სისხლიანი 25 თებერვლის ქრონიკა - რა მოხდა 98 წლის წინ და როგორ დაიპყრო რუსეთმა საქართველო

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

“თოვდა და თბილისს ეხურა თალხი, / დუმდა სიონი და დუმდა ხალხი” _ ასე შეაფასა მეოცე საუკუნის 80-იან წლებში კოლაუ ნადირაძემ 1921 წლის 25 თებერვალი, საქართველოს გასაბჭოების დღე.

საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან (1918 წლის 26 მაისი) სამ წელში, 1921 წელს საბჭოთა რუსეთის ხელმძღვანელობამ ძალის გამოყენებით საქართველოს დაპყრობის გადაწყვეტილება მიიღო.

რუსეთის წითელი არმია ჩვენს ქვეყანაში 12 თებერვალს შემოიჭრა. რუსეთის მე-11 არმიას ქართული ჯარი, სახალხო გვარდია და მოხალისეები თბილისის მისადგომებთან აღუდგნენ. ძირითადი ბრძოლები კოჯრისა და ტაბახმელას მიდამოებში გაიმართა.

მე-11 არმიას იუნკერებმა დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს. მათ ერთხანს კიდეც უკუაგდეს მტერი. თუმცა განახლებული შეტაკებების შედეგად იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე დაეცა. თბილისის მისადგომებთან ბრძოლაში მოხალისედ წასული, პოეტ კონსტანტინე მაყაშვილის 20 წლის ქალიშვილი მარო მაყაშვილიც დაიღუპა. ის ყუმბარის ნამსხვრევით სასიკვდილოდ დაიჭრა კეფაში.23 თებერვალს კოჯრისა და ტაბახმელას ტერიტორიაზე ბრძოლები შეწყდა.

1921 წლის 25 თებერვალს კი საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელი არმია თბილისში უბრძოლველად შეიჭრა. მოკავშირეების გარეშე, ბედის ანაბარად მიტოვებულმა ქვეყანამ ვერ გაუწია სათანადო წინააღმდეგობა რუსეთის არმიას, რომელმაც დაიკავა საქართველოს დედაქალი და აქ საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადა. ქვეყანამ სუვერენიტეტი დაკარგა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ბათუმში გადავიდა, ხოლო იმავე წლის მარტში დატოვა საქართველო და ემიგრაციაში წავიდა. მებრძოლ იუნკერებს სამშობლო არასოდეს დაუტოვებიათ.

კოჯრის მახლობლად გმირულად დაღუპული იუნკერები დიდი პატივით დაკრძალეს ეკლესიის ეზოში. იქ, სადაც ამჟამად საქართველოს პარლამენტის შენობა მდებარეობს. აღნიშნული ტაძარი კი (აგებული 1897 წ.) 1930 წელს კომუნისტური იდეოლოგიისა და რეჟიმის შედეგად დაანგრიეს.

1990 წლის 28 ოქტომბერს ხელისუფლებაში მოვიდა ეროვნული მოძრაობა ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით. 1991 წლის 31 მარტს ჩატარდა რეფერენდუმი, რომლის საფუძველზეც იმავე წლის 26 მაის საქართველოს პარლამენტმა საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი გამოსცა. რუსეთმა საქართველოს ეროვნული ხელისუფლება სისხლიანი პუტჩით დაამხო და აფხაზეთის ტერიტორია დე ფაქტო დაიკავა.

2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად კი დე იურე გაფორმდა საქართველოს ტერიტორიების 20%ოკუპაცია.

 

ვინ იყვნენ 25 თებერვლის ომის გმირები?

საქართველოს თავდაცვის კომიტეტის მიერ გამოცხადებულ მობილიზაციას ბევრი მოქალაქე გამოეხმაურა.

მოქალაქეებო, შეასრულეთ თქვენი მოვალეობა!“ - ასეთი იყო მოწოდება.

16 თებერვალს საქართველოს მოქალაქეებს მიმართა მთავრობის მეთაურმა, ნოე ჟორდანიამ:

შეაჩერეთ ჩვეულებრივი და საზოგადოებრივი მუშაობა და მოჰკიდეთ ხელი მარტოდ მარტო თავის დაცვას. მეტი მეომარი, მეტი იარაღი, მეტი სურსათი, აი, რას ითხოვს თქვენგან სამშობლო და ეს უნდა მოგვაწოდოთ ყოველ დღე გამარჯვებამდე. ამ ბრძოლაში ჩვენ მარტო არ დავრჩებით. შევქმნათ ერთი მთლიანი თავგანწირული ძალა და ჩვენ ირგვლივ შემოიკრიბებიან მშველელნი. ქართველო, ხელი ხმალს იკარ, მტერთა ისმიან ხმანია! საქართველო მოკვდება, მაგრამ მტერს არ დანებდება“.

1921 წლის 23 თებერვალს თბილისის უნივერსიტეტის ეზოში შეიკრიბნენ სტუდენტები, რომლებსაც სიტყვით მიმართა სასწავლებლის დამფუძნებელმა და რექტორმა ივანე ჯავახიშვილმა:

"შვილებო! ჩემო მოვალეობაა მე თქვენ წიგნისა და კალმისაკენ მოგიწოდოთ, მაგრამ, ერის ცხოვრებაში არის ისეთი მომენტები, როცა საჭიროა ყველაფერი განზე გადადო და იარაღით ხელში მტერს მიეგებო. და აი, მე დღეს თქვენ იარაღისკენ მოგიწოდებთ!"

სწორედ თბილისის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო ფრონტზე მოხალისედ წასული მოწყალების და, 20 წლის მარო მაყაშვილი, რომელიც სასიკვდილოდ დაიჭრა თავში ჭურვის ნამსხვრევებით. ასევე თბილისის დაცვას ემსხვერპლნენ სტუდენტები: პავლე ბეშკენაძე, კოლია კალანდარიშვილი, გიორგი გამყრელიძე, კოტე კვიცარიძე.სამაგალითო გმირობა გამოიჩინეს სამხედრო სკოლის ოფიცრებმა და იუნკრებმა, რომლებიც თბილისის თავდაცვის მარჯვენა სექტორში, კოჯორ-ტაბახმელის მიდამოებში იბრძოდნენ. მტერთან ბრძოლაში დაიღუპა 9 და დაიჭრა 43 იუნკერი.

ჩვენ სულისკვეთებაზე ვერავითარი სიძნელე ვერ მოქმედებდა და ვერ გვასუსტებდა. სიკვდილზე არც არავის გვიფიქრია და არც შეგვშინებია. ზუზუნებდნენ ტყვიები, წიოდნენ ირგვლივ ხელყუმბარები და ჭურვთა ნამსხვრევები, ჩვენ კი სანგრებში ჩამალვას სანგრების პირას ფეხზე დგომას ვარჩევდით. შიგა და შიგ ჯანღი რომ ჩამოწვებოდა წრე შეგვიკრავს და ცეკვა-სიმღერა წამოგვიწყია“, - ასე იხსენებდა წლების შემდეგ სანგრებში გატარებულ დღეებს ყოფილი იუნკერი ნიკოლოზ მათიკაშვილი.

სულისშემძვრელია გმირობა იუნკერ შალვა ერისთავისა, რომელმაც თავისი სიცოცხლის ფასად სიკვდილისგან იხსნა რამდენიმე ათეული თანამებრძოლი, როცა სტრატეგიული სიმაღლის 1046-ის დაბრუნებისას, კონტრშეტევაზე გადასულ ქართველებს „მაქსიმის“ ტყვიამფრქვევიდან ცეცხლი გაუხსნა გორაკზე გამაგრებულმა მტერმა. შალვა ერისთავმა სწრაფად გადაირბინა მონაკვეთი ტყვიამფრქვევამდე, მემიზნე ოფიცერს ხიშტი აძგერა, თვითონ კი ტყვიამფრქვევს გადაეფარა.

