13 წლის ლუკას კორონატრაგედია - განათლებაწართმეული თაობა

განათლება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მალე ერთი წელი შესრულდება, რაც ქვეყანა, პრაქტიკულად, ჩაკეტილია. შესაბამისად, უამრავი ისეთი დარგი განადგურდა, რომელიც ქვეყნის არსებობისთვის მნიშვნელოვანია. აი, მაგალითად, არავინ ფიქრობს, თუ რამდენად ხარისხიან განათლებას აძლევს დღევანდელი დისტანციური სწავლება მომავალ თაობას ან საერთოდ, აძლევს თუ არა?
დღევანდელი მოსწავლეები ორ ნაწილად იყოფია- ისინი, რომლებიც დისტანციურად იღებენ განათლებას და ამისთვის შესაბამისი პირობები აქვთ და ისინი, რომლებსაც არც ინტერნეტი აქვთ და არც - შესაბამისი ტექნიკა.
13 წლის ლუკა ავჭალის N16 სკოლაში სწავლობს, მაგრამ თვეებია, გაკვეთილებს არ დასწრებია, მიზეზი უსახსრობაა. მართალია, სკოლამ მისი ოჯახის მდგომარეობა კარგად იცის, იმისთვის, რომ ბავშვი პროგრამას არ ჩამორჩეს, არაფერს აკეთებს. როგორც ლუკა ამბობს, კვირაში ერთხელ ურეკავს მათემატიკის მასწავლებელი და იმას, რასაც დისტანციურად ასწავლის ბავშვებს, ტელეფონით აწერინებს, თუმცა ეს ლუკასთვის საკმარისი არაა, რადგან პროგრამა ძალიან დიდია და მხოლოდ კვირაში ერთხელ, ისიც სატელეფონო გაკვეთილით ვერაფერს გახდება.
„როცა ასეთი მდგომარეობა დაიწყო, დედამ უთხრა სკოლის მასწავლებელს, არ გვაქვს ინტერნეტი და კომპიუტერიო. იმათმა გვითხრეს, რამეს მოგიხერხებთო, მაგრამ მარტო ერთი მასწავლებელი მირეკავს კვირაში ერთხელ და ტელეფონოთ მამეცადინებს, სხვა არავინ,“ - ამბობს ლუკა.
როგორც ლუკას დედა ამბობს, უნდა, რომ ბავშვებმა განათლება მიიღონ, მაგრამ ამის საშუალება არ აქვს და არც სახელწმიფო უწყობს ხელს. ბევრჯერ მიმართა სხვადასხვა დაწესებულებას დასახმარებლად, მაგრამ ამაოდ:
„ბევრჯერ ვცადე, ბავშვებისთვის შემექმნა გარკვეული პირობები და სხვადასხვა ადგილას ამას ვითხოვდი, მაგრამ მეუბნებიან, მოვაგვარებთო, დაპირების მიუხედავად, ჯერ არაფერი შეცვლილა. ალბათ, ფიქრობენ, რომ ჩვენნაირ ადამიანებს არაფერი სჭირდებათ.“
ლუკასთან მისი ობოლი დეიდაშვილიც ცხოვრობს, ის მე-5 კლასის მოსწავლეა და იგივე პრობლემის წინაშე დგას, მაგრამ მხოლოდ აიმედებენ, რომ ახლო მომავალში რამეს მოუხერხებენ. ამ დაპირებებში კი თითქმის ერთი წელი გავიდა.
ყველაფერი იწყება ამ წერტილიდან - განათლებიდან... თუ არ იქნება განათლების ხელშეწყობა, არ იქნება ჯანსაღი მომავალი თაობა, ახლა კი ვუყურებთ ბავშვებს, რომლებიც თვეებია, შინ გამოკეტილები არიან და მათ ნათელ მომავალზე არავი არავინ ზრუნავს!

ნუკი გაგულიძე