სექტანტების რიტუალური მკვლელობა - ვინ არის მამაკაცი, რომელიც ადამიანებს ცეცხლით გაწმენდას აიძულებს

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ათასგვარი სექტა მხოლოდ ახლა კი არ არსებობს, არამედ, კომუნისტების ზეობის დროსაც არსებობდა. ძირითადად, რუსეთის, ბელორუსისა და უკრაინის მივარდნილ სოფლებში ნახავდით ანუ იქ, სადაც კანონი გვიან აღწევდა. ადამიანთა მცირე ჯგუფები სხვადასხვა მიმდინარეობებს ქმნიდნენ, საკუთარი წესები ჰქონდათ, საკუთარ ლოცვებს იგონებდნენ, მოკლედ, ჩვეულებრივ სექტებს აყალიბებდნენ.

 „70-იანი წლების დასაწყისი იყო. მაშინ, ჯერ კიდევ, უშიშროებაში ვმუშაობდი, მინდოდა, სწორედ ამ სფეროს გავყოლოდი, მაგრამ საქმემ, რომელიც შეგვხვდა, არჩევანი შემაცვლევინა და მილიციაში გადავედი. არჩევანს დღემდე არ ვნანობ, რადგან იმის მიუხედავად, რომ უშიშროებაში ხელფასიც მეტი მექნებოდა და პენსიაც, ავცდი იმ ქარტეხილებს, რომელიც ამ უწყებამ გადაიტანა. ავცდი იმ საშინელებებს, რომელიც ჩვენამდეც კი არ მოდიოდა ბოლომდე. ორი ინსულტი მაქვს გადატანილი და უშიშროებაში ამას ვერ გავუძლებდი. ახლა კი ამბავი, რომლის შემდეგაც უშიშროებაში მუშაობა გადავიფიქრე“, - ასე იწყებს იმ ისტორიის თხრობას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი, რომელსაც 50 წლის მანძილზე, გრიფით საიდუმლო ედო და მიმდინარე წლის 1 იანვარს მოიხსნა.

არხანგელსკის ოლქში, ერთ-ერთი სოფლის ახლოს, მიტოვებული სამონადირეო სახლი დაიწვა. როცა ადგილზე მეხანძრეები მივიდნენ, აღარ იცოდნენ, რა გაკეთებინათ გაოცებისა და შიშისგან. დანახშირებულ ბოძებს შორის, დაახლოებით, 20 ადამიანის დამწვარი სხეული ჩანდა - იყვნენ კაცები, ქალები, ბავშვები...

სამართალდამცავები ადგილზე მალე გამოცხადდნენ, თუმცა მათ ფეხდაფეხ, უშიშროების თანამშრომლები მოჰყვნენ - ჯართან ერთად, ტერიტორიას ალყა შემოარტყეს და საკუთარი ექსპერტები მოიყვანეს. ექსპერტიზის დასკვნა შოკისმომგვრელი გახლდათ - არცერთ გარდაცვლილს ძალადობის ნიშნები არ ეტყობოდა და ყველაფერი იმაზე მიუთითებდა, რომ ისინი საკუთარი ნებით დაიწვნენ ცეცხლში. არც ხელ-ფეხი ჰქონდა გაკრული არავის და გარეთ გამოსასვლელი კარიც საკეტის გარეშე იყო. რაც მთავარია, არცერთ გარდაცვლილს არ ჰქონდა საბუთი თან და შესაბამისად, არც დაკარგულად ჩაითვლებოდა.

„ამის შემდეგ, მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით, სპეცსამსახურების თანამშრომლების მობილიზაცია გამოცხადდა. ჯერ ერთი, არხანგელსკის ოლქი ძალიან დიდია და მეორეც, საჭირო იყო სირბილი, ასეულობით ადამიანის გამოკითხვა, გარდაცვლილთა შორის, ერთის ვინაობის დადგენა მაინც. 14-ვე რესპუბლიკიდან რუსეთში, მინიმუმ, 20 თანამშრომელი გაგვიშვეს, მთელ არხანგელსკში მიმოგვფანტეს და ორ დღეში, გარდაცვლილთაგან ორის ვინაობა ვიცოდით“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

