„ჩემი აუსრულებელი ოცნებაა, ჩემს შვილებთან ვიყო,“ - ქართველი ემიგრანტი დედის ემოციური ინტერვიუ

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ემიგრაცია- ნებისმიერი ქართველისთვის ტკივილთან ასოცირდება. ზოგს დედა ენატრება, ზოგს - და-ძმა, ზოგს - ბებია... ყველაზე მტკივნეული კი მაინც იმ ადამიანების ხვედრია, რომლებიც ძვირფას ადამიანებს გაჭირვების გამო შორდებიან... „ვერსია“ გაგაცნობთ ადამიანებს, რომლებიც თავიანთ ემიგრაციულ ისტორიიებს მოგვიყვებიან და იმ კითხვასაც გასცემენ პასუხს, თუ რატომ გადადგეს ეს უკიდურესი ნაბიჯი? ჩემი რესპონდენტი ლალი ათენში უკვე 17 წელია, ათენში ცხოვრობს და დიდი ხანია, საქართველოში დაბრუნებაზე ოცნებობს:

- დაახლოებით, 17 წელია ჩემი ქვეყნის ფესვებს ვარ მოწყვეტილი. ემიგრაციაში წასვლის გადაწყვეტილება ხელის ერთი მოსმით არ მიმიღია. ამ ნაბიჯისკენ უამრავმა ფაქტორმა მიბიძგა. მთავარი მაინც უკიდურესი გაჭირვება იყო, რომელიც იმხანად საქართველოში არსებობდა... სინათლე არსაიდან ჩანდა, ბავშვებს კი ლუკმა-პურის გარეშე ვერ დავტოვებდი.

- დროის უკან დაბრუნება, რომ შეგეძლოთ, იგივე გადაწყვეტილებას მიიღებდით?
- დიახ.

- რატომ?
- სხვა ქვეყანაში რომ არ წავსულიყავი, ჩემი შვილები ვერც განათლებას მიიღებდნენ, არც საკვები ექნებოდათ და სხვა უმარავი, თითქოს უმნიშვნელო, მაგრამ სიცოცხლისთვის აუცილებელი დეტალი. ჩვენს ქვეყანაში შრომა და ანაზღაურება ერთმანეთს არ ემთხვევა.

- უცხო ქვეყანას ადვილად შეეგუეთ?
- ეს ცხოვრებაში, ალბათ, ყველაზე რთული ეტაპი იყო... ისიც არ ვიცოდი, ცუდად რომ გავმხდარიყავი, ვისთვის უნდა დამეძახა... ჩემს შვილებს თავს ვაჩვენებდი, რომ თავს თითქოს ძალიან კარგად ვგრძნობდი, მაგრამ ეს ტყუილი იყო... როცა ლაპარაკს მოვრჩებოდი, ბედნიერი სახე უცებ ცრემლებით მეცვლებოდა. როცა ემიგრანტი ხარ, შენი მანუგეშებელიც კი არავინაა, მარტო ხარ... როდესაც სხვადასხვა პრობლემას განიხილავენ, ჩვენი პრობლემა თითქოს უკან რჩება და ფიქრობენ, რომ ჩვენ აქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობთ და არაფერი გვაწუხებს. არადა, ყველაზე რთული ემიგრაციის ტკივილია, შეუხორცებელი ჭრილობა... ჩემი აუსრულებელი ოცნებაა, ჩემს შვილებთან ვიყო და ვიცოდე, რომ სხვა ქვეყანაში აღარ ვარ წასასვლელი!
როცა მახსენდება, რომ საქართველოდან წამოსვლიდან 17 წელი გავიდა, უფრო დიდი ტკივილს ვგრძნობ.

- ანუ, სამშობლოში დაბრუნებას არ აპირებთ?
- ჩვენს ქვეყანას გამოსწორების ჯერ არაფერი ეტყობა. ამიტომ, ვერ გეტყვით, დავბრუნდები-თქო. როცა მუშაობის ძალა აღარ მექნება, ალბათ, მაშინ წამოვალ.
ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ, რომ დამთავრდეს ემიგრაციის პრობლემა საქართველოში, აღარ უნდა დაშორდნენ მშობლები შვილებს!
ნუკი გაგულიძე