ალავერდის განვითარების ფონდის პროექტი, რომელიც მსოფლიო ბანკმა დააფინანსა _ ვინ დაფარავს სესხს?!

სამედიცინო სიახლეები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რატომ გადასცა ქონების მართვის სააგენტომ საპატრიარქოს ტურისტული ობიექტები, რომელშიც 7 500 000 ლარი დაიხარჯა?

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ქონების მართვის სააგენტომ ალავერდის ეპარქიაში არსებული ტურისტული ობიექტები საპატრიარქოს გადასცა. კერძოდ, იყალთოს მონასტრის მიმდებარედ ინფრასტრუქტურული შენობა და საზოგადოებრივი ობიექტი; იყალთოს ქვევრის სკოლა-აკადემია ,,ქვევრის სახლი''; ვიზიტორთა მართვის ცენტრი – ,,შუამთის კარიბჭე''; ახალი შუამთის მონასტრის მიმდებარედ საზოგადოებრივი ობიექტები; ძველი შუამთის მონასტრის მიმდებარედ ინფრასტრუქტურული შენობა და საზოგადოებრივი ობიექტი. ქონების მართვის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, ეს ობიექტები მსოფლიო ბანკის კრედიტით 2015-2016 წლებში აშენდა და მთლიანობაში 7 500 000 ლარი დაიხარჯა. სქემა ასეთია, მსოფლიო ბანკის სესხით აშენებული ობიექტები მთავრობამ საპატრიარქოს უზურფრუქტის უფლებით, 49-წლიანი ვადით ხოლო, საპატრიარქომ _ ალავერდის განვითარების ფონდ ,,ტალავარს'' გადასცა.
ქონების გადაცემის ოფიციალური ვერსია
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი (სსიპ) ქონების მართვის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, ყველაზე მსხვილი ობიექტი, რომელიც საპატრიარქოს გადასცეს, სოფელ იყალთოში მდებარე ქვევრის სკოლა-აკადემია ,,ქვევრის სახლია''. ესაა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმო-მუზეუმი, რომლის მშენებლობა 5 მილიონი ლარი დაჯდა. ამ პროექტის მიზანი საქართველოში ქვევრის დამზადების ტრადიციული მეთოდების აღდგენა, ასევე სოფელ იყალთოს ტურისტული და საგანმანათლებლო ფუნქციების განვითარებაა.
 
ძველ და ახალ შუამთაში, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, სხვადასხვა ტურისტული ობიექტები აშენდა, რაც მთლიანობაში 2 645 792 ლარი დაჯდა. პროექტის ფარგლებში, ვიზიტორთა მართვის ცენტრი _ ,,შუამთის კარიბჭე'' მოაწყვეს, ხოლო ახალი შუამთის მიმდებარედ, ინფრასტრუქტურული შენობები და საზოგადოებრივი ობიექტები ააშენეს. თუმცა შენობებთან ერთად, საპატრიარქოს საკუთრებაში გადასცეს 22 440 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები შუამთაში.
ქონების მართვის სააგენტოს ცნობით, ტურისტული ობიექტები ,,რეგიონული განვითარების პროექტის'' ფარგლებში ააშენეს. 2012 წელს, ამ პროექტისთვის მსოფლიო ბანკმა 60 მილიონი აშშ დოლარის სესხი დაამტკიცა. ამავე პროექტით, კიდევ ერთი ტურისტული ობიექტი _ ,,მაწვნის სახლი ალავერდთან'' აშენდა, რომელიც 2013 წელს, მთავრობის დადგენილებით, საპატრიარქოს გადაეცა. ,,მაწვნის სახლი ალავერდთან'' მშენებლობაზე, 1 მილიონი ლარი დაიხარჯა.
,,ვერსიას'' ქონების მართვის სახელმწიფო სააგენტოში განუმარტეს, რომ ტურისტული ობიექტები საპატრიარქოს მათივე წერილის საფუძველზე გადასცეს. კითხვაზე, რის საფუძველზე მოითხოვა საპატრიარქომ ეს ობიექტები, ,,ვერსიას'' ქონების მართვის სააგენტოში განუმარტეს, რომ საპატრიარქომ მათი ეკლესია-მონასტრების მიმდებარედ განთავსება დაასახელა. საპატრიარქოს მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის გაგზავნილ წერილში მითითებულია:
,,ტურისტული ობიექტების სწორად ფუნქციონირება პირდაპირ უკავშირდება სამონასტრო ცხოვრების წესსა და გარემოს. ალავერდის ეპარქიას სურვილი აქვს, და ძალაც შესწევს, რომ აღნიშნული ობიექტების მართვაც განახორციელოს და ტურისტებსაც დანიშნულებისამებრ მოემსახუროს''.
