რატომ და როგორ მოკლეს ცნობილი არქიტექტორი - დამნაშავის სკანდალური აღიარებითი ჩვენება

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა კომფორტული ახლაც არ არის. პრაქტიკულად, ყველა ავტობუსი თუ სამარშრუტო ტაქსი გადატვირთულია, სავსეა მეტროსადგურებიც და განსაკუთრებით, პიკის საათში, იქ ნამდვილი ჯოჯოხეთი ტრიალებს. შესაძლოა, ბევრს გაუკვირდეს, მაგრამ დედაქალაქს უარესიც ახსოვს - იყო პერიოდი, როცა საზოგადოებრვი ტრანსპორტი, უბრალოდ, არ დადიოდა და თუ დადიოდა, ტროლეიბუსებისა თუ ავტობუსების უკანა მხარეს, ათობით ადამიანი იყო ჩამოკიდებული, რათა როგორმე დანიშნულების ადგილამდე მისულიყო. სამარშრუტო ტაქსების როლს რუსული „რაფი“ ასრულებდა, რომელსაც ძრავი პირდაპირ სალონში ედო და ზაფხულობით, დამატებითი სურნელის გარდა, ეს სიცხის წყაროც იყო. გაგრილების სისტემა კი... ამაზე საუბარიც კი ზედმეტი იყო და თუ რომელიმე „საბჭოთა მარშუტკას“ გაგრილების სისტემა მუშა მდგომარეობაში ჰქონდა, მძღოლი მას ნამდვილად არ იყენებდა...

 

„სწორედ ეს პერიოდი იყო, როცა ქალმა მოგვმართა, ქმარი დავკარგეო. სამწუხაროდ, მაშინ ბევრი ადამიანი იკარგებოდა და ეს არ გვიკვირდა, მაგრამ  ძალიან იშვიათად, რომ დაკარგულთა შორის მშრომელი ხალხი ყოფილიყო. ძირითადად, კრიმინალურ გარჩევებს ეწირებოდა ხალხი. რა თქმა უნდა, იყო შემთხვევები, როცა ყველაფერში შემთხვევით რიგითი ადამიანებიც ხვდებოდნენ, მაგრამ ეს ძალიან იშვიათად. ახლაც საქმე სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვქონდა - არქიტექტორი, რომელიც მძიმე დროების მიუხედავად, მუშაობას არ წყვეტდა და მცირე შეკვეთებს იღებდა, სახლში მუშაობდა. ჰოდა, ერთი სერიოზული შეკვეთა ჰქონდა, 2 ათას დოლარს უხდიდნენ და მაშინ ეს თანხა, ოროთახიანი (შეიძლება, სამიანიც) ბინა იყო ვარკეთილში. ცოლმა შვილი მშობლებთან წაიყვანა, ქმრისთვის მშვიდად მუშაობის საშუალება რომ მიეცა, პარასკევს წავიდა, კვირას დაბრუნდა და შესასვლელში სისხლის გუბე დახვდა, ქმარი კი შინ არ იყო“, - იხსენებს მორიგ ისტორიას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

გამომძიებლები და ექსპერტები შემთხვევის ადგილზე გავიდნენ. ქალს ეყო ჭკუა და ხელი არაფერს ახლო, პირდაპირ მილიციაში წავიდა. სახლი არეული იყო, რაღაცას ეძებდნენ, მაგრამ წაღებული არაფერი გახლდათ, საქორწინო ოქროს რგოლიც კი იქვე, ლარნაკში, ღია ადგილზე იდო, მაგრამ მისთვის ხელი არავის უხლია. ნახეს მამაკაცის ისტორია იმ საავადმყოფოში, სადაც აღრიცხვაზე იმყოფებოდა და დაადგინეს, რომ სისხლი მისი იყო. სისხლი ეცხო კარსაც და იატაკზე, სისხლის გუბეში კბილის ნატეხიც იპოვეს. სამართალდამცავებმა ერთხმად თქვეს, კაცმა კარი რომ გააღო, იქიდან კარს წიხლი მიარტყეს, რის შემდეგაც კარის კუთხე მას სახეში მოხვდა, დიდი ალბათობით, ცხვირი გაუტეხა და უამრავი სისხლიც ამის ნიშანი იყო, მაგრამ რას ეძებდნენ? ქალმა არცთუ რთული სამალავიდან, დანაზოგიც გამოიღო, დაახლოებით, 300 დოლარი ანუ იმაზეც კი ხელი არ იყო მოკიდებული. ეს ერთადერთ რამეს ნიშნავდა - თავდამსხმელები ეძებდნენ უფრო ძვირფასს, ვიდრე 300 დოლარი და ოქროს ბეჭედი იყო, მაგრამ დაკარგული კაცის მეუღლე ამბობდა, სახლში არაფერი გვქონდა, რა უნდა მოეძებნათო და ისიც გაიხსენა, რომ ბოლო სამი დღის განმავლობაში, სახლთან „რაფი“ იმდენად საეჭვოდ იდგა, რომ მისი ყურადღება მიიპყრო და მეტიც, ქალმა მანქანის ნომერიც კი ჩაიწერა. ჰო, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ქალი წუხდა, ქმრის ავადმყოფობა იყო. მას მუდმივად სჭირდებოდა გულის მკვებავი, არცთუ იაფი აბები, რომლებიც მათ ჰქონდათ, თუმცა ისინიც ხელუხლებელი იდო ლარნაკში ანუ ქმარმა წაიღო მხოლოდ 3-4 აბი, რომელიც მუდმივად ჯიბეში ჰქონდა და როცა აბების მიღების დრო მოუწევდა, შესაძლებელი იყო, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა ჰქონოდა.

