რატომ არ ჰყავს აჭარას წარმომადგენელი პარლამენტის სპიკერატში

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი დეპუტატი, უფლებადამცველი მერაბ ბლადაძე, სოციალურ ქსელში წერს: „საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორიაში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მაჟორიტარი, ერთ-ერთ დეპუტატი პარლამენტში, ვიცე-სპიკერის პოსტს ყოველთვის იკავებდა... კვოტით იყო განსაზღვრული ეს. აჭარიდან არჩეულ სამივე დეპუტატს, ბრალს ვდებ ავტონომიური რესპუბლიკის ინტერესების არდაცვაში ისევე, როგორც მეათე მოწვევის პარლამენტის მთლიან შემადგენლობას...
ეს კვოტა აუცილებლად აღდგება, ხოლო თქვენ, ეს შავი ლაქა, ლაქად დაგრჩებათ!!!“  ამ თემაზე „ვერსია“ პარლამენტის საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, გურამ მაჭარაშვილს ესაუბრა, რომელმაც განგვიმარტა:


- რეგლამენტში იყო ასეთი კვოტები განაწილებული პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეებთან დაკავშირებით. კონსტიტუცია აქ არაფერ შუაშია. რეგლამენტში ბევრი ცვლილება შევიდა და ეს შეეხო პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეებსაც. დღეს არის პირველი ვიცე-სპიკერი, რომელსაც ასახელებს თავად თავმჯდომარე და შემდეგ არის გადანაწილებული თანაბრად - ორი ვიცე-სპიკერი ეკუთვნის უმრავლესობას, ორი კი - ოპოზიციას. დღეს რეგლამენტით ასეთი კვოტაა გადანაწილებული.
გამომდინარე იქიდან, რომ აფხაზეთიდან ვერ გვყავდა, ეს ჩანაწერი რაღაც უხერხულობას ქმნიდა. რეგლამენტში ეწერა, რომ ერთი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან უნდა ყოფილიყო ვიცე-სპიკერი და ერთიც - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან.

- ანუ, რადგანაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენელი არ იყო წარმოდგენილი, ამიტომაც გააუქმეთ აჭარის წარმომადგენლის კვოტაც?

- არა, მხოლოდ ეს არ იყო მოტივაცია. ოპტიმიზაციასთან დაკავშირებითაც ბევრი რაღაც შეიცვალა პარლამენტში, უბრალოდ, გითხარით ერთ-ერთი საფუძველი, თორემ ცვლილებების შემდეგ ასე გადანაწილდა: 2 ოპოზიციას, 2 - უმრავლესობას.

- ბატონო გურამ, როგორც დეპუტატსა და საპროცედურო კომიტეტის წარმომადგენელს, რამდენად სწორად მიგაჩნიათ რეგლამენტის ეს ცვლილება? აჭარის წარმომადგენელს უნდა ჰქონდეს თუ არა კვოტა პარლამენტის სპიკერატში?

- კვოტის არსებობა ან არარსებობა არ ნიშნავს არანაირად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებებში რაიმეს შეზღუდვას ან რაიმე უფლების მიცემას. ეს მოცემულობა არ ქმნის იმას, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა რამენაირად შეიზღუდა ამ კუთხით. ასე რომ ამაში არ შეიძლება, რამე ნეგატივი დაინახო.

„ვერსია“ აღნიშნულ საკითხზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ კობა ხაბაზსაც ესაუბრა:


„ზოგადად, ამ პარლამენტს ვუცხადებთ ბოიკოტს. არ ვღებულობთ არჩევნებში მონაწილეობას და მიგვაჩნია, რომ მთლიანად პარლამენტი არის უკანონო გამომდინარე იქიდან, რომ არჩევნები მოგვპარა ივანიშვილმა. ყველამ იცის, რომ ბათუმში თავისუფლების კვარტალი გვაქვს გახსნილი და ვაპროტესტებთ ორ თვეზე მეტია და ვითხოვთ ვადამდელი არჩევნების დანიშვნას. ასე რომ, რა გადაწყვეტილება მიიღეს, ჩვენთვის მეორე ხარისხოვანია.

რაც შეეხება კვოტირების პრინციპს, თავის დროზე ეს გადაწყვეტილება იყო მიღებული იქიდან გამომდინარე, რომ აჭარას აქვს ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი და ერთი ვიცე-სპიკერის თანამდებობა აჭარის კვოტით იყო განსაზღვრული.

უფრო მეტსაც ვიტყვი, „ქართული ოცნება“ უფრო შორსაც წავიდა და თუ არ ვცდები, სიის ასეულში, გამსვლელ სიაში აჭარიდან ერთი წარმომადგენელიც კი არ ჰყავდა. არ მინდა, იმაზე ვისაუბრო, რომ ისინი უარყოფენ აჭარას და ა.შ., მაგრამ ჩემთვის ერთი რამ ფაქტია - ამ ეტაპზე ყველაფერი ეს მეორე ხარისხოვანია ჩემთვის.
მიმაჩნია, რომ ასეთ ნორმებს არც პლუსი მოაქვს და არც - მინუსი, არაფერი მოაქვს არც ავტონომიისთვის და არც - საერთო საქმისთვის. არაა ეს აუცილებელი, უბრალოდ, მიმაჩნია, რომ უნდა ეყოთ გონიერება და ყველა პარტიას ჰყავდეს წარმომადგენელი გამსვლელ სიებში აჭარიდან იქიდან გამომდინარე, რომ აჭარა არის საქართველოს სრულფასოვანი კუთხე და სრული ჩართულობა გვაქვს ქართულ პოლიტიკურ პროცესში.“

თათია გოჩაძე