„თითქმის ყველამ გამწირა!“ - ექსკლუზიური ინტერვიუ ემიგრაციაში წასულ გოგი წულაიასთან

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ცოტა ხნის წინ სააპაელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და გოგი წულაიას პატიმრობა შეუფარდა. სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებაში ბრალდებული წულაია თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ გაამართლა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. პოლიტიკოსი 138-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა, რაც ძალადობით ჩადენილ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს. 126-ე მუხლის პირველი ნაწილი კი, რაშიც წულაია დამნაშავედ ცნეს, მოიცავს ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის განაჩენი შეცვალა და პოლიტიკოსს პატიმრობა 138-ე მუხლით შეუფარდა.

გოგი წულაია საქართველოში არ იმყოფება - დიდი ხანია, საფრანგეთში ცხოვრობს და „ვერსია“ ქართველ პოლიტიკოსს სტრასბურგში დაუკავშირდა. გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს (სტილი დაცულია...).

- ბატონო გოგი, როდის გაემგზავრეთ საფრანგეთში და რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება?

- წელიწადი და ერთი თვეა, რაც წამოსული ვარ. მაშინ მაგრძნობინეს, რომ თუ კიდევ არ გავჩერდებოდი, მელოდა ციხე. ავდექი და წამოვედი, თავისუფლებაზე ყოფნა ვამჯობინე. ვთვლიდი, რომ მაგ ქვეყანაში პოლიტიკაში ჩემი თავი ჯერჯერობით ამოვწურე. თვითონ პოლიტიკაც არ არსებობს ქვეყანაში, მე კი არა, მგონი, ყველამ ამოვწურეთ ჩვენი თავი ქართულ პოლიტიკაში. დაჭერის საშიშროება იყო, პოლიტიკის პერსპექტივა არ არსებობდა და ვარჩიე წამოსვლა.

- რატომ აირჩიეთ საფრანგეთი და ხომ არ ითხოვთ დევნილის სტატუსს?

- საფრანგეთი ავირჩიე იმიტომ, რომ ნათესავები მყავდა აქ. ასე ადვილი არ არის, საფრანგეთში რომ ჩახვალ, შემოგასკდებიენ ფრანგები, მოდი, აგერ დასახლდიო. ასე არსად არაა და არც უნდა იყოს. ამიტომ სადაც შემიფარებდნენ, ის ქვეყანა ავარჩიე, თან  ემიგრაციის მიმართ საფრანგეთს მეტი ლოიალური დამოკიდებულება აქვს. რაც შეეხება დევნილის სტატუსს, ამ თემაზე ჯერჯერობით არ მსურს საუბარი.

- ბატონო გოგი, სააპელაციო სასამართლომ სასჯელი დაგიმძიმათ. როგორ აფასებთ ამ გადაწყვეტილებას?

- რა თქმა უნდა, დამიმძიმა. 6 თვე მქონდა და 4 წლამდე გაიზარდა სასჯელი. 138-ე მუხლი საერთოდ მოხსნილი მქონდა და რა თქმა უნდა, სააპელაციო სასამართლომ გააკეთა ის, რაც დაავალენ და მომცა 4 წელი. ამით მაინც დამტკიცდა, რომ ვარ პოლიტიკური დევნილი და მანდ რომ ვიყო, ვიქნებოდი პოლიტიკური პატიმარი. პოლიტიკური დაკვეთა შეასრულეს. ვინმეს მოსწონს თუ არა, ჩემი აღშფოთება, რომელიც გამოვხატე ბერას ერთ-ერთ ინტერვიუზე და ვთვლი, რომ სწორი ვქენი და ყველას სათქმელი ვთქვი. ამით მე მათ შევულახე ღირსება, მოდით და გამისწორდით-მეთქი. ჰოდა, გამისწორდნენ, მაგრამ მე არ ვთვლი თავს დამარცხებულად. ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ და ისტორიაც და დროც იტყვის, ვინ იყო მართალი ჩვენ შორის; ვიყავი პოლიტიკური პატიმარი თუ არა; ვარ პოლიტიკური დევნილი თუ არა...

 მაშინ გულისწყვეტა მქონდა, რომ თითქმის ყველამ გამწირა.

- ვის გულისხმობთ?

