახელმწიფო კერძო სექტორის მხარდამჭერ პროექტებს კვლავაც დააფინანსებს. კერძოდ, გაფართოვდება პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში’‘, რაც სულ მცირე, 20 000-მდე ახალ სამუშაო ადგილს შექმნის. ამავე პროგრამის ფარგლებში, უკვე 600-ზე მეტი პროექტი დაფინანსდა, 6 000-ზე მეტმა ბენეფიციარმა მიიღო მიკროგრანტი და 34 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა! 

სახელმწიფო ხელს შეუწყობს ქართული კინოპროდუქციის შექმნას და საერთაშორისო კინოინდუსტრიის დაინტერესებას საქართველოსთან თანამშრომლობით. 

რაც შეეხება საქართველოს ენერგოუსაფრთხოებას, ნათია თურნავას თქმით, ენერგეტიკის სფეროში, უკვე 100-ზე მეტი მემორანდუმი გაფორმდა სხვადასხვა სიმძლავრისა და ტიპის ელექტროსადგურის ასაშენებლად, რომელთა ჯამური სიმძლავრე 3 700 მეგავატამდეა. 

მეტიც, დაგეგმილია ქარის, მზის, ბიომასის ენერგიის განვითარება და სხვა ახალი ტექნოლოგიების დანერგვა. მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდება ენერგოეფექტურობის გაძლიერებაზე. 

2024 წლისთვის, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, მასშტაბური მიწისქვეშა გაზსაცავი აშენდება, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კი _ 745 კმ. სიგრძის ახალი ელექტროგადამცემი ხაზები. 

ბოლო წლებში, ექსპლოატაციაში შევიდა 42 ელექტროსადგური _ ჯამური 1 150 მეგავატი დადგმული სიმძლავრით, არადა, წინა წლებში, ეს მაჩვენებელი 80 მეგავატს არ აღემატებოდა.

 

„გირჩის“ ანტისაბჭოური პროგრამა _ მიწები ფერმერებს! 

პირდაპირ ეთერში მარიხუანას კულტივირების, გასაბერი ეკლესიის, `შმაქსისა~ და ზოგადად, ყოველგვარი რეგულაციის საწინააღმდეგო ორიგინალური კლიპების შემქნელებისგან, ყველა პარტიისგან გამორჩეული და კრეატიული წინასაარჩევნო კამპანია გასაკვირი არ ყოფილა. ამიტომ, `გირჩის~ წინასაარჩევნო პროგრამასა და განსაკუთრებით, მის ეკონომიკურ ნაწილს, არ დაგიმალავთ და, დიდი ინტერესით ველოდი. 

ვერ გეტყვით, რომ სასიამოვნოდ გავოცდი, მაგრამ ეს პროგრამა მაინც გამორჩეულია და აგიხნით, რატომაც: ოპოზიციასთან ერთად, `გირჩი~ შეთანხმდა, რომ ქვეყანაში ერთპიროვნული და ერთპარტიული მმართველობა დასრულდება. მოქალაქეები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მოსამართლეებსა და პოლიციის უფროსებს თავად აირჩევენ (პრინციპში, აშშ-ში ზუსტად ასეა, _ ავტ.). ასე მივიღებთ სისტემას, რომლის მართვის სადავეებიც ერთი ადამიანის ხელში არ იქნება. 

რაც შეეხება პროგრამის ეკონომიკურ ნაწილს, პარტიები ამაზეც შეთანხმდნენ. 

რესტიტუცია _ დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთები, რომელიც ადამიანების ფაქტობრივ მფლობელობაშია და არავინ ედავება, უნდა დარეგისტრირდეს მფლობელის საკუთრებად; დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთები, რომელიც ფაქტობრივად სასოფლო თემის ან სოფლის მოსახლეობის საერთო მფლობელობაშია და ამ ნაკვეთების მიმართ არ არსებობს სხვა ადამიანების პრეტენზია, უნდა დარეგისტრირდეს სოფლის/თემის საკუთრებად; სახელმწიფო ქონება და წიაღისეული, გარდა განსაკუთრებული გამონაკლისი შემთხვევებისა, ნაწილდება საქართველოს მოქალაქეებზე თანაბრად. 

მთავრობისა და ბიუროკრატიის შემცირება _ არაუგვიანეს 2024 წლის ბოლომდე, მთავრობის ზომა არ უნდა აღემატებოდეს მთლიანი შიდა პროდუქტის 20%-ს; ხელისუფლებაში მოსვლის მომენტიდან, 100 დღის ვადაში, ეროვნული ვალუტის გაუფასურების პრევენციის მექანიზმები უნდა შემუშავდეს. 

განათლება _ კერძო განათლების სფერო სახელმწიფო რეგულაციებისგან უნდა გათავისუფლდეს; აუცილებელია საჯარო სკოლების ფინანსური და მმართველობითი ავტონომია. 

თავად ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, წინასაარჩევნო პროგრამის ეკონომიკურ ნაწილს ასე აფასებს: 

„ბევრი კამათი და აზრთა სხვადასხვაობა იყო, ამიტომ რაღაც თვალსაზრისით, კონსესუსური ვერსიაა, მარგამ საბოლოო ჯამში, პრინციპების მხრივ, ძალიან კარგი დოკუმენტია და თუ ვინმეს პარლამენტში მოხვედრის შემდეგ, უარის თქმა მოუნდება, ეს დოკუმენტი იქნება დასტური, რომ ეს პუნქტები უნდა შესრულდეს. ამ შეთანხმებების პუნქტების აღსრულება, ხელს შეუწყობს საბჭოთა საქართველოს დასრულებას“. 

ოპოზიციის შეთანხმების პირველი მემორანდუმი 13 მარტს გაფორმდა და ის სასამართლო სისტემის რეფორმას ეხებოდა. მეორე ეტაპი _ სამართლის ნაწილს. 

პატრიოტთა ალიანსი _ საბჭოთა ანაბრები ხალხს! 

პატრიოტთა ალიანსი ერთადერთი პარტიაა, რომელიც მოსახლეობას დაკარგული საბჭოთა ანაბრების დაბრუნებას პირდება, თუმცა მანამდე, საკადრო რეფორმის ინიციატივით გამოდის. 

საკადრო რეფორმა _ დავაფასოთ ცოდნა და გამოცდილება, დავაფასოთ პროფესიონალები! ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, რომ ყველა სფეროში, სახელმწიფოს ეყოლება უმაღლესი ანუ პირველი რანგის მოხელე, მეორე რანგის მოხელე, მესამე რანგის მოხელე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე, მერვე და უმდაბლესი _ მეცხრე რანგის მოხელე; ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, რომ მინისტრი შეიძლება იყოს მხოლოდ პირველი რანგის, უკიდურეს შემთხვევაში, მეორე რანგის მოხელე. მინისტრის მოადგილე _ მესამე რანგის მოხელე, სამსახურის უფროსი _ მეოთხე რანგის მოხელე, განყოფილების გამგე _ მეხუთე რანგის და აშ. მორიგი უფრო მაღალი რანგი, ადამიანს უნდა მიენიჭოს მისი პროფესიული ღვაწლიდან, საზოგადოებრივი აქტიურობიდან და ქვეყნის წინაშე დამსახურებიდან გამომდინარე. 

ეს მოგვცემს იმას, რომ შემთხვევით და უცოდინარი ადამიანები აღარ მოგვევლინებიან მინისტრებად. ეს მოგვცემს იმას, რომ მცოდნე ადამიანებს აღარ გააგდებენ სამსახურებიდან. 

მუნიციპალური ბინათმშენებლობა _ აუცილებელია მუნიციპალური ბინათმშენებლობა, რაზეც ბიუჯეტის 4% უნდა გამოიყოს. ასე ხდება ყველა ქვეყანაში. ბინები უნდა მიიღონ ისეთმა ოჯახებმა, რომლებიც თავის თავს ვერასდროს უზრუნველყოფენ, ასევე, ახალგაზრდა ოჯახებმა, რომელთაც ბინის შეძენის არანაირი საშუალება არ აქვთ. 

ზოგ შემთხვევაში, ბინა უნდა გადაეცეს მეპატრონეს სრულიად უფასოდ. სხვა შემთხვევაში, ეს უნდა იყოს 20-30-40-წლიანი განვადება ყოველგვარი პროცენტების გარეშე. ამის შესაძლებლობა აქვს სახელმწიფოს. 

ანაბრები _ საბჭოთა კავშირის დაშლისას, უამრავმა ადამიანმა დაკარგა თავისი ანაბარი. სახელმწიფო დაპირდა ხალხს თანხის ანაზღაურებას, მაგრამ როგორც ყოველთვის, მოატყუა. ჩვენ უნდა შევადგინოთ ათწლიანი გრაფიკი და დავუბრონოთ ხალხს თავისი ფული. უპირველეს ყოვლისა, უნდა დავაკმაყოფილოთ ყველაზე ასაკოვანი ადამიანები, პენსიონერები, ლტოლვილები, ვეტერანები. სახელმწიფო არ უნდა ატყუებდეს ხალხს. 

პენსია _ საქართველოში საპენსიო ასაკი უნდა დაიწიოს, მამაკაცებისთვის _ 60 წლამდე, მანდილოსნებისთვის _ 55 წლამდე. თუ მოქალაქეს არ სურს პენსიაზე გასვლა, მას უნდა ჰქონდეს მუშაობის უფლება 70-75 წლამდე, განსაკუთრებით, თუ მასწავლებელი ან ექიმია. 

ამასთან, პენსია მნიშვნელოვნად უნდა აღემატებოდეს საარსებო მინიმუმს და უზრუნველყოფდეს ღირსეულ ცხოვრებას. სახელმწიფო საპენსიო გადასახადი ყველასთვის სავალდებულო უნდა იყოს. თითოეული მოქალაქე სახელმწიფო პენსიას მისი პროფესიის, კვალიფიკაციისა და სტაჟის შესაბამისად უნდა იღებდეს. პენსიონერებმა, სიცოცხლისთვის საჭირო მედიკამენტები უფასოდ უნდა მიიღონ. 

სოფლის მეურნეობა _ 30 წლის წინ, საქართველო ასობით ათას ტონა მარცვლეულს, ბოსტნეულს, ციტრუსს, ყურძენსა თუ სხვა ხილს აწარმოებდა, რომელიც საბჭოთა რესპუბლიკებში იყიდებოდა. 

30 წლის წინ, საქართველო წელიწადში, საშუალოდ, 700 ათას ტონა მარცვლეულს აწარმოებდა და საბჭოთა პერიოდში, ქართული ხორბალი იტალიაშიც გაჰქონდათ. ამჟამად, საქართველო წელიწადში, საშუალოდ, 300 ათას ტონას აწარმოებს. 

წარმოების ზრდის ნაცვლად, ჩვენ საკუთარი მოხმარებისთვის, საშუალოდ, 650 ათასი ტონა მარცვლეული უცხოეთიდან შემოგვაქვს და ქვეყნიდან ყოველწლიურად, დაახლოებით, 400 მილიონი ლარი გადის. 

ოჯახური ბიზნესი _ დღეს ლურსმანი, პლასტმასის მილი, მუყაოს ყუთი და უამრავი მსგავსი პროდუქცია უცხოეთიდან შემოგვაქვს. ამ რაოდენობაზე მეტის წარმოება შესაძლებელია საქართველოში და ამისათვის მხოლოდ 90 დანადგარია საჭირო. ერთი ასეთი დანადგარი წელიწადში, დაახლოებით, 250 000 ერთეულ პლასტმასის ბოცას, ბოთლსა და ანალოგიურ პროდუქტს აწარმოებს, ერთი ასეთი დანადგარის მოვლა და მართვა ერთ ოჯახსაც შეუძლია. სახელმწიფომ უნდა აიღოს ვალდებულება და შეიძინოს 90 ასეთი დანადგარი, შეარჩიოს 90 ოჯახი და მათ ეს დანადგარები აჩუქოს. 

ამგვარად, 90 ოჯახს თავისი მცირე ოჯახური ბიზნესი გაუჩნდება, ხოლო ერთი ასეთი დანადგარი თითოეულ ოჯახს ყოველთვიურად, დაახლოებით, 4 500 ლარს მოუტანს. თუ სახელმწიფო ამგვარ მიდგომას განახორციელებს, მაშინ უცხოეთიდან მსგავსი პროდუქციის შემოტანა საქართველოში საჭირო აღარ იქნება. 

ჩვენ, „პატრიოტთა ალიანსი“, შევქმნით სპეციალურ სააგენტოს, რომელიც ამ დანადგარებს შემოიტანს, ათი ათასობით ოჯახს აჩუქებს და მათ გამოყენებას ასწავლის. ამის შედეგად, უცხოეთიდან მსგავსი პროდუქციის შემოტანაზე ასეულობით მილიონი დოლარი აღარ დაიხარჯება, ხოლო ჩვენი, ქართული ოჯახები ამ პროდუქციას თავად შექმნიან და იმპორტს ჩაანაცვლებენ... 

და ბოლოს, პატრიოტთა ალიანსი წვრილი და საშუალო ბიზნესისთვის ფიქსირებულ გადასახადს შემოიღებს იმის მიხედვით, რომელ სოფელში, რომელ ქალაქში ან ქალაქის რომელ უბანში საქმიანობს იგი, რამდენი ადამიანი ჰყავს დასაქმებული ან რა ზომის ფართს იყენებს.

მაია მიშელაძე

 

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში