რა სკანდალში გაეხვა მთავარი პროკურორის მოადგილის მოსამართლე ცოლი

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პატიმრის დღიური

 

 გაუხსნელი ქურდობა და დამნაშავის უცნაური აღიარება

 

 

ადრეც იყო, ახლაც არის და მომავალშიც იქნება საქმე, რომელიც უიმედოა ანუ არ იხსნება, გამომძიებლებს მძიმე ტვირთად აწევთ და შესაბამისად, ისინი ცდილობენ, ასეთი საქმეები ვინმეს აჰკიდონ. პროცესი მარტივია - მაგალითად, დააკავეს ბინის ქურდი, რომელსაც 3-4 ეპიზოდი დაუმტკიცდა. მას, საუკეთესო შემთხვევაში, 7-წლიანი სასჯელი ელოდება. ამ დროს,გამომძიებელი ეუბნება, თუ კიდევ ერთ ეპიზოდს დაიმატბს, პროურორი 6 წელს მოითხოვს და ისიც თანხმდება, თანაც სიხარულით. რაც მთავარია,პროკურატურა საგამოძიებო უწყებასთან კომპრომისზე მიდის, გახსნის მაჩვენებლის გამო, თვალს ხუჭავს და დამნაშავეს ერთ წელს პატიობს. არის ისეთი შემთხვევა - ყოველგვარი შეთავაზების გარეშე - ვიღაცას ეუბნებიან, რომ კონკრეტული დანაშაულის ხელწერა მისას ჰგავს და ამიტომ, მისი ჩადენილია.

 

ისტორიას, რომელსაც ახლა გიამბობთ, ანალოგი აქვს, მაგრამ იმდენად იშვიათად, რომ გამომძიებლებს ყველა ასეთი საქმე ზეპირად ახსოვთ და ერთგვარი შიშითაც კი ჰყვებიან, თუ როგორ გადარჩნენ ციხეს თავად.

გლდანშ, ახლადაშენებულ კორპუსებში, მოსახლეობა ნელ-ნელა სახლდებოდა, არემონტებდნენ, ავეჯი შეჰქონდათ და ამიტომ ქურდობის ფაქტები ძალიან ხშირი იყო. ვის შეჰქონდა ნივთები და ვის გაჰქონდა, ვერ გაარკვევდი, თანაცახალი კორპუსის ბინადრები ერთმანეთს არ იცნობდნენ და შესაბამისად, ვერ ხვდებოდნენ, ვინ რას აკეთებდა. ჰოდა, შეტყობინება შეტყობინებაზე შემოდიოდა და ერთგვარი მორიგეობაც კი დავაწესეთ, გამოტანილ ნივთებზე საბუთებს ვამოწმებდით. მოკლედ, ყველაფერი კარგად აეწყო, არაერთი ქურდი დავაკავეთ, მაგრამ ერთ-ერთი ბინიდან დაკარგული მაცივარი და სარეცხის მანქანა ვერაფრით ვიპოვეთ“, - იხსენებს მორიგ ისტორიას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

წლის ბოლო ახლოვდებოდა და გაუხსნელი საქმეების მთელი წყება იყო, ამიტომ გამომძიებლები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ როგორმე ეს ტვირთი შეემსუბუქებინათ. ამიტომ, როცა ერთ-ერთი ბინის ქურდი დააკავეს, რომელსაც 11 ეპიზოდი დაუმტკიცეს, ზედ 4 გაუხსნელი საქმეც აჰკიდეს და იმასაც არ გაუპროტესტებია - იცოდა, 7-წლიან სასჯელს ვერ გაექცეოდა, ზონაზე კიდევ იმას იტყოდა, ბევრი ეპიზოდი მქონდა, მაგარი ვარო. ამ ამბიდან ორი წელი გავიდა, ყველა ბედნიერი იყო, მაგრამ...

ერთ დღეს მილიციის განყოფილებაში 40 წლამდე მამაკაცი მოვიდა და გამომძიებელი იკითხა. ჩემთან გამოუშვეს. რაღაცნაირი, ცარიელი თვალებით შემომხედა, პასტა და ფურცელი მოითხოვა, დაჯდა და წერა დაიწყო. ასე, ნახევარი საათი წერდა, მერე ნაწერი გამომიწოდა და მაჯები გამომიშვირა, ბორკილი დამადეო. მის ნაჯღაბნს გულგრილად დავხედე და გავშრი - ზუსტად მახსოვდა მისამართი, სადაც ორი წლის წინ მომხდარი ქურდობა ვერ გავხსენით, სარეცხის მანქანა და მაცივარი იყო დაკარგული. ეს კაცი კიდევ წერდა, ამ მისამართზე ბინა მე გავქურდე, სარეცხის მანქანა და მაცივარი წავიღეო“, - გვიყვება ბატონი თენგიზი.

იცით, ეს რას ნიშნავს? დანაშაულისთვის, რომელიც არ ჩაუდენია, ადამიანი სასჯელს ხდის. მართალია,მას სხვა დანაშაულებიც ჰქონდა, მაგრამ ეს არც გამოძიებას ამართლებდა, არც - პროკურატურას, რომელიც ძიების პროცესს რიგიანად არ მიჰყვა და არც - მოსამართლეს, რომელიც თითოეულ ეპიზოდზე არ ჩაეკითხა დაკავებულს. ამიტომ, ძალიან დიდი იყოშანსი, რომ გულწრფელი აღიარების გამო, ციხეში ძალოვანი უწყებების არაერთი თანამშრომელი წასულიყო. ამიტომ, გამომძიებელმა მილიციაში თავის ფეხით მისულ დამნაშავეს დაუყვავა.

„მესმის თქვენი მდგომარეობა, სინდისმა შეგაწუხათ, მაგრამ ამ საქმეს ხანდაზმულობის ვადა გაუვიდა (არადა, რა ხანდაზმულობის ვადა, საქმე ოფიციალურად გახსნილი და არქივში გადაგზავნილი იყო), შინ წადით, ცოლ-შვილთან“, - გაუღიმა გამომძიებელმა.

„რა ცოლ-შვილთან? დაიწყოთ იმით, რომ შვილი არ მყავს, ცოლი კიდევ, ნამდვილი გიურზაა. მის გვერდით ყოფნას ციხეში ყოფნა მირჩევნია. გარეთ არაფერი მაკავებს, საერთოდ არაფერი. ციხეში ცოტას მოვწყდები ამ სამყაროს, თან სმას მივეჩვიე, იქ გადავეჩვევი. ის ბინაც, იცით, რატომ გავქურდე? სახლის მეპატრონეს რემონტი გავუკეთე, ფული არ გადამიხადა, მაწვალებდა, მერე მითხრა, საერთოდ არ გადაგიხდი, სადაც გინდა, მიჩივლეო. კარი ცუდად იკეტებოდა, ვიცოდი, როგორ უნდა გამეღო. ორი კვირა ვაცადე და წავიღე ზუსტად იმდენი, რამდენიც მეკუთვნოდა. იმან კი იჩივლა, მაგრამ ჩემი დასახელება ვერ გაბედა ეჭვმიტანილებშ, იფიქრა, თუ იმას მიადგებიან და ქურდი არ აღმოჩნდება, ხმაურს ატეხს, ვალი აქვსო. მოკლედ, ასე იყო ეს ამბავი და დამაკავეთ, უფროსო“, - იხვეწებოდა გამყოფილებაში მისული კაცი.

გამომძიებელმა კეფა მოიქექა, აღიარებითი ჩვენება უჯრაში შეინახა, კაცი წინასწარი დაკავების იზოლაორში გაისტუმრა, თავად კი აღნიშნული საქმის პროკურორს დაურეკა და შეხვედრა სთხოვა. პროკურორმა როგორც კი გაიგო, რაც მოხდა, მაშინვე ფერი ეცვალა, მაგრამ აზრზე მალე მოვიდა და გამომძიებელს ჰკთხა - „რაიმე გაუხნელი ქურდობის საქმე არ გაქვს? ის შეტენე, იმისთვის რა აზრი აქვს, ციხეში რომელი ბინის ქურდობით წავა?“ ეს აზრი გამომძიებელსაც მოეწონა და მაშინვე განყოფილებაში დაბრუნდა.

