იქნება თუ არა დიმიტრი ხუნდაძე „ოცნების“ პროპორციულ სიაში

ინტერვიუ
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„სააკაშვილს საქართველოში ამომრჩეველი კი არა, მართლმსაჯულება ელოდება!“ 

საქართველოში საარჩევნო კამპანია კორონაპანდემიის ფონზე მიმდინარეობს. ვირუსის დადასტურებული შემთხვევები დღითი დღე მატულობს, თუმცა ხელისუფლება აცხადებს, რომ საყოველთაო ,,ლოკდაუნი’‘ აღარ გვემუქრება და ე.წ. ჩაკეტვები წერტილოვნად განხორციელდება. კორონა ციებ-ცხელების პარალელურად, ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ხელი საარჩევნო ქცევის კოდექსს მოაწერეს. დოკუმენტი ცესკო-ს მიერაა მომზადებული, რაშიც საერთაშორისო ორგანიზაციები _ USAID და IRI-იც იყვნენ ჩართულები. კოდექსში გაწერილია, თუ რა ქცევებია საარჩევნო კამპანიის დროს მიუღებელი. კერძოდ, საუბარია სიძულვილის ენაზე, ამომრჩევლის მოსყიდვასა და შეურაცხმყოფელ განცხადებებზე. როგორც ხედავთ, კორონაქაოსის მიუხედავად, ქართული პოლიტიკური სპექტრი არჩევნებისთვის აქტიურად ემზადება, თუმცა საინტერესოა, როგორ განვითარდება მოვლენები პანდემიის კუთხით ანუ ხომ არ გადაიდება არჩევნები და როდის გვექნება ქვეყანაში ვირუსის აფეთქების მეორე ტალღა? _ ამ საკითხებზე ,,ვერსია’‘ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, დიმიტრი ხუნდაძეს ესაუბრა.

_ იმის პროგნოზი, რაც დღეს ეპიდვითარებასთან დაკავშირებით ხდება, არაერთხელ გავაკეთეთ და ვთქვით, რომ შემოდგომის პირას ინფიცირებულთა რაოდენობა მოიმატებდა, თუმცა ასეთი ნახტომისებური ზრდა იმაზე მეტია, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ეს განაპირობა საზოგადოების ყურადღების მოდუნებამ, რაც საგანგაშო არა, მაგრამ საყურადღებოა და ვფიქრობ, რეკომენდაციების დაცვა ისე, როგორც აქამდე იყო საჭირო, ახლაც აუცილებელია. ეს რეკომენდაციებია: პირბადის ტარება, თავშეყრის ადგილებზე მაღალი სიმჭიდროვის მორიდება, ფიზიკური დისტანცირება. ამ პროცესის მართვა თავისუფლად შეგვიძლია, რადგან ამ კუთხით, უკვე გარკვეული გამოცდილება მივიღეთ. თავიდან, როგორც მსოფლიო, ჩვენც გამოუცდელი ვიყავით, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში გამოცდილება დავაგროვეთ და აქამდე პროცესი კარგად ვმართეთ, რასაც მთელი მსოფლიო აღიარებს, თუმცა იმ ფონზე, როცა ეპიდემიოლოგების უდიდესი ნაწილი შესაძლო მეორე ტალღას ვარაუდობს, რა თქმა უნდა, მეტი სიფრთხილე და იმ რეკომენდაციების უფრო მაღალ ხარისხში დაცვა გვმართებს, რაც ჯანმო-ს (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, _ ავტ.) მიერაა გაცემული და რა რეკომენდაციებსაც საკოორდინაციო საბჭო იძლევა. 

ასე რომ, დავიცვათ წესები. ამ ვირუსის ხასიათი ამგვარია _ თუ რეკომენდაციებს ითვალისწინებენ, ზიანი მინიმალურია, მაგრამ თუ შესაძლო ზიანს ანგარიშს არ უწევენ, რა თქმა უნდა, ვირუსის ნეგატიური გავლენა უფრო დიდია, რაც არაერთი ქვეყნის მაგალითზე ვნახეთ. სიფრთხილე ნამდვილად გვმართებს, კლინიკები მზადაა, რომ საჭიროების შემთხვევაში, მაქსიმალური შესაძლებლობები გამოავლინონ, მაგრამ ჯანდაცვის სფეროსაც აქვს რეალური შესაძლებლობების ზღვარი. ჩვენ ვართ მაქსიმალურად მზად, მაგრამ აუცილებელია, რომ საზოგადოებამ საკუთარი თავი რისკის ქვეშ არ დააყენოს. 

