ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ეხება საქართველოში რუსული ოკუპაციის შედეგებსაც

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შედეგებზე წერს შემაჯამებელ რეზოლუციაში, რომელიც დიდი ბრიტანეთის ქალაქ ბირმინგემში, 29-ე სესიაზე მიიღო.

რეზოლუციის თანახმად, რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებათა მდგომარეობა და ჰუმანიტარული სიტუაცია გაუარესებულია. დოკუმენტში საუბარია ადამიანის უფლებების დარღვევაზე, ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ქართველების სხვადასხვა ფორმით დისკრიმინაციასა და ქართული კულტურული ძეგლებისთვის სახის შეცვლასა და მათ განადგურებაზე. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ამ ვითარებას უწოდებს რუსული ოკუპაციის და „რუსიფიკაციის“ პოლიტიკის შედეგებს.

რეზოლუციაში ხაზგასმულია რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2021 წლის იანვარში მიღებული გადაწყვეტილების სრულად შესრულების აუცილებლობა. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთს მოუწოდებს, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია და კონსტრუქციული მონაწილეობა მიიღოს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 29-ე სესია 2-6 ივლისს გაიმართა. ასამბლეის შემაჯამებელ დოკუმენტში უდიდესი ნაწილი ეთმობა რუსეთის შეჭრას უკრაინაში. ასევე, მოლდოვაში შექმნილ ვითარებას.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 29-ე სესიას არ ესწრებოდა რუსეთის საპარლამენტო დელეგაცია. მისი წევრები უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის გამო სანქცირებულთა სიაში არიან და დიდი ბრიტანეთის მთავრობამ უარი თქვა ქვეყანაში მათ შეშვებაზე.

რუსეთის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, დეპუტატმა პიოტრ ტოლსტოიმ 5 ივლისს, მოსკოვში განაცხადა, რომ ასამბლეაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს არ აღიარებენ, რადგან საკითხების განხილვა რუსეთის მონაწილეობის გარეშე მიმდინარეობდა.