ყველაფერი ჰერპესვირუსზე - რა სიმპტომები აქვს და შესაძლებელია თუ არა ჰერპესის მკურნალობა სახლის პირობებში

ჯანდაცვა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მედიცინა

 
ინტერვიუ დერმატოლოგ სოფო ლილუაშვილთან

 

გვანცა პეტრიაშვილი

 

სტატისტიკურად, მსოფლიოს მოსახლეობის 90% ჰერპესის ვირუსითაა ინფიცირებული. ჰერპესი არის ინფექცია, რომელიც ბუდობს ადამიანის ორგანიზმში და პერიოდულად, პატარა ბუშტუკებით ვლინდება სხეულის სხვადასხვა ადგილას -  პირისა და პირის ღრუს მიდამოზე, გენიტალურ (სასქესო) ორგანოზე, თვალის გარშემო...  ყველაზე ხშირად გვხვდება მარტივი, ე.წ. ტუჩის ჰერპესი, რომელსაც ძირითადად მარტივი ჰერპესის 1 ტიპი იწვევს. ტუჩის ჰერპესი შემაწუხებელი და მტკივნეულია. მარტივი ჰერპესის ორი ტიპი არსებობს - 1 და 2. ორივე ტიპის ვირუსმა, შესაძლოა, გენიტალიური ჰერპესიც გამოიწვიოს... რა არის ჰერპესის გამომწვევ მიზეზები და როგორია მკურნალობის მეთოდი? - ვერსიაექიმ-დერმატოლოგ სოფო ლილუაშვილს ესაუბრა:

 

- ქალბატონო სოფო, პირველ რიგში, ჰერპესის გამომწვევ მიზეზებზე ვისაუბროთ...
- ჰერპესის გამომწვევი მიზეზი ჰერპეს-ვირუსული ინფექციაა, რომელიც გადამდებია და გადადის  ჰაერწვეთოვანი, ასევე, სქესობრივი გზით. ზოგ შემთხვევაში, საკმაოდ მძიმედაც მიმდინარეობს - პირის ღრუში წყლულების განვითარებითა და დისფაგიით (ტკივილი ყლაპვის დროს).  აგრეთვე, შესაძლებელია შევხვდეთ შემდეგ სიმპტომებსაც: ცხელება, გადიდებული ლიმფური ჯირკვლები, ცუდი სუნი პირის ღრუში, მადისა და ენერგიის დაქვეითება.

- რა უწყობს ხელს ჰერპესის გააქტიურებას?

- ჰერპესის მაპროვოცირებელი ფაქტორები შეიძლება იყოს ყელის ინფექციები, მენსტრუაცია, მზის ჭარბი გამოსხივება, მზისგან მიღებული დამწვრობა, ნერვული სტრესი, გადატანილი დაავადებები, მედიკამენტური მკურნალობა  და სხვადასხვა მწვავე ინფექცია ანუ ნებისმიერი რამ, რაც იმუნური სისტემის დაქვეითების მაპროვოცირებელია.

- რა გართულებები ახლავს ჰერპესვირუსს?

- ეს გახლავთ ქრონიკული დაავადების პერიოდული გამწვავება, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტი და გართულება შეიძლება იყოს მეორადი ინფიცირება, როდესაც ვირუსულ ინფექციას ერთვება ბაქტერიული ინფექცია. ვინაიდან ჰერპესის შემთხვევაში, სპეციფიკური გამონაყარი გვაქვს - გამოვლინება ბუშტუკების სახით, ჰერპესის განვითარება შემდეგნაირია: ვითარდება ბუშტუკები, მისი გასკდომის შედეგად წარმოიქმნება ქერქები და ქერქების გაქრობის შედეგად რჩება ლაქები, როგორც პოსტანთებითი ცვლილება. ბუშტუკების გაქრობის შემდეგ, ირღვევა კანის მექანიკური  ბარიერი და ხელსაყრელი პირობები იქმნება იმისთვის, რომ ჩაინერგოს ისეთი მეორადი ბაქტერიული ფლორა, როგორიცაა  სტაფილოკოკი, სტრეპტოკოკი და იქმნება კონკრეტულად ჰერპესის კერის მეორადი ინფიცირება.

- სხეულის რა ადგილებში შეიძლება გაჩნდეს ჰერპესი?