გარდაცვლილთაგან ორი ამოცნობილი, ცოლ-ქმარი გახლდათ. ქმარი ხარატად მუშაობდა, ცოლი - საბავშვო ბაღის აღმზრდელად. სანიმუშო ოჯახი იყო, წესიერი, პატიოსანი. მათი საცხოვრებლის დათვალიერებამ ძიებას არაფერი მისცა. აი, ავტოფარეხში კი უშიშროების თანამშრომლებმა ერთი ცალი ოქროს კბილი იპოვეს. მაშინვე ექსპერტიზის დასკვნა გაახსენდათ, გარდაცვლილთაგან რამდენიმეს კბილი ძალიან უხეშად ჰქონდა ამოღებული და როგორც ექიმები ამბობდნენ, კბილი მეტალის, სავარაუდოდ, ოქროსი იყო. ყურადღება იმანაც მიიპყრო, რომ ცოლ-ქმრის სახლი, თითქმის ცარიელი იყო... გამოძიება კბილებს გაჰყვა და ნელ-ნელა ყველას იდენტიფიკაცია მოახერხა. უშიშროების კომიტეტი თავს იმტვრევდა, რადგან ამ ადამიანებს ერთმანეთთან, პრაქტიკულად, არაფერი აკავშირებდათ, იქ იყო ინჟინერი, მაღაზიის გამყიდველი, დარაჯი, ფიზიკოსი... პროფესორიც კი. ყველას ბინის ჩხრეკა ჩატარდა და აღმოჩნდა, რომ არავის, პრაქტიკულად, არაფერი ებადა, გაყიდული იყო არა მხოლოდ ძვირფასეულობა, არამედ, ავეჯიც და რაც მთავარია, განადგურებული იყო ოჯახები ანუ დამწვარი იყვნენ ან ერთი ოჯახის წევრები, ან ადამიანები, რომლებსაც ცოლი, ქმარი ან შვილი არ ჰყავდათ.

სანამ უშიშროების კომიტეტი თავს იმტვრევდა, რა მოხდა სინამდვილეში, ხოლო მთელი საბჭოეთის მასშტაბიდან ჩასული უშიშროების თანამშრომლები, ლამის მთელ ქვეყანას კუნჭულ-კუნჭულ ქექავდნენ, მოსკოვის გარეუბანში, იქ, სადაც ახლა პრესტიჟული აგარაკებია, მაშინ კი „დაჩნიკების“ ქოხები იდგა, ერთი სახლი დაიწვა. სახლში ჩაიწვნენ სოფლის მაცხოვრებლები, სულ სამი ოჯახი და ყველას იგივე ნიშნები ჰქონდა, თუმცა ამჯერად, უშიშროებას ხელჩასაჭიდი მიეცა. როცა ადგილზე მივიდნენ, სოფლის რწმუნებული პატარა გოგონას ამშვიდებდა და ჯარს უკვე ალყა ჰქონდა დარტყმული ტერიტორიისთვის. როგორც გაირკვა, გოგონაც იმ ქოხში იყო, მაგრამ გამოძრომა მოახერხა.

„დილით, ჩემმა დამ ლამაზად ჩამაცვა და მითხრა, რომ განსაწმენდად მივდიოდით - ცოდვებისგან უნდა გავწმენდილიყავით ცეცხლით. ქოხში შევედით, ტირილი დავიწყე, შემეშინდა. ამ დროს ჩემთან ერთი ძია მოვიდა, ცალი თვალი შეხვეული ჰქონდა, თოჯინა მომაწოდა და მითხრა, გაჩუმდი, ყველაფერი რიგზე იქნებაო. ის ძიაც ჩვენთან ერთად დაჯდა. მთელ სახლში ნავთი მოასხეს და ცეცხლი წაუკიდეს. მე გაძრომა ვცადე, ვერ შევძელი. მერე დავინახე, რომ იმ ძიამ სახეზე რაღაც გაიკეთა, უკანა კართან ფიცარი გადაწია, გაძვრა და გაიქცა. მეც იგივე ფიცარი გადავწიე და გამოვედი“, - ეს არის გოგონას მონაყოლი, რომელიც ნაჩუქარ თოჯინას ძალუმად იხუტებდა.

სამართალდამცავებმა თოჯინა მაშინვე ექსპერტიზაზე წაიღეს, ექიმებმა კი გოგონას გადარჩენა იმით ახსნეს, რომ ის სხვებზე დაბალი იყო და შესაბამისად, კვამლმა მის ცხვირამდე და ფილტვებამდე ყველაზე გვიან მიაღწია. ის რაღაც, რაც ცალთვალა კაცმა სახეზე გაიკეთა, აირწინაღი იყო. გოგონას აჩვენეს და მან თქვა, რომ უცნობს სწორედ ეს ნიღაბი ეკეთა. საბედნიეროდ, თოჯინაზე ორი თითის ანაბეჭდი მკაფიოდ ჩანდა. ეს დამნაშავის შეცდომა არ იყო, ის დარწმუნებული გახლდათ, რომ სათამაშო გოგონასთან ერთად დაიფერფლებოდა, მაგრამ შეცდა. ანაბეჭდები კარტოთეკაში გადაამოწმეს და საბჭოთა კავშირის ძალოვანებს საქმე მიეცათ - მათ 44 წლის გლებ ვოზნიუკი უნდა ენახათ, კაცი, რომელსაც ციხეებში 18 წელი ჰქონდა გატარებული. თვალი იმიტომ აკლდა, რომ „ზონაზე“, „კარტში“ წააგო და საკუთარი ხელით ამოითხარა. მისი სურათი ანახეს ყველა მაღაზიის გამყიდველს, ყველა მძღოლს, ოღონდ ინსტრუქტაჟი მკაცრი იყო - არავის, არაფერი უნდა წამოსცდენოდა. ერთ-ერთი მაღაზიის გამყიდველმა კაცი იცნო, ამ უბანში ქალი ცხოვრობს და მასთან ერთად, ორჯერ შემოვიდაო. დაიწყო იმ ქალის ბინის თვალთვალი. ორი კვირის შემდეგ, გლებ ვოზნიუკი ახალთახალი „ვოლგით“ მიადგა საყვარლის კორპუსს, თუმცა ალბათ, გუმანით იგრძნო, რომ ჩასაფრება მოუწყვეს და მანქანა ადგილიდან მოწყვიტა. დევნა მალე დასრულდა, დამნაშავე ბეტონის ჯებირს შეეჯახა და სამართალდამცავებმა დააკავეს. მას ფეხი ჰქონდა მოტეხილი და გაქცევა არც უცდია.

„ციხეში, ბოლო ვადას რომ ვიხდიდი, პეტრე პირველის დროინდელი ამბები წავიკითხე. იქიდან გავიგე, რომ დიდი მეფის დროს, იყო ვიღაც, ვინც ხალხს აჯერებდა, ცოდვებისგან მხოლოდ ცეცხლით გათავისუფლდებით და ბედნიერები იქნებითო. მეც დავიწყე იმ ადამიანებზე ინფორმაციის მოძიება, ვინც თვლიდა, რომ მეტს იმსახურებდა. მაგალითად, იმ ხარატსა და მის ცოლს შვილი არ ჰყავდათ და ვუთხარი, გეყოლებათ-მეთქი. ფიზიკოსს რაღაც გამოგონება დაუწუნეს. მთავარი მოთხოვნა მქონდა, მათ უარი უნდა ეთქვათ ამქვეყნიურ სიამოვნებაზე, ოქრო და ფული ფუფუნების საგანი და ცოდვა იყო. ისინი ცეცხლით უნდა განწმენდილიყვნენ და ჩემი ლოცვით, ცეცხლიდან უვნებლად გამოვიდოდნენ. რწმენა კი იმიტომ უჩნდებოდათ, რომ ცეცხლში მათთან ერთად შევდიოდი. მერე აირწინაღს ვიკეთებდი, როცა ისინი კვამლით იგუდებოდნენ, წინასწარ დატოვებული გასასვლელიდან გავდიოდი, მთელი მათი ქონება კი მე მრჩებოდა, ოქროს კბილებსაც იმიტომ ვაძრობდი, რომ ცეცხლს განწმენდილები უნდა შეხვედროდნენ“, -დაახლოებით, ასე ჩამოაყალიბა ცნობილმა კრიმინალმა, მის მიერ განხორციელებული საზარელი გეგმა.

გაბრიყვებული ადამიანებისგან ნაძარცვი ფულით, „ვოლგა“ იყიდა, ასევე, აგარაკი, ბინა. საკუთარ თავს უარს არაფერზე ეუბნებოდა და ყველაფერ ამას, საყვარლისა და მისი მშობლების სახელზე აფორმებდა. მშობლები სოფელში ცხოვრობდნენ და არ იყო ისეთი კონტროლი, როგორც ქალაქში. კომუნისტების დროს, ნებისმიერი კაპიკის წარმომავლობა უნდა აგეხსნა. რაღა თქმა უნდა, ყველა ელოდა, რომ ვოზნიუკს სასჯელის უმაღლეს ზომას გამოუტანდნენ, მაგრამ მოტეხილი ფეხის გამო, მას სეფსისი განუვითარდა და დაკავებიდან მე-11 დღეს, საავადმყოფოში მოკვდა.

უშიშროებამ ამ საქმეს გრიფით საიდუმლო დაადო და ამის მიუხედავად, ზუსტად ერთ წელიწადში, ამერიკულ პრესაში ინფორმაციამ გაჟონა. მაშინ ამერიკული გაზეთები წერდნენ, რომ საბჭოეთში, სექტანტებმა რამდენიმე ათეული ადამიანი დაწვეს, თუმცა როგორც ჩანს, დამადასტურებელი დოკუმენტები არ ჰქონდათ და რუსულმა „კა-გე-ბე“-მ, ეს ამბავი, ამერიკელთა მორიგ ჭორად მარტივად გაასაღა. არადა, საქმე სწორედ გლებ ვოზნიუკის მიერ ჩადენილ უსასტიკეს დანაშაულს ეხებოდა.