რა დარღვევები გამოავლინეს სახელმწიფო აუდიტორებმა აჭარის რეგიონში

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სახელმწიფო აუდიტის სამსახური აჭარის მუნიციპალიტეტებით დაინტერესდა. 2020-2021 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის დასკვნები, რომლებიც უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, სათითაოდ ეხება შუახევის, ქედისა და ხულოს მუნიციპალიტეტებს. ვნახოთ, რა დარღვევები გამოავლინეს სახელმწიფო მაკონტროლებლებმა აჭარის რეგიონში - „ვერსია“ სამივე მუნიციპალიტეტის აუდიტის დასკვნებს გთავაზობთ.

 

დარღვევები შუახევის მუნიციპალიტეტში

სახელმწიფო აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ შუახევის მუნიციპალიტეტს სერიოზული პრობლემა აქვს ფინანსური რესურსების მართვაში და ხარვეზებიც ამ მიმართულებით გამოვლინდა. კერძოდ, 2020-2021 წლებში, შუახევის მუნიციპალიტეტს აუთვისებელი დარჩა 5 670 528 ლარის საბიუჯეტო რესურსი, რაც ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვა-განხორციელების ხარვეზებსა და საბიუჯეტო რესურსების არაეფექტიან მართვაზე მიუთითებს. გარდა ამისა, ხარვეზები გამოვლინდა ავტოსატრანსპორტო საშუალებების საწვავის ხარჯებშიც:

„საწვავის დანიშნულებით გამოყენებასთან დაკავშირებით, შუახევის მუნიციპალიტეტის მერიაში არსებული შიდა კონტროლის სისტემა ვერ უზრუნველყოფს საწვავის მიზნობრივად ხარჯვის დადასტურებას, რის გამოც 2020-2021 წლებში, ჯამში - 95 385 ლარის ღირებულების საწვავის სამსახურებრივი დანიშნულებით ხარჯვა არ დასტურდება; ასევე, დაურეგულირებულია მუნიციპალური ავტოპარკის მართვასთან დაკავშირებული საკითხები. რაც შეეხება აქტივების მართვაში არსებულ ხარვეზებს, შუახევის მუნიციპალიტეტს არ ჩაუტარებია ბალანსზე რიცხული 46 016 553 ლარის ღირებულების აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაცია, ხოლო 32 210 639 ლარის ქონებას საინვენტარო ნომრები არ აქვს მინიჭებული. აღნიშნული გარემოება ზრდის აქტივების დაუცველობასთან დაკავშირებულ რისკებს“, - ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.

როგორც მოსალოდნელი იყო, სახელმწიფო აუდიტორებმა დარღვევები გამოავლინეს სახელმწიფო შესყიდვებშიც, კერძოდ, მშენებლობა-რეაბილიტაციაში. აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ შუახევის მუნიციპალიტეტში არსებულმა კონტროლის სისტემამ, რიგ შემთხვევებში, ვერ უზრუნველყო ინფრასტრუქტურული ღონისძიებების ფარგლებში შესრულებულ სამუშაოებზე არსებული ხარვეზების გამოვლენა და აღმოფხვრა; არ არის შეფასებული ექსპერტიზის დასკვნაში ასახული კვლევის შედეგების ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობა; მხოლოდ ხილულ სამუშაოებზე განხორციელებული აზომვების გამო, სახელმწიფო აუდიტორები ვერ დარწმუნდნენ 282 996 ლარის ღირებულების ფარული სამუშაოების ხელშეკრულების შესაბამისად შესრულებაზე. ხარვეზები გამოვლინდა პრეტენდენტთა გამარჯვებულად გამოვლენაშიც:

„შუახევის მუნიციპალიტეტის მერიამ, რიგ შემთხვევაში, არაერთგვაროვანი მიდგომით განახორციელა სახელმწიფო შესყიდვა, გამარჯვებულის გამოვლენა და პრეტენდენტთა დაუსაბუთებელი დისკვალიფიკაცია, ხოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების არაჯეროვნად შესრულებისათვის, მიმწოდებლებისთვის არ დაუკისრებია არანაკლებ 84 194 ლარის საჯარიმო სანქცია. შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, პროგრამების განსახორციელებლად, სატენდერო წინადადებისა და ხელშეკრულების პირობებთან შეუსაბამოდ, ფაქტობრივად გაწეული მომსახურების დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტაციის წარმოდგენის გარეშე, მიმწოდებლებს გადაუხადა გადაყვანის მომსახურების ღირებულება, ჯამში - 93 299 ლარის ოდენობით“.

რაც შეეხება შრომის ანაზღაურებაში არსებულ ხარვეზებს, სახელმწიფო აუდიტის დასკვნის მიხედვით ირკვევა, რომ შუახევის მუნიციპალიტეტი, სრულფასოვნად არ იყენებს სამუშაო დროის აღრიცხვის სისტემას. ამასთან, რვა პირი, რომელთა ანაზღაურებამ 2020-2021 წლებში შეადგინა 78 782 ლარი, შეთავსებით, ერთდროულად დასაქმებულია სხვა უწყებაში და მათ მიერ სამუშაო დროის რაციონალურად გამოყენება წარმოდგენილი დოკუმენტებით არ დასტურდება.

საბოლოო ჯამში, გაირკვა, რომ სერიოზული პრობლემაა შუახევის მუნიციპალიტეტის შიდა კონტროლის სისტემებშიც, რაც სრულყოფილად ვერ უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ფინანსების მართვის გაუმჯობესებას, ინფრასტრუქტურული ღონისძიებების შესრულების მონიტორინგის, საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის მიზნობრიობისა და ეფექტიანობის ზრდის ხელშეწყობას.

 

დარღვევები ქედის მუნიციპალიტეტში

სახელმწიფო აუდიტორების მიერ, ქედის მუნიციპალიტეტში არსებული დარღვევები ბიუჯეტის შესრულების განხილვით დავიწყოთ. ირკვევა, რომ 2020-2021 წლებში, ქედის მუნიციპალიტეტს აუთვისებელი დარჩა 2 390 817 ლარის საბიუჯეტო რესურსი, რაც ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვა-განხორციელების ხარვეზებსა და საბიუჯეტო რესურსების არაეფექტიან მართვაზე მიუთითებს.

რა თქმა უნდა, სახელმწიფო მაკონტროლებლებმა დარღვევები გამოავლინეს შრომის ანაზღაურებაშიც:

„შიდა კონტროლის მექანიზმების არარსებობის შედეგად, მუნიციპალურ საწარმოს შესაძლებლობა მიეცა არამიზნობრივად განეკარგა საბიუჯეტო სახსრები. მხოლოდ 2020-2022 წლებში, საწარმოს დირექტორისა და ბუღალტრის თანამდებობებზე ხელფასის სახით, თვეში რამდენიმე ტრანზაქციის საშუალებით, გაცემულია განსაზღვრულზე მეტი თანხა, ჯამში, არანაკლებ - 62 364 ლარი. გარდა აღნიშნულისა, მუნიციპალიტეტში შრომითი ხელშეკრულებებით არ არის განსაზღვრული დასაქმებულთა კონკრეტული ფუნქცია-მოვალეობები, არ ფუნქციონირებს ფაქტობრივად ნამუშევარი დროის აღრიცხვის სისტემა, ხოლო შრომის ანაზღაურებიდან საშვებულებოს სახით, ზედმეტადაა გაცემული 3 476 ლარი“.

სახელმწიფო შესყიდვებში არსებული დარღვევები იმდენად ღრმა და სერიოზული პრობლემაა, რომ რა გასაკვირია, ქედის მუნიციპალიტეტშიც აღმოჩენილიყო. წლებია, ამ ტიპის ხარვეზებს სახელმწიფო მაკონტროლებლები ეკონომიკური პროფილის სამინისტროებშიც ავლენენ ხოლმე, სხვა უწყებებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ ქედის მუნიციპალიტეტის მერიაში 1  061 406 ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებებში ცვლილებების საჭიროების განსაზღვრა არ განხორციელდა სათანადო შესწავლისა და დროული რეაგირების შედეგად:

„შიდა კონტროლის სისტემა ვერ უზრუნველყოფს დადგენილ ვადაში ხელშეკრულებებში ცვლილებების განხორციელებას და შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ხელშეკრულების სტატუსის მინიჭებას. ქედის მუნიციპალიტეტის მიერ, არასწორი დაანგარიშების შედეგად, მიმწოდებელს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შეუსრულებლობისთვის, 12 156 ლარის ნაცვლად, დაეკისრა 4 889 ლარის გადახდა. ამასთან, პირგასამტეხლოს ბიუჯეტში გადახდის მიზნით, სათანადო ღონისძიებები არ გატარებულა“.

რაც შეეხება საწვავის გამოყოფისა და ხარჯვის ნაკლოვანებებს, სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ საწვავის დანიშნულებით გამოყენებასთან დაკავშირებით, ქედის მუნიციპალიტეტის მერიაში არსებული შიდა კონტროლის სისტემა ვერ უზრუნველყოფს საწვავის მიზნობრივად ხარჯვის დადასტურებას, რის გამოც 2020-2021 წლებში, ჯამში - 106 817 ლარის ღირებულების საწვავის სამსახურებრივი დანიშნულებით ხარჯვა არ დასტურდება; ასევე, არ არის დარეგულირებული მუნიციპალური ავტოპარკის მართვასთან დაკავშირებული საკითხები.

ხარვეზები შიდა კონტროლის სისტემაში, აუდიტორებმა ქედის მუნიციპალიტეტშიც გამოავლინეს და დაასკვნეს, რომ მუნიციპალიტეტის შიდა კონტროლის სისტემები სრულყოფილად ვერ უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ფინანსების მართვის სისტემის გაუმჯობესებას, ინფრასტრუქტურული ღონისძიებების შესრულების მონიტორინგის, საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის მიზნობრიობისა და ეფექტიანობის ზრდის ხელშეწყობას.

 

დარღვევები ხულოს მუნიციპალიტეტში

რაც შეეხება ხულოს მუნიციპალიტეტს, სახელმწიფო აუდიტორების მიერ გამოვლენილი ხარვეზები ინფრასტრუქტურული პროექტების განხილვით დავიწყოთ. ვნახოთ, რა დარღვევები აღმოჩმნდა ინფრასტრუქტურის მშენებლობასთან, რეაბილიტაციასა და ექსპლუატაციასთან დაკავშირებით:

„ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის შიდა კონტროლის სისტემამ ვერ უზრუნველყო ინფრასტრუქტურული პროექტების სათანადო დაგეგმვა-განხორციელება. შედეგად, მიღებულია 1 882 968 ლარის სახელშეკრულებო ღირებულების არასათანადოდ შესრულებული და შეჩერებული ინფრასტრუქტურული პროექტები, ხოლო შესყიდვის ანგარიშების არასათანადო ფორმით წარდგენის გამო, ვერ მოხერხდა 6 972 197 ლარის სახელშეკრულებო ღირებულების ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობისათვის გამოყენებული რესურსების იდენტიფიცირება და დადგენილ ლიმიტებთან შესაბამისობის დადგენა. ამასთან, უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამოსწორების შესახებ, შემსრულებელ კომპანიებზე გაგზავნილი შვიდი მოთხოვნიდან, სამ შემთხვევაში რეგირება არ განხორციელებულა, ხოლო ოთხ შემთხვევაში, უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები, ნაწილობრივ იქნა გამოსწორებული“.

რა თქმა უნდა, დარღვევებია აქტივების მართვაშიც, კერძოდ, აუდიტის შედეგად ირკვევა, რომ ხულოს მუნიციპალიტეტს არ ჩაუტარებია ბალანსზე რიცხული 41 112 118 ლარის ღირებულების აქტივებისა და ვალდებულებების სრული ინვენტარიზაცია, ამასთან, მუნიციპალიტეტის მიერ არ არის აღრიცხული სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების დროს, ქონების დემონტაჟის შედეგად მიღებული ვარგისი მატერიალური აქტივები და არ ხდება მათი გამოყენების სათანადო მონიტორინგი, რის შედეგადაც უცნობია მათი მდგომარეობა და განთავსების ადგილი.

„ხულოს მერიაში, ქონების მართლზომიერ გამოყენებასთან დაკავშირებით არსებული შიდა კონტროლის სისტემა ვერ უზრუნველყოფს ქონების თვითნებურად გამოყენების ფაქტების დროულ გამოვლენას და არ ხორციელდება სათანადო რეაგირება, რაც უარყოფითად აისახება საბიუჯეტო სახსრების მობილიზების შედეგებზე. ამასთან, საიჯარო ხელშეკრულებების შესაბამისად განსაზღვრული გადასახდელი თანხები ბუღალტრულად არ არის აღრიცხული. რაც შეეხება შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ ნაკლოვანებებს, მუნიციპალიტეტში არ ფუნქციონირებს ფაქტობრივად ნამუშევარი დროის აღრიცხვის სისტემა. შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული პირების მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფუნქციებისა და მოვალეობების შესრულება დოკუმენტურად არ დასტურდება. ამასთან, შრომის ანაზღაურების სახით 2 819 ლარის ზედმეტად გაცემის ფაქტებიც გამოვლინდა“.

ხარვეზებია ტრანსპორტის ხარჯებშიც, რადგან სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ საწვავის დანიშნულებით გამოყენებასთან დაკავშირებით, ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში არსებული შიდა კონტროლის სისტემა ვერ უზრუნველყოფს საწვავის მიზნობრივად ხარჯვის დადასტურებას. შედეგად, 2020-2021 წლებში, ჯამში − 95 523 ლარის ღირებულების საწვავის სამსახურებრივი დანიშნულებით ხარჯვა არ დასტურდება; ასევე, დაურეგულირებელია მუნიციპალური ავტოპარკის მართვასთან დაკავშირებული საკითხებიც.

„დარღვევებია ადგილობრივი ბიუჯეტის შედგენა-შესრულებასთან დაკავშირებითაც - ირკვევა, რომ ხულოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით განსაზღვრული რიგი პროგრამებით, შედეგებისა და მიზნის მისაღწევად დახარჯული რესურსების ურთიერთკავშირი ვერ დგინდება. ამასთან, რიგ შემთხვევებში, პროგრამების ფარგლებში, ბენეფიციართა გამოვლენის მიზნით შექმნილი შიდა კონტროლის მექანიზმები სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს პროგრამის ბენეფიციართა შეფასება=-შერჩევას“.

ავტორი-მაკა რუხაძე