- გვაქვს ჰერპესის ორი ტიპი:  ჰერპესვირუსული ინფექცია, ტიპი1 და ტიპი 2. ტიპი1 იწვევს ლაბიალურ ჰერპესს, ე.წ. ტუჩის ჰერპესს და შესაძლებელია, აგრეთვე, გამოიწვიოს ჰერპესული გინგივო-სტომატიტი - პირის ღრუს ჰერპესული ინფექცია, რომელიც ძალიან მწვავედ მიმდინარეობს. ხშირად, პირველ ეპიზოდს ახასიათებს და შეცდომით დიაგნოსტირდება, როგორც პირის ღრუს სოკოვანი დაავადება, ან როგორც ჰიპერსენსიტიური რეაქცია, რაც მიმდინარეობს ძალიან მწვავე სურათით და პაციენტებს უჭირთ ღეჭვა, ყლაპვა.

რაც შეეხება მეორე ტიპის ჰერპესს, ეს არის გენიტალიური ჰერპესი, რომელიც გვხვდება გენიტალიუმის შემთხვევაში, მამაკაცებში - სასქესო ასოზე და ქალებში - მცირე ან დიდ სასირცხვო ბაგეებზე. მეორე ტიპის ჰერპესი სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაა.

- რა იწვევს გენიტალიურ ჰერპესს?

- როგორც აღვნიშნეთ, გენიტალიური ჰერპესი სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაა ანუ დაინფიცირებული ადამიანი სქესობრივი კონტაქტის  შემდეგ  გადასცემს პარტნიორს  ინფექციას, განსაკუთრებით, თუ ბუშტუკების მთლიანობა დარღვეულია და პაციენტს აღენიშნება კანის მთლიანობის დარღვევა. რაც შეეხება სიმპტომებს, ესენია: წვა, ქავილის შეგრძნება, სიმხურვალის შეგრძნება. ვიზუალურად ჩვენ ვხედავთ შეწითლებულ ფონზე ჯგუფად დალაგებულ მცირე ზომის ვეზიკულებს, რომლებშიც არის ექსუდატი, სითხე, რაც ანთების დროს გროვდება.

- განსხვავდება თუ არა გენიტალიური ჰერპესის მკურნალობის მეთოდი?

- ეს ორივე ტიპი არის მარტივი ჰერპესვირუსი. განსხვავებულია მკურნალობის მეთოდი იმ შემთხვევაში, თუ ესაა პირველი ეპიზოდი ცხოვრებაში, მაშინ მას  სჭირდება უფრო ხანგრძლივი მკურნალობა, განმეორებით ეპიზოდებს უფრო ხანმოკლე მკურნალობა, ანტივირუსული პრეპარატები და შესაძლოა, იმუნოსტიმულატორებაც დასჭირდეს.

- რა უნდა გაკეთდეს ამ დაავადების პროფილაქტიკისთვის?

- პროფილაქტიკის თვალსაზრისით გამოიყენება ანტივირუსული პრეპარატები, იმუნომოდულატორები, თავი უნდა ავარიდოთ გამომწვევ ფაქტორებს - სტრესს, მზის გამოსხივებას და ა. შ.

რაც შეეხება პრევენციას, დიდი მნიშვნელობა აქვს პირად ჰიგიენას, რადგან ეს გადამდები დაავადებაა. სქესობრივი კონტაქტის შემთხვევაში, აუცილებელია თავდაცვა პრეზერვატივის გამოყენებით.  

- რა ასაკშია გავრცელებული ჰერპესვირუსი?

- ბავშვთა ასაკში ყველაზე მეტადაა გავრცელებული, მიმდინარეობს გინგივო-სტომატიტის სახით. პირველი ეპიზოდია პირის ღრუს ჰერპესული ინფექცია და ძალიან ხშირია მოხუცთა ასაკში, რამდენადაც მათი იმუნური სისტემა არ არის ისეთი ძლიერი, როგორც შუახსნის ასაკის ადამიანის.

- სახლის პირობებში მკურნალობა შესაძლებელია?

- უმეტეს შემთვევაში, თუ  არ გვაქვს დამამძიმებელი გარემოებები და თანმხლები მძიმე დაავადებები, ჰერპესული ინფექცია მარტივად გადაიტანება და ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებს. რა თქმა უნდა, მკურნალობა შესაძლებელია სახლის პირობებშიც, თუმცა მკაცრად - ექიმის დანიშნულებით და არა - თვითნებურად. თუ პაციენტი ვერ ახერხებს კვებას, არ არის ყლაპვის პროცესი უზრუნველყოფილი და აქვს თანმხლები დაავადებები, ამ შემთხვვაში, სჭირდება ჰოსპიტალიზაცია.