„ვაქცინაციისთვის მოეწყობა თავისუფალი სივრცეები კლინიკებს გარეთ...“- ექსკლუზიური ინტერვიუ დიმიტრი ხუნდაძესთან

ინტერვიუ
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დღეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, რის შემდეგაც დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საქართველოში რთული ეპიდვითარებაა. დღეს კორონავირუსის 3666 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა 17 ადამიანი. ჯანდაცვის სექტორი დატვირთვით მუშაობს და აუცილებელია საზოგადოების მხრიდან რეკომენდაციების დაცვა - პირბადის ტარება და ვაქცინაცია. ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საბჭოს სხდომაზე არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრეს. იმის გასარკვევად, თუ რა ვითარებაა დღეს საქართველოში ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით და რა საფრთხის წინაშე დგას მოსახლეობა, „ვერსია“ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესა და საკოორდინაციო საბჭოს წევრს, დიმიტრი ხუნდაძეს ესაუბრა:

_ ეპიდვითარება გლობალურად უარესდება, 194 მილიონი შემთხვევაა დადასტურებული და 3 კვირაზე მეტია, გრძელდება ახალი შემთხვევების მატება. 4 მილიონზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი და ზოგადად, გარდაცვალების მიზეზებს შორის covid 19 არის მეორე ადგილზე. რა თქმა უნდა, საყურადღებოა საქართველოში ეპიდვითარებაც, ინფიცირების საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, დღეს დაფიქსირდა 3666 შემთხვევა და ნახტომისებური ზრდა აშკარად მოსალოდნელია. საქართველო ინფიცირების მაჩვენებლით მე-12 ადგილზეა. სწორედ ამ საკითხებზე იყო საუბარი საკოორდინაციო საბჭოზე, ასევე ვისაუბრეთ იმაზე, რომ საკმაოდ დატვირთულია კლინიკები, თბილისში განსაკუთრებით. 5000-ზე მეტი პაციენტია დღეს კლინიკაში, აქედან მძიმეა 996 და ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 215 ადამიანი. ვითარება საყურადღებო, მაგრამ მართვადია. მთავარია, რომ რეკომენდაციები ბოლო პერიოდში დავივიწყეთ, რამაც სარკისებური რეაქცია მოგვცა. არ მოვიხმართ პირბადეს, სიმჭიდროვე აშკარად გაზრდილია, თუმცა კარგია, რომ ვაქცინაციაზე არის მოთხოვნა და დღეს საკმაო რაოდენობის ვაქცინა გვაქვს. მთავარია, იყოს მსურველი, ვაქცინების შემოტანა მოხდება უწყვეტად, არჩევანიც საკმაოდ ფართოა და მთავარია, ადამიანმა მოინდომოს, აუცილებლად იქნება ვაქცინირებული. გადარჩენისა და ამ ვითარებიდან გამოსვლის ერთადერთი გზა არის მხოლოდ ვაქცინაცია. დღეს საქართველოში 419 000-ზე მეტი ადამიანია აცრილი, ბოლო პერიოდში გააქტიურდა ეს პროცესი. მაგრამ ეს მოსახლეობის მხოლოდ 5%-ია და ამიტომ ეს პროცესი რაც შეიძლება, აქტიურად უნდა ვმართოთ. ამცრელი ბრიგადები, მიუხედავად იმისა, რომ დაახლოებით, 176 სამედიცინო დაწესებულება მონაწილეობს ამაში და დაახლოებით 250 ბიგადაა, მაინც გადატვირთულია და ამის გამო ხშირად საიტი იკეტება, რადგან ადგილი არაა. ამიტომ ჩვენ მივიღეთ თავისუფალი სივრცეების გამოყენების გადაწყვეტილება იმისთვის, რომ მეტი ლოკაცია იყოს აცრისთვის, რათა არ დადგეს რიგები და ხელმისაწვდომი იყოს ყველგან ვაქცინაცია. ვაქცინების რაოდენობა, საბედნიეროდ, ამის საშუალებას გვაძლევს.

_ თავისუფალი სივრცეები სად მოეწყობა, კლინიკებში?

_ არამხოლოდ კლინიკებში. თავისუფალ სივრცეებს ვნახავთ კლინიკეების გარეთაც, სადაც რა თქმა უნდა, შესაბამისი კვალიფიციური პერსონალის კონტროლის ქვეშ მოხდება ვაქცინაცია. თავისუფალი სივრცეები მოეწყობა იმ შენობებში, რომელსაც აქვს შესაბამისი ინფრასტრუქტირა, აკმაყოფილებს სტანდარტს, სადაც შესაძლებელი იქნება, ამცრელი ბრიგადები განთავსდეს, სადაც იქნება დაცული პაცინეტის უსაფრთხოება და ვაქცინაციის ყველა თანდმევი წესი, რათა უფრო მეტად იყოს ხელმისაწვდომი ვაქცინაცია.

_ ბატონო დიმიტრი, დიდი მოთხოვნაა „ფაიზერზე“ და ხომ არაა ცნობილი, კიდევ როდის გამოცხადდება საყოველთაო რეგისტრაცია ამ ვაქცინაზე?

_ მინდა, დავამშვიდო მოსახლეობა. ვაქცინების დეფიციტი არ იქნება, მათ შორის „ფაიზერის“. ამ დღეებში შემოვა კიდევ საკმაო რაოდენობა და შემოტანა მოხდება უწყვეტად იმიტომ, რომ მილიონზე მეტი დოზა შევისყიდეთ. ასევე სხვა ვაქცინებსაც შემოვიტანთ. „ფაიზერზე“ საზოგადოების მოთხოვნას დავაკმაყოფილებთ. თუმცა, მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენო მოსახლეობას და გთხოვთ, თქვენც დაგვეხმარეთ ამაში, არ დავივიწყოთ პირბადის მოხმარება. მესმის, რომ რთულია ასეთ სიცხეში პირბადის აკვრა სახეზე, მაგრამ მერწმუნეთ, უფრო მძიმეა ის ციფრი, რომელიც ვახსენე - 996 მძიმე და 215 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მიერთებული პაციენტი.

ჯანდაცვის სექტორსაც აქვს შესაძლებლობის ზღვარი. ჯერ ამ ზღვართან მიახლოებული არ ვართ, მაგრამ თუ ეს წესები არ დავიცავით, ვაქცინაციის პროცესში აქტიურად არ ჩავერთეთ, თავი არ შევიკავეთ სოციალური ღონისძიებებისგან, შესაძლოა, ჯანდაცვის სექტორმა მძლავრი ინფიცირების ფონზე ვერ გაუძლოს და მივიღოთ უფრო მძიმე ვითარება. ამისთვის ყველა ქვეყანა ემზადება, ჩვენც უნდა მოვემზადოთ. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, წესები დავიცვათ, თორემ ვირუსს აქვს გამოკვეთილი ხასიათი - სადაც მას არ ითვალისწინებენ, იქ ძალიან მძიმე შედეგს აყენებს.

_ საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამყრელიძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში სრული „ლოქდაუნის“ შემოღების საკითხი არ განიხილება, მაგრამ ხომ არაა საუბარი რაიმე ცალკეული რეგულაციების ისევ დაწესებაზე?

_ „ლოქდაუნი“ ახლა არ განიხილება იმიტომ, რომ გარდა ჯანდაცვის სექტორის მზაობისა და იმ რისკებისა, რაზეც ვისაუბრეთ, როგორც მსოფლიო, ასევე ქართული ეკონომიკაც არის ძალიან მძიმე დარტყმის ქვეშ. „ლოქდაუნები“ კი ეკონომიკაზე აისახება, დღეს კი ეკონომიკური მაჩვენებლები, ტურიზმი არის მზარდი. თუმცა, ამას სჭირდება კონტროლი, მართვა და მინიმალური რეგულაციების დაცვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაზარლდება ტურიზმიც, ეკონომიკაც და რაც მთავარია, მოქალაქეების ჯანმრთელობაც. ასევე ვხედავთ, რომ შეინიშნება ინფიცირების დაბალი ასაკობრივი მაჩვენებელი ანუ ბავშვებში, ორსულებში... ამიტომ ავიცრათ უფროსები, რათა საკუთარი შვილები, ბავშვები დავიცვათ ინიფიცირებისგან.

 რეგულაციების გამკაცრებასთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა, მაგრამ თუ შესაძლებლობის ზღვარს გავცდებით, რა თქმა უნდა, გარდაუვალი იქნება გარკვეული შეზღუდვების შემოღება. თუმცა, ამ ეტაპზე, მიუხედავად იმისა, რომ ეპიდვითარება გართულებულია, პროცესი მართვადია და გვჭირდება მხოლოდ 3 რამ - მოვიხმაროთ პირბადე; თავი შვიკავოთ სოციალური ღონისძიებებისგან და ფიზიკური სიმჭიდროვისგან და გავიკეთოთ ვაქცინა, რომელზეც ხელი მიგვიწვდება. ყველა ვაქცინა იცავს ადამიანს...

_ სხვათაშორის ვაქცინებთან დაკავშირებით ბევრი კითხვა აქვს მოსახლეობას. ზოგი მიიჩნევს, რომ ჩინური ვაქცინა დაცულობის პროცენტული მაჩვენებლით „ფაიზერს“ მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება...

_ მოდით, გეტყვით სარწმუნო და სანდო მაგალითს. ჩემი ოჯახის წევრები ავცერი ჩინური ვაქცინით. მე დღეს ავიცერი „ფაიზერით“ იმის გამო, რომ მქონდა კოვიდინფექცია რამდენიმე თვის წინ, საკმაოდ მძიმედ გადავიტანე და მხოლოდ იმიტომ ავიცერი „ფაიზერით“, რომ ექიმის რეკომენდაცია მქონდა კონკრეტულად ამ ვაქცინაზე. ჩემი შვილები, ყველა ოჯახის წევრი აიცრა „სინოფარმით“. ჩინური ვაქცინა, ისევე როგორც სხვა ვაქცინები, არის ეფექტური, მაგრამ აქ მინდა, დავაზუსტო - ხშირად ვხვდები ხოლმე არასწორ ინფორმაციებს, ამბობენ, ვარ ვაქცინირებული, მაგრამ კოვიდით მაინც დავინფიცირდითო. ვაქცინა ადამიანს აზღვევს გართულებისგან, სტაციონარში მოხვედრისგან და სიკვდილისგან. თუ ვართ ვაქცინირებული, მაქსიმალურად ვართ დაზღვეული გართულებებისგან. შესაძლოა, შეგხვდეს, მაგრამ გართულება, ძალიან მაღალი პროცენტით, თავიდან აცილებული იქნება.  

_ ბატონო დიმიტრი, ახლოს ვართ იმ სახიფათო პიკთან, როცა შეიძლება, საქართველოს ჯანდაცვის სისტემამ ვეღარ გაუძლოს დატვირთვას?

_ ოქტომბერ-ნოემბერში ამ ზღვართან ვიყავით ძალიან ახლოს, მაგრამ გადავიარეთ. დღეს საკმაოდ რთული ვითარებაა ეპიდემიოლოგიური კუთხით, მაგრამ ნოემბრის მაჩვენებელთან ჯერ არ ვართ ახლოს. თუმცა, რა თქმა უნდა, ამ პროცესს სჭირდება სწორი მართვა არა მხოლოდ მთავრობის მხრიდან, არამედ საზოგადოების დამყოლობა უნდა იყოს მაღალი. დავიცვათ წესები და მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება, რომ ნაკლები ზიანით გამოვიდეთ ამ რთული ვითარებიდან.