"ძვირფასო საწვავის იმპორტიორებო, მაქვს მოლოდინი, რომ გაითვალისწინებთ ჩვენი მოსახლეობის, ქვეყნის მდგომარეობას და რაც შეიძლება მალე მოახდენთ საწვავის ფასების კორექტირებას" - ირაკლი ღარიბაშვილი

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მსოფლიო ბაზარზე 95 დოლარზეა ჩამოსული ნავთობის ფასი, ლარიც გამყარებულია დოლართან მიმართებაში, ამიტომ, ძვირფასო საწვავის იმპორტიორებო, მაქვს მოლოდინი, რომ გაითვალისწინებთ ჩვენი მოსახლეობის, ქვეყნის მდგომარეობას და რაც შეიძლება მალე მოახდენთ საწვავის ფასების კორექტირებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, არსებობს მოლოდინი, რომ ძალიან მალე საწვავზე ფასებიც შემცირდება საქართველოში და რაც მალე დაიწყება ეს პროცესი, უკეთესი იქნება.

„მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო უკრაინაში, თავიდან იყო შოკური მდგომარეობა საერთაშორისო ბაზარზე, მათ შორის ნავთობის ბაზარზე, ნავთობის ფასები მკვეთრად გაიზარდა, დაახლოებით 70%-ით და 140 დოლარზე ავიდა, თითქმის გაორმაგდა, 70-80 დოლარი იყო და ძალიან დიდი ცვლილება მოხდა ამ ბაზარზე. რა თქმა უნდა, ვინაიდან ჩვენ ვართ იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა, პრაქტიკულად ყველაფერი შემოგვაქვს უცხოეთიდან, ჩვენ არ ვართ ნავთობპროდუქტების მწარმოებელი, ბუნებრივია, ფასებმა ჩვენთანაც მოიმატა, ისე, როგორც მთელს მსოფლიოში, ამერიკაში, ევროპაში, ყველგან პრაქტიკულად მოიმატა ნავთობის ფასებმა, მათ შორის მწარმოებელ ქვეყნებშიც. ბუნებრივია, საქართველო ვერ იქნებოდა გამონაკლისი. გახსოვთ, ომის დაწყებიდან მალევე, 1-2 კვირაში ლარიც გაუფასურდა და ამ ყველაფერმა, რა თქმა უნდა, გავლენა იქონია ფასებზე. თუმცა, ნახეთ, რომ მას შემდეგ, რაც ჩვენ კოორდინირებულად მოვახდინეთ ინტერვენციები სავალუტო ბაზარზე, სიტუაცია მკვეთრად დასტაბილურდა, 3,05-ზე, თითქმის 3.00-ზეა ჩამოსული ლარის კურსი დოლართან მიმართებაში. ვითარება დასტაბილურებულია, დავიჭირეთ სიტუაცია, მაქსიმალურად კონტროლდება, არავითარი პრობლემა არ არის, შემოდინებები გრძელდება, ტურიზმი ძალიან იზრდება, ტურისტების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და ზოგადად, ეკონომიკაში გვაქვს ძალიან პოზიტიური მოლოდინები. ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. ექსპორტი იზრდება და ყველა ეს პარამეტრი გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს. ბოლო ინფორმაციით, ნავთობის ფასები, მსოფლიო ბაზარზე შედარებით შემცირებულია, 95 დოლარზეა ჩამოსული და ლარიც გამყარებულია დოლართან მიმართებაში. ამიტომ, მე მაქვს მოლოდინი, ძვირფასო მეგობრებო და ძვირფასო საწვავის იმპორტიორებო, რომ გაითვალისწინებთ ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი ქვეყნის მდგომარეობას და რაც შეიძლება მალე მოახდენთ საწვავის ფასების კორექტირებას. ვიცი, რომ არსებობს ამის თაობაზე მოლოდინი, რომ ძალიან მალე საწვავზე ფასებიც შემცირდება საქართველოში და რაც მალე დაიწყება ეს პროცესი, უკეთესი იქნება. ვიცი, რომ დაიწყეს სხვა ჯგუფებმა შედარებით იაფიანი საწვავის შემოტანაც. ჩვენ აქაც უნდა გავხსნათ პროცესი, როგორც მედიკამენტების შემთხვევაში გავაკეთეთ, ყველას უნდა მიეცეს საშუალება, შემოიტანოს ნავთობი და საწვავი, რათა მეტი არჩევანის საშუალება ჰქონდეთ ჩვენს მოქალაქეებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.