სამართალდამცავებმა „მარშუტკის“ ძებნა დაიწყეს და ძალიან გაუკვირდათ, როცა მას ერთ-ერთ საჯარიმო სადგომზე მიაგნეს. მისი დათვალიერების შემდეგ, ერთ-ერთი სავარძლის ქვეშ, ერთი ცალი აბი იპოვეს, ის აბი, რომელზეც ქალი საუბრობდა და მიხვდნენ, რომ მამაკაცი სწორედ ამ მანქანით წაიყვანეს. ანაბეჭდები ყველგან საგულდაგულოდ იყო გაწმენდილი, რაც საქმეს უფრო ართულებდა. დაიწყო არქიტექტორის გარემოცვის შესწავლა, მაგრამ ამაოდ - მას მტერი, უბრალოდ, არ ჰყავდა და გარდა იმისა, რომ ყველა დადებითად ახასიათებდა, სახლიდან, უბრალოდ, არ გადიოდა. ბოლო შემკვეთის ვინაობითაც დაინტერესდნენ, მაგრამ ის აღმოჩნდა ბიზნესმენი, რომელმაც ავანსი გადაუხადა და შეკვეთის დასრულებას მოუთმენლად ელოდა ანუ მის ინტერესებში არქიტექტორისთვის მუშაობაში ხელის შეშლა ნამდვილად არ შედიოდა.

„ერთი დღეც არ იყო გასული, მოქალაქეებმა ქალაქის გარეუბანში, ტყის პირას, ახალი მიწაყრილი ნახეს, რომელსაც ძაღლები დასტრიალებდნენ. ახლოს რომ მივიდნენ, მიწიდან ადამიანის ხელი ჩანდა. მაშინვე გათხარეს, ეგონათ, ცოცხალი იყო, მაგრამ მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ. შემთხვევის ადგილზე გავედით და მივხვდით - დაკარგულ არქიტექტორს მივაგენით. ცოლმაც ამოიცნო და გულიც წაუვიდა, იმის თქმა კი მოასწრო, ბედნიერება არ მეღირსაო“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

გამომძიებლებმა უკვე იცოდნენ, რომ არქიტექტორი ქალისთვის მეორე ქმარი იყო და გოგონაც მას პირველი ქორწინებიდან ჰყავდა. ასაკში სხვაობა კი გახლდათ, მაგრამ ყველა ამბობდა, იდეალური ცოლ-ქმრობა ჰქონდათ, ქალი ქმარს თან ჰყვებოდა, გოგონას კი კაცი შვილივით უვლიდაო. ამასობაში, გამოჩნდა მეზობელი, რომელმაც განაცხადა, რომ „მარშუტკაში“, რომელიც მათ უბანში იდგა, ხან ორი მამაკაცი იმყოფებოდა, ხან - სამი და მან შეძლო სამივეს ფოტორობოტი შეედგინა.

ფოტოგრაფიული მეხსიერება მაქვსო, იჩემებდა და მართლაც, საოცარი დეტალები ახსოვდა. როცა გარდაცვლილი არქიტექტორის მეუღლეს ფოტოები ანახეს, მან ერთ-ერთს დაადო ხელი და ჩუმად ჩაილაპარაკა - ჩემი ყოფილი ქმარია. სამართალდამცავებმა მასზე ძებნა გამოაცხადეს და ამასობაში, ექსპერტიზის გამაოგნებელი დასკვნაც მიიღეს. ექსპერტი ამტკიცებდა, მამაკაცი არც გულის შეტევით მოკვდა, არც - მოკლეს, მას 3-4 დღის წინ, მკლავში ინექცია გაუკეთეს, რამაც ორგანიზმში ღვიძლის ფუნქციების მუშაობა შეაჩერა და საბოლოოდ, ფატალური შედეგი გამოიწვია. არქიტექტორს ექიმებისთვის დროზე რომ მიემართა, მკურნალობა შესაძლებელი იქნებოდა, მაგრამ... ინექციის შესახებ ცოლმა არაფერი იცოდა.

გამომძიებლებმა ყოფილი მეუღლის ბინის ჩხრეკის ორდერის მიღება მოახერხეს და პარალელურად, მასზე ძებნა საქართველოს მასშტაბით გამოაცხადეს. ბინის ჩხრეკისას ის ამპულა ნახეს, რომლიდანაც, სავარაუდოდ, არქიტექტორისთვის გაკეთებული ინექცია ამოიღეს. თავად ყოფილი ქმარი კი საღამოს დააკავეს, როცა შინ დაბრუნდა.

როგორც თავად თქვა, სამი დღით სათევზაოდ იყო მეგობრებთან ერთად ანუ მყარი ალიბი ჰქონდა, მაგრამ როცა მოქალაქე პირზე დაადგა და ამოიცნო, „მარშუტკაში“ სწორედ ეს იჯდა, ორ უცხო პირთან ერთადო, თანაც წინ ცარიელი ამპულა დაუდეს,  დანებდა.

„ცოლი იმიტომ გამექცა, რომ ვლოთობდი. შემდეგ ბავშვობის ძმაკაცი შემხვდა, ფულს აპროცენტებს და თუ ვინმე არ უბრუნებს, ამოღების სამსახური სჭირდება. მეც იქ დავიწყე მუშაობა და თანხაც გამიჩნდა. ცოლთან შერიგება მსურდა, მაგრამ გათხოვება მოასწრო. სულ მინდოდა, რომ დამბრუნებოდა, მყარი ოჯახი გვქონოდა, თუმცა საწადელს ვერ მივაღწიე. როგორმე, არქიტექტორი უნდა მომეშორებინა და მეგობრებს, რომლებიც ჩემთან ერთად სესხის ამოღებაზე მუშაობენ, ვთხოვე, ერთ კაცს აქვს ჩემი ვალი, იქნებ, მომეხმაროთ, ოღონდ უნდა გავიტაცოთ, ისე ვერ შევაშინებთ-მეთქი. არც პირველია ეს გატაცება, არც - ბოლო. მანამდე, როცა გარეთ გამოვიდა, ინექცია მქონდა გამზადებული და ტროლეიბუსში, ხალხის ჭყლეტვაში, ისე გავუკეთე მკლავში, ვერაფერი იგრძნო. ალიბი შევიქმენი, მეგობრებს კი ვთხოვე, კარგად შეეჯანჯღარებინათ ჩემი მევალე. მათ კი ხელში ჩააკვდათ, იქვე, გზის პირზე მიწა მიაყარეს და წამოვიდნენ. რაც მთავარია, ისინი დარწმუნებულები იყვნენ, რომ მათ არ მოუკლავთ და ასეცაა, არც მე მომიკლავს, როცა მოკვდა, აქედან ას კილომეტრში ვიყავი“, - დაასრულა დაკავებულმა.

სასამართლომ სამივე დამნაშავე დააკავა. ორს, რომლებმაც მამაკაცი გაიტაცეს, 4-4 წელი მისცეს, მკვლელს კი... განზრახ მკვლელობა ვერ დაუმტკიცდა და მხოლოდ 7 წელი აკმარეს ანუ ადვოკატმა სასამართლო დააჯერა, ჩემმა კლიენტმა არ იცოდა და არც შეიძლებოდა დაზუსტებით სცოდნოდა, ეს პრეპარატი მართლა მოკლავდა თუ არა, ყველაფერი ეს, ვიღაცისგან მოისმინაო. სასამართლომ დიდი ალბათობით, ამ ვერსიის გარდა, კიდევ რამდენიმე ათასი დოლარიც „გაიზიარა“.

 

 ბათო ჯაფარიძე