უნდა გვეშინოდეს თუ არა კორონას ახალი შტამის და კიდევ საჭიროა თუ არა შეზღუდვები - ექმის რეკომენდაციები

ჯანდაცვა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მას შემდეგ, რაც საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის შემთხვევა დაფიქსირდა, ბევრი კითხვა გაჩნდა, თუ რა განსხვავებაა ახალი კორონავირუსის ახალ და ძველ შტამს შორის. ერთადერთი, რასაც მედიკოსებისგან ვიგებთ, ისაა, რომ კოვიდის ახალი შტამი ჩვეულებრივზე ბევრად სწრაფად ვრცელდება. როგორ უნდა გავიგოთ, კორონას აქამდე არსებული შტამით დავინფიცირდით თუ ახალით - „ვერსია“ ონკოლოგიის მიმართულების რეზიდენტს, გიორგი ღოღოებრიძეს ესაუბრა, რომელსაც სოციალურ სივრცეში თითქმის ყველა იცნობს - გიორგი იმ ადამიანებს შორისა, რომლებიც ცდილობდნენ, საზოგადოებისთვის „კოვიდ 19“ გაეცნოთ.

- რა სიმპტომური განსხვავებაა კოვიდის ძველ და ახალ შტამებს შორის?
- სიმპტომური განსხვავება ამ ახალ ძველ და ახალ შტამებს შორის, პრაქტიკულად, არ არის და შესაბამისად, ამ განსხვავებას ვერც დაინფიცირებული პაციენტი იგრძნობს. ეს ორი შტამი ერთმანეთისგან არც კლინიკურად განსხვავდება და არც - ლაბორატორიულად. იმისთვის, რომ გავიგოთ, ახალი შტამია თუ არა, ლუგარის ლაბორატორიაში უნდა ჩატარდეს სპეციალური კვლევა.
- ადამიანი, რომელსაც „კოვიდ 19“ უკვე გადატანილი აქვს, შეიძლება თუ არა, ახალი შტამით დაინფიცირდეს?
- ეს უკვე რეინფიცირების შემთხვევა იქნება, რადგან ახალი შტამი იგივე კოვიდვირუსია, უბრალოდ, იმ განსხვავებით, რომ უფრო სწრაფად ვრცელდება.

- თქვენი აზრით, კიდევ საჭიროა თუ არა „ლოქდაუნი“?
- წარმოიდგინეთ, ასეთი ვარიანტი, რომ მოიხსნა „ლოქდაუნი“. ხალხი ამოძრავდება და იქნება ბევრად მეტი კონტაქტი, საზოგადოების გარკვეული ნაწილი ჯერ კიდევ არ იცავს კოვიდის საწინააღმდეგო რეკომენდაციებს, მათ შორის, პირბადესაც არ ატარებს. ხალხი ძალიან მოდუნებულია, დაიღალა ამ პანდემიური თვეებით. ამიტომ, შეზღუდვები რომ მოიხსნას, ვირუსის ძალიან სწრაფად გავრცელდება და მდგომარება უკონტროლო გახდება, რასაც ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუძლებს. ყველა მიაწყდება კლინიკას და იქ არც შეუზღუდავი რაოდენობის ადგილია და არც - სუნთქვის აპარატი, აქედან გამომდინარე, ბევრი ადამიანი დარჩება მკურნალობის გარეშე, შესაბამისად, ეს იქნება ადამიანების გაწირვა სიკვდილისთვის!
- ისე, რა გააკეთა სახელმწიფომ იმისთვის, რომ კოვიდის მიმართულებით ადამიანების ინფორმაციულობა გაზრდილიყო?
- ადამიანების თვითშეგნება გაიზარდა, ანუ როცა სოციალურ ქსელში „ლაივები“ დავიწყე, თავიდან ხალხის რეაქცია იყო, კოვიდი არ არსებობს, ტყუილიაო. ახლა კი სულ სხვანაირია საზოგადოება, ბევრად შეიცვალა აზროვნება...

- რაც შეეხება ფასს, საქართველოში კოვიდტექსტის ფასი კონტროლდება?
- ჩვენთან ტესტს თავიდან საოცრად მაღალი ფასი ჰქონდა, პრაქტიკულად, ეს ისეთი ფასი იყო, რომ ოჯახის ერთი წევრი თუ გაიკეთებდა, მეტი ვერა. ახლა ფასმა დაიწია, მაგრამ ჩვენი საზოგადოების ფინანსური შესაძლებლობების ფონზე, მაინც მაღალია. ვფიქრობ, რომ მოხუცებისთვის, ონკოპაციენტებისა და ყველასთვის, ვინც რისკჯგუფშია, ტესტი უფასო ოჯახის ექიმის რეკომენდაციის გარეშეც უნდა იყოს. სიძვირის გამო, ზოგმა არც იცის, რომ დაავადებულია და, შესაბამისად, გამავრცელებელი ხდება.
ახლა ანტიგენის ტესტი უფასოა, მაგრამ მხოლოდ ოჯახის ექიმის რეკომენდაციის შემთხვევაში. თუ თავისი ინიციატივით იტარებს ადამიანი ტესტს, ანტიგენის, საშუალოდ, 50 ლარამდე ჯდება, პსრ ტესტი კი - 100-მდე. მე რომ ჯანდაცვის სექტორში ვიყო, ყველა ტესტს დავაფინანსებდი, რადგან ეს ჩვენს ქვეყანას არ გაუჭირდება.

ნუკი გაგულიძე