რატომ არის საქართველოში კვალიფიციური კადრების დეფიციტი - ინტერვიუ „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ დირექტორთან

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავტორი: ია გრიგალაშვილი

 

ბოლო რამდენიმე თვეა, ბიზნეს სექტორი აქტიურად საუბრობს კვალიფიციური კადრების დეფიციტზე და ეს მაშინ, როდესაც უმუშევრობის დონით საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა მსოფლიოში. სპეციალისტების თქმით, ამ პრბლემას ბევრი ფაქტორი განაპირობებს, განსაკუთრებით, კვალიფიკაციის დაბალი დონე. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ ქვეყანაში მოსახლეობის უმეტესობას საკმაოდ დაბალი ანაზღაურება აქვს და სწორედ ამიტომ, ხალხი საზღვარგარეთ მუშაობას ამჯობინებ.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის - „საქსტატის“ ინფორმაციით, 2022 წლის პირველ კვარტალში, საქართველოში უმუშევრობის დონემ 19.4% შეადგინა. ამასთან, საშუალო ნომინალური ხელფასის მოცულობა 1446.5 ლარი. აღსანიშნავია, რომ საშუალო ხელფასის გაანგარიშებაში მხოლოდ დაქირავებული პირები არიან ჩართულნი ანუ ისინი, რომლებსაც ხელფასი ერიცხებათ. საქმიანობის სახეების მიხედვით, ყველაზე მაღალი ხელფასი - 3037 ლარი, საფინანსო და სადაზღვევო სფეროში ფიქსირდება. რეგიონებს შორის, ყველაზე მაღალი ხელფასი კი თბილისში  (1675 ლარი), მცხეთა-მთიანეთსა (1319 ლარი) და ქვემო ქართლშია (1231 ლარი).

საშუალო ხელფასის გაანგარიშებისას, საქსტატი საშუალო არითმეტიკულს იყენებს და დასაქმებულთა ხელფასების ჯამს მათ საერთო რიცხოვნობაზე ყოფს. შესაბამისად, მარტივია მიხვედრა, თუ როგორი დაბალი ანაზღაურება აქვს მოსახლეობის უმეტესობას იმ ფონზე, როდესაც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო მონაცემებით, წლიური ინფლაციის დონე 10.9% იყო. უწყების ცნობითვე, წლიურ ინფლაციაზე ძირითადი გავლენა სურსათის გაძვირებამ მოახდინა.  

კადრების დიდი დეფიციტია მომსახურების სფეროშიც. უკავშირდება თუ არა კვალიფიციური კადრების დეფიციტი მცირე ანაზღაურებას? - „ვერსია“ „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ დირექტორ ლევან ვეფხვაძეს ესაუბრა.

 

- ბატონო ლევან, არის თუ არა რეალურად კვალიფიციური კადრების დეფიციტი საქართველოში და როგორ გაჩნდა ეს პრობლემა?

- როდესაც ბიზნესის განვითარების ხელშემშლელ ფაქტორებს ვასახელებთ, ხშირად  ჩნდება ადეკვატური და შესაბამისი განათლების მქონე კადრების ნაკლებობის საკითხი, განსაკუთრებით, კოვიდის შემდგომ პერიოდში, როდესაც ბიზნესებმა დაიწყეს გამოცოცხლება და ამუშავდა ყველაფერი. არის კონკრეტული პროექტები, თუმცა ვერ ხერხდება მათი განხორციელება კადრების არარსებობის გამო. ბაზარზე არის მოთხოვნა, ამავდროულად, არის ქმედითი სამუშაო ძალაც, თუმცა ვერ აკმაყოფილებენ კვალიფიკაციას. ეს სერიოზული პრობლემაა და ბევრ ფაქტორს უკავშირდება, რაც ძალიან მტკივნეულია ყველასთვის. ვხედავთ, რომ კომპანიებს გამუდმებით აქვთ კვალიფიციური კადრების დეფიციტი, მეორე მხრივ, ქვეყანაში არის უმუშევრობის მაღალი დონე. როდესაც არის მოთხოვნა-მიწოდების დარღვევა, მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან ჩართულობა, მათ შორის, ბიზნესის მოთხოვნილებების კარგად დანახვა და შესაბამისად, ამ ტიპის კადრების მომზადება-გადამზადება.

- როგორ უნდა ჩაერიოს სახელმწიფო და რა მიმარულებით გაატაროს ღონისძიებები, რომ ეს პრობლემა დავძლიოთ?

- როდესაც მოთხოვნა-მიწოდება არათანაბარ მდგომარეობაშია, სახელმწიფო უნდა ჩაერიოს, მოძებნოს წონასწორობის წერტილი და გააჩინოს დამატებითი სტიმული ადამიანებში. დღესდღეობით, ყველაზე დიდი პრობლემა პროფესიულ განათლებაში გვაქვს. ქვეყანაში არის სტერეოტიპი, რომ მხოლოდ შეუმდგარი ადამიანები აბარებენ პროფესიულ სასწავლებელში. პროფესია ის კი არ არის, რამდენი დიპლომი გიდევს შინ, ეს ისაა, რაც ხეირს განახებს და შემოსავალს გაგიჩენს. ჩვენთან, ადამიანებს პროფესიის აღქმა არასწორად აქვთ განვითარებული და ჰგონიათ, რაც დიპლომში უწერიათ, იმ პროფესიისანი არიან.  სხვა ქვეყნებში, პროფესიულ სასწავლებლებში, სამი-ოთხჯერ მეტი ადამიანი იღებს განათლებას, ვიდრე უმაღლეს სასწავლებლებში, შესაბამისად, მათ აქვთ ცხოვრების ის დონე, რაც აქვთ და ჩვენ გვყავს ორ-სამდიპლომიანები, რომლებიც სამსახურს ვერ შოულობენ. მოგეხსენებათ, უმაღლესი განათლება ოთხწლიანია,  სადაც ისწავლება ზოგადი საგნებიც, ეს არის ბოლონიის პროცესი და თავისი სტანდარტები აქვს. რეალურად, რომ დააკვირდეთ პროფესიულ საგნებს, რაც შემდგომ ადამიანს სამუშაოდ სჭირდება, ორ წელში ისწავლება, დანარჩენი ორი წელი ზოგადია. არ არის აუცილებელი, ყველას დიპლომი ჰქონდეს. უნდა მოხდეს სპეციალიზებული განათლების შემოტანა უმაღლეს სასწავლებლებში, რომელთა სწავლების ვადა ოთხიდან ორ წლამდე შემცირდება. მთავარია, ადამიანს ჰქონდეს ის ცოდნა, რაც კონკრეტულად მის პროფესიაშია აუცილებელი. აქვე, სახელმწიფოს მხრიდან საჭიროა მეტი გახსნილობა და ბიზნესთან თანამშრომლობა.

- სახელმწიფოს ჩართულობის გარდა, თავად მსხვილ კომპანიებს თუ აქვთ სურვილი და შესაძლებლობა, გადაამზადონ საჭირო კადრები?

- დიახ, მსხვილი კომპანიები ძალიან აქტიურად არიან ჩართულნი ამ პრობლემის მოგვარებაში. 2019 წელს, ჩავატარეთ გამოკითხვა და მხოლოდ 10%-მა გვითხრა, რომ შეეძლო კადრების გადამზადება ან ჰქონდა საკუთარი გადამზადების ცენტრი (სასწავლებელი). დღეს მათი რაოდენობა 30%-მდე გაიზარდა. ასევე, გამოიკვეთა კარგი კოოპერაციის ნიშნები პროფსასწავლებლებსა და ბიზნეს-კომპანიებს შორის.

- კადრების დეფიციტის საკითხს რომ დავუბრუნდეთ, როგორც ვიცი, მუდმივად გაქვთ კონტაქტი ბიზნესსექტორთან, ძირითადად, რომელ სფეროშია ეს პრობლემა?

- ბიზნესსექტორს კვარტალურად ვუგზავნით კითხვარს პრობლემებთან დაკავშირებით. კვალიფიციური კადრების დეფიციტზე ორჯერ გვქონდა გამოკითხვა, აქედან ბოლო - 2022 წლის დასაწყისში, რომელიც ჩაღრმავებული, დეტალური და პრობლემებზე აქცენტირებული იყო. ძირითადად, ყველა სფეროში ჩანს კადრების დეფიციტი, თუმცა უფრო საინჟინრო მიმართულებით, ისეთ კომპანიებში, სადაც საჭიროა, სპეციფიური დეტალებით ხელმძღვანელობა, რომელიც უკავშირდება საწარმოში პროცესების მართვას. 21-ე საუკუნეში, რობოტიზებული გახდა სამუშაო პროცესები და აქ სერიოზული გარღვევაა დანადგარებთან მუშაობის კუთხით.

მეორე მხრივ, არის ისეთი სექტორები, სადაც კარგად ვიყავით, მაგალითად, ტურიზმში, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ახლა სერიოზული პრობლემები იქმნება ამ სექტორშიც. სხვადასხვა საკითხის გამო, შიდა სექტორული კონკურენციაა, არის კადრების დიდი გადინება ქვეყნიდან, ასევე, როდესაც კონკრეტულმა ადამაინებმა ბრენდულ სასტუმროებში დიდი გამოციდლება მიიღეს, უცხოეთში სამუშაოს პოვნის სხვა წყარო გაჩნდა, თუნდაც იქ დაბალ ხელფასად აღიქმებოდეს მათი შემოსავალი, საქართველოსთვის იქ გაცემული ანაზღაურება მაღალია. სამუშაო ძალის მობილობის ზრდა, ბუნებრივია, იწვევს კადრების დეფიციტს, დეფიციტი კი - მოკლევადიან ეფექტსა და  ხარჯის ზრდას.

- მომსახურების სფეროში კადრების საკმაოდ დიდი დეფიციტია, მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები პროფესიულ გადამზადებას არ საჭიროებენ. ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს საკმაოდ დაბალი ანაზღაურების ბრალია - კონსულტანტების ხელფასი, დაახლოებით, 500-600 ლარია...

- ევროპული სტანდარტით, საქართველოში ხელფასებს ვერ გასცემენ, რადგან დანახარჯი იმდენად გაეზრდება ბიზნესს, რომ საბოლოოდ, შეიძლება, მუშაობა შეაჩეროს. აქ პრობლემა მარტო ხელფასი არ არის. ზოგს აქვს განცდა, რომ ხელფასი დაბალია და ამიტომ ურჩევნია, სახლში დარჩეს, თუმცა ასეთი ცოტაა, ძირითადად, მაინც კვალიფიკაციის თემაა.

მთავარი პრობლემა ბიზნესებს მომიჯნავე სექტორებიდან აქვთ, მაგალითად, წეღან ვახსენე ტურიზმი, სასტუმროები და იცით, რომ აქტუალური გახდა კერძო სახლების მშენებლობა, რის გამოც დამლაგებლის კადრები გაჩნდა. ვისაც შეეძლო კვალიფიციურად ანუ კარგად დალაგება, ის წამოვიდა სასტუმროდან, ალაგებს კერძო სახლებს და იღებს სამჯერ მეტ ანაზღაურებას. ამასთან, მოსახლეობის დიდი ნაწილი საზღვარგარეთ მიდის.

როდესაც ბაზარზე კადრების დეფიციტია, ტენდენცია აუცილებლად წავა ხელფასების ზრდისკენ, ესაა სუფთად, საქონლის მოთხოვნა-მიწოდების კლასიკური საკითხი, რაც დროის თემაა და ამ მიმართულებით, ბევრს ვმუშაობთ.

- ბატონო ლევან, კვლავ ვდგავართ თუ არა შრომითი უფლებების მასობრივი დარღვევის წინაშე, როგორც წინა წლებში?

- ბოლო პერიოდში, როდესაც საზღვრები გაიხსნა და შრომითი მიგრაცია მოხდა, დავინახეთ, რომ არცთუ ცუდადაა საქმე საქართველოში. გვეგონა, ბევრ ევროპულ ქვეყანაში იდეალურად იყო ყველაფერი, თუმცა არ ყოფილა კარგად. ცხადია, დასაქმებულისა და დამსაქმებლის ურთიერთობა ბოლომდე იდეალური ვერ იქნება და ინტერესთა კონფლიქტი მუდმივად იარსებებს, მაგრამ მარტივია ისეთი ტიპის ბალანსის მიღწევა, სადაც დასაქმებულმა არ უნდა იგრძნოს თავი დისკრიმინებულად და მისი უფლებები არ უნდა ირღვეოდეს. ვფიქრობ, ამ მიმართულებით, დიდი ნაბიჯები გადაიდგა, მათ შორის, საკანონმდებლო დონეზე. ამაზე მუდმივად მიდის დისკუსია და კონკრეტული პოზიციებიც ყალიბდება.