რატომ გადაწყვიტა ნანა დევდარიანმა პოლიტიკაში „პატრიოტების“ სიით დაბრუნება

ექსკლუზიური ვერსია
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 საარჩევნოდ პოლიტიკურ ავანსცენაზე, ახალ სახეებთან ერთად, კარგად ნაცნობი ,,ფეისებიც’‘ ჩნდებიან. ასე, მაგალითად, პატრიოტთა ალიანსის პროპორციული სიის ოცეულში ადა მარშანია ვერა, მაგრამ სამაგიეროდ, ჯემალ სეფიაშვილის ,,ჩემი ცისანა’‘ ანუ ცისანა სეფიაშვილი მოხვდა. პარტიის სიის მე-6 ნომერი კი ცესკო-ს ყოფილი თავმჯდომარე და ყოფილი სახალხო დამცველი, ნანა დევდარიანია. რატომ გადაწყვიტა პოლიტიკაში დაბრუნება? _ ამას ნანა დევდარიანთან ინტერვიუდან შეიტყობთ.

_ ქალბატონო ნანა, პოლიტიკაში დაბრუნება რატომ გადაწყვიტეთ, ან არჩევანი პატრიოტთა ალიანსზე რატომ გააკეთეთ? 

_ სიმართლე გითხრათ, პოლიტიკას მოწყვეტილი არასდროს ვიყავი. მართალია, ბოლო წლებში უფრო პოლიტოლოგიური კვლევებით ვარ დაკავებული, მაგრამ ეს საქმიანობა პოლიტიკურ პროცესებთან ახლოსაა. 

რაც შეეხება პატრიოტთა ალიანსს, ჩემთვის არათუ სრულიად მისაღებია, არამედ, წლებია, ვწერ და ვლაპარაკობ, რომ საქართველო ვერ გამთლიანდება, თუ აფხაზებთან, ოსებსა და რუსებთან პირდაპირი დიალოგი არ იქნება. ამასთან, ჩემთვის სრულიად მისაღებია საქართველოს ნეიტრალიტეტი. ამდენად, ალიანსის მიერ წინ წამოწეული ეს თემები ჩემთვის ორგანულია. 

ამას გარდა, სოციალური და ეროვნული პლატფორმა, რომელზეც ალიანსი დგას, ჩემ მსოფლმხედველობას მთლიანად ეთანხმება. 

_ ბოლო დროს, პატრიოტთა ალიანსს რამდენიმე სკანდალი დაუკავშირდა, მათ შორის, აფხაზეთში ხატის გადაბრძანება, რუსეთისგან დაფინანსების საკითხი და ა.შ. ყველაფერი ეს, თქვენი პარტიის საარჩევნო შედეგზე როგორ იმოქმედებს? 

_ უკვე იმოქმედა, ოღონდ დადებითი კუთხით. ეს თავდასხმები, როგორც მმართველი ძალისგან, ისე ე.წ. ოპოზიციისგან, შიშითაა განპირობებული. დახურული კვლევები აქვთ და იციან, რომ ,,პატრიოტთა ალიანსის’‘ რეიტინგი ძალიან მაღალია, რასაც პოლიტიკური მოწინააღმდეგის შიში მოჰყვება, მაგრამ ადამიანები ყველაფერს ხედავენ. 

ხომ იცით, ჩვენი მოძმე სომეხი ხალხი, თავისი მენტალიტეტით, როგორია _ რომელიმე სომეხს მსგავსი ნაბიჯი რომ გადაედგა, აფხაზეთში ხატის წაბრძანებას ვგულისხმობ, ამას მთელი სომხეთი აღტაცებით შეხვდებოდა, ჩვენთან კი პირუკუ ეფექტი ჰქონდა. ეს პოლიტიკური შურიანობაა და სხვა არაფერი, თუმცა ასეთი თავდასხმები ჩვენ გარშემო, სულ უფრო მეტი ადამიანის მობილიზებას ახდენს. 

_ შეიძლება, მაგრამ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ფარულად გადასვლა ნორმალურად მიგაჩნიათ ანუ სანამ ინფორმაციამ მედიაში არ გაჟონა, ამაზე პატრიოტთა ალიანსმა არაფერი თქვა... 

_ საკითხს ასე უნდა შევხედოთ _ ოკუპაცია დროებითი მოვლენაა, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის და პატრიოტთა ალიანსისთვის ასეა. 

გარდა ამისა, ჩვენ კი არ უნდა ვიძახოთ, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულია, არამედ, ეს იმ ხალხმა უნდა თქვას. 

ისინი ძალიან ბრაზობენ, როცა ეუბნები, უთავმოყვარეო ხარ და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობო. დიალოგი ასე არ გამოვა, თორემ თუ საქმეს უშველის, დილას, შუა დღესა და საღამოს, სულ ოკუპაციაზე ვილაპარაკებ. 

როცა ის ადამიანები გაკრიტიკებენ, რომლებსაც ოკუპაციასთან ბრძოლა შარვლის ჩახდა და საჯდომის მიშვერა ჰგონიათ, ვფიქრობ, ეს ფაქტი მათზე ნათლად მეტყველებს. 