- პოლიტიკურ ოპოზიციურ პარტიებს, თითქმის ყველამ გამწირა. რატომღაც, თურმე, ჩემი მოსამართლეა მაგარი მოსამართლე და სწორი გადაწყვეტილებები გამოაქვს, 2-თვიანი რომ მლეწა და შემაგდო ციხეში და მათ რომ შეეხებათ, ის მოსამართლეებია უსამართლო, თუ როგორაა? როგორ შეიძლება ეთქვათ, რომ რომელიღაც მოსამართლის გადაწყვეტილება არის სამართლიანი, თურმე. არავინ მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად და ესაა ჩემი გულისწყვეტა, მაგრამ ეს არაფერია, გამივლის. ისევ ვითანამშრომლებთ ერთად, ისევ დადგება მაგ ქვეყანაში სიტუაცია, სადაც დაბრუნდება დემოკრატია, ამაში ვარ დარწმუნებული. ძალიან მალე უკრაინის ომი იზამს ამას. ვთვლი, რომ ამ წუთას საქართველოში არ არსებობს ის პოლიტიკური სიტუაცია, ადამიანებში ის მუხტი, რომელიც ამ ხელისუფლებას შეცვლის. ყოველშემთხვევაში, აქედან გადმოსახედიდან ასე ჩანს.

- თქვენს კოლეგებზე გულისწყვეტაზე საუბრობდით. ამან ხომ არ გადაგაწყვეტინათ სამშობლოს დატოვება?

- არა, რა თქმა უნდა. არ ვარ ემოციებს აყოლილი ადამიანი. ვფიცავ ყველაფერს... რადგან ეს თემა ასე გაიშალა, მინდა, მადლობა გადავუხადო ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს, რადგან მან პირდაპირ თქვა, გოგი წულაია არის პოლიტიკური პატიმარიო. შალვა ნათელაშვილმა და კახა კუკავამაც იგივე თქვეს. რა თქმა უნდა, გოჩა ჯოჯუა ჩემი მეგობარია, ჩემი ლაშა ჩხარტიშვილი, ლევანი, გიო, ქუთაისი... არ მინდა, ვინმე გამომრჩეს. ძალიან ბევრმა ადამიანმა დააფიქსირა პოზიცია კაცურად. კაკო ბობოხიძე, ბოლო-ბოლო სკოლის  მეგობრები ვართ, მან და ლაშა ჩხარტიშვილმა იაქტიურეს და შუალედური განცხადება გაკეთდა, შერჩევითი სამართლის მსხვერპლიაო. ამას ციხეში, კამერაში ვუყურებდი ტელევიზორით და გამეხარდა, რომ რაღაც მაინც ითქვა ჩემზე ტელევიზიით... გამოვიდა ხატია დეკანოიძე და თქვა, რომ არ ეთანხმება ამ განცხადებას, მაგრამ მე ვთვლიდი, რომ ამ ქვეყნისთვის იბრძოდა იმ წუთას ხატია დეკანოიძე, როცა ქუთაისში მიტინგი გამართა გაყალბებული არჩევნების გამო, მივედი და ვიდექი მის გვერდში,  გამიგეთ? მე მის გვერდში კი არა, იმ საქმის გვერდში ვიდექი, რადგან ჩემთვის მნიშვნელოვანი არის საქართველო. ყველასთან დავდგები და ვითანამშრომლებ, წყენაა თუ არაა წყენა, მაგას ისტორია განსჯის.

- ბატონო გოგი, რის საფუძველზე გადააკვალიფიცირა სააპელაციო სასამართლომ თქვენ მიმართ მსჯავსრი, ახალი მტკიცებულება ხომ არ მოიპოვეს?

- აბსოლუტურად არაფერი. საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო ადვოკატი არის ვალერი გელბახიანი. მე ხომ არ ვესწრებოდი სხდომას და დამიწყო მოყოლა... მე ვუთხარი, ვიცი, ვალერ, რაცხა სისულელეს იტყოდნენ-მეთქი... რა თქმა უნდა, არაფერი აქვთ...

 სხვათა შორის, სანამ ცოლ-შვილი მყავდა საქართველოში, არც ერთი ინტერვიუ არ მიმიცია, რადგან მეშინოდა... ამიტომ როგორც კი ოჯახი ჩამომივიდა საფრანგეთში, მის მერე გავაქტიურდი ასე თუ ისე. ტელევიზიებში გამოვჩნდი, ლაივების ჩაწერა დავიწყე... ბოლო-ბოლო, აგერ, ინტერვიუს გაძლევთ საქართველოში. ჰოდა, ადგნენ და მშვლეპენ 4 წელი, შენ ჭკუა ვერ ისწავლეო (იცინის). მეტი რა უნდა დავესაჯენ, 4 თვე ციხეში მაყურყუტეს და იძულებითი ემიგრაცია მივიღე. ეს მომენტი რომ არ დამდგარიყო, შვილებს ვფიცავ, ემიგრანტად ჩემს თავს ვერც წარმოვიდგენდი ფიქრადაც კი, მაგრამ მაინც არ ვთვლი დასჯილად თავს. ჰოპლა, ჩვენ ცოცხლები ვართ, ჩვენ ვიბრძვით...

ავტორი- თათია გოჩაძე