"30-ზე მეტ სამშენებლო და საინჟინრო პროფესიულ პროგრამაზე მიღება გამოცხადდა"-ICCA

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

2 მაისიდან საქართველოს განათლების სამინისტრომ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის მსურველთა რეგისტრაცია გამოაცხადა. დაინტერესებულ პირებს განაცხადის გაკეთება მიმდინარე წლის 22 აგვისტოს ჩათვლით შეეძლება ვებ-გვერდის, vet.emis.ge საშუალებით.

აღნიშნულ საგანმანათლებლო პროგრამებს შორის არის სამშენებლო პროგრამები, რომლებიც ამ ინდუსტრიაში ადამიანური კაპიტალის შექმნის და განვითარების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. სამშენებლო და საინჟინრო მიმართულებით, 30-ზე მეტ პროფესიულ, მათ შორის, დუალური სწავლების პროგრამებზე აქვთ შესაძლებლობა სტუდენტებს, რომ დარეგისტრირდნენ. პროგრამებს შორისაა ისეთი მოთხოვნადი და აქტუალური პროფესიები, როგორებიცაა წყალმომარაგება და წყალარინება, აზომვითი ტოპოგრაფია, იატაკისა და ფილის სამუშაოები და სხვა.

სწორედ პროფესიული განათლების ხელშეწყობისათვის, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, რამდენიმე წელია, ახორციელებს სხვადასხვა აქტივობებს, მათ შორის, მონაწილეობს სამშენებლო კვალიფიკაციების გადახედვის მიმართულებით და სახელმძღვანელოების შექმნის პროცესში, ხელს უწყობს საზოგადოებაში აღნიშნული პროგრამების პოპულარიზაციას და ა.შ.

ანა საბახტარიშვილი, ICCA-ს აღმასრულებელი დირექტორი: „სამშენებლო სექტორის კვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფის პროცესში განსაკუთრებული ადგილი უკავია პროფესიულ განათლებას. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, შეიძინონ პროფესია ინდუსტრიაში განსაკუთრებულად მოთხოვნად მიმართულებებში, დასაქმდნენ და შეძლონ საკუთარი პოტენციალის რეალიზება. დღეს 30-ზე მეტი პროგრამა ამის საშუალებას იძლევა და შრომის ბაზარი ნამდვილად საჭიროებს ამ კადრებს. ასეთ დროს განსაკუთრებით დასაფასებელია დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერა, რასაც ჩვენს შემთხვევაში, GIZ უკვე წლების მანძილზე ახორციელებს.“

ICCA წარმოადგენს ერთგვარ პლატფორმას, რომელიც სამშენებლო მიმართულების მქონე პროგრამების მქონე კოლეჯებსა და სამშენებლო კომპანიებს ერთმანეთთან აკავშირებს.

მარიკა ზაქარეიშვილი, პროექტის ექსპერტი: ,,კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში: ”ხარისხიანი პროფესიული განათლება სამშენებლო მიმართულებით, შეუძლებელია კერძო სექტორის ჩართულობის გარეშე. შესაბამისად, GIZ რამდენიმე წელია, ნაყოფიერად თანამშრომლობს “ინფრასტუქტურის მშენებელთა ასოციაციასთან”, რომელიც უზრუნველყოფს სამშენებლო კომპანიების ჩართულობას დუალურ განათლებაში, ახალი პროგრამების შემუშავებაში, თანამედროვე სასწავლო მასალების შექმნასა და, ზოგადად, პროფესიული განათლების იმიჯის გაუმჯობესებაში. გვეამაყება ასეთ პროფესიონალებთან თანამშრომლობა, რომლებიც წევრ კომპანიებთან ერთად დაუღალავ კონტრიბუციას ახდნენ სამშენებლო სექტორში, ახალი უნარების გასავითარებლად.”

პროფესიული განათლების პრიორიტეტულ მიმართულებად განსაზღვრის ფარგლებში, ასოციაციამ ვებგვერდზე ICCA.GE სპეციალური განყოფილება “პროფესიული განათლება” შექმნა, სადაც როგორც კომპანიებს, ისე სტუდენტებს შეუძლიათ მიიღონ დაწვრილებითი ინფორმაცია როგორც სამშენებლო პროგრამების მქონე კოლეჯების შესახებ, ისე ყველა ამ მიმართულებით არსებულ შესაძლებლობაზე, როგორც სტუდენტებისათვის, ისე - კომპანიებისათვის. ასოციაციამ ამ მიმართულებით ცხელი ხაზი 0322 472223 აამუშავა, რომლის მეშვეობითაც, ყველა დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა, მიმართოს ასოციაციას და მიიღოს მისთვის საინტერესო ყველა კითხვაზე პასუხი, ეს იქნება პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია თუ კომპანიების პროგრამების განხორციელებაში ჩართვის შესაძლებლობა და პროცედურები.