ქონების მართვის სააგენტოში ,,ვერსიას'' განუმარტეს, რომ თავის მხრივ, ეს ობიექტები შესაბამისი ვალდებულებებითა და უსასყიდლო სარგებლობის უფლებით, 49-წლიანი ვადით, საპატრიარქომ ალავერდის განვითარების ფონდ ,,ტალავარს'' გადასცა. ქონების მართვის სააგენტოში დააზუსტეს, რომ საპატრიარქოს წერილის საფუძველზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მთავრობას მიმართა. პრემიერ-მინისტრის დადგენილებით, ქონების მართვის სააგენტომ მსოფლიო ბანკის კრედიტით აშენებული ტურისტული ობიექტები საპატრიარქოს გადასცა.
საჯარო რეესტრის ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით, ალავერდის განვითარების ფონდი ,,ტალავარი'' 2013 წელს 5 აპრილს შეიქმნა. მისი დამფუძნებლები არიან ბიზნესმენები და საქმიანი წრეების წარმომადგენლები: მალხაზ ბეგიაშვილი, ნუგზარ დვალი, დავით ნიკოლაიშვილი და ირაკლი მგალობლიშვილი.
სესხით დაფინანსებული ,,ტალავარის'' პროექტი
რატომ აღმოჩნდა კომერციულად მომგებიანი ტურისტული ობიექტები საპატრიარქოს საკუთრებაში? ვინ გადაიხდის მსოფლიო ბანკის სესხს? ღატომ გადასცა საპატრიარქომ ეს ობიექტები ფონდ ,,ტალავარს''? ,,ვერსიას'' ალავერდის განვითარების ფონდ ,,ტალავარის'' დამფუძნებელი, მალხაზ ბეგიაშვილი ესაუბრება:
_ ბატონო მალხაზ, რატომ მიმართა საპატრიარქომ ქონების მართვის სააგენტოს, რათა ეს ობიექტები მართვაში გადასცემოდა ანუ ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლია საპატრიარქოს ამა თუ იმ ობიექტის მართვა სთხოვოს სახელმწიფოს?
_ შორიდან დავიწყებ და დეტალურად გიამბობთ ყველაფერს. ეს იდეა 2000 წელს გაჩნდა, რადგან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და მონასტრები ტურისტული ნაკადებისა და ვიზიტორებისთვის საინტერესო ხდებოდა. ეტაპობრივად, ეს ნაკადები გაძლიერდა და მათი მოუწესრიგებელი, ქაოტური მოძრაობა სამონასტრო ცხოვრების წესსა და დადგენილ ტიპიკონს პრობლემას უქმნიდა. იმის გამო, რომ ტურისტული ნაკადების მოძრაობა გარკვეულ გრაფიკს დაქვემდებარებოდა და სამონასტრო ცხოვრებასაც ხელი არ შეშლოდა, შეიქმნა პროექტი ,,ოქროს გზა''. ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, იმ დროს ყველა კულტურული ძეგლი და მონასტერი მოუწესრიგებელი იყო. ,,ოქროს გზა'' დაიწყებოდა თბილისიდან და გომბორის გავლით, პირველი წერტილი უჯარმის ციხე იქნებოდა; მეორე წერტილი _ გომბორის ყველაზე მაღალი ადგილი, სადაც ულამაზი ხედებია; შემდეგ ტურისტული ნაკადი შუამთაში დაეშვებოდა, სადაც ,,ოქროს გზის კარიბჭე'' იქნებოდა; შემდეგ იყალთო და ბოლოს ალავერდი. ,,შუამთის კარიბჭეს'' ახლა ვიზიტორთა ცენტრი ჰქვია, მაგრამ ჩვენ მაინც კარიბჭეს ვუწოდებთ. ესაა შენობა-ნაგებობა, სადაც ტურისტები და ვიზიტორები შეჩერდებოდნენ და ყველა სახის ინფორმაციას მიიღებდნენ, რაც მოგზაურობის დროს დასჭირდებოდათ არა მარტო ,,ოქროს გზის'', არამედ მთელი კახეთისა და მათ შორის, მთა-თუშეთის მიმართულებითაც...
_ უკაცრავად, ,,ოქროს გზის კარიბჭე'' იქნებოდა ვიზიტორთა ცენტრი, სადაც მთა-თუშეთის ტურებიც დაიგეგმებოდა?
_ დიახ და ახლაც სწორედ ამ პრინციპითაა მოწყობილი ვიზიტორთა ცენტრი, სადაც ტურისტები ყველა სახის ინფორმაციას დეტალურად იღებენ, მათ შორის, ტრადიციული კერძებისა და სასტუმროს ფასების ჩათვლით. ის ობიექტები, რაც ,,ოქროს გზის'' პროექტის ფარგლებში ჩამოგითვალეთ, სრულიად მოუწესრიგებელი და მოუვლელი იყო. სწორედ ამიტომ შეიქმნა ,,ოქროს გზის'' პროექტი, რომელშიც ყველა დეტალი და ნიუანსი გავითვალისწინეთ. უამრავი პრეზენტაცია გავმართეთ, სადაც ამ პროექტს დეტალურად განვიხილავდით და სხვათა შორის, არა მარტო ქართული, არამედ ბევრი უცხოური კომპანია დაინტერესდა.
მართალია, უმთავრესი ამოცანა ამ ობიექტების მოწესრიგება და ინვესტიციების მოზიდვა იყო, მაგრამ ისე უნდა გაგვეკეთებინა, რომ ამით სამონასტრო ცხოვრების წესს ხელი არ შეშლოდა. ზოგიერთ ინვესტორს, მოგების მიზნით, მონასტრის მიმდებარედ რესტორნების გახსნაც სურდა, რაც აბსოლუტურად დაუშვებელია!
მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები ჩვენს პრეზენტაციებს რამდენჯერმე დაესწრნენ და დაახლოებით, 2010 წელს, ჩვენი პროექტის დაფინანსება გადაწყვიტეს. თუმცა ამ ორგანიზაციის პოლიტიკის მიხედვით, სახელმწიფოს თანამონაწილეობის გარეშე, პროექტს ვერ განახორციელებდნენ. ვფიქრობ, სწორედ აქედან გაუჩნდა მსოფლიო ბანკს სურვილი, რომ საქართველოს მასშტაბით, ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტერიტორიებისა და ობიექტების ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაეფინანსებინა, რაშიც ათეულობით მილიონი დოლარი დახარჯა.
_ ,,ოქროს გზის'' პროექტით, პირადად თქვენ დაუკავშირდით მსოფლიო ბანკს, ეს ობიექტები ,,ტალავარის'' პროექტის ფარგლებში აშენდა?
_ დიახ, ზუსტად ასე იყო. აქვე ფონდის შექმნის ისტორიასაც გიამბობთ და ყველაფერს ადვილად მიხვდებით. ის რომ მონასტერში გაჩნდა ნაკადები, ამან თანხის მოძრაობის აუცილებლობაც მოიტანა, რადგან ვიზიტორებს სხვადასხვა სუვენირებისა და თუნდაც ალავერდის მარანში ჩამოსხმული ღვინის შეძენა სურდათ. სწორედ ამიტომ დავაფუძნეთ არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირი (ააიპ) ,,ტალავარი'', რომელმაც მონასტერში არსებული საგადასახადი ტვირთი თავის თავზე აიღო, რათა ბიუჯეტთანაც პირნათელი ყოფილიყო. სამონასტრო-საეკლესიო სივრცეში ამგვარი ფონდის არსებობა მსოფლიო ბანკისთვისაც, რომელსაც საკმაოდ მკაცრი ბიუროკრატიული ადმინისტრირება აქვს, ხელსაყრელი ინსტრუმენტი აღმოჩნდა.
საბოლოოდ, სახელმწიფო და მსოფლიო ბანკი შეთანხმდნენ და ამ უკანასკნელმა კრედიტი გამოყო. პირველი ობიექტი, რომელიც ამ სესხით გაკეთდა, იყო ,,მაწვნის სახლი ალავერდთან''. თუმცა პროექტი, კონცეფცია და იდეა მსოფლიო ბანკს ჩვენ შევთავაზეთ, ამიტომ ობიექტების მართვაც ჩვენ ვიტვირთეთ. რაც შეეხება თქვენს პირველ კითხვას, რატომ მიმართა საპატრიარქომ ქონების მართვის სააგენტოს, პასუხი მარტივია _ იმიტომ, რომ ეს ობიექტები ისედაც მისი საკუთრება იყო.
_ თავად ბრძანეთ, რომ ტურისტული ობიექტები მსოფლიო ბანკის კრედიტით აშენდა, მაგრამ ამ კრედიტს ვინ გაისტუმრებს, ფონდი ,,ტალავარი''?
_ მესმის, რასაც მეკითხებით, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ეს იდეა ცალსახად კომერციული არ ყოფილა. ვფიქრობ, ამ ობიექტების სწორედ ამ სახით არსებობა, სახელმწიფოს ინტერესშიც უნდა შედიოდეს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, იყალთოში ქვევრის სკოლა-აკადემიის არსებობა იმდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რომ მასში თანხის გადახდა კითხვის ნიშანს არ უნდა იწვევდეს. დეტალურად მოგიყვებით, რატომ და რა მიზნით შევქმენით ,,ქვევრის სახლი'' იყალთოში.
თავდაპირველად, ალავერდში, მე-11 საუკუნის მარანი აღმოაჩინეს, რომელიც კეთილი ადამიანების დაფინანსებით აღვადგინეთ და მეცნიერების მეთვალყურეობის ქვეშ, ქართული ტრადიული ღვინო ქვევრში, სწორედ ალავერდის მარანში დავწურეთ. სწორედ აქედან დაიწყო ქვევრის ღვინის პოპულარიზაცია საქართველოში. ის, რომ ,,იუნესკომ'' ღვინის ქვევრში დაყენების ქართული ტრადიციული წესი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარა, სწორედ ალავერდიდან დაიწყო. ამის შემდეგ, საფრანგეთიდან სპეციალისტების ჯგუფი ჩამოვიდა ალავერდის მარანში და ქართულ ქვევრთან დაკავშირებით, უამრავი კითხვა დაგვისვეს. მაგალითად, დაინტერესდნენ, რა არის ქართული ქვევრი, სტანდარტულია თუ არა, საიდან ვიღებთ თიხას ქვევრისთვის, არის თუ არა ლიცენზირებული საბადოები, გვაქვს თუ არა კვლევა ჩატარებული, რა შემადგენლობისაა თიხა?Oკახეთში თიხის ორი საბადო მოვიძიეთ, რომლისგანაც ტრადიციულად ქვევრს აკეთებდნენ _ ვარდისუბანსა და იყალთოში. აქედან გაჩნდა იდეა, რომ საერთაშორისო, ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით, აგვეშენებინა საწარმო, სადაც ქვევრებს დაამზადებდნენ. ასე შეიქმნა ,,ოქროს გზის'' მნიშვნელოვანი და აკადემიური წერტილი _ იყალთოს ქვევრის სკოლა-აკადემია, სადაც მსურველები ერთი წლის მანძილზე ეუფლებიან მეთუნეობას, იღებენ სერთიფიკატს და ლიცენზირებული საბადოდან მოპოვებული თიხით, ტრადიციულ ქვევრებს ამზადებენ.
თუმცა თქვენს კითხვას რომ დავუბრუნდეთ, პრობლემა ის კი არ არის, ვინ გაისტუმრებს ამ კრედიტს, არამედ ის რომ ასეთი ობიექტები აქამდე არ არსებობდა! სახელმწიფოს სესხის გასტუმრების დარეგულირებაც შეუძლია, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ეს პროექტი ტურისტულ ნაკადებს გაზრდის, რასაც მატერიალური სიკეთეც მოჰყვება. საბოლოოდ, ეს ობიექტები იმ დანახარჯსაც გაამართლებენ, რაც მსოფლიო ბანკმა კრედიტის სახით გამოყო და იმაზე მეტ სიკეთეს მოუტანენ ამ ქვეყანას, ვიდრე მათ მშენებლობაზე დაიხარჯა.
_ ბატონო მალხაზ, რა ხიბლი აქვს საპატრიარქოს წიაღში შპს-ს, ან თუნდაც ააიპ-ის დაფუძნებას, შეღავათებით სარგებლობთ და გადასახადებს არ იხდით?
_ რას ბრძანებთ! პირდაპირ გეუბნებით, არავითარი ხიბლი არ აქვს და გადასახადებსაც ისევე ვიხდით, როგორც ნებისმიერი შპს და ააიპ! ერთ მაგალითს გეტყვით, ერთ-ერთი გადასახადის გადახდის დროს, პრობლემა შეგვექმნა და, როგორც წესი და რიგია, ჩვენს ანგარიშებს საგადასახადო ინკასო დაადეს. ამით იმის თქმა მინდა, რომ არავითარი საგადასახადო შეღავათებით არ ვსარგებლობთ!
კომერციულად წამგებიანი გადაწყვეტილება
ქონება, რომელიც ზოგი გარემონტდა და ზოგი აშენდა, ისედაც საპატრიარქოს ეკუთვნოდა. თუმცა ეკლესია-მონასტრის წიაღში შექმნილი ააიპ ქმნის პროექტს, რომელსაც მსოფლიო ბანკი სახელმწიფოს თანამონაწილეობით აფინანსებს. უკვე გარემონტებულ და აშენებულ ობიექტებს კი მთავრობის დადგენილებით, სახელმწიფო ეკლესიას უბრუნებს... რას ნიშნავს ეს სქემა და რამდენად გამართლებულია ტურისტული ობიექტების საპატრიარქოსთვის გადაცემა? ,,ვერსიას'' საერთაშორისო ორგანიზაცია ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს'' მკვლევარი, ლევან ნატროშვილი ესაუბრება:
,,ზოგადად, უცნაური სქემაა, რადგან ტურისტული ობიექტები მსოფლიო ბანკის კრედიტით აშენდა, შემდეგ საპატრიარქოს გადასცეს, ხოლო ამ უკანასკნელმა ფონდს გადააბარა. რა თქმა უნდა, სასურველი არაა, რომ ქონება, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაშია, რომელიმე რელიგიურ ორგანიზაციას გადაეცეს, კარგი იქნებოდა, თავად სახელმწიფოს დაეტოვებინა მართვაში. გაუგებარია, რატომ გამოეთიშა ამ სქემას სახელმწიფო, თუმცა პრობლემა ისაა, რომ მრავალი წლის მანძილზე, ეს თემა აქტუალურია. სახელმწიფოს მიერ, ეკლესიისთვის გადაცემულ ქონებასთან დაკავშირებით, ჩვენმა ორგანიზაციამ წლების წინ, კვლევაც ჩაატარა. სამწუხაროდ, როგორც წესი, სახელმწიფო ვერ ასაბუთებს, რატომ გადასცემს ამა თუ იმ ობიექტს, ან მის საკუთრებაში არსებულ ქონებას საპატრიარქოს!''
 
ლევან ნატროშვილმა ,,ვერსიას'' აუხსნა, რომ გაცილებით მომგებიანი იქნებოდა, თუ ტურისტულ ობიექტებს სახელმწიფო საკუთრებაში დაიტოვებდა, ან კერძო ბიზნესს გადასცემდა მართვაში. მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტში გაცილებით მეტი თანხა შევიდოდა:
,,სქემა, რომელიც აღწერეთ, აბსოლუტურად გაუმართლებელია, ვინაიდან სახელმწიფომ მსოფლიო ბანკისგან აიღო კრედიტი, ააშენა ობიექტები და მართვაში საპატრიარქოს გადასცა. ეკონომიკურად და კომერციულადად გაუმართლებელი გადაწყვეტილებაა, რადგან რატომ უნდა მართოს ტურისტული ობიექტები საპატრიარქომ, როდესაც ამ ქვეყანაში უამრავი კერძო ბიზნეს-კომპანიაა. ვფიქრობ, უმჯობესი იქნებოდა, ქონების მართვის სააგენტოს ეს ობიექტები ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისთვის გადაეცა, ცენტრალური ხელისუფლების საკუთრებაში დარჩენილიყო, ან თუნდაც ტურიზმის სააგენტოსთვის მიეცათ. ბევრი საერო სტრუქტურაა, რომელიც ამ აქტივებს გაცილებით ეფექტურად მართავდა. რეალურად, ეს ქონება ჩვეულებრივი ბიზნესია, რამაც ამ რეგიონში ტურისტული პოტენციალის ზრდას უნდა შეუწყოს ხელი. როგორც მივხვდი, სწორედ ამ მიზნით შეიქმნა მსოფლიო ბანკის პროექტი, რომლის ფარგლებშიც კრედიტი გამოყვეს. სწორედ ამიტომ ვფიქრობ და კიდევ ერთხელ გიმეორებთ, რომ ამ ტიპის ობიექტების საპატრიარქოს მართვაში გადაცემა გაუმართლებელია''.
მაია მიშელაძე