„ჩემთვის სულ ერთია, უფროსო, რომელი საქმეც გინდა, ის მომაწერე, ოღონდ გარეთ აღარ გამიშვა, გარეთ არ მინდა და კიდევ, ცოლი არ მოვიდეს სასამართლოზე, მაგის დანახვის ნერვები არ მაქვს“,-განაცხადა დაკავებულმა.

საქმე გადასარევად დალაგდა, ერთ-ერთი ბინის ქურდობა დაკავებულს მარტივად შეტენეს, სასამართლოც მალე გაიმართა და ზონაზეც გაისტუმრეს 2 წლით, როგორც დანაშაულის პირველად ჩამდენი და რაც მთავარია, აღიარებითი ჩვენებით, საკუთარი ნებით მისული, თანაცპროკურორიც და გამომძიებელიც შეეცადნენ, რომ მას მინიმალური სასჯელი მიეღო. თითქოს ყველა ბედნიერი იყო, მაგრამ...

„ის საწყალი კაცი, ზონაზე რომ წავიდა, ამ ამბავს პატიმრებთან მოყვა. გაფრთხილების მიუხედავად, მაინც მოყვა და ყველაფერი ჯერ ადმინისტრაციის ყურამდე მივიდა, შემდეგ კი ჩვენს, შიდა საგამოძიებო სამსახურთან. საქმე ოფიციალურად უნდა აღძრულიყო, მაგრამ... - იხსენებს ბატონი თენგიზი.

მაგრამ, მოხდა ის, რასაც არავინ ელოდა. საქმის მოსამართლე იმ დროისთვის უკვე საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილის ცოლი იყო და თუ ყველაფერს მსვლელობა მიეცემოდა, მასაც გვარიანად მოხვდებოდა. ამიტომ,ყველა შეთანხმდა, რომ ურიგო არ იქნებოდა, თუ აღნიშნულ საქმეს უბრალოდ დაივიწყებდნენ და ისე გააფორმებდნენ, თითქოს პატიმარმა უბრალოდ მოიტყუა და ინფორმაციაც არასწორი იყო.

აღნიშნული პრაქტიკა უცხო დღესაც არ არის, მაგრამ ახლა პრაქტიკულად გამორიცხულია, ვინმე აღიარებითი ჩვენებით მივიდეს და სამართალდამცავებს უთხრას, დამიჭირეთ, ერთი ან ორი წლის წინ, კრიმინალი ჩავიდინეო.მცა, გაუხსნელი საქმეების სხვებზე ჩამოკიდება კვლავ ჩვეულებრივი პრაქტიკაა და ეს ერთადერთ რამეს ემსახურება - სტატისტიკის გაუმჯობესებას. რეალურად, მსოფლიოში ჩადენილ დანაშაულთა მხოლოდ მცირე ნაწილი იხსნება და სტატისტიკა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებითა და გაუხსნელი დანაშაულების სხვებზე მიწერით უმჯობესდება. მაგალთისთვის, დაახლოებით, ორი წლის წინ, რუსეთში, ყაჩაღობის დროს, ერთ-ერთი კრიმინალური დაჯგუფების ორი წევრი მოკლეს და გარდაცვლილებს საერთო ჯამში 144 ყაჩაობის ფაქტი შეტენეს. ამ მაჩვენებლით მაშინ რუსეთი ძალადობრივი დანაშაულების გახსნის მიმართულებით, პირველ ადგილზე გავიდა და ძალიან დიდი ალბათობით, მოკლულებს იმ 144 ყაჩაღობიდან, შეიძლება 4-იც არ ჰქონდათ ჩადენილი.

 ავტორი-ბათო ჯაფარიძე