რა იციან ენმ-ში მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლაზე - ინტერვიუ ნონა მამულაშვილთან

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

„პატივს ვცემ სააკაშვილის გადაწყვეტილებას“

 ავტორი: თათია გოჩაძე

 ბოლო დღეებია, აქტუალურია თემა მიხეილ სააკაშვილის მიერ, ქართული პოლიტიკის დატოვების შესახებ. ადვოკატები საუბრობენ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო, მესამე პრეზიდენტი მალე გაავრცელებს განცხადებას, რომ ქართული პოლიტიკიდან წასვლას აპირებს. იმის გასარკვევად, თუ რა ინფორმაციას ფლობენ ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში სააკაშვილის პოლიტიკიდან შესაძლო წასვლის შესახებ, „ვერსია“ ენმ-ის ერთ-ერთ ლიდერს, დეპუტატ ნონა მამულაშვილს ესაუბრა:

 

- ქალბატონო ნონა, პარტიაში რა ინფორმაციას ფლობთ მიხეილ სააკაშვილის მიერ პოლიტიკის დატოვების შესახებ?

- მე, ძირითადად, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებს ვესაუბრები, პარტიასთან არ მქონია, დიდი ხანია, შეხვედრა და ვერ გეტყვით, რა განწყობაა.

- მისი ადვოკატებისგან რა ინფორმაცია გაქვთ?

- ის, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ძალიან ცუდად და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშოა, ამიტომ სასწრაფოდაა გადასარჩენი და გადასაყვანი.

რაც შეეხება მის გადაწყვეტილებას, პატივს ვცემ და მიმაჩნია, რომ ეს არის უდიდესი ისტორიული პიროვნება, რომლის სახელსაც უკავშირდება ყველა ის რეფორმა, რაც საქართველომ გაიარა 2003-2012 წლებში.

რა თქმა უნდა, ჩემთვის გულდასაწყვეტია მიხეილ სააკაშვილის ეს გადაწყვეტილება, მაგრამ პატივს ვცემ მის პირად, ოჯახის გადაყვეტილებას, რადგან დღეს ამ ადამიანის ფიზიკურად გადარჩენის საკითხი დგას და ვერაფერი დაუდგება ადამიანის სიცოცხლეს წინ, რადგან ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება.

- როგორ აისახება ეს გადაწყვეტილება ენმ-ს და ზოგადად, ოპოზიციის მდგომარეობაზე? მისი ამომრჩეველი როგორ შეხვდება ამ ამბავს?

- ამ ეტაპზე, ძალიან რთულია რამე პროგნოზის გაკეთება იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილს საკმაოდ დიდი და გავლენიანი ადგილი უკავია საქართველოს პოლიტიკაში და რა რეაქცია მოჰყვება ამას საქართველოს მოსახლეობისგან, ჩვენი ამომრჩევლისგან, რთულია, პროგნოზის გაკეთება.

ყველა ვთანხმდებით, რომ პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და სიცოცხლეა გადასარჩენი.

- ძირითადად, სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლების განცხადებებით, ძნელად დასაჯარებელია, რომ სააკაშვილმა უარი თქვას ქართულ პოლიტიკაზე და რომ ის კულისებიდან ისევ განაგრძობს პოლიტიკაში ჩარევას. ამაზე რას იტყვით?

- „ქართულ ოცნებას“, რა თქმა უნდა, სჭირდება, რომ მუდმივად პოლარიზებული იყოს საზოგადოება და მისთვის მნიშვნელოვანია, სააკაშვილისგან ისევ და ისევ საფრთხე შექმნას.

სააკაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს პოლიტიკაში საერთოდ არ აპირებს მონაწილეობას და უნდა გასვლა, რომ ფიზიკურად გადარჩეს. ასე რომ, თუ „ქართულ ოცნებას“ ურჩევნია, სააკაშვილი გაანადგუროს ფიზიკურად, ეს, რა თქმა უნდა, ბევრად შეცვლის პოლიტიკურ გარემოს იმიტომ, რომ კლავს მესამე პრეზიდენტს.

- იმას რით ხსნით, რომ სააკაშვილი აღნიშნულის შესახებ ესაუბრება ადვოკატებს და არა - თანაგუნდელებს?

- მას შემდეგ, რაც სააკაშვილი ჩამოვიდა უკრაინიდან, არ მეძლევა საშუალება, რომ მოვინახულო. ერთადერთი დეპუტატი ვარ, ვისაც არ აძლევენ ნებართვას, რომ მოვინახულო ციხეში.

არაერთი წერილი მაქვს გაგზავნილი და ყველა მცდელობაზე ვიღებ უარს. ასე რომ, მასთან პირადი კომუნიკაცია არ მქონია და ინფორმაციას ვიღებ მისი ადვოკატებისგან.

მე ვიყავი ბოლო ადამიანი, ვისთან ერთადაც, სააკაშვილმა საერთაშორისო ვიზიტები გამართა ვაშინგტონში, სტრასბურგში, ბრიუსელში, სანამ საქართველოში ჩამოვიდოდა. შეიძლება, ამასაც უკავშირდება მმართველი პარტიის ასეთი უცნაური გადაწყვეტილება, რომ არ შევიდე მიხეილ სააკაშვილთან.

- მისი ჩამოსვლა ახსენეთ და, როგორ ფიქრობთ, საქართველოში ჩამოსვლისას, ჰქონდა თუ არა პოლიტიკაში აქტიურად ჩართვა განზრახული, თუმცა ახლა  სხვა გზა არ დარჩა  და ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულებიდან გამომდინარე, უწევს ამ გადაწტყვეტილების მიღება?

- მიხეილ სააკაშვილი ჩამოვიდა იმიტომ, რომ დაინახა, როგორი საგანგაშო მდგომარეობა იყო საქართველოში და მას ამ ქვეყნის პრობლემები სტკივა.

წლების მანძილზე, ყოველთვის აქტიურად მუშაობდა საქართველოს თემებზე, მიუხედავად იმისა, რომ სხვა ქვეყანაში ცხოვრობდა. მესმის, რომ ადამიანისთვის, რომელმაც შექმნა თანამედროვე სახელმწიფო, ალბათ, უფრო მეტადაა მტკივნეული, როცა ხედავს, როგორ იშლება და სპობენ ამ სახელმწიფოს შეგნებულად. მისი ქვეყანაში დაბრუნება, სავარაუდოდ, დაკავშირებული იყო პატრიოტიზმსა და ქვეყნის სიყვარულთან. რაც შეეხება მის ახლანდელ მდგომარეობას, მას არ ექცევიან, როგორც რიგით პატიმარს, მას ექცევიან, როგორც პოლიტპატიმარს და შესაბამისად, მისი მდგომარეობა დამძიმდა. შედეგი მივიღეთ ის, რომ მისი სიცოცხლე დარჩა გადასარჩენი. ამიტომ, მხოლოდ ჰუმანიტარული მისიით საჭიროა მისი ქვეყნიდან გაყვანა იმისთვის, რომ ფიზიკურად გადარჩეს.

- ხომ არ ფიქრობთ, რომ ის იმედგაცრუებულია საკუთარი თანაპარტიელებისგან? შეიძლება, მეტ მხარდაჭერასა და ქმედებებს ელოდა თქვენი პარტიისგან...

- არ მგონია. ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება უფრო ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარეობს. სააკაშვილი ყოველთვის ღიად საუბრობდა პარტიის მიმართაც, როცა ჰქონდა შენიშვნები, ამას საჯაროდ აკეთებდა, მაგრამ დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, მას ამის საშუალებაც არ აქვს, რადგან ფიზიკურადაა ძალიან მძიმედ.