_ ისე, დამძიმებული კოვიდვითარების ფონზე, არჩევნების გადადება ხომ არ განიხილება? 

_ ჩვენ გვაქვს ორი ძირითადი მიმართულება _ მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვა და ის, რომ ეკონომიკაში შეუქცევადი პროცესი არ მივიღოთ. ამას ემატება მესამეც _ არჩევნები უსაფრთხოდ და მაქსიმალურად თავისუფალ გარემოში, დამატებითი შეზღუდვების გარეშე და დემოკრატიულად ჩავატაროთ. დღევანდელი ეპიდვითარება საარჩევნო პროცესს საფრთხეს არ უქმნის, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ არჩევნებზე უფრო მეტი სიმჭიდროვე იქნება, ვიდრე ახლაა და ამიტომ, უნდა ვიფიქროთ არა მხოლოდ არჩევნების დღეზე, არამედ, შემდგომ პერიოდზეც, რათა ქვეყანას დამატებითი პრობლემები არ გაუჩნდეს. 

_ რაც შეეხება არჩევნების პოლიტიკურ კონტექსტს, ,,ქართული ოცნების’‘ სიის ოცეულში არაერთი ახალი სახე გამოჩნდა. ამას როგორ აფასებთ? 

_ ეს ოცეული საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურება, არიან გუნდის ძველი წევრებიც _ ძირითადად, ლიდერები და ვფიქრობ, მათ საკუთარი პოლიტიკური ცხოვრებით აჩვენეს, რომ შეუძლიათ, ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების მართვის სადაავებთან იყვნენ, მაგრამ რა თქმა უნდა, საჭიროა განახლება და ახალი სახეებიც, თავისი განათლებით, კომპეტენციით, საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურებიან. 

_ მმართველი გუნდის ძველი სახეები, აი, მაგალითად, თქვენ, ,,ოცნების’‘ სიაში იქნებით? 

_ თქვენ სვამთ კითხვას იმის შესახებ, თუ ვინ იქნებიან სიის შემდეგი წევრები, თუმცა არ მინდა გავუსწრო მოვლენებს, რამეთუ ეს პოლიტსაბჭოს გადასაწყვეტია და ცნობილი გახდება, ვინ იქნება სიაში და ვინ _ არა. 

ერთი რამ შემიძლია გითხრათ _ ვაპირებ პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელებას და ჩემს პოლიტიკურ მომავალს ვხედავ მხოლოდ და მხოლოდ ,,ქართულ ოცნებასთან’‘, ვისთანაც პოლიტიკური ცხოვრება დავიწყე! 

_ როგორ ფიქრობთ, ხელისუფლება და ოპოზიცია ქცევის კოდექსს საარჩევნოდ დაიცავენ? 

_ შეთანხმება კარგია, მაგრამ მას შესრულება უნდა. მმართველი გუნდი წესებს ყოველთვის იცავდა და ახლაც დავიცავთ. ოპოზიციისგან კი დიდი მოლოდინი არ მაქვს, რომ ამას გააკეთებს, თუმცა ვნახოთ. 

_ მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დაბრუნებას როგორ აფასებთ? 

_ სააკაშვილის ჩამოსვლა-არჩამოსვლას სერიოზულად არ ვუყურებ, რადგან ყოველი არჩევნების წინ გვპირდება, რომ ჩამოვა, მაგრამ როგორც ჩანს, ამასაც ისე იტყუება, როგორც ყველაფერ დანარჩენს. 

ისე, ნამდვილად ელოდება, ოღონდ არა ამომრჩეველი, არამედ, მართლმსაჯულება, თუმცა ერთიც მაინტერესებს: მან ბოდიში მოიხადა 8 წლის შემდეგ და რაზე იხდის ბოდიშს? რას გულისხმობს? _ იმას, რომ აწამებდა ადამიანებს? ამას ბოდიში არ ყოფნის. სწორედ ამიტომ მაინტერესებს, რაზე იხდის ბოდიშს. მას ძალიან ბევრ საკითხზე აქვს სამართლებრივი პასუხისმგებლობა და მხოლოდ ბოდიში არ იქნება საკმარისი. 

