ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ედინბურგის ჰერცოგისა და დედოფალ ელისაბედის 74-წლიანი სიყვარული და პრინცი ფილიპის ტრაგიკული ცხოვრების დასასრული

დედოფალ ელისაბედის მეუღლე, პრინცი ფილიპი 9 აპრილს, უინძორის სასახლეში გარდაიცვალა. დიდი ბრიტანეთი, სამეფო ოჯახთან ერთად, ედინბურგის ჰერცოგის გარდაცვალებას გლოვობს და ხალხი ბუკინგემის სასახლესთან ყვავილებითა და სანთლებით მიდის. ედინბურგის ჰერცოგს  17 აპრილს დაკრძალავენ. ცერემონიას ოჯახის წევრები და ახლობლები დაესწრებიანმათ შორის იქნება პრინცი ჰარი, რომელიც მეუღლესთან მეგან მარკლთან ერთად,  ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად. მეგან მარკლის ექიმებმა ორსულობის გამო აუკრძალეს დიდ ბრიტანეთში მოგზაურობა , თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ჰარი აუცილებლად ჩავა ბაბუის დაკრძალვაზე. მანამდე კი გავიხსენოთ პრინცი ფილიპის ძალიან ტრაგიკული, თუმცა საინტერესო და განსაკუთრებული ცხოვრება.

პრინცი ფილიპი დაიბადა 1921 წლის 10 ივნისს, საბერძნეთისა და დანიის პრინც ენდრიუსა და პრინცესა ელისის ოჯახში. იგი საბერძნეთის ტახტის მემკვიდრეთა რიგში მე-6 გახლდათ. მალევე მის დედას, პრინცესა ელისს, ნერვული აშლილობის დიაგნოზი დაუდგინეს და შვეიცარიის სანატორიუმში გაგზავნეს, ხოლო ფილიპის მამა, პრინცი ენდრიუ, რომელიც ჯარში მსახურობდა, ღალატში დაადანაშაულეს და გადაასახლეს.  ამის შემდეგ მასზე მზრუნველობა მამიდებმა და ბიძებმა დაიწყეს. ფილიპი ინგლისის სკოლაში გაგზავნეს, ცოტა ხანში კი გერმანიაშიც გადავიდა საცხოვრებლად, თუმცა მალევე დაბრუნდება ინგლისში. 16 წლის ასაკში ფილიპის უფროსი და - სესილია, მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად, ავიაკატასტროფაში დაიღუპა, რამდენიმე თვეში კი გამზრდელი ბიძა ჯორჯ მაუნტბატენი 46 წლის ასაკში სიმსივნით მოულოდნელად გარდაიცვალა.

სკოლის დამთავრების შემდეგ, 18 წლის პრინცი ფილიპი ბიძის რჩევით Royal Naval College-ში გაემგზავრა სასწავლებლად, სადაც შორეული ნათესავი, 13 წლის პრინცესა ელისაბედი გაიცნო. ამ დღეს  დარტმუთის საზღვაო კოლეჯს პრინცესა ელისაბედი მშობლებთან და დასთან ერთად სტუმრობდნენ. შემდეგ გაიხსენებენ, რომ ელისაბედი პირველივე შეხვედრისას მოიხიბლა ფილიპის გარეგნობით, მისი ცისფერი თვალებითა და ღია ფერის თმით.

მიუხედავად იმისა, რომ ფილიპისა და ელისაბედის სიყვარული ორმხრივი იყო, წყვილის ნიშნობა 8 წლით გაიწელა და 1947 წელს, მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ, შედგა.

„ყველა პირადული და თუნდაც მსოფლიოს პრობლემები უმნიშვნელოდ  და წვრილმანებად გამოიყურება, რადგან ომში ცოცხალი გადავრჩი,  ვნახე გამარჯვება, მომეცა დასვენებისა და ყველაფრის  თავიდან მოწესრიგების შანსი. შემიყვარდა უზომოდ და უპირობოდ,“ - წერდა წერილში ელისაბედს ფილიპი.

ამავე წლის ნოემბერში, გაერთიანებულ სამეფოში, პომპეზური საქორწინო ცერემონიალი გაიმართა და სამეფო ჯვრისწერა უესტმინსტერის სააბატოში გაიმართა. ცოტა ხანში მათი ცხოვრება სრულიად შეიცვალა. 1952 წლის 6 თებერვალს, როდესაც წყვილი ვიზიტით კენიაში იმყოფებოდა, ელისაბედის მამა - ჯორჯ VI გარდაიცვალა და ის ლონდონში არა პრინცესას არამედ უკვე დედოფალის  სტატუსით დაბრუნდა. ამის შემდეგ ედინბურგის ჰერცოგი მუდამ მეუღლის გვერდით იდგა და ამით ემსახურებოდა ქვეყანასაც და დედოფალსაც.  

დედოფალი მეუღლის გვარზე არ გადასულა. ერთ ეტაპზე ჩანდა, რომ  სამეფო ოჯახი მიიღებდა პრინც ფილიპის გვარს, მაუნტბატენს, თუმცა უმეტესობას ერჩია, ვინდსორის გვარი  გაგრძელებულიყო. „მე ერთადერთი კაცი ვარ ქვეყანაში, რომელსაც არ აქვს უფლება, თავისი გვარი მისცეს საკუთარ შვილებს,” - თქვა მაშინ ფილიპმა. ცოტა ხანში უინსტონ ჩერჩილის პრემიერობისა და დედოფლის ბებიის გარდაცვალების შემდეგ, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ეს ორი გვარი გაეერთიანებინათ და წყვილის შვილები ყოფილიყვნენ უინძორ-მაუნტბატენები.

ელისაბედ II-სა და პრინც ფილიპს, 74 წლიანი ქორწინების პერიოდში, 4 შვილი, 8 შვილიშვილი და 8 შვილთაშვილი ჰყავთ. პრინცი ფილიპი ყოველთვის დედოფლის გვერდით იდგა და მუდამ ემსახურეობოდა ქვეყანასაც და სამეფო ოჯახსაც. ისტორიკოსები ხშირად ამბობენ, რომ დედოფლის, როგორც მონარქის წარმატებაში ფილიპი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყო.

ის არ იღებს კომპლიმენტებს მარტივად, თუმცა მთელი ამ წლების განმავლობაში ჩემი ძალა და საყრდენი იყო," - განაცხადა ელისაბედმა 1997 წელს.