რაც შეეხება რუსული ფულის საკითხს, ასეთ ,,ფეიკებს’‘ ის ხალხი ქმნის, რომლებსაც 1995 წლიდან, არჩევნები არ გამოუტოვებიათ, რომ რუსული ფული არ ჰქონოდათ და რუსი პიარტექნოლოგები არ ჰყოლოდათ. 

_ ვის გულისხმობთ? 

_ ყოფილ მოქალაქეთა კავშირს, რომელიც მერე ნაციონალური მოძრაობა გახდა. არსებობს რუსი პოლიტტექნოლოგების ინტერვიუები, რომლებიც პირდაპირ ამბობდნენ, ჩვენ ვეხმარებოდით ჟვანიასა და ბურჯანაძეს, მაგრამ საბოლოოდ, სააკაშვილმა იმარჯვა და ყველაფერი ეს, მიიწერაო. 

_ კი, მაგრამ რატომ უნდა სჭირდებოდეს ნაციონალურ მოძრაობას, პატრიოტთა ალიანსის მიმართ, ასეთი ,,ფეიკების’‘ გამოგონება? 

- იციან რეალური რეიტინგები და უნდათ, კონკურენტი დააზარალონ, ისეთი რამ მოიგონეს, რაც იუმორის სფეროსაც კი სცდება. 

ერთ ექსკლუზივს გაგიმხელთ ,,საიდუმლოდ’‘ _ პუტინი ფულს კი არ გვაძლევს, უბრალოდ, შესაბამის ქაღალდს გზავნის ფოსტით და მერე, ჩვენ ფერად პრინტერზე ამოგვაქვს დოლარები! მოკლედ, ყველაფერი ეს, სრული იდიოტიზმია! 

შემთხვევით, ეს ის ძალები ხომ არ არიან, რომელთა წარმომადგენლებიც საზღვარზე დააკავეს, მილიონი დოლარი ,,ქეშად’‘ რომ გადმოჰქონდათ? და კიდევ უამრავი რაღაც, რაც არ ჩანს, თორემ ამდენი ტელევიზიის შენახვას ეხუმრებით?! 

_ ისე, რადგან ,,ფეიკებზე’‘ ვსაუბრობთ, როგორ გგონიათ, იმოქმედებს საარჩევნოდ მიღებული ქცევის კოდექსი, რომელსაც ხელი ,,ოცნებამაც’‘ მოაწერა და ოპოზიციამაც? 

_ ქაღალდზე ყველაფრის დაწერა შეიძლება, მაგრამ ყველაფერი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში გამოჩნდება. ბინძურ ტექნოლოგიებზე ნაციონალური მოძრაობა უარს არ იტყვის. ,,ოცნება’‘ ასე არ იქცევა ხოლმე _ ერიდება ნეგატიურ პიარს, მაგრამ იქაც არის ფრთა, მაგალითად, კობახიძე-მდინარაძე, რომელიც, დაახლოებით, ამ ხელწერით მოქმედებს. ისე, დოკუმენტი რომ შეიქმნა, ამაში ცუდი არაფერია. 

_ ქალბატონო ნანა, NDI-ს ბოლო კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 59%-მა არ იცის, რომელ პარტიას აძლევს ხმას. ეს როგორ იმოქმედებს ოპოზიციური პარტიების საარჩევნო შედეგზე? 

_ საერთოდ, ადამიანები არჩევანს ბოლო დღეებში აკეთებენ. საუბარი იმაზეა, თუ ვინ შეძლებს ამ ხმების თავისკენ მიზიდვას. სასურველია, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩევლიდან ყველამ ხმა პატრიოტთა ალიანსს მისცეს, მაგრამ NDI-ს რომელიმე კვლევის შედეგი, რომელიმე არჩევნების შედეგს ერთხელ მაინც დაემთხვა? _ არც ერთხელ! ამ კვლევებს ერთ-ერთ პარტიასთან მკვეთრად აფილირებული ორგანიზაცია ატარებს და როგორ ვენდო? 

_ არჩევნების შემდეგ, რომელ პარტიასთან აპირებთ კოალიციურ რეჟიმში თანამშრომლობას და რომელთან _ არა? 

_ ძალიან მიკვირს, როცა ,,ოცნებისა’‘ და ,,ნაციონალების’‘ ორივე ფრთის წარმომადგენლები კატეგორიულად აცხადებენ, არ ვითანამშრომლებთ პატრიოტთა ალიანსთან და არ შევქმნით კოალიციასო. 

ჯერ არჩევნების შედეგები უნდა დაიდოს, წინასწარ ამაზე ლაპარაკი უაზრობაა. ჯერ გადახტნენ და მერე ,,ჰოპლა’‘ დაიძახონ. 

ერთი რამ შემიძლია გითხრათ: პატრიოტთა ალიანსი არასოდეს ითანამშრომლებს ნაციონალური მოძრაობის ორ დანაყოფთან, დანარჩენს არჩევნები გვაჩვენებს.

თათია გოჩაძე