ქართველი ჯარისკაცებისა და ოფიცრების გმირობის შედეგია 19 თებერვლის გამარჯვება და 1600-მდე წითელარმიელის დატყვევება,

„კულტუროსან საქართველოს რჩეულმა შვილებმა - ქართველმა ჯარისკაცებმა - იგრძნეს სავსებით საბედისწერო დღის სიმწვავე, გააფრთრებული ლომებივით თავგანწირვით ეკვეთნენ მოსულ კალია მტრის ჯარს და სამარე გაუთხარეს მას შეხლის გზაზე. დიაცის მანდილი მოახვიეს მას სახეზე, კურდღლებივით ჩამოლალეს თბილისის ქუჩებზე ყეყეჩი რუსი მუჟიკები. 19 თებერვლის გამარჯვებით ჩვენმა ჯარმა სამარადისო გვირგვინი დაიდგა განათლებული კაცობრიობის თვალში“, - წერდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე ქართველი ჯარისკაცების გამარჯვებაზე.

რუსი ტყვეები მართლაც ჩამოატარეს რუსთაველის გამზირზე, რის შესახებაც ცნობა ქართულმა გაზეთებმაც გამოაქვეყნეს.

„გუშინ კიდევ ჩამოიყვანეს ფრონტიდან დიდძალი „წითელი“ ტყვეები. როგორც პირველ დღეებში ჩამოყვანილი ტყვეები, ესენიც მეტად ცუდ შთაბეჭდილებას ახდენდნენ. ნახევრად ტიტვლები, დამშეულები, ძალზე მოქანცულნი და ძალზე სასომიხდილნი, მაღაზიებში მსუნაგ ძაღლებივით იყურებოდნენ. მათ დიდად გაუკვირდათ, როცა დაინახეს მაღაზიებში პური, ხორცეულობა და სხვა სურსათი”, - წერდა „საქართველოს რესპუბლიკა“.

 

25 თებერვლის შემდეგ

გიორგი კვინიტაძის გადაწყვეტილებამ, დაეტოვებინა თბილისი და მოეხდინა ჯარების გადაჯგუფება მცხეთასთან, სავალალო შედეგი გამოიღო.

„გზადაგზა ჯარისკაცები, ჯერ თითო-თითოდ შემდეგ კი ჯგუფ-ჯგუფად, თავს ანებებდნენ თავის ნაწილებს და თოფებითა და ტყვიისმფრქველებით მიდიოდნენ თავთავიანთ სოფლებში“, - ასე იხსენებდა უკან დახევის დეტალებს გენერალი გიორგი მაზნიაშვილი.რეალურად ქართულმა ჯარმა ახალი, ბრძოლის გასამართად ვარგისი პოზიციების დაკავება მხოლოდ ხაშურთან შეძლო. გიორგი კვინიტაძე ჯერ კიდევ არ ჰკარგავდა მტრის მოგერიებისა და კონტრშეტევაზე გადასვლის იმედს, თუმცა ხაშურთან თავი იჩინა არმიისა და სახალხო გვარდიის ხელმძღვანელობებს შორის კოორდინაციის პრობლემამ. გენერალური შტაბის ოფიცრის ვალიკო თევზაძის მოგონებების მიხედვით, გენერალმა კონიაშვილმა სთხოვა მას მოეხსენებინა კვინიტაძისათვის, რომ „გვარდიელებმა დაადგინეს არ შეუტიონ მტერს, შტაბი და ჯარი იშლება და მათზე ზეგავლენის მოხდენის საშუალება არა მაქვსო“.

„აბა, თევზაძე თავის მოკვლაღა დამრჩენია, არა?“ - უთქვამს გიორგი კვინიტაძეს შტაბის ოფიცრისათვის. ამასობაში თურქეთმა ბათუმის, ახალქალაქისა და ახალციხის ოლქებზე განაცხადა პრეტენზია. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებს ბათუმიდან ქემალისტების განდევნისათვისაც მოუწიათ ბრძოლა. 8 მარტს საქართველოს რევკომმა საქართველოს მთავრობას სამხედრო ოპერაციის დასრულება, საბჭოთა რეჟიმის ცნობა და კოალიციური მთავრობის შექმნაზე დისკუსიის დაწყება შესთავაზა. 17 მარტს, როცა შავი ზღვის ვიწრო ზოლის გარდა ყველაფერი დაკარგული ჰქონდა, საქართველოს მთავრობამ თავისი წარმომადგენლები რევკომის დელეგატებთან შესახვედრად გაგზავნა. შეთანხმებას 18 მარტს, ქუთაისში მოეწერა ხელი, თუმცა როგორც ისტორიკოსი ირაკლი ხვადაგიანი ამბობს, რევკომმა ვერ მიაღწია სასურველ მიზანს, ვერ გააფორმა ოკუპაცია შიდა გადატრიალებად და ვერ მოახვია საქართველოს მთავრობას კაპიტულაციის მსგავსი შეთანხმება.

„შედეგად რევკომი იძულებული იყო გამოეცა დეკრეტი, რომლითაც საქართველოს დამფუძნებელი კრება - რესპუბლიკის სრულფასოვანი დემოკრატიული წარმომადგენლობა გამოცხადდა გაუქმებულად. შესაბამისად, საქართველოს რესპუბლიკას არ უცვნია ოკუპაცია, არ გადაუბარებია ძალაუფლება არანაირი ფორმით. დამფუძნებელმა კრებამ თავის ბოლო შეკრებაზე ბათუმში დააკომპლექტა მთავრობის ახალი შემადგენლობა, მიანიჭა მას მანდატი, შექმნა გაფართოებული პრეზიდიუმი, რომელიც წავიდა ემიგრაციაში როგორც სრულფასოვანი წარმომადგენელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა, რითაც მან ყოველგვარი იურიდიული საფუძველი მოსპო იმისათვის, რომ ეჭვის კითხვები დასმულიყო ოკუპაციის გარშემო, რაც დღემდე გვაძლევს საშუალებას ვთქვათ, რომ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას ლეგალურად (იურიდიულად) არსებობა არასოდეს შეუწყვეტია“, - ამბობს ირაკლი ხვადაგიანი.

რაც შეეხება საქართველოს მიერ გაწეულ შეიარაღებულ წინააღმდეგობას, რომელიც არ აღმოჩნდა საკმარისი დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად. ისტორიკოსი დიმიტრი სილაქაძე ამბობს, რომ, მიუხედავად ომში დამარცხებისა, საქართველომ უნდა იამაყოს პირველი რესპუბლიკის ჯარისკაცებით.

„უნდა ვიამაყოთ თუნდაც იმიტომ, რომ ხუთი კვირის განმავლობაში ვებრძოდით რუსეთს და უბრძოლველად არ შემოვუშვით, მაშინ, როცა სომხეთმა და აზერბაიჯანმა თითო დღეში დაკარგეს დამოუკიდებლობა. ჩვენ ვებრძოდით 5 კვირის განმავლობაში და ვებრძოდით შეზღუდული რესურსებით - როგორც ადამიანური, ასევე მატერიალური და სამხედრო თვალსაზრისით. თან მოვიგეთ ცალკეული ბრძოლები, გვქონდა კონკრეტული გმირობისმაგალითები, მაგალითი შალვა ერისთავისა, კაპიტან ყიფიანისა, იმერეთის გვარდიის ბატალიონისა, რომელმაც რუსული ტანკები მოიგერია და სხვ. რა თქმა უნდა, საამაყოა მიუხედავად მარცხისა. თან ყველა მარცხი მარცხი არ არის. დარჩა გმირობის ისტორია, რომელიც მომავალი თაობების საბრძოლო სულისკვეთებას ამაღლებს“, - ამბობს დიმიტრი სილაქაძე.

