რა გეგმა აქვს ოპოზიციას, თუ ნიკა მელიას დაიჭერენ - ინტერვიუ მურმან დუმბაძესთან

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს პარლამენტი დღეს, 16 თებერვალს, განიხილავს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხს. ამის პარალელურად კი ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ წევრმა, მურმან დუმბაძემ, სოციალურ ქსელში დაწერა: „დღეს, პირველად (ნიკა მელიას გამო) ვუყურე პარლამენტის სხდომას. ვაღიაროთ - დავმარცხდით! მოგვიგო სსრკ-მ, მლიქვნელებმა, ცეხავიკებმა. მეტნი არიან. ვერ გავძლებთ (დრო ვერ გაგვაძლებინებს)! გარდაუვალია - ქარიშხალი ამოვარდება!“...  „ვერსია“ მურმან დუმბაძეს ესაუბრა:

- ბატონო მურმან, ორაზროვანი სტატუსი დაწერეთ. „ვერ გავძლებთ“ რას ნიშნავს?

- უნდა გაიგოთ ისე, როგორც წერია. არც ერთ ხელისუფლებას რუსთაველზე გამოსულ პროტესტთან არ მოუგია. რუსთაველზე გამოსულ მოქალაქეს ვერ მოუგეს კომუნისტებმა, შევარდნაძემ, აბაშიძემ, მიშა სააკაშვილმა და ვერ მოუგებს ბიძინა ივანიშვილი. სისტემა არ დაუშვებს „ცეხავიკების“ უფროსობას საქართველოში, საბჭოთა კავშირი ჩვენ დავამარცხეთ 1980-იანი წლების ბოლოს, დაინგრა და ახლა ბიძინა ივანიშვილის მეშვეობით აღდგენილია. იმიტომ ვამბობ, რომ დავმარცხდით! შევხედოთ საქართველოს პარლამენტს და პირდაპირ, სიტყვასიტყვით ვთქვათ, ჩვენ აღმოვჩნდით ცოტანი, ისინი კი - მეტნი. მოგვიგეს, მაგრამ დროს ვერავინ მოუგებს და ამიტომ მოქალაქეების პროტესტი გრძელდება და ხელისუფლება აუცილებლად შეიცვლება.

- ესე იგი, ოპოზიცია ვერ არის სათანადოდ ძლიერი, რომ ხელისუფლებას ოპონირება გაუწიოს?

- ბუნებრივია, 3 თვეა, პროტესტი გრძელდება გაყალბებული არჩევნების და არა მხოლოდ ამის გამო... პროტესტი დაგდებული ტემპის, მლიქვნელობის, მონობის, თავისუფლების წართმევის გამო და ა.შ. ვფიქრობ, რომ პროტესტი უფრო მეტად უნდა იყოს ორგანიზებული, არაა ორგანიზებული, სამწუხაროდ.

-და ეს ვისი ბრალია, ბატონო მურმან?

- ჩვენი - ოპოზიციის, პირადად ჩემი, მურმან დუმბაძის და სხვა ოპოზიციონერი ლიდერების იმიტომ, რომ ერთი ალთასაა, მეორე - ბალთას! სამი თვეა, ბათუმში, ზუგდიდში და თბილისში კარვებში ათენებენ და ჯერ ვერ ვართ ისე ორგანიზებული, როგორც უნდა ვიყოთ. სხვა სიბრტყეში უნდა გადავიდეთ იმიტომ, რომ დრო არ ითმენს.

- კი, მაგრამ ხომ შეიკრიბეთ ოპოზიცია გუშინ... რა გადაწყვიტეთ?

- არაფერი მნიშვნელოვანი. 25-ში იქნება მარში და 31-ში გრანდიოზული გამოსვლა. სამწუხაროდ, ვერ ვესწრებოდი ამ სხდომას, მაგრამ ვფიქრობ, უფრო მეტი კონსოლიდირება სჭირდება ოპოზიციას. კვირაში ერთხელ შეკრება კი არა, ყოველდღიური, ყოველსაათობრივი უნდა იყოს, სულ ერთად უნდა ვიყოთ, ქვეყანა გაჩერებულია! მიუხედავად იმისა, რომ ვოლსკიმ წაიოპოზიციონერა სააკაშვილის დროს, ვერ გამოვიდა ცეკას მდივნობიდან, ისევ იქაა ჩარჩენილი, ჩვენ მივიღეთ კომუნისტური პარლამენტი. საზოგადოება თუ გაძლებს, დრო ვერ გაძლებს და ეს დავწერე, დრო ვერ გაგვაძლებინებს, ამიტომ უნდა ველოდოთ, რომ ქარიშხალი გარდაუვალია.

