შსს-ს საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის და გაეროს მომსახურების ოფისის (UNOPS) წარმომადგენლები ეწვივნენ

რედაქტორის რჩეული
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
შინაგან საქმეთა სამინისტროს, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - “ტექნიკური შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა ადამიანის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად” - ფარგლებში, რომელიც „ევროკავშირი უსაფრთხოებისთვის, ანგარიშვალდებულებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საქართველოში“ (SAFE) ინიციატივის ნაწილია, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციისა და გაეროს მომსახურების ოფისის (UNOPS) წარმომადგენლები ეწვივნენ.
 
ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გადმოცემული ტექნიკური აღჭურვილობა დაათვალიერეს და გაცნობითი ხასიათის შეხვედრები გამართეს სამინისტროს სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელ პირებთან.
 
ევროკავშირის დელეგაციის ჯგუფის ხელმძღვანელი - აგატა ნიბოი და UNOPS საქართველოს ხელმძღვანელი - კლოდ-ანდრე ნადონი ესტუმრნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტს, საექსპერტო-კრიმინალისტიკურ და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტებს. სტუმრები დეტალურად გაეცნენ ევროკავშირის "SAFE"-ის პროგრამის ფარგლებში გაეროს პროექტების მომსახურების ოფისის (UNOPS) მიერ შეძენილი აღჭურვილობის ეფექტიანობას და მათი გამოყენების პირველად შედეგებს.
 
შეხვედრების ფარგლებში, გაეროს მომსახურების ოფისის წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ აღნიშნული დანაყოფების საქმიანობის, არსებული გამოწვევებისა და სხვა აქტუალური საკითხების შესახებ.
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელმა პირებმა ევროკავშირისა და გაეროს მომსახურების ოფისის (UNOPS) წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადეს სამინისტროს ინსტიტუციონალურ განვითარებაში წლების მანძილზე შეტანილი წვლილისთვის და სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოხატეს.
 
აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებს სხვადასხვა დროს გადაეცათ შესაბამისი აღჭურვილობა, კერძოდ: საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ს გადაეცა ოჯახში ძალადობის ელექტრონული მონიტორინგის 250 კომპლექტი, რათა მოძალადეების გადაადგილების მონიტორინგის გზით მოხდეს ოჯახში და ქალთა წინააღმდეგ ძალადობის პრევენცია; საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს - სპეციალიზებული საექსპერტო აღჭურვილობა და პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის მეშვეობითაც ექსპერტ-კრიმინალისტებს შეუძლიათ სწრაფად და ეფექტურად გააანალიზონ ფოტო და ვიდეომტკიცებულებები, ასევე, ჩაატარონ ნარკოტიკებისა და ფარმაცევტულ საშუალებათა სრულყოფილი ექსპერტიზა, თბილისის პოლიციის დეპარტამენტს კი გადაეცა სპეციალური ტექნოლოგიები, რომლითაც აღჭურვილია ბავშვთა ოთახი, სადაც გამომძიებლებს საშუალება აქვთ, გამოკითხონ არასრულწლოვნები მშვიდ, გარე ფაქტორებისა და ფსიქოლოგიური ზეწოლისგან თავისუფალ სივრცეში.
 
გაეროს მომსახურების ოფისის (UNOPS) პროექტი - „ტექნიკური შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა ადამიანის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად” - შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით, 2020 წლიდან მიმდინარეობს. მის ფარგლებში, სამინისტროს უკვე გადაეცა მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობა და პროგრამული უზრუნველყოფა. პროექტი - „ევროკავშირის უსაფრთხოების, ანგარიშვალდებულებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის” (SAFE) პროგრამის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს უსაფრთხოების სექტორის ეფექტურობისა და ანგარიშვალდებულების გაუმჯობესებას.