რა წიგნი დაწერა კიევში გიგა მაქარაშვილმა და რა ეტაპზეა ბუჩაში ბაღისა და სკოლის მშენებლობის პროექტი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„კარგი სიცივე და ჯოჯოხეთი გამოვიარეთ“

 

 

სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი, ერთი წელია, უკრაინაშია და საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა. გიგამ რამდენიმე თვის წინ, რუსეთის მიერ დანგრეულ ბუჩაში, ქართველი ხალხის სახელით, სკოლისა და ბაღის აშენება დააანონსა, რაზეც ბუჩას მერია სიხარულით დასთანხმდა... მაქარაშვილთან ინტერვიუ ამ თემაზე რამდენიმე თვის წინ ჩავწერე, როდესაც ჯერ კიდევ პროექტი იქმნებოდა და ამ კეთილ საქმეს საფუძველი ეყრებოდა... ახლაც დავინტერესდი, რა ეტაპზეა ბუჩაში ქართული საბავშვო ბაღის მშენებლობა და როგორია ცხოვრება ომის ეპიცენტრში - გთავაზობთ ინტერვიუს გიგა მაქარაშვილთან, კიევიდან:

 

- ძალიან მიხარია, რომ ეს ინტერესი კიდევ არსებობს, რადგან ომის ერთი წელი გავიდა და ბევრი რამ მივიწყებას მიეცა, მაგრამ ეს ბაღი, როგორც ჩანს, აქტუალურია და მიხარია, რომ არ პროექტს ერთად გავაკეთებთ. შარშან, აპრილში გავაჟღერე იდეა ბაღის აშენების შესახებ და ისეთი ინტერესი წამოვიდა საზოგადოებისგან, ვიგრძენი, დიდი მხარდაჭერა მექნებოდა. მალევე მივიღეთ ბუჩას მერიისგან თანხმობა ბაღის აშენებაზე და დავიწყეთ მუშაობა კონცეფციაზე - თუ როგორი უნდა ყოფილიყო ბაღი. ყოჩაღად ვიმუშავეთ და აგვისტოში უკვე მზად ვიყავით მშენებლობის დასაწყებად. სექტემბერში მივიღეთ გაფორმებული მემორანდუმი ბუჩას მერიასთან და დაიწყო მიწის მოზომვა, გეოდეზიური სამუშაოები და ა.შ.

პირველ სექტემბერს კი შეიცვალა კანონი უკრაინაში და დაევალა ყველა მშენებელ სუბიექტს, რომ უკრაინის ყველა ბაღში უნდა იყოს ბომბებისგან თავშესაფარი. ამიტომ მოგვიწია პროექტის თავიდან ბოლომდე გადაკეთება, რაც მალევე გავაკეთეთ და ოქტომბერში გვინდოდა, შევსეულიყავით, დაგვეწყო მშენებლობა, მაგრამ ზუსტად ოქტომბერში დაიწყო რუსეთმა ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე თავდასხმა და ამის შემდეგ, ფაქტობრივად, მთელი ზამთარი ელექტროენერგია, გაზი და წყალი არ გვქონია.

იმის გამო, რომ ადამიანები აღარ აქცევდნენ ყურადღებას საჰაერო განგაშს, აღარავინ ჩადიოდა თავშესაფარში, სამსახურებიც კი არ წყვეტდნენ მუშაობას, კანონმა ძალიან მკაცრად მოსთხოვა პასუხი ყველა ორგანიზაციას, რომ თანამშრომლები განგაშის დროს უნდა იყვნენ უსაფრთხოდ და ჩვენც მივიღეთ რეკომენდაცია, რომ ასეთ დროს, უბრალოდ, არ შეიძლება მშენებლობის დაწყება. სამწუხაროდ, ბევრი დრო დაიკარგა, რადგან ოთხი-ხუთი თვე არ შეიძლებოდა მშენებლობის დაწყება, ახლა კი ყველაფერი დალაგდა და ველოდებით 27 მარტს, როცა სინოპტიკოსების თქმით, ის ტემპერატურა იქნება, როდესაც ბეტონის ჩასხმა იქნება შესაძლებელი. მშენებლობის ნიუანსებში მეც ახლახან გავერკვიე... უკრაინაში დიდი ყინვაა, -20, -30 გრადუსამდეა ტემპერატურა და ასეთ დროს, ბეტონის ჩასხმა არ შეიძლება.

- ანუ ერთ თვეში, ბაღის ფუნდამენტის ჩასხმას დაიწყებთ?

- დიახ და ჩვენი გათვლით, თუ პუტინმა რაღაც საშინელება არ მოიფიქრა და მთლად ატომური ბომბი არ ისროლა, ექვს თვეში უნდა ავაშენოთ - შემდეგ სასწავლო წელს, ბავშვები შეხვდებიან ახალ ბაღში.

- ბაღთან ერთად, სკოლის აშენებასაც აპირებდით, რაიმე ხომ არ შეიცვალა?

- კი, სკოლა და ბაღი არის პროექტი, რომელიც დავიწყეთ და აუცილებლად ავაშენებთ. პირველი ეტაპი ბაღია. რეალურად, ეს არის დიდი კომპლექსი, რომელიც იწყება ბაღის მშენებლობით. ბევრი ფული და ტექნიკა რომ იყოს, ალბათ, სხვა შემთხვევაში და სხვა ადგილას იქნებოდა შესაძლებელი ამის გაკეთება, მაგრამ სამწუხაროდ, არა - უკრაინაში, რადგან ახლა არაა ის მდგომარეობა, როცა მასშტაბური მშენებლობა შეიძლება. ჩვენი შენობა არ იქნება ძალიან დიდი, ერთ სართულზეა განლაგებული და მიწისქვეშ თავშესაფარი, ბუნებრივია, ექნება... თუმცა, დიდ სამშენებლო ტექნიკას ვერ მივიყვანთ და ერთდროულად 100-150 ადამიანს ვერ ვამუშავებთ, ამის უფლება არ გვაქვს, რადგან შეიძლება, ეს გახდეს ოკუპანტების სამიზნე. ეს აქაური სამსახურების მკაცრი რეკომენდაციაა და არ ვაპირებთ, რომ ცხოვრება გავურთულოთ უკრაინელებს...

- გიგა, საქველმოქმედო ფონდი უკვე თუ შექმენით და როდის გამოაქვეყნებთ ანგარიშის ნომერს? ქართველი ბიზნესმენები გიკავშირდებიან დახმარების მიზნით?

- ჯერ არ გვქონდა პროექტი დამთავრებული და ფულის აგროვებას ვერ დავიწყებდით. შემდეგ, პროექტი რომ დავასრულეთ, გავამზადეთ ვებ-გვერდი, რომლის პრეზენტაციაც ძალიან მალე გვექნება. გავამზადეთ ფონდიც, დავარეგისტრირეთ საქართველოში და უკრაინაშიც, ოფიციალურად ყველაფერი დასრულებულია. ველოდებოდით ბიუჯეტს, რომ შესაბამისად, დაგვეწყო ფულის შეგროვება.  

კი, იცით, რომ უკრაინაში საკუთარი სამშენებლო პროდუქციის წარმოებას ვეღარ ახერხებენ და ფასები ძალიან გაიზარდა ყველაფერზე. ომია ერთი წელია და ლოგიკურია, რომ რაღაცები 300-400%-ით გაძვირდა. მუდმივად მაქვს ამის შიში, რადგან ფასები ძალიან გაზრდილია. თავიდან რომ ვითვლიდით, დაახლოებით, 700 000 დოლარის ფარგლებში უნდა ჩავტეულიყავით, შემდეგ თავშესაფრის აუცილებლობა დადგა, რამაც 250 000 დოლარით გააძვირა ეს პროექტი და ამის შემდეგ, ფასები ძალიან გაიზარდა. მთელი ეს დრო მოვახმარე იმას, რომ უკრაინის სამეზობლოში ვეძებ პროდუქციას სუკეთესო ფასად. საქართველოსგან განსხვავებით, უკრაინას ბევრი ტკბილი მეგობარი ჰყავს და მზად არიან, რომ რადგანაც უკრიანისთვის ვაკეთებთ, შედარებით იაფად მოგვცენ პროდუქცია. ვფიქრობ, 27 მარტს დაიწყება ფუნდამენტის ჩასხმა და კონსტრქუციის აგება. დიდი იმედი მაქვს, რომ ამინდიც ხელს შეგვიწყობს.

რაც შეეხება თანხას, დავიწყეთ მოლაპარაკება ქართულ ბიზნესთან. საბედნიეროდ, რამდენიმე მსხვილი კომპანია დაგვთანხმდა თანამშრომლობაზე. პირველი მათგანი იყო PSP, რომელიც 100 000 ლარს შემოიტანს პირველადი სახით ამ ბაღის მშენებლობისთვის. გველოდება ბანკი „კრედო“... ველოდებით ისეთ კომპანიებთან თანამშრომლობას, რომლებიც არ არიან ხელისუფლებასთან შეკრულნი, რადგან ასეთ პროექტებშიც კი გვიწევს იმის გათვალისწინება, რომ ხელისუფლებასთან ასოცირებული კომპანიები ცდილობენ, თავი შორს დაიჭირონ, თუნდაც ასეთი კეთილი საქმისგან. დაველაპარაკებით თიბისის, საქართველოს ბანკს, „კოკა-კოლას“ და ა.შ. დანარჩენი თანხა კი აუცილებლად ხალხისგან შეგროვდება. ეს არ უნდა დააწვეს ჩვენს მოსახლეობას კისერზე, ექვსი თვის განმავლობაში, 5.00 ლარი ხელფასიდან რომ ჩარიცხოს 20 ათასმა კაცმა, ეს თანხა სრულიად საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ბაღი ავაშენოთ.

- პოლიტიზირება ახსენეთ და გულისწყვეტას გამოვთქვამ, თუ ვინმე პოლიტიკური შეხედულების მიხედვით, უარს ამბობს ამ კეთილ საქმეზე. ხელისუფლების მხრიდან, რამე დახმარების სურვილი ხომ არ ყოფილა? არავინ შეგეხმიანათ ამ იდეაზე?

- იყო რაღაც კავშირები - მხოლოდ მუქარა, შანტაჟი და ხელშეშლის მცდელობა, მეტი არაფერი, სამწუხაროდ. იყვნენ კომპანიები, რომელთა წარმომადგენლებიც ძალიან ჩუმად შემხვდნენ და მითხრეს, ცოტ-ცოტას დაგეხმარებით, მაგრამ არ უნდა თქვა, თორემ დაგვიხურავენ ბიზნესსო..

- გიგა, უშუქობა და უწყლობა ახსენეთ... ჩვენ, საქართველოდან კარგად ვერ ვითავისებთ, რა ყოველდღიურ გაჭირვებასა და ტრაგედიას უძლებს უკრაინელი ხალხი. თქვენ კი მანდ, მოვლენების ეპიცენტრში ხართ, მიამბეთ, როგორ ცხოვრობს უკრაინა ომის პარალელურად?

- ერთი წელი შემისრულდა, რაც აქ ვარ. ომის დაწყებისთანავე, აქციები დავიწყეთ უკრიანის მხარდასაჭერად და, ალბათ, გახსოვთ ფრაზა - „Русский военный корабль, иди на х**“, რომელიც ამ ომის სიმბოლოდ იქცა და ამ ფრაზის გამო დამიჭირეს. ორი თუ სამი დღე ვიჯექი ციხეში, არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ მაშინ მივხვდი, რომ იქ დროს დავკარგავდი და წამოვედი... ერთი თვე უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე ვიდექი, ათობით ათასი ხაჭაპური გამოვაცხვე ჩვენს ემიგრანტებთან ერთად და ლტოლვილებს ვუმასპინძლდებოდით.

იმ წამიდან მახსოვს უკრაინა. დღეების მანძილზე, კიევის ცენტრში, შეიძლება, ერთი ან ორი მანქანა დაგენახა. ადამიანების ისეთი ნაკლებობა იყო... ძალიან სოციალური ადამიანი ვარ, მიყვარს ხალხთან ურთიერთობა და კინაღამ მოვკვდი, გავგიჟდი, რადგან დღე ისე გადიოდა, ადამიანს ვერ ვნახულობდი. აი, ახლა, ერთი წლის შემდეგ, ისევ კიევში ვარ და ჩემი სახლის წინ არის საცობი, რაც ძალიან კარგია, მიხარია, რომ ადამიანებმა ირწმუნეს - გაქცევა არ არის გამოსავალი, ბოლომდე ბრძოლაა საჭირო ქვეყნისთვის. ბოლომდე მუშაობაა საჭირო, რათა შენს ჯარს შესაბამისი იარაღი, ჩასაცმელი, მედიკამენტები და საკვები ჰქონდეს, რათა დაგიცვას და დაიცვას შენი ქვეყანა.

მახსოვს, სანამ ინფრასტრუქტურული ობიექტების დაბომბვას დაიწყებდნენ, ელექტროენერგიის პრობლემა არ ყოფილა. ყირიმის ხიდი რომ ააფეთქეს უკრაინელებმა, საპასუხოდ დაიწყო რუსეთმა ენერგოობიექტებზე დარტყმა ოქტომბრის ბოლოს. მაშინ ყინვაც დაიწყო და ელექტროენერგიის გათიშვას ავტომატურად მოჰყვა წყლის გათიშვაც. მთელი კიევი ცენტრალურ გათბობაზეა და ავტომატურად გაითიშა გათბობაც. მოკლედ, კარგი სიცივე და ჯოჯოხეთი გამოვიარეთ, მაგრამ მე იმ თაობის ვარ, საქართველოში, 90-იანი წლები რომ გამოიარა და ყველაფერი ეს, არ გვიკვირს (იცინის)... აღვიდგინე მაშინდელი უნარ-ჩვევები, მშრალი სპირტის საშუალებით ვადუღებდი ჩაისთვის წყალს... ისეთი სიცივეა, რომ სახლში საკვები არ ფუჭდება. პირობითად, გარეთ რომ -15 გრადუსი იყო, სახლში მქონდა -12 გრადუსი. საბედნიეროდ, უკრაინელებმა მოახერხეს, რომ მაღაზიები არ დაცარიელებულა და მშივრები ნამდვილად არ ვყოფილვართ.