18 მარტს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა, პოლიტიკური პარტიების მეთაურები და მაღალი ჩინის სამხედროების ნაწილი ბათუმის ნავსადგურიდან ტვებენ საქართველოს ფრანგული და იტალიური გემებით - „კირალი“, „ვესტა“ და „მარია“.

19 მარტს ბათუმში შედის მე-11 არმიის მე-18 კავალერიული დივიზია. საქართველოს რევკომი და რუსეთის წითელი არმია სრულად აკონტროლებენ საქართველოს ტერიტორიას. შესაბამისად, საქართველო კიდევ ერხელ გამოცდის საკუთარ თავზე თავისუფლების დაკარგვით გამოწვეულ მანკიერებებს, რომლებიც ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისში აღწერა არჩილ ჯორჯაძემ:

„სადაც არ არის ეროვნული თავისუფლება, იქ ადამიანებს არ შეუძლიათ წინსვლა, იქ ისინი უფრო ეცემიან, ირყვნებიან, მახინჯდებიან გონებით, გლახაკდებიან სულით. იქ არ არის არავითარი მოძრაობა, არავითარი საზოგადოებრივი ცხოვრება, იქ დაბრკოლებულია კაცის განვითარება“.

საქართველოს განვითარება მთელი სამოცდაათი წლით დააბრკოლა რუსეთის საბჭოთა იმპერიამ.

 

2010 წელს საქართველოს პარლამენტმა ერთხმად მიიღო დადგენილება, რომელიც ავალებს მთავრობას ყოველ 25 თებერვალს, ასეულ ათასობით ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად, რომლებიცკომუნისტურმა საოკუპაციო რეჟიმმა პოლიტიკური ნიშნით სიცოცხლეს გამოასალმა”, დაუშვას სახელმწიფო დროშები და გამოცხადდეს წუთიერი დუმილი.25 თებერვალს საზეიმო ღონისძიებები შეზღუდულია. მართლმადიდებლურ ტაძრებში კი გმირების სულების მოსახსენიებელი პანაშვიდები სრულდება.

ავტორი-სალომე ნოზაძე

25 თებერვალი, 1921წ.

 

თოვდა და თბილის ებურა თალხი,

დუმდა სიონი და დუმდა ხალხი,

ძილღვიძრად იყო ქალაქი ჩემი,

საშინელებას კვლავ სჭედდა გრდემლი –

ისევ გოლგოთა, სისხლი და ცრემლი!

მშობელი დედავ, ისევ გაგყიდეს,

ისევ წამების ჯვარი აგკიდეს,

არ შეგიბრალეს, კვლავ არ დაგინდეს!

თოვდა და თბილისს ებურა თალხი,

დუმდა სიონი და დუმდა ხალხი,

დაცხრა კოჯორი და ტაბახმელა,

მხოლოდღა თოვლი ცვიოდა ნელა,

ეფინებოდა გმირების გვამებს –

განგმირულ მკერდებს, დალეწილ მკლავებს,

და უძრავ იყო თებერვლის ღამე.

თოვდა და თბილისს ებურა თალხი,

დუმდა სიონი და დუმდა ხალხი,

იმ გზით, სად წინად ელავდნენ ხმლები,

სად სამას გმირთა დაიფშვნა ძვლები,

სად ქართლის დედის ცრემლით ნანამი,

მძიმედ დაეშვა ჩვენი ალამი,

სად გმირთა სისხლით ნაპოხიერი,

თოვს დაეფარა კრწანისის ველი, –

წითელი დროშით, მოღერილ ყელით,

თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით

შემოდიოდა სიკვდილი ცელით!

თოვდა, და თბილისს ებურა თალხი,

დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.

 

  • კოლაუ ნადირაძე

სტატია დაწერილია სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით.