დიდი კორუფციული სქემა, რომელიც საშინელი ტრაგედიით დასრულდა - ვინ მოკლა ცოლ-ქმარი და ცოლის საყვარელი

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

როგორც წესი, კრიმინალურ სამყაროში ყველაზე ნაკლებ შეცდომას ბინის ქურდები უშვებენ. იმის მიუხედავად, რომ საგამოძიებო ტექნოლოგიები ძალიან შორს წავიდა, ბინის ქურდები მაინც ახერხებენ, ისე იმოქმედონ, რომ სამართალდამცავებს თავ-გზა აუბნიონ და მათი დაკავება ვერ მოახერხონ. დღესაც კი, მსოფლიოს მასშტაბით, რამდენიმე ათეული „მედვეჟატნიკია“, რომელსაც პოლიცია ეძებს, მაგრამ ვერ პოულობს. იგივე ითქმის კიბერდანაშაულზეც - მსოფლიოს მასშტაბით, არაერთი ჰაკერული დაჯგუფებაა, რომელიც მილიონებს იპარავს და უკვალოდ ქრება. სხვა დანაშაულებზე კი ასეთი სიზუსტით გათვლა ძნელია და შესაბამისად, სამართალდამცავებსაც მუშაობა უადვილდებათ. ასე იყო ადრეც და ასეა ახლაც.

 „მკვლელობის განყოფილებას თავისი სპეციფიკა აქვს. როცა გეუბნებიან, რომ გვამია, ერთგვარი შიშითაც კი მიდიხარ, შენი ნაცნობი, მეგობარი, ან სულაც, ნათესავი არ იყოს. როცა გვამი უცხოა, უკვე იმაზე ფიქრობ, რამდენად სწრაფადაა შესაძლებელი საქმის გახსნა. თუ საქმე მარტივია, ეგოისტურად გიხარია, მით უმეტეს, თუ ცხელ კვალზე გახსენი. მოკლედ, ყველას თავისი სპეციფიკა აქვს, ამიტომ როცა ერთ-ერთი უბნის რწმუნებულმა დარეკა და თქვა, რომ ეჭვიანობის ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობა მოხდა, შემთხვევის ადგილზე მშვიდად გავედი. მშვიდად იმიტომ, რომ პირადად მე, საეჭვიანო არავისზე მქონდა, თან იმ უბანში ისეთიც არავინ ცხოვრობდა, რომ მენერვიულა, თუმცა ადგილზე მისულს, სამი გვამი დამხვდა და ძალიან, ძალიან მეწყინა. ერთ წამში წასული სამი სიცოცხლე და რისთვის?..

ლოგინში მოკლული ქალი და კაცი, 30 წლისაც ვერ იქნებოდნენ, საძინებლის კართან კი, სავარაუდოდ, ამ მკვლელობის ჩამდენი და შემდეგ, საფეთქელში მიბჯენით მკვდარი კაცი, 50 წლამდე იქნებოდა. ყველაფერი, ერთი შეხედვით, ძალიან მარტივად ჩანდა - ასაკოვანმა კაცმა, ახალგაზრდა ცოლს საყვარელთან მიუსწრო, ჯერ ისინი დახოცა, შემდეგ კი, აფექტის მდგომარეობაში მყოფმა, თავი მოიკლა“, - იხსენებს ერთ-ერთ, ყველაზე ბურუსით მოცულ მკვლელობას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

გარდაცვლილები ოჯახის უფროსის ძმამ იპოვა, რომელიც გვერდით კორპუსში ცხოვრობდა - საქმეზე გამოვიდა, კარი ღია დახვდა და შიგნით შესულს, საზარელი სურათი გადაეშალა. ძმამ კი თქვა, ეჭვი მქონდა, ცოლი რომ ღალატობდა, მაგრამ იმას რას წარმოვიდგენდი, საყვარელი სახლში თუ მოჰყავდაო.

გვამები ექსპერტიზაზე გადაასვენეს, მეორე დილით კი გამოძიებას ორი ცუდი ამბავი ელოდა.

„ჯერ ექსპერტი მოვიდა და მაგიდაზე დასკვნა დადო - საყვარლები, ოჯახის უფროსის გარდაცვალებამდე, ორი-სამი საათით ადრე გარდაიცვალნენო. შემდეგ, გარდაცვლილის ძმა მოვიდა, რომელიც იმ დღეს, თავის თავს არ ჰგავდა და დაბეჯითებით თქვა - ჩემი ძმის სახლიდან ოქროულობა და ოქროს პორტსიგარია დაკარგულიო. ამასობაში, ისიც გაირკვა, რომ ასაკოვანი კაცი, საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი საამქროს მმართველის მოადგილე იყო. მოკლედ, დასახურად გამზადებული საქმე, განსაკუთრებული მნიშვნელობის გამოძიებად იქცა“, - გვიყვება ბატონი თენგიზი.

როგორც გამოძიებამ გაარკვია, იმ დღეს, როცა დარეკეს და მოადგილე იკითხეს, საამქროში თათბირი იყო. მან სულ 10 წამი ისაუბრა ტელეფონზე და საკმაოდ აღელვებულმა თქვა, დაკითხვაზე მიბარებენო. ეს არავის გაჰკვირვებია, რადგან საამქროში რევიზია იყო შესული, „ობეხეც“ ჩართული იყო და მოადგილეს, რომელსაც მატერიალური მიმართულება ებარა, საკმაოზე მეტად აჯანჯღარებდნენ. ის დაკითხვაზე სამსახურის მანქანით, მძღოლთან ერთად გაემგზავრა, თუმცა მძღოლის დაკითხვისას გაირკვა, რომ მოადგილემ სახლამდე მიყვანა უბრძანა და უთხრა, ხმა არსად ამოეღო. აბა, „ხაზეინის“ წინააღმდეგ, მძღოლი როგორ წავიდოდა?! შესაბამისმა ორგანოებმა ისიც გაარკვიეს, რომ გარდაცვლილთან, „შესაბამისი უწყებებიდან“, არავის დაურეკავს და ზარი ქუჩის ტელეფონიდან განხორციელდა. ტელეფონი სკვერში იდგა და ამ სკვერს, ძირითადად, ორსული ქალები და მეძუძური დედები სტუმრობდნენ, რადგან მუდმივად სიმშვიდე იყო. ქალებმა ვერ გაიხსენეს, ვინ დარეკა იმ დღეს ტელეფონიდან, ყურადღება არ მიუქცევიათ, თუმცა ის კი თქვეს, ეს ტელეფონი თუ მუშაობს, არც ვიცით, არასდროს, არავის გამოუყენებიაო. სამაგიეროდ, ორი მოხუცი, რომელიც იმავე სკვერში, ყოველდღიურად ჭადრაკს თამაშობდა, უფრო დაკვირვებულები აღმოჩდნენ და თქვეს, რომ ტელეფონით ძალიან კულტურულმა ადამიანმა ისარგებლა, დარეკა, ცოტა ხანს ისაუბრა, შემდეგ კი ციფერბლატი და ყურმილი ცხვირსახოცით გაწმინდაო. ცხადი გახდა, დამრეკავმა თითის ანაბეჭდები გააქრო.

გამოძიებას ეჭვი გაუჩნდა, რომ შესაძლებელი იყო, მკვლელობაში საამქროს დირექტორის ხელი ერია, რომელიც ყველა დარღვევას გარდაცვლილს მარტივად დააბრალებდა, თუმცა როცა გამოძიება დეტალებში შევიდა, გაარკვია, რომ დირექტორს ორი მიზეზის გამო, არაფერი ემუქრებოდა. პირველი მიზეზი ის იყო, რომ მატერიალურ საკითხებზე ყველა დოკუმენტს, ხელს მოადგილე აწერდა და შესაბამისად, პასუხისმგებელიც ის იყო და მეორე, დირექტორის ცოლის ძმა მაღალ პარტიულ თანამდებობაზე მუშაობდა და ასე მარტივად ვერ გაწირავდნენ.

შემოწმება საამქროში მას შემდეგ შევიდა, რაც საწარმოს კუთვნილი სატვირთო ავტომანქანა „გაიშნიკებმა“ გააჩერეს, საბუთები შეამოწმეს და ნახეს, რომ დოკუმენტების მიხედვით, ჯართი მიჰქონდათ, რეალურად კი, მანქანაში სპილენძის დიდი ზომის, ძვირადღირებული ფირფიტები იყო. საწყობს მოადგილის უახლოესი მეგობრის შვილი მართავდა, რომელსაც გარდაცვლილი ბოლომდე ენდობოდა და დარწმუნებული იყო, რომ არ „ჩაუშვებდა“.

დაკითხვაზე საწყობის გამგემ ხელი გარდაცვლილისკენ გაიშვირა, მე რა შუაში ვარ, რასაც მეუბნებოდა, იმას ვაკეთებდიო.

დრო გავიდა, მაგრამ საქმემ წინ ვერ წაიწია. არც მოპარული ოქროული ჩანდა სადმე, არც - კვალი. ისე გამოდიოდა, რომ მკვლელმა ყველაფერი იდეალურად გათვალა და სამართალდამცავებს ექსპერტიზა ზერელედ რომ გაეკეთებინათ, მკვლელობაზე საქმეც არ აღიძვრებოდა. სწორედ მაშინ, როცა გამოძიებამ, ლამის ხელი ჩაიქნია და ხელმძღვანელობის მხრიდან დიდი ზეწოლის მიუხედავად, საქმე გაუხსნელთა სიას უნდა შემატებოდა, სამართალდამცავებს ძაფის კიდევ ერთი და სავარაუდოდ, ბოლო ნაწილი შერჩათ ხელთ და სწორედ მას უნდა მიჰყოლოდნენ.