- მაინც, რას გულისხმობთ ქარიშახლში?

- ყველაფერს, უფრო დიდ პროტესტს, გეგმას და გამოსვლებს, უფრო მეტ წინააღმდეგობას იმის მიმართ, რაც ხდება საქართველოში. საუბარი კონკრეტულად საქართველოს პარლამენტზე და მთავრობაზე კი არა, იმაზე მაქვს, რომ დრო გააჩერეს, უკან წავედით, შევარდნაძის 90-იანი წლების საქართველოში დავბრუნდით და ამას დრო ვერ მოითმენს.

- მეჩვენება, რომ ოპოზიციაზე გაბრაზებული ხართ...

- გაბრაზებული არ ვარ, უბრალოდ, ვფიქრობ, რომ ტემპია მეტი საჭირო. მხოლოდ გაყალბებულ არჩევნებზე ვლაპარაკობთ და მარტო ამის გამო არაა ეს ქვეყანა უკან წასული. გაყალბებული არჩევნები არაფერ შუაშია, მნიშვნელოვანია, მაგრამ გადამწყვეტი - არა. გადამწყვეტია ის, რომ ქვეყანაში ტემპი დავარდა, სახელმწიფო მშენებლობა აღარ მიმდინარეობს.

- პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით აზრი ხომ არ შეიცვალა ოპოზიციამ?

- არა, ოპოზიციის ჩატში ვარ და ბოიკოტი გრძელდება, კიდევ ერთხელ ერთმანეთს ვუთხარით, ვისაც შესვლა უნდა, შევიდეს, პრობლემა არაა, მაგრამ გარწმუნებთ, რომ არავინ შესვლას აღარ აპირებს. ეს ორი კაცი შევიდა და დამთავრდა. ბოიკოტის თვალსაზრისით ოპოზიციამ მოუგო ხელისუფლებას, ძალიან მოუზომავი ოპტიმისტი ვარ და არ მეგონა, რომ ასეთი პატარა პარტიები პროტესტს ამ მიმართულებით ასე ხმამაღლა გამოხატავდნენ, ძალიან კმაყოფილი ვარ.

- ბატონო მურმან, ნიკა მელია რომ დააკავონ, რა გეგმა აქვს ოპოზიციას?

- ნიკა მელიას დაჭერა ერთი ფრაგმენტია, ტემპის განუვითარებლობის, სახელმწიფოს ჩამოშლის გამო, პერსონალურად ნიკანორ მელიაზე ხომ არ არის ლაპარაკი... აქ ლაპარაკია თავისუფლების შეზღუდვაზე. გავრილოვს ყველა გააპროტესტებდა და დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებაც გულში აპრიტესტებს, ამ „დანაშაულისთვის“ ნიკა მელიას სასამართლოს გადაწყვეტილებით ჯარიმა გადახდილი აქვს და კიდევ გადაახდევინო, ეს გაუგებარია. რომ დაიჭირონ, რა, ამით კონფლიქტი ამოიწურება? ერთადერთი გამოსავალი თავისუფალ გარემოში თავისუფალი არჩევანის გაკეთებაა და გარწმუნებთ, რომ საქართველოს მოქალაქეები მივლენ საარჩევნო ყუთთან და გააკეთებენ თავისუფალ არჩევანს და ხელისუფლება შეიცვლება. თუ ვერ მივიღებთ ამას, პროტესტი გაგრძელდება, იქნება შფოთი, წინააღმდეგობა.

- სოზარ სუბარის თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ ნიკა მელია ოფისში ჩაკეტვას აპირებს, რომ არ დააკავონ, ეს მართალია?

-არ ვიცი, ამ თემაზე ნიკასთან არ მილაპარაკია. არ არის ნიკა მელია მშიშარა კაცი, მშიშარა რომ იყოს, ფულს გადაიხდიდა. მოვაგროვებდით, ვთხოვდით თითო ლარის დადებას 40 000 მხარდამჭერს, რომელიც ჰყავს მელიას და გადავიხდიდით, მაგრამ ნიკა მელია არ არის მშიშარა კაცი, ასე რომ სოზარ სუბარის ეს არგუმენტი არის სუსტი.