შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველების მიერ, კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჩურთან არსებულ ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი - „112“-დან მიღებული ინფორმაციით, სოფელ ლეჩურთან, მთის ფერდობზე, ფოთლოვან ტყეში შეინიშნებოდა დაკვამლიანება. ცეცხლი ტყის ქვედა საფარს, ეკალ-ბარდს და ხის ხმელ ტოტებს გაუჩნდა.
მეხანძრე-მაშველების მიერ უწყვეტი სამუშაოების შედეგად მოხერხდა ხანძრის ლოკალიზება და შემდგომში სრული ლიკვიდირება.
ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართული იყო 50-მდე მეხანძრე-მაშველი და დრონები. რთული რელიეფის გამო, ხანძრის კერასთან სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შეყვანა ვერ მოხერხდა.
მთელი ღამის განმავლობაში, პრევენციისა და მონიტორინგის მიზნით, ადგილზე იმყოფებოდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1991 წელს დაბადებული მ.კ. ოჯახში ძალადობის და ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი მუქარის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული გალის რაიონში სისტემატურად ძალადობდა მეუღლეზე - 1989 წელს დაბადებულ ა.კ.-ზე.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ღონისძიებების შედეგად ბრალდებული ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილითა და 11 პრიმა 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობასა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი - ვახტანგ გაბრიჭიძე წარუდგინა.

ალექსანდრე დარახველიძემ მიგრაციის დეპარტამენტის ახლადდანიშნულ დირექტორთან ერთად დეპარტამენტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები განიხილა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

ვახტანგ გაბრიჭიძე მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორის პოზიციაზე დანიშვნამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის პრორექტორის თანამდებობას იკავებდა.

ვახტანგ გაბრიჭიძე უწყებაში 10 წლის განმავლობაში სხვადასხვა პოზიციას იკავებდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) თურქმენეთის ოფისის მხარდაჭერით, თურქმენეთის დელეგაცია ესტუმრა ოფიციალური სამუშაო ვიზიტით.

თურქმენეთის დელეგაცია წარმოდგენილი იყო სახალხო დამცველის აპარატის, გენერალური პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, მეჯლისის (პარლამენტი) და საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირებით. დელეგაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის, მიგრაციის დეპარტამენტის და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტების ხელმძღვანელმა პირებმა უმასპინძლეს.

ვიზიტის მიზანს სახალხო დამცველთან არსებულ, პრევენციის ეროვნულ მექანიზმთან (დეპარტამენტი) შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლობის გაცნობა წარმოადგენდა.

ქართულმა მხარემ თურქმენეთის დელეგაციას ასევე დეტალურად გააცნო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში განთავსებულ პირთა მიმართ არსებული რეგულაციები, მათთვის განკუთვნილი სერვისები, დაკავებულ პირთა უფლებრივი მდგომარეობა და სხვ.

მხარეებმა ასევე გამოხატეს მზაობა აქტიურად გააგრძელონ თანამშრომლობა, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიმართულებით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორმა, გიორგი ოსაძემ, ბავშვთა ქორწინების საზიანო პრაქტიკის აღმოფხვრის მიზნით ეროვნული ვალდებულებების შესრულების დაჩქარების მნიშვნელობის შესახებ გამართულ მაღალი დონის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიებაზე სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში, საბინე მახლმა და შვედეთის საელჩოს თანამშრომლობის განვითარების განყოფილების უფროსმა, მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ, ერიკ ილესმა.


დისკუსიას ბავშვის ქორწინების საზიანო პრაქტიკის აღმოსაფხვრელად სახელმწიფო ინსტიტუტების კოორდინაციის ხელშეწყობის მიზნით ძალისხმევის გაერთიანების მნიშვნელობის შესახებ ფასილიტაცია გაუწია გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) წარმომადგენელმა თურქეთში და საქართველოსა და აზერბაიჯანის ოფისების დირექტორმა, მარიამ ხანმა.


ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრები, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს, გენერალური პროკურატურისა და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირები.
შეხვედრის ფარგლებში გიორგი ოსაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიდგომებსა და როლზე ადრეულ ასაკში ქორწინების წინააღმდეგ ბრძოლაში, ისაუბრა ყოველწლიურ საინფორმაციო კამპანიაზე - „ნუ წაართმევ ბავშვობას“, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობასა და არსებულ გამოწვევებზე. ასევე, ხაზი გაუსვა საკითხზე მომუშავე უწყებებისა და ორგანიზაციების მჭიდრო თანამშრომლობის და კოორდინირებული მოქმედებების აუცილებლობას.


ღონისძიება მიზნად ისახავდა სახელმწიფო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დიალოგის მხარდაჭერას და ბავშვობის ასაკში ქორწინების საზიანო პრაქტიკის აღმოფხვრის მიმართულებით უწყებათაშორისი კოორდინაციის გაუმჯობესებას.
კონფერენცია გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისთან თანამშრომლობით, გაეროს ერთობლივი პროგრამის - „გენდერული თანასწორობისთვის“ - ფარგლებში შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კომპეტენციის ფარგლებში განაგრძობს შშმ პირთა უფლებების დაცვას. 2021 წლიდან, ყოველწლიურად შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, მტკიცდება ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის სამოქმედო გეგმა“, რომლის იმპლემენტაციის მიზნით უწყებამ არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განახორციელა და ხელშესახებ შედეგებს მიაღწია, როგორიცაა, თანამშრომლების გადამზადება, შენობებისა და სერვისების მისაწვდომობის უზრუნველყოფა, საგანგებო სიტუაციებში შშმ პირთა საჭიროებების უკეთ გათვალისწინება და სხვა.


სამოქმედო გეგმების შემუშავებაში აქტიურად მონაწილეობენ საკონსულტაციო ჯგუფის წევრები, რომელიც ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე მომუშავე საკონსულტაციო ჯგუფის შექმნის თაობაზე“ შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 01 ივლისის N1/22 ბრძანების საფუძველზე შეიქმნა. საკონსულტაციო ჯგუფში გაწევრიანებულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა იმ სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომელიც განსაზღვრულია სამოქმედო გეგმაში გაწერილი აქტივობების შესრულებაზე პასუხისმგებელ დანაყოფად. ასევე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მათი წარმომადგენლობითი ორგანიზაციებისა და სფეროში მომუშავე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.


2023 წლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულია შშმ პირთათვის ადაპტირებული სერვისების დანერგვა/გაუმჯობესება, თანამშრომელთა გადამზადება, შშმ თემთან შეხვედრები, პოლიციის აკადემიაში სასწავლო მოდულის დანერგვა და სხვა ღონისძიებები, რომელთა განხორციელება აქტიურ ფაზაშია.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიამ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარეს, გივი მიქანაძესა და კომიტეტის სხვა წევრებს უმასპინძლა.
პარლამენტარებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში კომიტეტის გასვლითი სხდომა ჩაატარეს. შეხვედრის ფარგლებში კომიტეტის წევრებმა, „ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან ერთად სხვა მიმდინარე საკითხებიც განიხილეს.
ასევე, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრებმა, აკადემიის ხელმძღვანელისგან, ზურაბ ზუბადალაშვილისგან, სასწავლო დაწესებულების მიერ გაწეული საქმიანობის, მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობების შესახებ დეტალური ანგარიში მოისმინეს.
შეხვედრის დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ, რომ მსგავსი ღონისძიებები მომავალშიც მოეწყობა, რაც მიმდინარე რეფორმების შესახებ ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა - გრიგოლ ლილუაშვილმა, 2017 წლის 21-22 ნოემბერს ჩატარებული კონტრტერორისტული სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცრაზმელის - ივანე გოლაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ივანე გოლაშვილის საფლავი გვირგვინით შეამკო და მისი ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.

ივანე გოლაშვილი, 2017 წელს, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ახმედ ჩატაევისა და მისი დაჯგუფების წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაიღუპა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის საჯარიმო ავტოსადგომებზე, მოქალაქეთა მომსახურების ცენტრები გაიხსნა.
მომსახურების ცენტრებში მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, კომფორტულ გარემოში, „ერთი ფანჯრის“ პრინციპით მიიღონ სხვადასხვა სახის მომსახურება, კერძოდ, ავტოსატრანსპორტო საშუალების საჯარიმო სადგომზე გადმოყვანის და დგომის საფასურის დადგენა/გადახდა, ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის დავალიანების შესახებ ცნობის მიღება და ავტოსატრანსპორტო საშუალების საჯარიმო სადგომიდან გაყვანისთვის სხვა საჭირო პროცედურების განხორციელება.
მოქალაქეთა მომსახურების ცენტრები თბილისში, ორ ლოკაციაზე გაიხსნა და „112“-ის საჯარიმო ავტოსადგომების მიმდებარე ტერიტორიაზე იმუშავებს.
„112“-ში ევაკუატორით გადაადგილების სერვისი 2014 წელს დაინერგა. აღნიშნული სერვისის დანერგვის მთავარ მიზანს ადმინისტრაციული დარღვევებისა და სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების დროს, დროებით ჩამორთმეული ავტოსატრანსპორტო საშუალებების საჯარიმო სადგომზე დროული და უსაფრთხო გადაყვანა/განთავსება წარმოადგენს.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ალექსანდრე დარახველიძემ საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან - მარია თეოდორუსთან შეხვედრა გამართა.
მარია თეოდორუმ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, საბერძნეთის რესპუბლიკის თავდაცვის ახალი ატაშე - სტეფანოს ლიკოპილოსი წარუდგინა, რომელიც საქართველოში საქმიანობას ახლახანს შეუდგა.
ალექსანდრე დარახველიძემ საბერძნეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სამართალდაცვით სფეროში არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობასა და სამომავლო ურთიერთობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. მათ ასევე განიხილეს არსებული პერსპექტივები და მზადყოფნა გამოხატეს აქტიურად განაგრძონ თანამშრომლობა მომავალში სხვადასხვა მიმართულებით.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა NATO-ს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში - „ზღვის მცველი“ ფარგლებში, საბერძნეთის საზღვაო ძალების ხომალდებზე საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეების განთავსების მნიშვნელობაზე.
შეხვედრის დასასრულს, ალექსანდრე დარახველიძემ მადლიერება გამოხატა საბერძნეთის რესპუბლიკის მიმართ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მუდმივი მხარდაჭერისა და შესაძლებლობების გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის.