Menu
RSS

„ტაროს“ მოლოდინში

რომელი „კანონიერი ქურდი“ შეხვდა საბერძნეთის ციხეში ლაშა შუშანაშვილს და ვის დასჯის „სვაბოდაზე“ გამოსული ტარიელ ონიანი

ტარიელ ონიანის მოახლოებული „სვაბოდა“, როგორც ჩანს, მოსვენებას ბევრს უკარგავს. ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქურდის თავისუფლებაზე გამოსვლა იმას ნიშნავს, რომ ყველა, ვინც იმ ცხრა წლის განმავლობაში, როცა ტარო სასჯელს იხდიდა, მის გარემოცვას ავიწროვებდა და არასწორად ექცეოდა, აუცილებლად დაისჯება. ონიანის მხარდამჭერი ქურდები ერთად ძალიან ხშირად ჩანან, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი სამომავლოდ სერიოზულ გეგმებს სახავენ და მხოლოდ თავიანთი ,,გენერლის'' გათავისუფლებას ელოდებიან.

არადა, კრიმინალური სამყარო რეალურად ლიდერის გარეშეა დარჩენილი. შაქრო კალაშოვის დაკავების შემდეგ, რუსული „ობშიაკი“ კახა ფარფალიამ გადაიბარა, რომელიც ასევე დააპატიმრეს და ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ ფარფალიას სამუდამო პატიმრობაც კი მისცენ. 

ამის შემდეგ, კრიმინალურმა სამყარომ „ობშიაკი“ (რომელიც ლამის მილიარდ დოლარს ითვლის) ოლეგ შიშკანოვს გადააბარა და ლიდერადაც ის დასახელდა, თუმცა ისე ჩანს, შიშკანოვს არც ამხელა პასუხისმგებლობის აღება სურს და არც ის უნდა, რომ ციხეში მოხვდეს. სავარაუდოდ, სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა, რომ შიშკანოვმა რამდენჯერმე მოითხოვა „სხადნიაკის მოწვევა, მაგრამ როგორც ჩანს, ამისთვის არავის სცალია. 

„როცა შიშკანოვს ლიდერობა „შეტენეს“, სასწრაფო წესით საბერძნეთში გაემგზავრა და ციხეში ლაშა შუშანაშვილის ნახვა მოახერხა. სწორედ მისგან მიიღო რჩევა-დარიგებები, რადგან ასეთი ტვირთვისთვის ის, უბრალოდ, მზად არ აღმოჩნდა. შედეგად, შიშკანოვი სიხარულით დათმობს „ობშიაკსაც“ და ლიდერობასაც, მაგრამ ვინ უნდა გადაიბაროს ეს ტვირთი, თითქოს არავინ იცის“, _ წერს რუსული მედია. 

სამაგიეროდ, ძალიან გავლენიანი ქურდი, ვლადიმირ ,,ტიურიკი'' გააქტიურდა. ის არ მალავს, რომ კრიმინალური სამყაროს ლიდერის წოდება მხოლოდ საკუთარი თავისთვის ემეტება და შეიძლება, ეს გამოსავალი იყოს იმ ქურდებისთვის, ვისაც ტარიელის გამოსვლა და შემდეგ მისი გალიდერება დიდად არ ეპიტნავება. 

„ტიურინი ძალიან კარგ ურთიერთობაშია გავლენიან ქართველ ქურდებთან. რამდენიც უნდა ვილაპარაკოთ, ფაქტი ის არის, რომ გადაწყვეტილებებს ძირითადად სწორედ ქართველი ქურდები იღებენ და მათი უმრავლესობა „ტიურიკისთვის“ პირველობის მინიჭების წინააღმდეგი არ იქნება. რაც მთავარია, ამის სურვილი თავად მასაც აქვს და არც იმას მალავს, რომ ნებისმიერ დროს შეუძლია, ონიანის მომხრეებს შეხვდეს და არსებული ვითარება გააცნოს“, _ ესეც რუსული პრესის ინფორმაციაა. 

 

მისივე ცნობით, ტიურინმა პატარ-პატარა „სხადნიაკები“ უკვე გამართა, ქურდების ნაწილს თავის სამოქმედო გეგმა გააცნო და აღნიშნა, რომ ახლა უქმად ყოფნის დრო არ არის და მოქმედებაა საჭირო. 

ამბობენ, რომ ტიურინის კანდიდატურას მხარს შუშანაშვილიც უჭერს, რაც დღევანდელ დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა... 

„რაც უნდა მოხდეს, მთავარი სიტყვა მაინც ონიანს ეკუთვნის. ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, ის ძველი დიდების და ძველი გავლენის დაბრუნებას შეეცდება, ასევე მოითხოვს იმ ტერიტორიებს, რომელიც მისი ციხეში ყოფნის დროს სხვა ქურდებმა გადაინაწილეს და ვინც წინააღმდეგობას გაუწევს, დაისჯება. ეს კი, მინიმუმ, მცირე ომის დაწყებას ნიშნავს და ეს ომი ახლა კრიმინალური სამყაროს გადაშენებით დაემუქრება“, _ წერს რუსული მედია.

პატიმარი #0578

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში