"ლიზ თრასი არ უარუყვია პარტიას ან ხალხს, ის უარყო ბაზარმა" - გია ნოდია

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გუშინ, 20 ოქტომბერს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ლიზ ტრასმა განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს.

„მე ვაღიარებ, რომ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, მე ვერ განვახორციელებ იმ მანდატს, რომლითაც მე კონსერვატიულმა პარტიამ ამირჩია“, - აღნიშნა ლიზ ტრასმა.

იგი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ლიდერად და შესაბამისად, ბრიტანეთის პრემიერად 44 დღის წინ აირჩიეს.

ლიზ ტრასის გადადგომას, სოციალურ ქსელში, პოლიტოლოგი გია ნოდია ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ლიზი არ უარუყვია პარტიას ან ხალხს, ის უარყო ბაზარმა. „ბაზარი“ ამ შემთხვევაში არის უამრავი აქციონერის კოლექტიური აზრი. როგორც ჩანს, მათ ჩათვალეს, რომ მისი ეკონომიკური გეგმა - გადასახადების, მაგრამ არა ხარჯების, შემცირება, ეკონომიკას კარგს არაფერს მოუტანდა...

"ლიზ თრასი, კლასიკური ლიბერალიზმის ყველაზე ერთგული მიმდევარი მარგარეტ თეტჩერის შემდეგ (ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრებს შორის, ცხადია) გადადგა იმიტომ, რომ ბაზარმა მისი ხედვა უარყო. მისი ბიუჯეტის (ე.წ. „მინი-ბიუჯეტის“) წარდგენას, რაც გადასახადების სერიოზულ შემცირებას გულიხმობდა, მოყვა ბრიტანული ფუნტის და საფონდო ბირჟის ინდექსის დაცემა (რაც კლასიკური საბაზრო ინდიკატორებია). ამან, თავის მხრივ, პოლიტიკური ჯაჭვური რეაქცია გამოიწვია.
ვიმეორებ: ლიზ თრასი არ უარუყვია პარტიას ან ხალხს, ის უარყო ბაზარმა. „ბაზარი“ ამ შემთხვევაში არის უამრავი აქციონერის კოლექტიური აზრი. როგორც ჩანს, მათ ჩათვალეს, რომ მისი ეკონომიკური გეგმა - გადასახადების, მაგრამ არა ხარჯების, შემცირება, ეკონომიკას კარგს არაფერს მოუტანდა. შეიძლება, გრძელვადიან პერსპექტივაში (ვთქვათ, ხუთ წელიწადში) კარგიც იქნებოდა, მაგრამ უახლოეს თვეებში ის ნეგატიურ შედეგებს გამოიწვევდა - ასე ჩათვალა ბაზარმა. ამაზე მოახდინა რეაგირება პარტიამ და, გამოკითხვების თანახმად, ამომრჩეველმაც.
ლიზ თრასმა ჯერ თავისი „მინი-ბიუჯეტი“ გაწირა, მერე თავისი ფინანსთა მინისტრი, მერე თავად გადადგა. თუმცა, პირველივე ნაბიჯის - გადასახადების დაწევის გეგმაზე უარის თქმის - შემდეგ თრასი განწირული იყო. როცა კონკრეტული გეგმით მოდიხარ და პირველივე დღეებში ამ გეგმაზე უარის თქმა გიწევს, ვეღარ იქნები პრემიერი.
ვერ ვიტყვი, რომ მესმის, საბაზრო მექანიზმები როგორ მოქმედებს (ეს ლიზ თრასმა და მისმა მრჩევლებმაც აშკარად ვერ გათვალეს), მაგრამ ფაქტია, რომ ლიზ თრასის გადადგომა ამით აიხსნება.
გაკვეთილი? სწორხაზოვანი იდეოლოგიური ლოგიკა არ მუშაობს. კერძოდ, აზრი, რომ ლიბერტარიანელები (თუ კლასიკური ლიბერალები - დეფინიციებში კირკიტს არ დავიწყებ) და ბაზარი ყოველთვის მოკავშირეები არიან, არ გამართლდა. ბაზარმა დაასკვნა, რომ ახლა გადასახადების დაწევა კარგი იდეა არაა.
რაც შეეხება ლიზ თრასს, მე-18 საუკუნის რუსი მწერლის, კარამზინის მოთხრობის სათაური გამახსენდა: „ბედნაია ლიზა“. მოთხრობა არ წამიკითხავს, მართო სათაური ვიცი, მაგრამ მორალი გასაგებია: სიყვარულს და ბაზარს რას გაუგებ," - წერს გია ნოდია.