ჩვენ ძალიან გვაშფოთებს ის, რაც ხდება უკრაინაში - ყველამ ერთად მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს ომი შეწყდეს, აღდგეს მშვიდობა და სტაბილურობა - ღარიბაშვილი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ომის დასრულება ყველას ინტერესში უნდა იყოს. მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. ჩვენ, ყველამ ერთად მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს ომი შეწყდეს, აღდგეს მშვიდობა და სტაბილურობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრიაში ვიზიტით ყოფნისას, ავსტრიის კანცლერთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო და მთელი ევროპა, მთელი მსოფლიო დღეს დიდი გამოწვევების წინაშე დგას.

„ეს იქნება უსაფრთხოების გამოწვევები, თუ ეკონომიკის მიმართულება. ამის მიუხედავად, საქართველო ძალიან ძლიერ ეკონომიკურ ზრდას ინარჩუნებს. ჩვენ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ქვეყანაში ვინარჩუნებთ პოლიტიკურ, ეკონომიკურ სტაბილურობას. უსაფრთხოების კუთხით ჩვენ გვაქვს გამოწვევა, რომელიც ოკუპაციას უკავშირდება. ჩვენი ტერიტორიის დიდი ნაწილი ოკუპირებულია, ადგილზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამოწვევებით სავსეა, ვითარება საკმაოდ რთულია. ამის მიუხედავად, საქართველო წინსვლას აგრძელებს. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან გვაშფოთებს ის, რაც ხდება უკრაინაში. ჩვენ, ეს 2008 წელს გამოვცადეთ, როდესაც ჩვენ ფართომასშტაბიანი ომი გვქონდა რუსეთთან. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ რა თქმა უნდა, ომის დასრულება ყველას ინტერესში უნდა იყოს. მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. ჩვენ, ყველამ ერთად მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს ომი შეწყდეს, აღდგეს მშვიდობა და სტაბილურობა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.