„შემთხვევის ადგილზე კიდევ ერთხელ გავედი. ვიფიქრე, იქნება რამე გამომრჩა-მეთქი და სახლი გარდაცვლილის ძმასთან ერთად დავათვალიერე. წიგნების კარადის წინ, როგორც სხვა ოჯახებში, სურათი იდო - სახლის პატრონი ვიღაც კაცსა და საწყობის გამგესთან ერთად იყო აღბეჭდილი. როგორც ძმამ მთხრა, სურათში მესამე სწორედ იმ გამგის მამა იყო, რომელიც მას შემდეგ, რაც შვილი სამსახურში მოაწყო, მალევე გარდაიცვალა, თუმცა მანამდე, მადლიერების ნიშნად, მის ძმას, სწორედ ის ოქროს პორტსიგარი აჩუქა, რომელიც გაქრა. არცთუ იშვიათად ხდება, რომ ადამიანებს რაღაც ნივთების მიმართ, საჭიროზე მეტი სენტიმენტები აქვთ, ამიტომ გადავწყვიტე, საწყობის გამგის სახლი გამეჩხრიკა. რეალურად, საფუძველი არ მქონდა, მაგრამ არც სხვა ეჭვმიტანილი მყავდა და საქმის სერიოზულობიდან გამომდინარე, პროკურორმა სანქცია მომცა, იქნებ, რამე იპოვნოო“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

ჩხრეკის შედეგად, სამართალდამცავებმა, სწორედ ის დაკარგული პორტსიგარი და ოქროულობის ნაწილი იპოვეს. ახლა მთავარი ის იყო, გაერკვიათ, რის გამო გაიმეტა მამამისის მეგობარი კაცმა, რომელიც მსუყე ადგილზე მოაწყვეს და შვილივით ექცეოდნენ.

„ყველაფერი ძალიან კარგად მიდიოდა. როცა მამაჩემმა მუშაობა დამაწყებინა, ამოვისუნთქე. გარდაცვლილიც კარგად მექცეოდა, მაგრამ მერე მივხვდი, რომ თუ რამე მოხდებოდა, ხელს მე შემაწმენდნენ. დირექტორს მატერიალურ პასუხისმგებლად მოადგილე ჰყავდა, მოადგილეს - მე ანუ დირექტორიც სუფთა გამოდიოდა და მოადგილეც, წილს კი ორივე იღებდა. ფული შემდეგი სქემით ნაწილდებოდა: 50% - დირექტორს, 40% - მოადგილეს და მხოლოდ 10% - მე, მაგრამ ის ათიც საკმარისი იყო, ათასებზეა საუბარი. როცა სპილენძის ფირფიტები დააკავეს, მოადგილესთან მივედი და უცხოსავით მელაპარაკა, მე არაფერი ვიციო. არადა, მისი მითითებით გამქონდა. გადავწყვიტე, მკვლელობა ყველაზე კარგი გამოსავალი იქნებოდა, დირექტორი ჩემამდე არ ჩამოვიდოდა, ხელს მას შეაწმენდდა. ვიცოდი, ცოლს რომ საყვარელი ჰყავდა და ყველაფერი ისე მოვაწყვე, როგორც დაგეგმილი მქონდა. ჯერ ისინი დავხოცე, შემდეგ დავრეკე მოადგილესთან და სახლში მივიტყუე. რომ შემოვიდა, ნანახით გაოგნდა და საფეთქელში სწორედ მაშინ ვესროლე. შემდეგ იარაღი დავაჭერინე ხელში და უმისამართოდ გავასროლინე, დენთის კვალი რომ ჰქონოდა თითებზე. მეგონა, ყველაფერი იდეალურად იყო, თუმცა პორტსიგარი და ოქროულობა ხელს მაინც გამოვაყოლე. ჯერ ერთი, ორი იმდენი ოქროული კიდევ იქ დარჩა და არ მეგონა, თუ პორტსიგარს ვინმე ყურადღებას მიაქცევდა“, - ასეთია საწყობის გამგის აღიარებითი ჩვენება.

სასამართლომ სამი ადამიანის განზრახ მკვლელობისა და სახელმწიფო ქონების განიავებისთვის, მსჯავრდებულს სასჯელის უმაღლესი ზომა, დახვრეტა შეუფარდა.