შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ალექსანდრე დარახველიძემ, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტ „პრომეთეუსის“ (II ფაზა) ფარგლებში ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენციის - "მიგრაცია საქართველოდან ევროკავშირისა და შენგენის ზონის მიმართულებით - მრავალსექტორული თანამშრომლობა არალეგალური მიგრაციის, მიგრაციასთან დაკავშირებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და ჯანმრთელობის მდგომარეობით გამოწვეული მიგრაციის რეგულირების მიზნით", გახსნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ალექსანდრე დარახველიძემ მისასალმებელ სიტყვაში ხაზი გაუსვა ევროინტეგრაციის პროცესში ევროკავშირთან/შენგენის სივრცის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობას და სამინისტროს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს არალეგალური მიგრაციისა და უსაფუძვლო თავშესაფრის მოთხოვნის შემცირების მიმართულებით.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელი პირები, საფრანგეთის ელჩი საქართველოში - შერაზ გასრი, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს მისიის ხელმძღვანელი - სანია ჩელებიჩ ლუკოვაცი, საქართველოში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები, გაეროს მუდმივი კოორდინატორი, ევროკავშირის, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრისა (ICMPD) და საქართველოს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები.
ღონისძიების თემატური პანელები დაეთმო საზღვრის მართვის და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობას პარტნიორი ქვეყნების უწყებებთან, ასევე, ევროპოლთან (EUROPOL) და ფრონტექსთან (FRONTEX), რაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს უვიზო მიმოსვლის შეუფერხებლად წარმართვაში.
ორ დღიან საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საფრანგეთის, იტალიის, ესპანეთის, ავსტრიის და შვეიცარიის შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებმა, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებმა. კონფერენცია მიზნად ისახავდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის მიგრაციული პროცესების ეფექტიანი მართვის უზრუნველყოფისთვის გატარებული ღონისძიებების შედეგების გაცნობას და სამომავლო ნაბიჯებზე რეკომენდაციების შემუშავებას.
პროექტი “პრომეთეუსი” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით 2022 წლიდან ხორციელდება საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ. მისი მიზანია შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერება საზღვრისა და მიგრაციის მართვის, ასევე ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამოხელეო დანაშაული წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28.01%-ით შემცირდა. უწყებამ რეგისტრირებული დანაშაულის 9 თვის სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ იანვარ-სექტემბერში სამოხელეო დანაშაულის შემდეგი მაჩვენებლები დაფიქსირდა:

სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება - რეგისტრირებული 37 დანაშაული, გახსნილია - 10;

სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება - 145 რეგისტრირებული დანაშაული, გახსნილია - 3 შემთხვევა;

განმარტების, ჩვენების, ან დასკვნის მიცემის იძულება - რეგისტრირებულია 16 დანაშაული, ხოლო გახსნილი არცერთი;

ქრთამის აღების - რეგისტრირებული 26 და გახსნილი 15 შემთხვევა. გასული წლის 9 თვესთან შედარებით, დანაშაულმა 8.33%-ით მოიმატა;

ქრთამის მიცემის - რეგისტრირებულია 6 შემთხვევა და გახსნილია - 5. მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 25%-ით შემცირდა;

რეგისტრირებულია ასევე სამსახურებრივი გულგრილობის - 59 შემთხვევა და გახსნილია - 16.

მაჩვენებლები მოიცავს ყველა საგამოძიებო უწყების მონაცემებს.

 

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ფაიგ გულიევთან შეხვედრა გამართა.
ელჩმა შინაგან საქმეთა მინისტრს აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ახლად დანიშნული ატაშე, ადილ ბაღიროვი წარუდგინა, რომელიც ახლახანს შეუდგა საქართველოში საქმიანობას.
ვახტანგ გომელაურმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პოლიციის ატაშეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
შეხვედრაზე მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ორ სახელმწიფოს შორის არსებული ინტენსიური თანამშრომლობის მნიშვნელობა სამართალდაცვის სფეროში. შინაგან საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა პოლიციის ატაშეების მნიშვნელოვან როლზე თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაში.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს სამომავლო პერსპექტივებზე და მზადყოფნა გამოხატეს აქტიურად გააგრძელონ თანამშრომლობა მომავალში სხვადასხვა მიმართულებით.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო თათბირი გამართა.
შეხვედრას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძე, მისი მოადგილეები და ამავე დეპარტამენტის თბილისისა და რეგიონების მთავარი სამმართველოების უფროსები ესწრებოდნენ.
სამუშაო თათბირზე აღინიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს პოლიციელებისთვის, როგორც სოციალური, ისე სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლებას. მხარეებმა ისაუბრეს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიმართულებით გადადგმულ საკანონმდებლო ცვლილებებსა და მისი აღსრულების კუთხით მიღებულ შედეგებზე. თათბირზე ვახტანგ გომელაურმა, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირებისგან ასევე მოისმინა ავტოსაგზაო შემთხვევებისა და დანაშაულის სტატისტიკის ანგარიში.
თათბირზე აღინიშნა, რომ როგორც წინა წლებში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკის განახლება სამომავლოდაც გაგრძელდება.
შინაგან საქმეთა მინისტრს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ ვითარებაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
ვახტანგ გომელაურმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებს სამუშაო პროცესთან დაკავშირებით შესაბამისი დავალებები მისცა და შესრულებული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
სამუშაო თათბირის დასრულების შემდეგ, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, რეგიონების მთავარი სამმართველოების ხელმძღვანელ პირებს საპატრულო პოლიციის ახალი ავტომობილები გადასცა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი მოადგილეებთან ერთად ეწვია. ომბუდსმენსა და მის თანმხლებ პირებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ, შსს-ს აკადემიის რექტორთან, ზურაბ ზუბადალაშვილთან და აკადემიის სხვა წარმომადგენლებთან ერთად უმასპინძლა.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან და აკადემიის ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრის შემდეგ, სახალხო დამცველი და მისი კოლეგები, აკადემიის საქმიანობის შესახებ პრეზენტაციას დაესწრნენ და სწავლების ძირითად მიმართულებებს გაეცნენ.
შეხვედრის ფარგლებში, ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებისთვის გაცნობითი ტური მოეწყო. სახალხო დამცველმა, მოადგილეებთან ერთად, აკადემიის ადმინისტრაციულ შენობაში განთავსებული სასწავლო აუდიტორიები, იმიტირებული სასამართლო დარბაზი, საგამოცდო და სიმულაციური სწავლების სივრცეები დაათვალიერა, ასევე, მოინახულა იმიტირებული სასაზღვრო გამტარი პუნქტი და ვირტუალური ტირი.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრის დასასრულს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, აკადემიის ხელმძღვანელმა პირებმა და ომბუდსმენმა, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით, აკადემიასა და სახალხო დამცველის აპარატს შორის მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა გამოთქვეს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, პოლიციის ახლადშექმნილი დეპარტამენტისთვის განკუთვნილი შენობა გახსნა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი დამოუკიდებელ ერთეულად გამოეყო.
ვახტანგ გომელაურმა შენობა პირველ მოადგილესთან - შალვა ბედოიძესთან, მოადგილეებთან: იოსებ ჭელიძესთან, გიორგი ბუთხუზთან, ალექსანდრე დარახველიძესთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაათვალიერა. ღონისძიებას, ასევე დაესწრნენ და პოლიციის ახალი შენობა დაათვალიერეს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა - პაპუნა მარგველიძემ, მაჟორიტარმა დეპუტატმა - გოჩა ენუქიძემ და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა - ზვიად მხეიძემ.
პოლიციის ახალი შენობის დათვალიერების შემდეგ, ვახტანგ გომელაურმა თანამშრომლებთან სამუშაო თათბირი გამართა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლევან დარახველიძე წარადგინა. მინისტრმა მას წარმატებები უსურვა. ლევან დარახველიძეს ამ დრომდე იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა.
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის შექმნის მიზანია შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ საპოლიციო საქმიანობის, დანაშაულის პრევენციის, რეგიონში მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის კიდევ უფრო ეფექტიანად განხორციელება და მოქალაქეებისთვის საპოლიციო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება.
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის შექმნის შედეგად რეგიონს 130-მდე საშტატო ერთეული დაემატება. ადგილზე დასაქმებული სამართალდამცველები 4 მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებს მოემსახურებიან.
პოლიციის ახალი შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა და უახლესი ინვენტარით არის აღჭურვილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლებაა, რომლის ფარგლებში, პოლიციელთა სამუშაო გარემოს გაუმჯობესებისა და მოქალაქეებისთვის ეფექტიანი საპოლიციო მომსახურების მიზნით, საქართველოს მასშტაბით, ბოლო წლებში, პოლიციის არაერთი ახალი შენობა გაიხსნა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის ახლადშექმნილი დეპარტამენტის დირექტორად პოლიციის პოლკოვნიკი ლევან დარახველიძე დაინიშნა. ამ დრომდე მას იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა.
ლევან დარახველიძე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2005 წლიდან სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი - ი.გ., ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით დააკავეს.
 
დანაშაული 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 
სამართალდამცველებმა, დაკავებულის ავტომობილის, საცხოვრებელი სახლისა და სამუშაო ოთახის ჩხრეკის შედეგად, დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის უაქციზო სიგარეტი, ცეცხლსასროლი იარაღები, ვაზნები, მჭიდები და ფული ნივთმტკიცებად ამოიღეს.
 
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.

დღეს ქვეყანაში გვაქვს მშვიდობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, მთავარი ყურადღება უნდა იყოს მიმართული ქვეყნის მშვიდობის შენარჩუნებაზე, სტაბილურობის განმტკიცებაზე, ეკონომიკურ განვითარებასა და კეთილდღეობაზე.

„მინდა ვთქვა შემდეგი, რომ დღეს ქვეყანაში გვაქვს მშვიდობა, სტაბილურობა, ხედავთ რა ხდება ირგვლივ მსოფლიოში, ურთულესი მდგომარეობაა, უკრაინა, ახლა ისრაელი, ისრაელში მიმდინარე მოვლენები არის ძალიან შემაწუხებელი და ძალიან, ასე ვთქვათ, რთული გამოწვევა, არა მხოლოდ იმ რეგიონისთვის, არამედ ზოგადად მთელი მსოფლიოსთვის ექნება ამას დიდი გავლენა.
ასე რომ, ჩვენ მთავარი ყურადღება უნდა მივმართოთ ჩვენი ქვეყნის აი ამ მშვიდობის შენარჩუნებაზე, სტაბილურობის განმტკიცებაზე, ეკონომიკურ განვითარებაზე, კეთილდღეობაზე, ეს სჭირდება ჩვენს ხალხს“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე უპასუხა კითხვას, იმპიჩმენტის საკითხი იქონიებს თუ არა რაიმე გავლენას კანდიდატის სტატუსზე.

„ყველაფერი კარგად იქნება. არავითარი გავლენა, რას ნიშნავს გავლენა ექნება ამას ?! ეს არის ჩვენი ქვეყნის ღირსების საკითხი, ჩვენ ვალდებული ვართ, რომ დავიცვათ ჩვენი კონსტიტუცია და ჩვენი კანონი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ასევე უპასუხა კითხვას, პოზიტიურია თუ არა ეს სიგნალი ბრიუსელისთვის.

„პოზიტიური არის იმ კუთხით და იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ ვართ მაგალითის მიმცემნი კანონის დაცვის და კონსტიტუციის დაცვის“, - განაცხადა პრემიერმა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ სამუშაო შეხვედრა გამართა საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მისიის ხელმძღვანელთან, კაორი იშიკავასთან.
 
მხარეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციას შორის არსებული თანამშრომლობა და მიღწეული შედეგები განიხილეს. ალექსანდრე დარახველიძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა გაეროს ქალთა ორგანიზაციის ჩართულობით სამინისტროში განხორციელებულ რეფორმებზე, ასევე, ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების პროცედურებში შეტანილ ცვლილებებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.
 
შეხვედრის დასასრულს, ალექსანდრე დარახველიძემ გაეროს ქალთა ორგანიზაციას მადლობა გადაუხადა სამინისტროს მხარდაჭერისა და მის ინსტიტუციურ განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
 
გაეროს ქალთა ორგანიზაცია უკვე მრავალი წელია თანამშრომლობს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და საკუთარი წვლილი შეაქვს უწყების შესაძლებლობების განვითარებაში სხვადასხვა მნიშვნელოვანი მიმართულებებით.