_ თქვენი პროგნოზით, ,,ქართული ოცნება’‘ არჩევნებში როგორ შედეგს დადებს? 

_ ოპოზიციის მხრიდან წარმოდგენილი პოლიტიკური სპექტრი საკმაოდ უინტერესოა. მათი წარსული საკმაოდ სახიფათოა. ძირითადად, ნაციონალურ მოძრაობასა და მის განაყარს ვგულისხმობ. სხვა ძალიან ბევრი პარტია უცნობია, ორკაციანი და ერთკაციანია, ამიტომ დიდ კონკურენციას ვერ ვხედავ. კონკურენცია, სამწუხაროდ, პოლარიზებულია. ერთ მხარესაა ისევ ძველი ნაციონალური მოძრაობა, რომლის წარსულიც ახსოვს საზოგადოებას და მეორე მხარესაა ,,ქართული ოცნება’‘, რომელიც ყველაზე მეტად არის საზოგადოებასთან. 

შესაძლოა, ,,ქართულ ოცნებასაც’‘ ჰქონდა ხარვეზები, მაგრამ მას ერთი ისეთი შეცდომაც არ დაუშვია, რომელიც ადამიანის სიცოცხლეზე გადიოდა ან ქვეყნის ოკუპაციაზე... ასე რომ, ვინც არ მუშაობს, ის შეცდომებსაც არ უშვებს, მაგრამ ისეთი შეცდომა არ უნდა დაუშვა, რომელიც საზიანო ხდება ქვეყნისა და თაობებისთვის. 

_ ბატონო დიმიტრი, თქვენ ერთ-ერთი დეპუტატი იყავით, რომელიც მაჟორიტარულ სისტემას ბოლომდე იცავდა და პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირეთ. ,,ოცნებამ’‘ მაჟორიტარად რომ არ დაგასახელათ, გული ხომ არ დაგწყდათ? 

 

_ მე ვიყავი ორი მოწვევის მაჟორიტარი დეპუტატი. როგორ ვაკეთებდი ჩემს საქმეს, ამას საზოგადოება შეაფასებს. ვფიქრობ, ჩემი მაჟორიტარობა არ იყო უინტერესო არც საკანონმდებლო მუშაობით და არც _ ადგილზე, სამაჟორიტარო ოლქში, თუმცა ალბათ, უკეთესადაც შეიძლებოდა, ამიტომ ვისურვებდი, რომ ჩვენი გუნდის წევრი ჩემზე ეფექტური იყოს. 

რაც შეეხება საარჩევნო სისტემას, მე ხომ ჩემთვის არ მიზრუნია და ეს იმიტომ არ გამიკეთებია, რომ მაინცდამაინც მე ვყოფილიყავი მაჟორიტარი? მწამდა და ახლაც მწამს, რომ ქვეყნის სტაბილურიბისთვის, მით უმეტეს, ამ პოლიტიკურ რეალობაში, არათუ სასურველი, არამედ აუცილებელია, რომ მაჟორიტარული შემადგენელი ყოფილიყო სისტემაში. რა თქმა უნდა, 30 მაჟორიტარი არაა ის, რაზეც ვსაუბრობდი, მაგრამ ამ ეტაპზე, სუფთა პროპორციულს მაინც სჯობს, თუმცა უნდა მივიდეთ იქამდე, რომ ქვეყანა პროპორციულ სისტემაზე გადავიდეს. თვითმმართველობა იყოს ძლიერი; მაჟორიტარული რგოლი აღარ იყოს საჭირო რაიონში კონკრეტული საკითხების განსახილველად; ქვეყანაში უნდა იყოს პოლიტიკური სპექტრი, რომ რეალური არჩევანის საშუალება არსებობდეს და აი, მაშინ, აღარ იქნება საჭირო მაჟორიტარული სისტემა. საბოლოოდ, პროპორციულ სისტემაზე უნდა გადავიდეთ.

თათია გოჩაძე