„როცა თავდამსხმელი საკუთარ სახლში გაშლილი დანით მოსაკლავად მოგივარდება, თავი უნდა დაიცვა“

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

არაერთი გახმაურებული საქმის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა:

„შოთა მაისურაძე სრულად გამართლდა! აუცილებელი მოგერიების უფლება ნებისმიერ ადამიანს აქვს. როცა თავდამსხმელი საკუთარ სახლში გაშლილი დანით მოსაკლავად შემოგივარდება, თავი უნდა დაიცვა. ყველას აქვს საკუთარი სიცოცხლის გადარჩენის უფლება. თავდაცვა არ არის დანაშაული!“

ადვოკატის თქმით, საქმეს მოსამართლე ელენე გოგუაძე განიხილავდა.

„ვერსია“ აღნიშნულ საქმეზე მეტი დეტალის გასარკვევად, ადვოკატ ტარიელ კაკაბაძეს ესაუბრა:

- 2022 წლის 12 ივნისს, უწესიერეს ადამიანს, შოთა მაისურაძეს, სახლში შეუვარდა თავისი მეზობელი გაშლილი დანით და მივარდა მოსაკლავად. ამ დროს შოთა მაისურაძემ აიღო დანა, რომლითაც მიაყენა სიცოცხლისთვის საშიში დაზიანება გულის არეში. შოთა მაისურაძე იმ დღესვე დააკავეს და ბრალად წაუყენეს, თითქოს მან ჩაიდინა მეზობლის სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება.

სასამართლომ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია და მიიჩნია, რომ როცა პიროვნება საკუთარ სახლში გაშლილი დანით შემოგივარდება, შენი ქმედება უკვე ჯდება აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში.

- საინტერესოა, შოთა მაისურაძეზე თავდამსხმელი დააკავეს?

- არ დაუკავებიათ. პირიქით, სცნეს დაზარალებულად და მძიმე ბრალდებით დააკავეს თავად შოთა მაისურაძე.

- მიზეზი ცნობილია, თუ რატომ დაესხა თავს დაზარალებულად ცნობილი პირი მაისურაძეს?

- როგორც გაირკვა, დაზარალებულს აქვს ძალიან ცუდი სიმთვრალე. ნასვამზე ის ხდება ძალიან აგრესიული. ცოტა ხნით ადრე, როდესაც ის ბავშვებისა და ქალბატონების თანდასწრებით იგინებოდა, შოთამ მისცა შენიშვნა და მოუწოდა სახლში წასვლისკენ. ამის შემდეგ გაუჩნდა აგრესია შოთას მიმართ და ჰკრა ხელი, რასაც შოთამაც ხელის კვრით უპასუხა. ამის შემდეგ ეს პიროვნება გაბრაზებული მიდის სახლში და ემუქრება მაისურაძეს, რომ ამის გამო პასუხს აგებინებს. რამდენიმე წუთში ის იღებს სახლიდან დანას და მეზობლად მცხოვრებ შოთა მაისურაძეს გაშლილი დანით უვარდება სახლში.

- მნიშვნელოვანია ეს გარემოებაც, ჰქონდა თუ არა შოთა მაისურაძეს გაქცევის საშუალება?

- იმ ოთახში, სადაც თავდამსხმელი შევარდა, იმყოფებოდა ასევე შოთა მაისურაძის ძმა, რომელიც არის შშმ პირი. არსებობდა იმის საფრთხეც, რომ გაქცევის შემთხვევაში, თავდამსხმელს ისიც დაეზიანებინა ან თუნდაც მოეკლა. ამ დროს შოთა ვერ გაიქცეოდა და აგრესიულ ადამიანს ვერ შეატოვებდა თავის ძმას, რომელსაც თავის დაცვა არ შეეძლო.

ასევე გასათვალისწინებელია, რომ იმ დროს, როცა მას დანას უქნევდნენ, მის უკან იყო ყრუ კედელი, მისგან მარჯვნივ კი იყო სააბაზანოს შესასვლელი. აღნიშნული კარისკენ წასვლა მისთვის, პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო, რადგან თავდამსხმელი დანას უქნევდა და ნებისმიერი მსგავსი მოძრაობა შეიძლებოდა, ფატალურად დასრულებულიყო მისთვის.

კანონის თანახმად, ბრალდებული არც იყო ვალდებული, სააბაზანოში შესულიყო/შემალულიყო მაშინ, როცა თავდამსხმელი მისსავე საკუთარ სახლში, საკუთარ ოთახში იმყოფებოდა და მოკვლით იმუქრებოდა.

- ტარიელ, რა არგუმენტები ჰქონდა პროკურორს ამ საქმეში?

- სხვათა შორის, პროკურორის ერთ-ერთი ძირითადი არგუმენტი იყო ის, რომ შოთა მაისურაძეს შეეძლო სხვა ოთახში (მაგალითად, სააბაზანოში) გაქცევა. ეს დადგენილად რომც მივიჩნიოთ, მაინც არ გამოირიცხება შოთა მაისურაძის უდანაშაულობა. სისხლის სამართლის კოდექსის 28-ე მუხლის თანახმად, ადამიანს აუცილებელი მოგერიების უფლება აქვს იმის მიუხედავად, შეუძლია თუ არა მას თავიდან აიცილოს ხელყოფა ანუ რომც დავუშვათ, რომ პირს შეუძლია გაქცევით უშველოს თავს, მაგრამ მან გაქცევის ნაცვლად, თავდამსხმელის დაზიანება გადაწყვიტა, მაინც უნდა ჩავთვალოთ, რომ პირმა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში ჩაიდინა ქმედება. შესაბამისად, პირი ასეთ დროს არ უნდა დაისაჯოს.

როცა პირი საკუთარ სახლში მოსაკლავად შემოგივარდება, არ ხარ ვალდებული, გაიქცე სხვა ოთახში ან სახლიდან.

- კანონის მიხედვით, უნდა დაისაჯოს თუ არა პირი იმ შემთხვევაში, თუ მას თავს ესხმიან, პოლიციას არ იძახებს და თავდამსხმელს კლავს?

- სისხლის სამართლის კოდექსის 28-ე მუხლი აღნიშნულზეც მიგვითითებს, რომ აუცილებელი მოგერიების უფლება პირს აქვს მაშინაც, თუ მას შეუძლია საშველად მოუხმოს სხვას ანუ თუ თავს დაგესხმებიან, მაგრამ სხვისთვის (პოლიცია იქნება, თუ თუნდაც კონკრეტული პიროვნება) დახმარების თხოვნის ნაცვლად, გადაწყვეტ, რომ თავდამსხმელი თავად დააზიანო, ასეთ დროსაც აუცილებელ მოგერიებაში ხარ.

წარმოუდგენელია, ადამიანები დაავალდებულო, გარისკონ საკუთარი სიცოცხლე და ჯანმრთელობა მაშინ, როცა თავდასხმის ქვეშ იმყოფებიან.

- საინტერესოა ამგვარი საქმეების სტატისტიკაც. რამდენად ხშირი ფაქტია სასამართლოს მიერ მსგავს საქმეებზე პირის გამართლება?

- პრაქტიკაში ხშირად ვაწყდებით სიტუაციას, როდესაც ზოგი მოსამართლე ბოლომდე არ ამართლებს ბრალდებულებს და აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადაცილებად აკვალიფიცირებს პირის ქმედებას. რეალურად, აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადაცილება იმ შემთხვევაში გვაქვს, როცა თავდაცვის ზომა, თავდასხმის ხასიათთან შეუსაბამოა. მაშინ, როცა ადამიანი დანას გიქნევს, ან თუნდაც რამდენიმე შეუიარაღებული ადამიანი მძიმე დაზიანებებს გაყენებს, ასეთ შემთხვევაში, პირის ქმედება სრულად ჯდება აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში.

ამ მხრივ, საკმაოდ მნიშვნელოვანია შოთა მაისურაძის მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი, რაც სწორი პრაქტიკის დამკვიდრებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.

- როგორ ფიქრობთ, უმჯობესია მსგავსი საქმეების ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე გატანა?

- მე, როგორც ადვოკატი, უდიდეს პატივს ვცემ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტს. თუ ნაფიც მსაჯულებს სწორად შეარჩევ, ვფიქრობ, რომ ხარისხიანი მართლმსაჯულება გარანტირებულია. ჯარისკაც მერაბ კობიაშვილის საქმეზე,  ნაფიცებმა დაინახეს ბრალდებულის სიმართლე და მიიჩნიეს, რომ მისი ქმედება სრულად ჯდებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში. რომ არა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, მერაბ კობიაშვილი სრულად, ალბათ, ვერ გამართლდებოდა, რადგან საქმე ძალიან სენსიტიური იყო.

- ზოგადად, თქვენი შეფასებით, რამდენად მუშაობს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სხვა ტიპის საქმეებში?

- მე რთულად მახსენდება სისხლის სამართლის საქმე, სადაც ნაფიცმა მსაჯულებმა არაადეკვატური ვერდიქტი მიიღეს. ბევრი ამბობს, რომ ჩვენს ქვეყანაში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი ვერ იმუშავებს, თუმცა დასრულებული საქმეები აჩვენებს, რომ ამ ინსტიტუტმა გაამართლა. არსებობს უამრავი ხარვეზი, რაც უნდა გამოსწორდეს და დაიხვეწოს. ჩვენი საზოგადოება არაფრით ჩამოუვარდება სხვა ქვეყნების მოქალაქეებს. თუ ნაფიცებს ეფექტურად შეარჩევ და  სწორად მიაწვდი ინფორმაციას, ისინი მტყუან-მართლის გარჩევას ნამდვილად შეძლებენ.

 ავტორი-თათია გოჩაძე