ალბათ, ასზე მეტჯერ ვარ ჩასული ფრონტის სხვადასხვა წერტილში მედიკამენტების, ტანსაცმლის, საკვების ჩასატანად. ყოველთვის ვცდილობდი, საჭირო ადგილას ვყოფილიყავი... მაგალითად, ბოლოს დნეპრში რომ კორპუსი დაიბომბა, მეორე დღესვე გავიქეცი, მთელი მანქანა გავტენე ჰუმანიტარული ტვირთით და ჯოჯოხეთი ვნახე, მაგრამ ეს საქმე ქართველი ხალხის სახელით გავაკეთე. ქართული დროშა დავკიდე, სადაც გროვდებოდა დახმარებები... ჩვენი დროშით ჩავედი ზაპოროჟიეში, ხერსონში, ყველგან, სადაც მიშვებდა უკრაინული პოლიცია... აქაც, საახალწლოდ, კიევის ცენტრში ვიდექი და ტონაზე მეტი კანფეტი დავარიგე საქართველო-უკრაინის მეგობრობის სახელით...

მოკლედ, ძალიან საინტერესო წელი გვქონდა და იქიდან გამომდინარე, რომ რაღაც პერიოდში ვერ ვმუშაობდით, დავიწყე წერა... პირველ წიგნზე მუშაობა დავასრულე, მგონი, საინტერესო გამოვიდა... საქართველოში გამოვა ეს წიგნი...

- წიგნი იქნება თქვენს უკრაინულ თავგადასავალზე?

- „სინდისის თავშესაფარი - უკრაინა“ -  ასე ჰქვია წიგნს...

- გიგა, ესე იგი, ზამთარი გადალახულია და უკრაინელ ხალხს ისევ დაუმარცხებელი განწყობა აქვს?

- დიახ, აქ ეჭვიც არავის ეპარება, რომ ამ ომში უკრაინა გაიმარჯვებს. უკრაინა ძალიან დიდი ქვეყანაა და ჩვენსავით უცნაური ხალხია, უყვართ გაუგებრობებში გახვევა... ომის დაწყებამდე თუ აზრთა სხვადასხვაობა იყო, ახლა უკვე ყველა ერთ აზრზეა და ყველამ იცის, რომ მთავარია, უკრაინული ღირსების დაცვა. ამ წუთას კი უკრაინა იბრძვის თავისი ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობის დასაცავად. აქ ისე ერთ მუშტადაა შეკრული ეს 40-მილიონიანი ერი, შურით ვკვდები და თვალები მიცრემლიანდება, როცა ვუყურებ, რომ ასე ერთად დგანან და ყველაფერს მიაღწევენ. სამწუხაროა, რომ სახელმწიფოებრივ დონეზე ვერ ვახერხებთ მხარში დგომას. არ ვამბობ, ფრონტი გავხსნათ, ან ჯარით დავეხმაროთ, მაგრამ სახელმწიფოს შეუძლია, მინიმუმ, დემარში არ მიუწყოს ომის წლისთავზე, სულელური განცხადებები არ აკეთოს და რუსული მხარე არ დაიჭიროს. მაგრამ, საბედნიეროდ, ამ ხალხმა იცის, როგორია, როცა პრორუსი ხელისუფლება გყავს, გამოცდილი აქვთ და „მაიდნის“ ფასად გადაიარეს ეს ყველაფერი. ამიტომ, ზუსტად იციან, რა გვჭირს ახლა ჩვენ... იციან, რომ პრორუსი ხელისუფლება გვყავს და ხალხი კი მათ გვერდით ვართ. ხედავენ ყველა აქციას, რომელიც მათ მხარდასაჭერად იმართება და მადლობლები არიან... მადლობლები არიან იმ ბიჭებისა, რომლებიც იბრძვიან უკრაინის დასაცავად. უცხოელი ჯარისკაცების ნახევარზე მეტი ქართველია და გარდაცვლილი უცხოელებიდანაც, ნახევარზე მეტი ქართველია, სამწუხაროდ. ამ ყველაფერს უკრაინა არ დაუკარგავს საქართველოს.

- გამარჯვება უკრაინას და თქვენ წარმატებას გისურვებთ ბაღის მშენებლობაში!

- გმადლობთ, თათია!

 ავტორი: თათია გოჩაძე