ლელა ქებურია: „გიგა ბოკერია უფრო მკაფიო იყო, დათო ბაქრაძე კი - უფრო რბილი და ნაკლებ გაბედული“

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

ლიდერების „პერედოზიროვკა“ ევროპულ საქართველოში

 ევროპულ საქართველოში მნიშვნელოვანი ცვლილებებია - პარტია რამდენიმე ლიდერმა, კერძოდ, დავით ბაქრაძემ, გიგი უგულავამ, გივი თარგამაძემ, ლევან თარხნიშვილმა და გოკა გაბაშვილმა დატოვა. ისინი პოლიტიკაში აქტიურად დარჩებიან, მაგრამ არ აპირებენ პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას ევროპულ საქართველოსთან ერთად. რაც შეეხება ირმა ნადირაშვილსა და ზურაბ ჭიაბერაშვილს, მედიის ინფორმაციით, პროფესიულ ასპარეზზე ინაცვლებენ, თუმცა პარტიულ აქტივისტებად რჩებიან.

„ვერსია“ ირმა ნადირაშვილს დაუკავშირდა კითხვით - უბრუნდება თუ არა ჟურნალისტიკას და რომელიმე ტელევიზიაში ხომ არ აპირებს საქმიანობის გაგრძელებას, ნადირაშვილი გვპასუხობს: „არსად გამიკეთებია მსგავსი განცხადება. არ მესმის, რას გულისხმობთ. პოლიტიკას ჩემს პროფესიად ვთვლი“.  ევროპული საქართველოს ყოფილ ლიდერს, ასევე, ვკითხეთ, ხომ არ აპირებს ახალი პარტიის შექმნას ან რომელიმე პარტიაში გაწევრიანებას, რაზეც გვპასუხობს, რომ ასეთი გეგმა არ აქვს. ჩვენი კითხვა - რჩება თუ არა უპარტიო პოლიტიკოსად, ნადირაშვილმა უპასუხოდ დატოვა.

ევროპულ საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე, „ვერსიამ“ ინტერვიუ პარტიის პოლიტსაბჭოს წევრ ლელა ქებურიასთან ჩაწერა:

 

- ქალბატონო ლელა, თქვენ რა გადაწყვეტილება მიიღეთ, პარტიაში რჩებით?

- დიახ, ვრჩები, ვარ პოლიტსაბჭოსა და სამდივნოს წევრი.

- რამდენიმე ლიდერმა დატოვა პარტია, სერგი კაპანაძემ კი - პოლიტსაბჭო. რა ხდება, რამ გამოიწვია ასეთი რყევები?

- სერგიმ, უბრალოდ, პარტიულ თანამდებობაზე თქვა უარი, თორემ პარტიის წევრად რჩება.

- გასაგებია, მაგრამ თქვენი პარტია, პრაქტიკულად, დაიშალა და საინტერესოა, რა გახდა ამის მიზეზი?

- „პარტია დაიშალა“ ცოტა არაკორექტული ნათქვამია იმიტომ, რომ ვეროპული საქართველო იყო პარტია, რომელსაც ლიდერების „პერედოზი“ ჰქონდა (იცინის). პარტიაში დარჩნენ არანაკლებ გამოცდილი ლიდერები.

რაც შეეხება ხედვას, დათო ბაქრაძე და გიგი უგულავა თვლიდნენ, რომ იმ შედეგთან დაკავშირებით, რაც დადგა, პარტიას სჭირდება სხვა მიმართულება. მათ ჩათვალეს, რომ ეს იყო მათი პასუხისმგებლობა და უნდა მომხდარიყო ჩანაცვლება სხვა ლიდერებით. ლიდერი რომ უნდა იყოს პასუხისმგებლიანი და პარტია განახლებადი, ამაში, რა თქმა უნდა, ვეთანხმები, მაგრამ განახლების გეგმა როგორია, ან ამ არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაში არის თუ არა პასუხისმგებლობა, რომ პარტიას ჩამოშორდე, ამასთან დაკავშირებით, შეიძლება, განსხვავებული ხედვა გვქონდეს, თუმცა დათოს და გიგის აზრს პარტიაში პატივს ვცემთ. დარწმუნებული ვარ, ისინიც პატივს სცემენ ჩვენს გადაწყვეტილებას და რჩებიან ჩვენს გულშემატკივრებად.

რაც შეეხება გიგა ბოკერიას, მან ჩათვალა, რომ არსებული პოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით, ასეთი მნიშვნელოვანი ლიდერების ჩამოცილება პარტიიდან, პირიქით, დამაზიანებელი იქნებოდა, მით უმეტეს მაშინ, როცა ძალიან დიდი ძალისხმევა, შრომა გვმართებს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. არავისთვის დასამალი არაა, რომ გიგა თამაშობს, ფაქტობრივად, გადამწყვეტ როლს საერთაშორისო პარტნიორებთან მოლაპარაკების პროცესში. ამიტომ ეს უპირატესობა, რომელიც ევროპულ საქართველოს აქვს, ახლა ყველაზე მეტადაა გამოსაყენებელი და არა - უკანა პლანზე გადასაწევი.

შეიძლება, გამეზიარებინა კიდეც წასული ლიდერების პოზიცია განახლებასთან დაკავშირებით, თუ ისინი ამის კონკრეტულ გეგმას წარმოადგენდნენ. სიტყვები - „განახლება“, „ახალი ლიდერი“ ძალიან კარგად ჟღერს, უბრალოდ, ლიდერები ხელოვნურად არ იქმნებიან, არამედ, თავისით იბადებიან. გიგა, დათო და გიგი, თავის დროზე, ვიღაცას არ „გამოუძერწავს“, თვითონ  ჩამოყალიბდნენ ლიდერებად, ამიტომ თუ ვინმეს ექნება სურვილი, ლიდერის როლი აიღოს, რა თქმა უნდა, ამაში დაბრკოლება პარტიის შიგნით არ ექნება. ეს იქნება თავისთავადი პროცესი.

- ქალბატონო ლელა, იყო თუ არა ლიდერების წასვლის მიზეზი გიგა ბოკერიას ფაქტორი? საუბარია, რომ ბოკერია იყო პრობლემა, რის გამოც უგულავამ და ბაქრაძემ პარტია დატოვეს...

- ასე ვერ ვიტყოდი, დათომ და გიგიმ ეს გადაწყვეტილება ერთი თვის წინ მიიღეს, უბრალოდ, ფორმალურად მოხდა ეს ყრილობაზე, რასაც პროცესუალური გამყარება სჭირდებოდა. პარტიის გარკვეულმა ნაწილმა ჩათვალა, რომ პარტიის შედეგებზე იღებენ პასუხისმგებლობას და ამას ხედავენ გვერდზე გაწევით, ჩათვალეს, რომ ლიდერობით წარმოადგენენ პრობლემას პარტიისთვის. გიგა ასე არ ფიქრობს, მას მიაჩნია, რომ ამ მომენტისთვის უნდა იყოს პარტიაში და მისი რესურსი პარტიაში უნდა იქნეს გამოყენებული. დრო გვიჩვენებს, რომელმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება. მიმაჩნია, ევროპული საქართველოს პრობლემა ის იყო, რომ ზოგ შემთხვევაში, არ ვიყავით საკმარისად გაბედულები და გვაკლდა სიცხადე, რადგან სამი ტიპის განსხვავებული ლიდერი იყო პარტიაში მაქსიმალურად მიახლოებული ხედვებით, თუმცა იყო საკითხები, სადაც გიგა ბოკერია უფრო მკაფიო იყო, მაგალითად, დათო ბაქრაძე კი შეიძლება, ყოფილიყო უფრო რბილი და ნაკლებ გაბედული. შესაბამისად, ამ სიცხადის არქონამ პარტიაში, რაღაც ტიპის მერყეობა გამოიწვია ჩვენს პოტენციურ ამომრჩეველში.

ვფიქრობ, ამ პრობლემებზე უფრო ფუნდამენტურად ვიმუშავებთ და დიდი იმედი მაქვს, ეს ცვლილება განაპირობებს ევროპული საქართველოს მკაფიო ადგილს ქართულ პოლიტიკაში.

- თქვენი ექსთანაგუნდელები ცალკე პარტიას ხომ არ ქმნიან?

- გიგიმ განაცხადა, რომ რჩება უპარტიო პოლიტიკოსად და მიმაჩნია, რომ ამ ლიდერების სიტყვას, მიუხედავად იმისა, რა გადაწყვეტილებაც მიიღეს, პოლიტიკაში აქვს ფასი და არ ვფიქრობ, რომ იმის მიღმა, რაც ილაპარაკეს, კიდევ რაღაც არსებობს. მათ განაცხადეს, რომ აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას განაგრძობენ უპარტიოდ და წარმატებას ვუსურვებ მათ.