Menu
RSS

რა აკავშირებს სანდრო ბრეგაძეს რუს დეპუტატთან _ „მარშის“ ლიდერი სკანდალური ჩანაწერის დეტალებზე

„თავი დავიმდაბლე, მაგრამ... ყველასთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოვადგენ!“

წლევანდელ საარჩევნო კამპანიას პატარ-პატარა სკანდალები ახლავს. ასე მაგალითად, ქართული მარშის საარჩევნო სიის პირველი ნომერი, სანდრო ბრეგაძე, გლდანში კენჭს აღარ იყრის _ პოლიტიკოსმა ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა: 

„მოგეხსენებათ, რომ გლდანში დავაყენე ჩემი კანდიდატურა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად!!! გულუბრყვილოდ მქონდა ილუზია, რომ ყველა ეროვნული ძალა გვერდით დამიდგებოდა!!! ეტყობა, მოხდა დისკომუნიკაცია და ჩემმა მეგობრებმა პატრიოტთა ალიანსიდან, დააყენეს თავიანთი კანდიდატურა ჩემს წინააღმდეგ!!! სიმართლეს ვიტყვი _ ამას არ ველოდი!!! ამიტომ კიდევ მე დავიმდაბლებ თავს და ვხსნი ჩემს კანდიდატურას გლდანის საარჩევნო ოლქში, რათა არ შევუშალო ხელი ჩვენ ბრძოლას ლიბერასტების წინააღმდეგ!!! მხოლოდ ერთიანობით მიიღწევა გამარჯვება და ჭირსაც წაუღია პარლამენტარის მანდატი!!!“... 

მას შემდეგ, რაც კანდიდატურა მოხსნა, მარშის ლიდერი კიდევ ერთ ახალ სკანდალში გაეხვა _ „ტვ პირველმა“ გაავრცელა ფარული სატელეფონო ჩანაწერი, რომელშიც სანდრო ბრეგაძე და რუსი დეპუტატი, იგორ მოროზოვი საუბრობენ. რუსი დეპუტატი „მარშის“ ლიდერს პირდება, რომ დავალებების შესრულების შემთხვევაში, ბრეგაძე რუსეთისთვის პირველი გახდება. ამ და სხვა მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე „ვერსია“ ქართული მარშის ლიდერს ესაუბრა:

_ ეს ადამიანი ჩემი ძალიან ახლობელია და ვსაუბრობთ ბიზნესზე, კერძოდ, საქართველოსთვის თხევადი აირის შესაძლო მოწოდებაზე. ეს ბიზნესი არ გამოვიდა, მაგრამ რომ გამოსულიყო, ძალიან კარგი იქნებოდა. 

პირდაპირ გეტყვით, ეს ჩანაწერი ფალსიფიცირებულია. ატვირთულია უკრაინიდან და კარგად ვიცი, ამის უკან რა ძალებიც დგანან. უბრალოდ, რაღაცას ველოდები, რათა ეს დავადასტურო. 

ყველაფერი ეს იმისთვისაა, რომ ქართულმა მარშმა არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს, რადგან საკმაოდ კარგი რეიტინგი გვაქვს. 

_ მოკლედ, ამტკიცებთ, რომ რუს დეპუტატთან პოლიტიკაზე არ გისაუბრიათ? 

_ ამ ადამიანს დიდი ხნის მეგობრად ვთვლი და ჩემ მეგობრებთან ვსაუბრობ სპორტზე, ხელოვნებაზე, ბიზნესზე, პოლიტიკაზეც... 

_ სხვათა შორის, ოპოზიცია ამ ჩანაწერთან დაკავშირებით, გამოძიების დაწყებას ითხოვს. 

_ ავადმყოფები არიან, რუსეთიდან ახლობელი ბიზნესზე მელაპარაკება და გამოძიება უნდა დავიწყოთო. გამოძიება კი არა, ეგენი, ყველანი დასაჭერები არიან სამშობლოს ღალატის მუხლით! 

_ ისე, გლდანში კანდიდატურა რატომ მოხსენით? 

_ ამ არჩევნებისთვის გამოვდიოდი ინციატივით, რომ პატრიოტულად და ეროვნულად მოაზროვნე ძალები გავერთიანებულიყავით და პირადი ამბიციები დაგვევიწყებინა. სხვათა შორის, თავი დავიმდაბლე და გაერთიანება ჩვენზე ბევრად ნაკლებრეიტინგულ პარტიებსაც კი შევთავაზე. 

_ რომელ პარტიებს გულისხმობთ? 

_ ყველას, ვინც ეროვნულ ფლანგზეა, იგივე, პატრიოტთა ალიანსს და სხვა პარტიებს... 

_ პატრიოტთა ალიანსი თქვენზე დაბალრეიტინგული გგონიათ? 

_ არა. სხვებზე ვამბობ, მაგრამ არ მინდა დავასახელო _ შეიძლება, ვინმე გამომრჩეს, თუმცა მათ ერთმანეთთან დასხდომის სურვილი არ გამოავლინეს. ეტყობა, ყველას ლიდერობა უნდა, თორემ ერთიანი ეროვნული ფრონტი რომ შექმნილიყო, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ არჩევნებში სერიოზული წარმატება იქნებოდა. 

მართალია, ეს არ მოხერხდა, მაგრამ მუდმივად მაქვს მათთან კომუნიკაცია და ჩვენ არავისთვის, მათ შორის, ირმა ინაშვილისთვის, დიმა ლორთქიფანიძისა და სხვა პარტიული ლიდერებისთვის არ ვაპირებდით ჩვენი კანდიდატების დაყენებას, რადგან მომხდარიყო შეთანხმება და მაჟორიტარულ ოლქებში მაინც ვყოფილიყავით ერთიანნი. 

მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე კანდიდატურა დაყენებული გვყავდა, სამწუხაროდ, ეტყობა, დისკომუნიკაცია მოხდა და დააყენეს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები. 

აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ დავიმდაბლე თავი, ვეცადე, ერთიანობის მაგალითი მეჩვენებინა ყველასთვის და მეთქვა, რომ ეროვნულად მოაზროვნე ადამიანებმა, ერთმანეთის წინააღმდეგ არ უნდა იბრძოლონ! 

თუ ამას რეაქცია მოჰყვება, ეს პროცესი არ განვითარდება და ერთმანეთს არ დაუყენებენ ეს პარტიები კანდიდატებს მაჟორიტარულ ოლქებში, ძალიან კარგი იქნება, მაგრამ თუ კვლავ იგნორირებული იქნება, გავალთ არჩევნებში ისე, როგორც საჭიროდ ჩავთვლით. 

_ ანუ გლდანში თქვენი კანდიდატურა, შესაძლოა, მეორედ დააყენოთ? 

_ არა, ერთხელ ვთქვი და აღარ ვიყრი კენჭს, მაგრამ თუ არ იქნა შეთანხმება მიღწეული, რა თქმა უნდა, ყველგან ჩვენ კანდიდატურას დავაყენებთ იმიტომ, რომ სხვა გზას არ გვიტოვებენ. 

_ ბატონო სანდრო, სანამ კანდიდატურას მოხსნიდით, „ედისონ რისერჩის“ კვლევა გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც, გლდანში 1-პროცენტიანი რეიტინგი გაქვთ. ამიტომ ხომ არ გადაწყვიტეთ, რომ მაჟორიტარობისთვის აღარ გებრძოლათ? 

_ საინტერესო ისაა, რომ ჩვენი პარტია „ედისონ რისერჩის“ კვლევის ჩამონათვალში არ იყო და უამრავმა ადამიანმა ქართული მარში ხელით მიაწერა. მე როგორ აღმოვჩნდი გლდანის ჩამონათვალში, საინტერესო და გასაკვირია, მაგრამ ჩემი ინფორმაციით, უამრავმა ადამიანმა საწერი კალმით მიაწერა სანდრო ბრეგაძე. არადა, გლდანში საარჩევნო კამპანია დაწყებული არ მქონდა _ ჩემ ერთ პლაკატსა და ბილბორდს ვერ ნახავთ, ოფისიც არ მაქვს და ხალხსაც არ შევხვედრივარ. 

მათ ძალიან კარგად იციან ჩემი პოტენციალი და იცით, რისი ეშინიათ? _ ერთხელ ვთქვი ლევან კობიაშვილზე, კაშიას მხარი დაუჭირა მამათმავლობის სამკლაურის გაკეთებაში-მეთქი და ლევან კობიაშვილის რეიტინგი 45%-დან 30%-ზე ჩამოვიდა. 

_ ეს რა შუაშია? 

_ იგივე კლასტერის წარმომადგენელია ნიკა მელიაც. გლდანი ტრადიციული, ვაჟკაცური უბანია და გარწმუნებთ, რომ მამათმავლების დამცველები ხმას ვერ მიიღებენ და ვერ გაიმარჯვებენ! აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ყველასთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოვადგენდი, მაგრამ ეს საფრთხე არ განელებულა. ველოდები, რომ ეროვნული ძალების ერთიანობა შედგება მაჟორიტარებთან დაკავშირებით, მაგრამ თუ ეს არ მოხდება, სანდრო ბრეგაძეზე ბევრად უკეთესი კანდიდატი ეყოლება ქართულ მარშს და გლდანში იქნება ვაჟკაცების ბრძოლა მამათმავლებისა და გარყვნილების პროპაგანდისტების წინააღმდეგ. 

ნიკა მელიაზე პირდაპირ გეტყვით: ადამიანი, რომელიც აცხადებს, რომ ჰომოფობების ხმა არ მჭირდებაო, აი, ზუსტად გლდანის მოსახლეობის 90%-გან მიიღებს უარს, რადგანაც ისინი არ არიან მამათმავლობისა და გარყვნილების მხარდამჭერები. 

_ ისე, თუ მართლაც ასეთი მხარდაჭერის იმედი გაქვთ, კანდიდატურა რა ლოგიკით მოხსენით? პატრიოტთა ალიანსთან ერთად, სხვა კანდიდატებს ხომ უფრო მეტ ხმას „წაართმევდით“? 

_ რა თქმა უნდა, მაგრამ მუხლებზე ვერავის დავუჩოქებ. ხომ გეუბნებით, პატრიოტთა ალიანსის გარდა, ორკაციანი პარტიების ლიდერებსაც კი შევხვდი და ვუთხარი, რომ გავერთიანდეთ და ვიბრძოლოთ ერთად-მეთქი. მათ აქვთ იმედი, რომ 1%-ს მაინც გადალახავენ და პარლამენტში შევლენ.  

ჩვენი მიზანი კი ისაა, რომ შეიქმნას ერთიანი ეროვნული კოალიცია პარლამენტში, რომელიც შეაჩერებს ამ ლიბერასტების აღვირახსნილ პროპაგანდასა და დიქტატურას, მაგრამ ადამიანს თუ არ უნდა, ვერ დავაძალებ.

თათია გოჩაძე

 

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში