რატომ არ ვრცელდება ე.წ. ჯიხურების შეღავათები რეგიონებში და იქცა თუ არა მეწარმეების ხელშეწყობის პროექტი „ოცნებში“ განხეთქილების ვაშლად

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

16 იანვარს, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე ერთხმად აირჩიეს. მმართველი პარტიის ყრილობაზე, რომელიც საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ გაიმართა, პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობაც დაასახელეს. ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, „ქართული ოცნება“ ერთიანი გუნდია, რომელსაც 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, მოსახლეობამ ნდობა მესამედ გამოუცხადა, ოპოზიცია კი არჩევნების ლეგიტიმურობასთან ერთად, ეჭვქვეშ მმართველი პარტიის ერთიანობასაც აყენებს. ოპოზიციის წარმომადგენლებს მიაჩიათ, რომ „ქართულ ოცნებაში“ რამდენიმე გავლენიანი კლანია, მათ შორის, ირაკლი კობახიძის და კახა კალაძის. ხელისუფლების ოპონენტების აზრით, კალაძისა და კობახიძის კლანები ერთობლივად უტევენ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და სახელისუფლებო ვერტიკალიდან მის ჩასაჩოჩებლად, ძალებს არ იშურებენ.

დიდი ხანია, რაც ოპოზიცია ხელისუფლების მოსალოდნელი თუ სავარაუდო რღვევის შესახებ კონსპირაციულ თეორიას ანვითარებს. შესაბამისად, გასაკვირი არაა, რომ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება პოლიტიკიდან წასვლისა და პარტიის თავმჯდომარის პოსტის დატოვების შესახებ, ოპოზიციამ სწორედ ამ კონტექსტში განიხილა. მეტიც, პარლამენტის დეპუტატების - ბექა დავითულიანის, მაია ბითაძისა და ირაკლი ზარქუას ინიცირებული კანონპროექტიც კი, რომელიც საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესახებ“ ცვლილებებს გულისხმობს, სწორედ ხელისუფლებაში არსებული დაპირისპირების მტკიცებულებად მიიჩნია. საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანმა, რომელიც იმავდროულად, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრია, „ვერსიასთან“ ინტერვიუში, ოპოზიციის ამ მოსაზრებაზე გულიანად იცინა, მაგრამ ამაზე ქვემოთ. მანამდე, კანონპროექტი განვიხილოთ.  

 

***

ცვლილებების კანონპროექტი, რომელიც მეათე მოწვევის პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა, იმ მეწარმეებისა და ბიზნესსუბიექტების ხელშეწყობას გულისხმობს, რომლებიც პანდემიის ან ეპიდემიის პირობებში დაზარალდნენ. კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები ბექა დავითულიანი, მაია ბითაძე და ირაკლი ზარქუა არიან. ოპოზიცია სამივე მათგანს კალაძის კლანის წევრებად განიხილავს და აი, რატომ: ბექა დავითულიანი თბილისის საკრებულოს წევრი და საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე იყო, ირაკლი ზარქუა - თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო მაია ბითაძე დედაქალაქის მერის ანუ კახა კალაძის მოადგილე გახლდათ.

დავუბრუნდეთ ცვლილებების პროექტს, რომელიც თუ ოპოზიციას დავუჯერებთ, სახელისუფლებო კლანებს შორის დაპირისპირების მიზეზად და ერთგვარ, განხეთქილების ვაშლად იქცა. კანონპროქტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ: „ეპიდემიის ან/და პანდემიის მდგომარეობიდან გამომდინარე, მთავრობა უფლებამოსილი იქნება ეპიდემიის ან/და პანდემიის დროს, ან მისი გაუქმების შემდეგ, არა უგვიანეს 2021 წლის 1 ივლისისა, მიმართოს თბილისის საკრებულოს, რათა აუქციონის ფორმით პრივატიზებული თბილისის ქონების შემძენისთვის, სარგებლობის ან მართვის უფლებით გადაცემული თბილისის ქონების მიმღებისთვის, ამ ქონებასთან დაკავშირებული საინვესტიციო პირობის შეცვლის ან გაუქმების ან/და ფინანსური პირობის შეცვლის შესახებ“.

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად, დედაქალაქის მთავრობას ამგვარი უფლება აქვს. კერძოდ, დასაბუთებული აუცილებლობის შემთხვევაში, აუქციონის ფორმით პრივატიზებულ, სარგებლობის ან მართვის უფლებით გადაცემულ თბილისის ქონებასთან დაკავშირებული პირობების (გარდა ფინანსური და საინვესტიციო პირობებისა) შეცვლის ან გაუქმების შესახებ წინადადებით, თბილისის საკრებულოს მიმართავს გადაწყვეტილების მისაღებად. თუმცა, ამავე დებულებიდან გამომდინარე, ფინანსური და საინვესტიციო პირობის შეცვლის უფლება კოდექსით არ არსებობს.

„აუქციონის ფორმით პრივატიზებულ, სარგებლობის უფლებით გადაცემულ ან მართვის უფლებით გადაცემულ თბილისის ქონებასთან დაკავშირებული ფინანსური და საინვესტიციო პირობის შეცვლის შესაძლებლობას, კოდექსი იძლევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თბილისის ქონების პრივატიზება, სარგებლობის უფლებით გადაცემა ან მართვის უფლებით გადაცემა 2013 წლის 31 დეკემბრამდე განხორციელდა. ამ თარიღის შემდგომ განკარგულ ქონებასთან დაკავშირებით, აღნიშნული შეღავათის გამოყენება კოდექსით დაუშვებელია. სამწუხაროდ, დღეის მდგომარეობით, არა თუ საქართველო, არამედ, მთელი მსოფლიო ებრძვის ახალ კორონავირუსს _ COVID-19, რის გამოც შეფერხებულია მთელი რიგი ეკონომიკური აქტივობები. ცხადია, ეს მძიმე ტვირთად აწვება ბიზნესსექტორს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მართებული იქნება, თუ გარკვეული ნაბიჯების გადადგმით, ბიზნესისთვის გარკვეული შეღავათები დადგინდება. ამ მიზნით, მიზანშეწონილია, რომ პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს, თბილისის მთავრობას მიეცეს შესაძლებლობა, თბილისის საკრებულოს წარუდგინოს წინადადება აუქციონის ფორმით პრივატიზებული თბილისის ქონების შემძენისთვის, სარგებლობის ან მართვის უფლებით გადაცემული თბილისის ქონების მიმღებისთვის, ამ ქონებასთან დაკავშირებული საინვესტიციო პირობის შეცვლის ან გაუქმების ან/და ფინანსური პირობის შეცვლის შესახებ“, - აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

საკრებულოს თანხმობის შემთხვევაში, თბილისის ქონებით მოსარგებლე პირების მიმართ გატარდება საშეღავათო რეჟიმი, რაც დადებით გავლენას იქონიებს მათ ფინანსურ მდგომარეობაზე. დეპუტატები ამ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას იმიტომ ითხოვენ, რომ ამგვარი უფლებამოსილება თბილისის მუნიციპალიტეტს მხოლოდ 2020 წლის 31 დეკემბრამდე გააჩნია:

„იმის გათვალისწინებით, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა კვლავ მძიმეა და ეკონომიკა კვლავ საჭიროებს გარკვეულ ხელშეწყობას, შესაბამისად, ამ ვალდებულებების შესრულებაზე ანუ გარკვეული შეღავათების თაობაზე გადაწყვეტილებების დროულად მიღების მიზნით, მიზანშეწონილია, კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა“.

 

***

ახლა კი დაპირებული ინტერვიუ კანონპროექტის ავტორსა და ინიციატორ ბექა დავითულიანთან, რომელმაც „ვერსიასთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ პარლამენტს ორი კანონპროექტი წარუდგინა.

- ორი კანონპროექტის მიღების ინიციატივით გამოვედი. პირველი ეხება იჯარის თანხების გადახდას. მერიას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, მიმართოს საკრებულოს და მეწარმეებს საიჯარო გადასახადის ვადა გაუგრძელოს. ეს უკანასკნელი ექვსი თვის მანძილზე მოქმედებდა, მაგრამ ვადა გაუვიდა და ახლა, ამ ინიციატივით, კიდევ ერთხელ გადავავადეთ. თუ ჩათვლის მერია, რომ მოიჯარეს ან კომპანიას, რომელსაც აქვს საინვესტიციო ვალდებულებები და ამ პერიოდის განმავლობაში, ანუ პანდემიის გამო ვერ შეძლო განეხორციელებინა თავისი ვალდებულება ან გადაეხადა ქირა, რადგან დახურული იყო, მერიას უნდა შეეძლოს, მიმართოს თბილისის საკრებულოს, სწორედ ამ საიჯარო ან საინვესტიციო პირობების გადავადებასთან ან შეცვლასთან დაკავშირებით. მაგალითად, იჯარის ან ქირის გასაუქმებლად იმ პერიოდში, როდესაც არ მუშაობდა ეს ბიზნესი ან საინვესტიციო ვალდებულებების გადასავადებლად, თუ ვერ განახორციელა იმიტომ, რომ არ მუშაობდა ამ პერიოდში.

რაც შეეხება მეორე კანონპროექტს, ის ჯიხურების დაჯარიმებას ეხება. თბილისში ბევრგან იდგა ჯიხურები, რომლებსაც ვადა გაუვიდა და იმ პერიოდში დაჯარიმდნენ ეს ადამიანები შესაბამისი ორგანოს მხრიდან. ჩვენი ინიციატივა, სწორედ ამ ჯარიმების პატიებას ეხება. ეს იმიტომ, რომ მთელი ამ ხნის მანძილზე, ერთი მხრივ, ვერ მუშაობდნენ ეს ბიზნესები, შეიძლება, ყოყმანობდნენ, გაეგრძელებინათ თუ არა საერთოდ ეს საქმიანობა, მაგრამ არ მოუმართავთ და ჩავთვალეთ, რომ ჯარიმა უსამართლო იქნებოდა ამ პანდემიის პირობებში, ხოლო მეორე მხრივ, თუ განაახლებენ საქმიანობას, ჯარიმა ტვირთად არ უნდა დააწვეთ.

- ბატონო ბექა, ეს ინიციატივა ეხება მხოლოდ იმ ჯიხურებს, რომლებიც თბილისშია განთავსებული?

- არა, რადგან ჯარიმები მოვუხსენით მეწარმეებს მთელი საქართველოს მასშტაბით.

- კანონპროექტს, რომელიც საინვესტიციო და საიჯარო ნაწილს ეხება, თქვენივე კოლეგების უკმაყოფილება მოჰყვა იმიტომ, რომ თბილისის გარდა, პანდემიისგან გამოწვეული შეზღუდვები სხვა დიდ ქალაქებშიც მოქმედებს და დედაქალაქი რა ნიშნით გამოარჩიეთ?  

- იცით, რაში იყო საქმე? ექვსი თვის წინ, მსგავსი ცვლილება იყო ინიცირებული, ამიტომ მისი გადავადება უფრო სწრაფად, მარტივადაა შესაძლებელი და კანონპროექტსაც ნაკლები პროცედურების გავლა უწევს. ახალი კანონი რომ შეგვექმნა, შესაძლოა, ეს პროცესი დროში გაწელილიყო, ტექნიკურადაც მოუხერხებელი იქნებოდა და ბიზნესიც გაიჭედებოდა. აქედან გამომდინარე, თბილისში კანონი გადავავადეთ ანუ იგივე კანონი განვაახლეთ, რაც შეეხება რეგიონებს, მოვრიგდით, რომ დავიწყოთ მუშაობა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან და შესაბამის მუნიციპალიტეტებთან ერთად.

- რატომ?

- ჯერ უნდა შევისწავლოთ, რამდენად აქტუალურია ეს პრობლემა კონკრეტულ რეგიონში, გავითვალისწინოთ მათი სპეციფიკა, რათა დედაქალაქის მსგავსი კანონი შევქმნათ, მაგრამ რეგიონების სპეციფიკის გათვალისწინებით. მოკლე ვადაში ამ ყველაფერს ვერ მოვასწრებდით იმიტომ, რომ თბილისი უკვე შესწავლილია. აქ ერთხელ უკვე მოქმედებდა მსგავსი კანონი და ჩათვალეთ, რომ ამ კანონის ვადა გადავწიეთ ანუ გავახანგრძლივეთ.

რეგიონების კონტექსტის გათვალისწინებით, თბილისსაც გავჭედავდით, ამიტომ დრო მოვიგეთ - კანონპროექტი თბილისისთვის ცალკე გავიტანეთ. რეგიონებთან დაკავშირებით, ჩვენი კომიტეტის დანარჩენ წევრებს გარკვეული ინიციატივები აქვთ, დავამუშავებთ და იგივე კანონს რეგიონებშიც ავამოქმედებთ.

- გასაგებია, მაგრამ ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ეს ცვლილება, რეალურად, კახი კალაძის ინიციატივაა თბილისელი მეწარმეების გულის მოსაგებად, ხოლო თქვენ იმიტომ ხართ მისი ავტორი, რომ კალაძის კლანის წევრად მოგიაზრებენ.

- საქმე არის ძალიან მარტივად: არსებობს კანონი თბილისის შესახებ. თბილისს, როგორც დედაქალაქს, თავისი განსხვავებული სპეციფიკა აქვს. ეკონომიკის ძირითადი ბირთვი მოძრაობს თბილისში და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ყველაზე უფრო დიდი ქალაქია. შესაბამისად, თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, საჭიროებს ინკლუზიურ მიდგომას ისევე, როგორც ესა თუ ის რეგიონი. მე თბილისის სპეციფიკა კარგად ვიცი, რადგან დედაქალაქის საკრებულოში ვმუშაობდი.

ძალიან მინდოდა, რომ იგივე ცვლილება რეგიონებშიც გავრცელებულიყო, მაგრამ შეცდომა რომ დამეშვა, ეს ხომ უარესი იქნებოდა? ამიტომ, სხვა მაჟორიტარები რეგიონებიდან და დეპუტატების დიდი სპექტრი ჩაერთვებიან ამ პროცესში, დავხვეწთ ამ კანონს ისე, რომ შესაძლებელი გახდება, მთელ საქართველოზე გავრცელდეს და რა პრობლემაა? რატომ არ უნდა მინდოდეს, რეგიონებში მოქმედ ბიზნესმენებსაც დავეხმარო, წარმოუდგენელია ჩემთვის!

- თქვენი ოპონენტების აზრით, მმართველ პარტიაში რამდენიმე კლანია, საპარლამენტო ფრაქცია „ქართულ ოცნებაში“ კი ორს - ირაკლი კობახიძისა და კახა კალაძის კლანებს ასახელებენ, რომლებიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას უპირისპირდებიან, ასეა?

- მარტივად გიპასუხებთ: გიორგისთანაც ვმეგობრობ, ირაკლისთანაც და კახისთანაც (იცინის). მითხარით, როგორ ავხსნა, რომელ კლანში ვარ? არცერთ მათგანთან არ მაქვს პრობლემა.

მაია მიშელაძე